საქმროს საცოლეს ბებია შემოაკვდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

სათვალის ნამსხვრევით გახსნილი მკვლელობა 

როცა ადამიანი შინ კვდება, იშვიათია, ოჯახის წევრები ექსპერტიზას დათანხმდნენ. მიზეზი მარტივია - ოჯახის წევრებს არ სურთ, რომ გარდაცვალების შემდეგ, მათი საყვარელი ადამიანი კიდევ „აწამონ“, გაკვეთონ, ანალიზები აუღონ... მათ ხომ ისედაც იციან, რით და რა ვითარებაში გარდაიცვალა...

 

„ერთ დღეს, კონკრეტულ მისამართზე გამოგვიძახეს. ოჯახის წევრები ამბობდნენ, ჩვენი ბებია უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპაო და მხოლოდ ერთადერთი შვილიშვილი, 20 წლის გოგონა გაჰკიოდა ბოლო ხმაზე, გინდა თუ არა, ბებია ექსპერტიზაზე გადაასვენეთ, სიკვდილის რეალური მიზეზი რომ დადგინდესო. მისი ასეთი ახირება ვერავის აეხსნა, მაგრამ რადგან დანარჩენებმა ვერ გადააფიქრებინეს, 90-ს მიტანებული, ფაშფაშა ქალი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს“, - იხსენებს ძალიან საინტერესო ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ის პერიოდია, როცა ექსპერტიზას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და რაც მთავარია, ახალი ტექნოლოგიები შემოდის. ოფიციალური ვერსიით, ბებია უხერხულად წაიქცა, კეფა იატაკზე მდგარ ჭიქას დაარტყა, ჭიქა გატყდა და ქალს კეფაში შეერჭო. ის ადგილზე გარდაიცვალა და ამ დროს, მის გარდა, შინ არავინ იყო. მალე შვილი დაბრუნდა, ცოლთან ერთად, შემდეგ შვილიშვილიც მოვიდა და იმის მიუხედავად, რომ სასწრაფო დახმარების მანქანაცა და უბნის რწმუნებულიც ადგილზე დახვდნენ, გოგონა ლამის ისტერიკაში ჩავარდა, ბებია ექსპერტიზაზე გადაიყვანეთო.

ყველაფერთან ერთად, ექსპერტმა სახლშიც იმუშავა და გატეხილი ჭიქის ნამსხვრევები სულ სათითაოდ შეაგროვა, კარადაც კი გამოსწია, ერთი ნამსხვრევი იქაც არისო.

პრაქტიკულად, ექსპერტმა ახალი არაფერი თქვა, ქალს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა, მკერდთან მცირე ჩალურჯება კი ჰქონდა, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო, რომ შესაძლებელი იყო, ეს საკუთარი ხელითაც მიეღო, მაგალითად, ხველების დროს, მკერდში რომ ჩაერტყა. არანაირი საძილე საშუალება, არანაირი სხვა გარე ზემოქმედების ნიშანი, თუმცა...

„საბედნიეროდ, ბევრი გვამი არ იყო და უსაქმოდ ყოფნას თქვენი მოტანილი ჭიქის აწყობა გადავწყვიტე. ჰოდა, ავაწყვე ჭიქა და ერთი ნატეხი ზედმეტი აღმოჩნდა, არადა, ახალი ნატეხია, მასზე კი სისხლია ანუ ის იმ დროს მოხვდა ბინაში, როცა ეს ქალი მოკვდა. დეტალური ექსპერტიზის შემდეგ კი დავადგინე, რომ ეს არის სათვალის ნატეხი და მის მფლობელს მხედველობის პრობლემა აქვს, +2.5-ია. ამასთან, სათვალეზე ბებიის სისხლის გარდა, იყო კიდევ სხვა სისხლი - მამაკაცის ანუ სავარაუდო მკვლელის და ბებიას ხელი ოდნავ გასერილი აქვს, ისე ჩანს, თითქოს ხელისგული მიარტყა ვიღაცას თვალთან და სათვალე ჩაუმსხვრია“, - უთხრა ექსპერტმა გამომძიებელს.

ექსპერტის დასკვნა შოკისმომგვრელი იყო. ყველა ელოდა, რომ შვილიშვილი, უბრალოდ, აჭარბებდა, ახლა კი აშკარად მკვლელობა იყო, მაგრამ როგორ, რანაირად? მოხუც ქალს, წესითა და რიგით, არც შვილი მოკლავდა, არც - რძალი და მით უმეტეს, არც - შვილიშვილი, რომელიც ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, ექსპერტიზის ჩატარებას ვითხოვო. ლოგიკურად გაჩნდა ეჭვი, რომ შვილიშვილმა რაღაც იცოდა და ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, ბებია ვინმეს მოეკლა, ამიტომ დაკითხვაზე დაიბარეს.

