წესითა და რიგით, ემირ კუსტურიცას ფილმი „თეთრი კატა, შავი კატა“ ყველას უნდა გქონდეთ ნანახი და თუ არ გინახავთ, ნახეთ, კარგად გაერთობით. ზოგადად, კუსტურიცა არ არის ცუდი რეჟისორი და არ აქვს ცუდი ფილმეები... ჰოდა, სწორედ კუსტურიცა გაახსენდათ გამომძიებლებს ერთ-ერთი საქმის გამოძიების დროს, როცა საქმე ვიღაცას კი არა, ყოფილ მოსამართლეს ეხებოდა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო - ყოფილი მოსამართლე, რომელიც 80 წელს იყო გადაცილებული და შესაბამისად, აღარ მუშაობდა, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი გულის შეტევა იყო, მაგრამ მეზობელმა არ მოისვენა, გინდა თუ არა, ჩემი დაქალი მოკლეს და საქმე გამოიძიეთო. არადა, ექსპერტიზა ბუნებრივ სიკვდილზე თავს დებდა, გამორიცხულია, ვინმეს მოეკლა და ვერ მივმხვდარიყავითო, თანაც 21-ე საუკუნეს ჰქონდა ახალი შემობიჯებული და ასე თუ ისე, საქართველოში ექსპერტიზის მხრივ, აღჭურვილობა ცუდი არ იყო.
„თქვენ ვერ ხვდებით, ხომ, რას ვამბობ? ჩემს დაქალს ერთი შავი კატა ჰყავდა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა. უბრალოდ, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ვერ ასეირნებდა, სიარული უჭირდა და ამიტომ, კარს უღებდა და კატა თავისით მიდიოდა სასეირნოდ, თუმცა მალევე ბრუნდებოდა საყვარელ პაატრონთან. ჰოდა, სიკვდილამდე სამი დღით ადრე, ეს კატა რომ გაუშვა, აღარ დაბრუნებულა და საღამოს, კარზე დაუკაკუნეს. კარის წინ არავინ იდგა, მხოლოდ მუყაოს ყუთი იდო, იმ ყუთში კი, გაგუდული შავი კატა. მაშინ გონება დაკარგა, მე ვიპოვე, ძლივს მოვასულიერე, მერე მთხოვა და კატა დავამარხინე, აგერ, ჩვენი კორპუსის უკან. ისიც მითხრა, წერილი იდო ყუთში, ორი სიტყვა ეწერა „თეთრი კატა, შავი კატა“ და ვერ ვხვდები, რას ნიშნავსო. ამის მერე, სულ ნერვიულობდა და გულიც ამიტომ გაუსკდა“, - დაასრულა მოყოლა დაქალმა.
მოკლული კატის შესახებ სამართალდამცავებმა არაფერი იცოდნენ, ან საიდან უნდა სცოდნოდათ, როცა საჩივარი არავის შეუტანია. სამაგიეროდ, მათ ისიც გაიგეს, რომ გარდაცვლილ მოსამართლეს ქალიშვილი და შვილიშვილი დარჩა, გოგონა, რომელიც სტუდენტი იყო და ბებიასთან ურთიერთობა იშვიათად ჰქონდა.
„არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემს დაქალს არც შვილთან და არც შვილიშვილთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. ისინი სამ-ოთხ თვეში ერთხელ თუ გამოჩნდებოდნენ, უფრო ზუსტად კი, შვილიშვილი მოდიოდა, თორემ შვილი რამდენიმე წელია არ მინახავს. ქმარი ვინ ჰყავდა, არ ვიცი, არასდროს უსაუბრია ამ თემაზე. ბოლოს, როცა შვილიშვილი იყო მოსული, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი ახლდა, მაგრამ არ ვიცი, ვინ არის, ან რა უნდოდათ, მოვიდნენ და დაახლოებით, 10-15 წუთში წავიდნენ და მას შემდეგ აღარ მინახავს“, - განაცხადა გარდაცვლილის დაქალმა.
