რატომ ჭამენ ოპოზიციონერები ერთმანეთს - როდის და ვინ უშველის ქვეყანას

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არჩევნები, როგორც იტყვიან, კარსაა მომდგარი, თუმცა საარჩევნო კამპანია, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი მოსახლეობას ხვდება, სხვა არაფერში იგრძნობა ანუ არც პროგრამების „ფრიალია“ და არც დაპირებების. ერთადერთი, ვინც ხალხს რამეს სთავაზობს, მმართველი პარტიაა, ოპოზიციის მთელი პიარკამპანია კი იმაზეა აგებული, რომ 26 ოქტობერს, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

 

ამ ფონზე, არც ოპოზიციის ერთიანობა ჩანს ანუ ალბათ, გახსოვთ, იგივე გაზაფხულსა და ადრიან ზაფხულში ოპოზიცია „ვენებს იხსნიდა“, ჩვენ ერთიანი ძალით უნდა გამოვიდეთ არჩევნებზეო, მაგრამ ეს ერთიანობა შორს, ბუზისტოლადაც არ ჩანს. უფრო მეტიც, „ნაციონალებთან“ მენტალურად ახლოს მყოფი პარტიებიც კი ვერ გაერთიანდნენ, ესე იგი, ერთიანი სია ვერ შექმნეს. ამასობაში კი არენაზე ახალი პარტია - „ჩვენ“ გამოჩნდა, რომელსაც სათავეში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა უდგას.

სხვათა შორის, ქაცარავა პოლიტიკაში აქამდე არასოდეს ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მკვეთრად პროდასავლური ღირებულებების მატარებელია. შესაბამისად, ამომრჩეველი, რომელსაც ევროპა უნდა, მაგრამ არ უნდა ენმ ან რომელიმე არსებული პროდასავლური ყაიდის პარტია, დიდი ალბათობით, ქაცარავასკენ გადაიხრება, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ დროში ახალმა პარტიამ რეიტინგი „აკრიფოს“.

აქვე, ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ გარკვეული შეთანხმების მიუხედავად, ოპოციონერები ერთმანეთზე აუგის თქმას არ ერიდებიან. ეს აუგი უმეტესად სამართლიანია. ასე, მაგალითად, პარტიის - „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოცქსელში მუდმივად წერს მამუკა ხაზარაძეზე.

„ეს ხაზარაძე  არის „ჩინური“ წარმოების  ივანიშვილი 2, მე მითქვამს და... ხომ იცით, რომ ისე არ ვიტყვი!

არ გაბედოს, ვინმემ დაწეროს ეს გამანადგურებელი ფრაზა აქ, ჩემს კედელზე - „ახლა ამის დრო არ არის“ თუ რაღაც კრეტინობა.

ახლა არის დრო, ახლა, კიდევ იგივე წრეზე სიარული უნიჭობაა და „სირეგვნე  შეუწონარი“, - დაწერა რამდენიმე დღის წინ, სოცქსელში, ჩარკვიანმა.

სხვათა შორის, კულუარებში ოპოზიცია ერთმანეთზე ისეთ რამეებს ამბობს და ჰყვება, ადამიანს თმა ყალყზე დაუდგება.

ზოგადად, ის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ერთმანეთი გულზე არ ეხატება, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ გასაკვირი ერთი რამეა:

თუ, როგორც ოპოზიცია ამბობს, 26 ოქტომბერს გადამწყვეტი ბრძოლაა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, საქართველო ევროატლანტიკურ ღირებულებებს ირჩევს თუ ჩრდილოეთურს, მაშინ, საკითხავია, ანტისახელისუფლებო ბანაკის წარმომადგენლები ერთმანეთს რატომ ჯიჯგნიან?

იქნებ, მოვიდა დრო, როცა პოლიტიკაში, მართლაც, სრულიად ახალი ადამიანები მოვიდნენ, ის ადამიანები, რომლებსაც წარსული სუფთა აქვთ და ვინმე ვერც კორუმპირებულობას წამოაძახებს და ვერც იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში მუშაობდნენ, რა დროსაც ნეპოტიზმით იყვნენ გატაცებულნი.

სხვისი არ ვიცი, პირადად მე კი მგონია, რომ ამ ქვეყანას მაშინ ეშველება, როცა ასპარეზზე ე.წ. ჯენზის წარმომადგენლები გამოვლენ, რომელთათვისაც ჩრდილოეთურ სიკეთეებს თავი რომ დავანებოთ, კორუფციაც უცხოა, ნეპოტიზმიც და კიდევ სხვა ბევრი მანკიერება, რომლითაც ჩვენი, დღეს არსებული პოლიტიკური ელიტაა დაავადებული.

ისე, ზოგს შეიძლება, ახალი თობა არ მოსწონს და აკრიტიკებს, როგორ აცვიათ, როგორ მეტყველებენ, ან როგორ მუსიკას უსმენენო, მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა ანუ მამათა და შვილთა ბრძლა ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება, მაგრამ ახლა, იმის მტკიცება, რომ დღევანდელი ახალგაზრდების იმედი ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს, წმინდა წყლის მანიპულაციაა.

დიახ, ახალი თობა განათლებულიც არის, ლამაზიც, ფერადიც, მორწმუნეც და რაც მთავარია, პატრიოტიც.

დიახ, ამ ახალგაზრდებმა იციან, როგორ უნდა ააშენონ ახალი, მომავლის სახელმწიფო, სახელმწიფო, სადაც მხოლოდ ცალკეულების კი არა, ყველას უფლება იქნება დაცული და სადაც ნებისმიერი ადამიანი წარმატებას ვინმეს დახმარებით კი არა, საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობებით მიაღწევს.

ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს სწორედ ეს ეშლება ანუ მათ, რომლებიც თავს პოლიტიკოსებად მიიჩნევენ და მთელი ცხვრება პოლიტიკაში არიან, ჰგონიათ, რომ ახალგაზრდებმა არაფერი იციან და ჭკუა მხოლოდ თავად მოეკითხებათ. არადა, აბა, მოდით, ახალგაზრდებს ვკითხოთ, მოსწონთ თუ არა იგივე ოპოზიცია?

ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ იქნება, მაგრამ უმეტესობა იტყვის, რომ ოპოზიციაც შესაცვლელია, რადგან საზოგადოება, თუნდაც ოპოზიციურ ველზე ერთი და იმავე სახეების ყურებით დაიღალა, სახეების, რომლებიც ხან ერთ პარტიაში არიან, ხან - მეორეში, ხან ერთ იდეოლოგიას ლობირებენ, ხან - მეორეს.

ზოგადად, ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძურია, მაგრამ სინამდვილეში, პოლიტიკა კი არ არის ბინძური, არამედ, ადამიანები აბინძურებენ, ის ადამიანები, რომელთაც მიდრეკილება სიბინძურისკენ აქვთ.

აქვე, ისიც გასაგებია, რომ პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები და მტრები არ არსებობენ, მაგრამ როგორ გავიგოთ ის, რაც, მაგალითად, ხატია დეკანოიძემ გააკეთა? ესე იგი, რამდენიმე თვის წინ, ნაცმოძრაობა დატოვა იმის გამო, რომ იქ ოლიგარქიული სისტემა მყარდებოდა დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ, ახლა კი ისევ უკან მიბრუნდა ანუ როდის იყო დეკანოიძე გულწრფელი, როცა პარტიულ ოლიგარქიას გმობდა, თუ ახლა, როცა უკან დაბრუნდა?! რა, კეზერაშვილი აღარ არის ოლოგარქი, თუ ყოფილ მმართველ პარტიაზე მისი გავლენები შესუსტდა?

ერთი სიტყვით, ასეთი „ტრიუკები“ ყველაზე მეტად ისევ ოპოზიციას აზიანებს. არადა, ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია, ამ სიტყვის კლასიკური და ნამდვილი გაგებით, ამ ქვეყნის მარადიული პრობლემაა...

 

 

ავტორი: ნინო დოლიძე