„თქვენ, ალბათ, ხუმრობთ. რას ჰქვია, ეჭვი მკვლელობაზე გაქვთ, ვის უნდა მოეკლა ბებიაჩემი?“ - პირი დააღო შვილიშვილმა და არანაკლებ გაოცებულ გამომძიებლებს შეხედა.

სამართალდამცავებმა გაახსენეს, როგორი განწირული ხმით ყვიროდა გოგონა, ბებია ექსპერტიზაზე წაიყვანეთ, ისე არ დავმარხავო და შვილიშვილმაც ყველაფერი მარტივად ახსნა.

„დაახლოებით, ორი თვის წინ, ჩვენი ოჯახის მეგობარი ადვოკატი მოვიდა და გვითხრა, რომ ბებიამ ანდერძი დაწერა. ყველაფერი, რაც გვაქვს, სწორედ მის სახელზეა და მართალია, ადვოკატს დეტალები არ უთქვამს, მაგრამ მე თვალი ჩამიკრა და ცუდად იხუმრა, ყველაზე მეტად, ბებიის სიკვდილი ამას აწყობსო. ამიტომაც, სწორედ ის სიტყვები გამახსენდა და ისტერიკაც მაგიტომ დამემართა“, -განაცხადა გოგონამ.

გამომძიებლებმა სათვალის ნატეხის შესახებ არც მას და არც ოჯახის სხვა წევრებს არაფერი უთხრეს, გადაამოწმეს, რომელი იყენებდა სათვალეს და აღმოჩნდა, რომ სათვალე ოჯახის ერთ წევრსაც არ ეკეთა, ბებია კი -1.5-ს მოიხმარდა. დაიწყო გრძელი პროცესი.

„სათვალის ნატეხი ჩვენი მთავარი სამხილი იყო და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გაგვიხარდებოდა, როცა გავიგეთ, რომ ჩვენთვის საჭირო ზომა სათვალეს, სწორედ გოგონას მიერ ნახსენები ადვოკატი ხმარობდა. რაც მთავარია, მისი ნახვის შემდეგ, ეჭვი უფრო გაგვიმყარდა, რადგან ადვოკატს თვალთან მცირე ზომის ნააიარევი ეტყობოდა, რომელზეც აგდებულად თქვა, სათევზაოდ ვიყავი და ხის ტოტს „წავახიეო“. ახლა მთავარი ის იყო, რა ეწერა ანდერძში და რამდენად ჰქონდა ადვოკატს ბებიის მოკვლის მოტივი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

საინტერესოა ისიც, რომ გარდაცვლილი კარს ყოველთვის კეტავდა ანუ მკვლელს კარი თავად გაუღო და ბინაში შეუშვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იცნობდა. ადვოკატის ვერსია სარწმუნოდ ამიტომაც ჩანდა, თუმცა გამოძიებას სამი იმედგაცრუება ელოდა - პირველი ის, რომ ადვოკატის სისხლის ჯგუფი არ დაემთხვა სათვალეზე აღმოჩენილს და მეორე, ანდერძში არაფერი იყო ნათქვამი ადვოკატზე ანუ იქ ეწერა, რომ ადვოკატმა მომსახურებისთვის ჯამაგირი მიიღო, მისთვის არაფერი იყო გადასახდელი და ყველაფერს ერთადერთ შვილიშვილს ანუ გოგონას უტოვებდა. ყველაფერში კი, ორი ბინის გარდა, აგარაკიც შედიოდა.

და მესამე - ადვოკატის მეგობრებმა დაადასტურეს, რომ მან თვალთან დაზიანება მართლაც თევზაობის დროს მიიღო.

გამოძიება ჩიხში შევიდა. გამომძიებლებმა სამეზობლოს მამაკაცებიც კი გადაამოწმეს, საჭირო ნომრით სათვალე მხოლოდ ერთს ჰქონდა, მისი სისხლის ჯგუფიც შეამოწმეს, მაგრამ ამაოდ. რომ არა უცხო და რაც მთავარია, ახალი სისხლი სათვალის ნატეხზე, გამომძიებლები ჩათვლიდნენ, რომ ეს სათვალე წლების წინ გაუტყდა ვინმეს, მაგრამ ახლა ფაქტს ვერ ემალებოდნენ - ნატეხი ადგილიც ახალი იყო და რაც მთავარია, სისხლი, რომელსაც ვერსად გაექცეოდნენ. გადაწყდა, ოჯახის წევრებისთვის ეკითხათ, იყო თუ არა მათ შორის ისეთი, ვინც +2.5 სათვალეს ატარებდა და პირდაპირ თუ ირიბად, ბებიის მოკვლის სურვილი ექნებოდა. რატომღაც, პირველად ისევ შვილიშვილის დაკითხვა გადაწყდა. როცა ის გამოკითხვაზე დაიბარეს, ახალგაზრდა კაცი მიჰყვა, რომელზეც გოგონამ მორიდებით თქვა, ჩემი საქმროაო.

„საქმროს შევხედე და სახე ვერ გავარჩიე, რადგან მხოლოდ ორ რამეს ვხედავდი - ნაიარევს თვალთან და სათვალეს. გოგონა დასაკითხ ოთახში შევიყვანე, ოპერმუშაკებს კი ვუთხარი, რომ მამაკაცისთვის სისხლის ანალიზი აეღოთ და სათვალის ზომაც შეემოწმებინათ. დაკითხვა მაქსიმალურად გავწელე, შვილიშვილს სათვალეზე კვლავ არაფერი ვუთხარი, შიგადაშიგ საქმროზეც ვკითხე, არჩევანი შევუქე და მითხრა, ბებიის სიკვდილი რომ არა, ქორწილსაც ვაპირებდით, ახლა ცოტა ხნით გადავდეთო. ამ დროს მაგიდაზე ორივე ანალიზის პასუხი დამიდეს - გამოძიებისთვის მეტად საჭირო პასუხი. გოგონას დავემშვიდობე და ისე, რომ არც მითქვამს მისი საქმროს დაკავების ამბავი, შინ გავისტუმრე. კი გაუკვირდა, რატომ არ დამელოდა, ალბათ, საქმე გამოუჩნდაო, მაგრამ უდარდელად წავიდა. მე კი მკვლელთან საუბარი მელოდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

„ჩემი არაფერი გამაჩნია, ნაქირავებში ვცხოვრობ. ბედმა ამ გოგოს შემახვედრა, რომ გითხრათ, გავგიჟდი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ კარგი ვარიანტი იყო, დედისერთა, შეძლებული. წინა დღეს გამიმხილა, ადვოკატი გამეხუმრა, მგონი, ბებია ყველაფერს მე მიტოვებს, მშობლებზეც კი აღარ ვიქნები დამოკიდებულიო. რა თქმა უნდა, სიხარულით კინაღამ გავგიჟდი, ბოლოს და ბოლოს, ჩემი ჭერი მექნებოდა, თუმცა... პარალელურად, მყავდა შეყვარებული, რომელიც ნამდვილად მიყვარდა. მას შევხვდი, უნდა ამეხსნა, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, თავდავიწყებით ვკოცნიდი, როცა თავზე ბებია დამადგა და მითხრა, ჩემს შვილიშვილს დაემშვიდობე, ახლოს არ გაგაკარებო. თავზარი დამეცა, ცოტა ხანი ფეხზე ადგომაც ვერ მოვახერხე, მერე კი წავედი, რათა როგორმე ბებია გადამერწმუნებინა. კარი გამიღო, ოთახში შემიძღვა, ჭიქით წყალს სვამდა და ჯერ წყალი შემასხა სახეში, მერე ხელი დამარტყა თვალთან. ინსტიქტურად ვკარი ხელი, ჭიქამ რა ტრაექტორია მოხაზა, ახლაც არ ვიცი, მაგრამ ჯერ ჭიქა დაეცა და წამის მეათასედში - ბებია კეფით. იქვე გათავდა. სათვალის ნამსხვრევები მოვაგროვე, მეგონა, ყველა ვიპოვე და ბინიდან გავედი. შემდეგ მუდმივად ვკითხულობდი, რას აკეთებდა გამოძიება და რადგანაც სათვალესა და ჩემს სისხლზე სიტყვაც კი არავინ დაძრა, ჩავთვალე, რომ გამოვძვერი. დაკითხვაზე წამოსვლა თავად მთხოვა და მეც სწორედ ამიტომ გავრისკე, მჯეროდა, რომ ჩემზე არაფერი გქონდათ“, - აღიარა დაკავებულმა.

მომხდარის მიუხედავად, სასამართლომ ბიჭი გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის გაასამართლა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.