სამართალდამცავები ჩაფიქრდნეენ - იქნებ, კატა შვილიშვილმა, ან შვილმა მოკლა, ან მოაკვლევინა იმისთვის, რომ ხანში შესულ ქალს გულზე პრობლემები შექმნოდა და მერე ბინაც მარტივი „დასათრევი“ იქნებოდა. ბინა კი ქალაქის ცენტრში გახლდათ და საკმაოდ დიდი თანხა ღირდა. ამიტომ, საჭირო იყო, შვილიშვილი და შვილი დაეკითხათ, მით უმეტეს, რომ მათ, შესაბამისად, ბებიისა და დედის გარდაცვალების შესახებ უბრალოდ არ იცოდნენ. როცა ძალოვნებმა შვილი ნახეს და უთხრეს, რომ დედა გარდაიცვალა, მას წარბიც არ ატოკებია, ძალიან მშვიდად მიიღო ყველაფერი და ერთადერთი სიტყვა თქვა - „გასაგებია!“ სამაგიეროდ, შვილიშვილმა წამოყარა ცრემლები, ჩემი საყვარელი ბებოო და თავში ხელი შემოირტყა, ნეტავ, კატა როგორ არის, ძალიან უყვარდა და ახლა მასზე მე უნდა ვიზრუნოო. გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს, ასე სახელდახელოდ ვერ მოიტყუებოდა ახალგაზრდა გოგო, მაგრამ მაინც ჰკითხეს, ბოლოს ბებოსთან როცა იყავი და ახალგაზრდა ბიჭი გახლდა, ვინ იყოო?
„ეგ ჩემი საქმროა. ყველაფერი გადაწყვეტილი გვაქვს, დედაჩემს გავაცანი და მინდოდა, ბებოსაც გაეცნო. მალე წამოვედით, კი თქვა, რაღაც შეუძლოდ ვარო და რეალურად, ხშირად არ ვაწუხებდი“, - დაამატა გოგონამ.
სამართალდამცავებმა კატის ამოთხრა და ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტეს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კატა მოკლული იყო, უფრო კონკრეტულად კი, ის კისერში გადატეხეს და ასეთი რამ დაცემით ვერ მოხდებოდა, ეს შეგნებულად და საკმაოდ ძლიერი ხელებით არის გაკეთებულიო. რაც მთავარია, ექიმმა კატის ბრჭყალებში კანის ნიმუშები იპოვა, თუმცა ის მიწას ჰქონდა გაფუჭებული და რამეს დადგენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ექსპერტი დაზუსტებით ამბობდა, ვისაც ეს კატა დაპორჭყნიდა, მას იარა ორი კვირა მაინც ექნება, არ შეუხორცდებაო. ჰოდა, გამომძიებლებს ახლა გარდაცვლილის გარემოცვაში ისეთი ადამიანი უნდა მოეძებნათ, რომელსაც ხელები დაკაწრული ექნებოდა.
„იცით, რას ვფიქრობ? მგონია, რომ კატა ჩვენმა მეზობელმა მოკლა, იმ ბებერმა კუდიანმა, რომელიც ვერ იტანდა ვერც კატას და ვერც ჩემს დაქალს. ასე ამბობდა, შავ კატას უბედურება მოაქვს და ვინ იცის, ამ მოსამართლეს რამდენი ოჯახისთვის აქვს უბედურება მოტანილიო. ჰოდა, იმ ქალს, ბოლო დღეებიაა, ხელებზე გრძელი ხელთათმანები აცვია, მკლავამდე, აი, ისეთები, ოპერაში რომ იცვამენ ხოლმე, საღამოს კაბებზე“, - ეს ინფორმაციაც ძალოვნებს გარდაცვლილის მეგობარმა მიაწოდა.
მეზობლის ქალი მალევე იპოვეს და დარწმუნდნენ, რომ მას მართლაც ხელთათმანები ეკეთა. ძალოვნებმა ხელთათმანების მოხსნა ზრდილობიანად სთხოვეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს, აქაოდა, ჩემს ხელებს თქვენ ვინ გკითხავთო, მაგრამ როცა მიზეზი აუხსნეს, მაშინვე მოიხსნა - ცხელი წყალი გადამესხა, დამეწვა, ცუდი შესახედია და ხელთათმანებიც ამიტომ მაცვიაო. ყოველი შემთხვევისთვის, ქალის ხელები ექსპერტს ანახეს და მან დაზუსტებით თქვა, კატის ნაკაწრის კვალიც კი არ არისო. იმის მიუხედავად, რომ ოჯახის წევრები არ ჩიოდნენ, დაქალი არ ისვენებდა, განცხადებაც დაწერილი ჰქონდა და თან ძალოვნებსაც ზემოდან ეუბნებოდნენ, ჩვენი ყოფილი კოლეგაა, მოსამართლე იყო და მისმა გარდაცვალებამ კითხვა არ უნდა გამოიწვიოსო. ყოველი შემთხვევისთვის, გამომძიებლებმა გარდაცვლილის ბინა დაათვალიერეს და სურათი ნახეს, სადაც მოსამართლეს თეთრი კატა ეკავა ხელში. სურათი გამოსაჩენ ადგილზე, ვიტრინაში იდო და „პოლაროიდით“ გახლდათ გადაღებული, უკან კი თარიღი ეწერა.
„ახლა, ამ წლის საქმეებს ამოქექავთ და ნახავთ, ვის რა მიუსაჯა გარდაცვლილმა, ეგებ, ჩვენთვის საჭირო კაცი, სწორედ ამ წელს გაასამართლეს. ვიღაცამ იცოდა თეთრი კატის არსებობის შესახებ, ახლა კი იცოდა, რომ მოსამართლეს შავი კატა ჰყავდა. ამიტომ, არქივს საფუძვლიანად უნდა მივხედოთ“, - თქვა გამომძიებელმა თათბირზე და მოსამართლის იმ წლის საქმეებს ერთბაშად სამი ოპერმუშაკი ჩაუჯდა. ისეთი საქმე ვერ ნახეს, რომელზეც ხელის ჩაჭიდება შეიძლებოდა, მაგრამ გრძნობდნენ, რომ ყველაფერი ეს, სწორედ მოსამართლის წარსულს უკავშირდებოდა, მაგრამ მთელი კარიერის გადაქექვა ბევრ დროსაც წაიღებდა და საეჭვო საქმეებიც, შესაძლოა, რამდენიმე ყოფილიყო. ყოველი შემთხვევისთვის, გამომძიებელმა შვილიშვილის საქმროს სახელი და გვარიც გაიგო და როცა თათბირზე თქვა, ეს ბიჭი გადამიმოწმეთო, ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა იყვირა, მაგ გვარით კაცი ჰყავს გასამართლებული და თან ზუსტად იმ წელს, რომლითაც სურათი თარიღდებაო. საქმე მაშინვე ამოიღეს და შესწავლას შეუდგნენ.
საქმის მასალების მიხედვით, მამაკაცს ახალგაზრდა გოგოს გაუპატირებას ედავებოდნენ და მოსამართლემაც უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა - გაუპტიურებას მკვლელობის მცდელობის მუხლიც დაერთო და სასამართლოს განაჩენი 12 წელი იყო. შვილიშვილის საქმრო კი ამ კაცის შვილი გახლდათ. მამაკაცმა ციხე ორი წლის წინ დატოვა, თუმცა ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმა ჰქონდა და მკურნალობას გადიოდა. სამართალდამცავებმა ბიჭი დააკავეს და არც შემცდარან - ხელებზე კატის ბრჭყალების კვალი აშკარად ეტყობოდა.
„არ ვიცოდი, ჩემი საცოლის ბებია თუ იყო ქალი, რომელმაც ჩემი ოჯახი დაღუპა. მამა რომ დააკავეს და გაასამართლეს, დედას მალე ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა. მე ბავშვთა სახლში გამამწესეს, არცერთმა ნათესავმა არ ისურვა, სახლში წაეყვანა ბავშვი, რომლის მამაც სასჯელს გაუპატიურებაზე იხდიდა. როცა გავიზარდე, მამა ციხეში ვნახე და მან მითხრა, რომ მისი გასამართლებით, ხელი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილს დააფარეს. ამ საქმის მოწმეები სათითაოდ ვნახე და ეს ყველამ დამიდასტურა. არ მჯერა, რომ ამ მოსამართლემ არაფერი იცოდა, ამიტომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე და არ ვნანობ. არ მინდოდა მომკვდარიყო, უფრო ის მსურდა, რომ ენერვიულა, ეტანჯა... ახალი კატა რომ მიეყვანა, იმასაც მოვკლავდი“, - განაცხადა დაკავებულმა.
სასამართლომ მას სამწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ხოლო გარდაცვლილი მოსამართლის შვილიშვილმა ბიჭთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ ისურვა.
ცნობილი მოსამართლე სახლში გარდაცვლილი იპოვეს - კატის ფოტოთი გახსნილი დანაშაული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი