თბილისელმა ექიმმა ავღანური ჰეროინის დისტრიბუტორი მოკლა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა. იმისთვის, რომ სამართალდამცავებს საქმე გამოეძიებინათ, არა მარტო გამოცდილება, არამედ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაც დასჭირდათ. არადა, თავიდან საქმე ძალიან ბანალურ კრიმინალურ გარჩევას ჰგავდა.

დედაქალაქში, სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მცხოვრებლებმა სროლის ხმა გაიგეს. ადგილზე მისულ პოლიციას კი ახალგაზრდა მამაკაცის გვამი დახვდა.

„გარდაცვლილს ოთხი ტყვია აქვს მორტყმული, ოთხივე - გულმკერდის არეში, თუმცა მკვლელმა შვიდჯერ გაისროლა ანუ მთელი მჭიდი დააცალა გარდაცვლილს. მის გვერდით ვარდების თაიგული იდო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ახალგაზრდა კაცი ახლომდებარე კორპუსში, საცოლის დაბადების დღეზე მიდიოდა“, - ეწერა შემთხვევის ადგილის ოქმში.

ის, რომ თავდამსხმელს გაძარცვა არ აინტერესებდა, იქიდანაც ჩანდა, რომ გარდაცვლილს ჯიბეში საკმაო ოდენობის თანხა და საცოლისთვის ნაყიდი ოქროს ბეჭედი ედო, რასაც მკვლელმა  ხელი არ მოჰკიდა. ამასთან, გასროლილი შვიდი ტყვია და მიზანში მოხვედრილი - ოთხი იმას ნიშნავდა, რომ თავდამსხმელი იარაღს კარგად ვერ ხმარობდა. სროლის მანძილი, სულ რაღაც 3-4 მეტრი იყო, საიდანაც 3 ტყვიის აცილებას „მოხერხება“ უნდოდა.

„ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი საქმრო აღარ არის. წარმოდგენა არ მაქვს, რისთვის გაიმეტეს. ისიც ვიცი, რომ ციხეში იჯდა, თქვენ, პოლიციელებმა ნარკოტიკი ჩაუდეთ და ექვსი წელი მიუსაჯეთ, 2013 წელს კი ამნისტიამ მოუსწრო და გამოვიდა. მანამდეც ჩვეულებრივი მუშა ბიჭი იყო, ახლაც თავისი ბიზნესი ჰქონდა - სარეცხ საშუალებებს ყიდდა, რისთვისაც ჩემი ავტოფარეხის გასაღებიც კი მივეცი. წლებია, მამაჩემმა მანქანა გაყიდა და ავტოფარეხი ცარიელია. იქ ნამყოფი ვარ, მხოლოდ სარეცხი საშუალებები აწყვია“, - მოსთქვამდა გოგო.

სამართალდამცავებმა ძველი საქმე გაქექეს, დაზუსტებით გაიგეს, რომ ნარკოტიკი გარდაცვლილისთვის არ ჩაუდიათ, ის მომხმარებელიც იყო და გამსაღებელიც, თუმცა სპეციალურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გარდაცვლილს ნარკოტიკი რამდენიმე წლის განმავლობაში არ მიუღია ანუ მომხმარებელი აღარ იყო, რაც შეეხება გასაღებას...

„ავტოფარეხის დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველა ქარხნული შეფუთვა გახსნილი იყო და მათში პაკეტებით ნარკოტიკი იყო მოთავსებული, შემადგენლობა - სუფთა ავღანური ჰეროინი. გამოდიოდა, გარდაცვლილი კვლავ ნარკოტიკებით ვაჭრობდა, ოღონდ სუფთად. ის სარეცხ საშუალებებს ინტერნეტით ყიდდა, თუმცა პროდუქცია ისეთ საიტებზე ჰქონდა განთავსებული, სადაც ნარკოტიკის შესაძენად შედიოდა ხალხი. გათვლაც მარტივი იყო - შეუკვეთე სარეცხი საშუალება, მიიღე ნარკოტიკი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არცთუ იშვიათად, გარდაცვლილი სარეცხ საშუალებებს კურიერებს ატანდა, აქაოდა, ბევრი შეკვეთა მაქვს, არ მცალიაო, კურიერებიც, რომლებმაც არაფერი იცოდნენ სარეცხი საშუალებების რეალური შიგთავსის შესახებ, მშვიდად დაატარებდნენ მისამართებზე და ეჭვიც კი არ ჰქონდათ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდნენ. წესითა და რიგით, კლიენტებს დისტრიბუტორი არ უნდა მოეკლათ, რადგან საუცხოო ნარკოტიკით ვაჭრობდა და მისი კლიენტურა ის ხალხი იყო, რომლებსაც ჰეროინში დიდი თანხის გადახდა შეეძლოთ, თანაც ის ყველასთვის უხილავი გახლდათ, რადგან მათთან „სარეცხი საშუალება“ ცნობილი საკურიერო კომპანიების ფორმიან ბიჭებსა თუ გოგონებს მიჰქონდათ.

დაიწყეს გარდაცვლილის წარსულის ძიება, ხომ არ ჰქონდა უთანხმოება ვინმესთან მაშინ, როცა სასჯელს იხდიდა და ის „ვინმე“ ახლა ხომ არ გათავისუფლდა, თუმცა ასეთს ვერავის მიაკვლიეს. რაც მთავარია, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ მას მტრები არ ჰყავდა და არც შეიძლებოდა ჰყოლოდა, რადგან მუდმივად საკანში იყო და კითხულობდა.

მაშ, რა იყო მიზეზი, რომ ის ასე სასტიკად ჩაცხრილეს?

სამართალდამცავებმა ნარკოტიკების შემკვეთების ვინაობის გარკვევა დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ შეკვეთები კვლავ გრძელდებოდა და მას ვიღაც იღებდა, მაგრამ საინტერესო იყო, ვინ იღებდა შეკვეთას, როცა თითქოსდა, მთავარი მიმწოდებელი მოკლული იყო? გამომძიებლებმა საკონტროლო შესყიდვა დაგეგმეს და ავღანური ჰეროინი ერთ-ერთი ნაძვის ქვეშ იპოვეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მოკლული მარტო არ მოქმედებდა და მას თანამზრახველები ჰყავდა, რომლებიც მასავით მარტივად ჰყიდდნენ ჰეროინს. აქედან გამომდინარე, ძალოვნებმა იმ სარეცხი საშუალებების კომპანიას მიაკითხეს, რომელიც შემომტანი იყო და ჰკითხეს, რომელ მაღაზიებს და რაც მთავარია, რომელ კერძო პირებს მიჰქონდათ მათგან აღნიშნული საშუალებები.

გაირკვა, რომ ძირითადად მაღაზიები მარაგდებოდნენ, ხოლო კერძო პირებიდან სარეცხი საშუალებები მხოლოდ ერთს, გარდაცვლილს მიჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თანამზრახველს ის პირადად ამარაგებდა, მაგრამ ადრე თუ გვიან, იმ თანამზრახველს სარეცხი საშუალებები აუცილებლად გამოელეოდა და საყიდლად თავად მივიდოდა. ამიტომ, ათეულობით საკონტროლო შესყიდვა გაკეთდა და სარეცხი საშუალებების შემომტანი კომპანიიდან პოლიციაში დარეკეს, რომ კერძო პირმა მათგან დიდი პარტია შეიძინა. გამომძიებლები მოცემულ მისამართზე გავიდნენ და იმ პირის თვალთვალი დაიწყეს, რომელმაც სარეცხი საშუალებები შეიძინა. იმავე დღეს, ჰეროინზე ორი შეკვეთა გაკეთდა, ძალოვნები სახლიდან გასულ მამაკაცს დრონით გაჰყვნენ და ნახეს, როგორ დამარხა მან ერთ-ერთი ხის ძირში რაღაც, რაც შემდეგ სუფთა ჰეროინი აღმოჩნდა. ასევე, ეჭვმიტანილმა შინ მიტანის სერვისიც აამოქმედა და როცა საიტზე მისწერეს, რომ ლოკაციის ნაცვლად, „სარეცხი ფხვნილის“ შინ მიღება სურდათ, ერთ-ერთი კომპანიის კურიერს დაურეკა, ფული გადაუხადა და შეკვეთა გაატანა.

კურიერი გზაში პოლიციამ გააჩერა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა, როცა სარეცხის ყუთიდან ჰეროინის შეკვრა ამოიღეს?! ეჭვმიტანილი ნარკოდილერი დააპატიმრეს და დაკითხვაზე მიიყვანეს. მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ, ის ალაპარაკდა.

„ეს სქემა მე მოვიფიქრე, მაგრამ შეკვეთები იმდენად დიდი იყო, რომ მარტო ვეღარ ვერეოდი, არადა, კლიენტებს სერვისი უნდოდათ, ამიტომ გარდაცვლილს შევუთანხმდი და ერთად ვმოქმედებდით. მას დიდი ხანია ვიცნობ, ისიც ვიცოდი, რომ ჩუმად ჰყიდდა მცირე პარტიებს და ნაგავს, აქ კი ავღანური ჰეროინი გვქონდა. საქმე იდეალურად მიდიოდა და მისი მკვლელობა ხელს არ მაძლევდა“, - განაცხადა დაკავებულმა. მკვლელობის მომენტისთვის, მას ალიბიც ჰქონდა. რაც მთავარია, დაპატიმრებულს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვის შეიძლებოდა მოეკლა მისი „პადელნიკი“, რადგან საჯაროდ, ისინი ჩვეულებრივი, მუშა ბიჭები იყვნენ, რომლებიც სარეცხ საშუალებებზე „ჩალიჩობდნენ“.

ამ დროს, მოკლულის საცოლის ავტოფარეხიდან ამოღებული ნივთების შესწავლაც დამთავრდა და ერთ-ერთ ყუთში ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი რეცეპტის ფურცლები იპოვეს. რამდენიმე შევსებულიც იყო და მასზე ფსიქოტროპული წამლები იყო ჩამოწერილი. სამართალდამცავებს დადგენა არ გასჭირვებიათ - აღნიშნულ რეცეპტს ერთ-ერთი ექიმი წერდა, ბეჭედიც მისი იყო, თუმცა ექსპერტიზით დადგინდა, რომ ბეჭედი ნამდვილად ექიმის გახლდათ, ხელმოწერაც, მაგრამ წამლის დასახელება სხვისი ხელით იყო ჩაწერილი. გამომძიებლები ექიმთან მივიდნენ და წინ რეცეპტის ფურცლები დაუდეს. მან ყურადღებით დაათვალიერა, შემდეგ უჯრა გამოაღო და პოლიციას შენახული ფურცლები ანახა, რომლებზეც ბეჭედი და ხელმოწერა იყო, თუმცა წამალი არ ეწერა. ექიმმა განმარტა, როცა დრო მაქვს, ვავსებ, რადგან წამლის გამოწერის დროს, ბევრი არ ვიწვალოო. ყოველი შემთხვევისთვის, ძალოვნებმა მკვლელობის მომენტისთვის ალიბი მოიძიეს და როცა ექიმი დაიბნა, ხელებზე ექსპერტიზა ჩაუტარეს - მას თითებზე დენთის კვალი ჰქონდა ანუ ცხადი იყო, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, იარაღიდან ისროლა. დაკითხვა რთული არ ყოფილა, ექიმმა ხელი ჩაიქნია, შემდეგ სიგარეტი მოითხოვა და დაიწყო:

„ის არაკაცი, მე რომ მოვკალი, ჩემის შვილის თანაკლასელია. წამალზე მან შესვა, ხოლო როცა ციხეში ჩაჯდა, ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემს შვილს წამალი გადაეგდო, საზღვარგარეთაც მყავდა. მერე გამოვიდა, ისევ ჩემს შვილს მოადგა, ისევ წამალი შესთავაზა და ვერ ვხვდებოდი, როგორ ახერხებდდნენ ფსიქოტროპულების ყიდვას. ახლა უკვე ვიცი, ჩემი შვილი მპარავდა ბეჭდიან ფურცლებს და მერე ავსებდნენ. ალბათ, სხვებისთვისაც ყიდულობდა ის არაკაცი, ჩემს შვილს კი ამ ფურცლების სანაცვლოდ, წამალს უფასოდ აძლევდა. შვილის ოთახი რამდენჯერმე გავჩხრიკე და ერთი თვის წინ, თეთრი ფხვნილი ვნახე. მივხვდი, ჰეროინი იყო და შვილს თვალთვალი დავუწყე. კინაღამ გავგიჟდი, როცა ჩემი შვილი იმ არაკაცს დოზას სთხოვდა, სანაცვლოდ კი ეუბნებოდა, რაც გინდა, დამავალეო. როგორც ჩანს, იმ ბარიგამ პროფილი შეიცვალა, ფსიქოტროპულები აღარ სჭირდებოდა, ყოველდღიური დოზისთვის კი შვილს ფული არ ჰქონდა. მივხვდი, ორი გამოსავალი იყო - ან ჩემი შვილი უნდა მომკვდარიყო, ან ის. გადავწყვიტე, რომ ის უნდა მომკვდარიყო. იარაღი სადაც დავმარხე, გეტყვით, საიდან მაქვს, მნიშვნელობა არ აქვს“, - აღიარა ექიმმა.

სამართალდამცავებმა ავღანური ჰეროინის საქართველოში შემოსვლის გზებიც გაარკვიეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეც დააკავეს.