საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და დისშვილის საბანკო ანგარიშებზე მილიონ დოლარზე მეტი ჩარიცხა.
უწყების ცნობით, ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით.
„საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართულ ოთხ პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს „მორგან ლიმიტედის“ ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა. შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით იჯარით აღებულ ფართში მოწყობილი ქოლცენტრის თანამშრომლები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ, წინასწარ შექმნილ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე განეხორციელებინათ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიცია.
თაღლითური ქოლცენტრის თანამშრომლები დისტანციურად უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს ელექტრონულ მოწყობილობებზე, არეგისტრირებდნენ მათ სავაჭრო პლატფორმებზე, კრიპტო ბირჟებზე და დაზარალებულების თანხით შეძენილ ვირტუალურ აქტივებს რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. აღნიშნულის პარალელურად, ყალბ პლატფორმებზე სიმულაციური ქმედებებით დაზარალებულებს აჩვენებდნენ ინვესტირებული თანხების ზრდას, ხოლო დაბანდებული თანხისა და მოგების უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ ყოველგვარ კომუნიკაციას. აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს.
თაღლითურად დაუფლებული აქტივებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს ხსენებული თანხების მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით. გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.
ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კეზერაშვილის, მისი დის და დისშვილის ანგარიშებზე მილიონ დოლარზე მეტი ჩარიცხა - პროკურატურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი