რუსთავთან ახლოს, საკუთარ სახლში, 60 წლის ცოლ-ქმარი მოკლეს - ვინ მისცა „ნაკოლი“ მკვლელს 25 ათას დოლარზე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

90-იან წლებში, მაშინ, როცა გარდაცვლილი ადამიანების ნახვა არავის უკვირდა და თითქოს სიკვდილსაც, სწორედ მაშინ მივეჩვიეთ, რუსთავის მახლობელი სოფლის აგარაკებზე, მოხუცი ცოლ-ქმრის მკვლელობა მაინც მეხივით გავარდა. ცოლ-ქმარი 60 წელს იყო გადაცილებული, მაგრამ ორივე აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, ქმარი ბიზნესმენობდა, ქალს საბუღალტრო საქმე არ აკლდა და პენსიას ნამდვილად არ ელოდებოდნენ. მეტიც, სახლიც გამართული ჰქონდათ და იმ დროისთვის, შეძლებულ ოჯახადაც ითვლებოდნენ. შვილები თბილისში ცხოვრობდნენ და მშობლებთან უქმეებზე თუ მივიდოდნენ, უფრო იმიტომ, რომ სოფლიდან რამე წამოეღოთ. გარდაცვლილები მეგობრებმა ნახეს, ცოლ-ქმარმა, რომლებიც სტუმრად იყვნენ მისულები და ღია კარში შევიდნენ.

 

„ჩვენ სტუმრობაზე გუშინ შევთანხმდით, საღამოს უნდა ამოვსულიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, დილით კი წამოვედით და ასეთი სურათი დაგვხვდა. ჩვენ საერთო ბიზნესი გვქონდა, წილი სწორედ დღეს უნდა წაგვეღო, დაახლოებით, 25 ათასი დოლარი ანუ მე ბიზნესიდან გავდიოდი, ცალკე უნდა გამეკეთებინა ჩემი საქმე. ჩემი მხრიდან, არავინ იცოდა, რომ ამ ოდენობის თანხა უნდა გადმოეცათ, წყვილმა ვის უთხრა, არ ვიცი“, - თქვეს სტუმრებმა.

ის, რომ გარდაცვლილებს თანხა უნდა გადაეცათ, შვილებმაც კი არ იცოდნენ და შესაბამისად, პრაქტიკულად, გამორიცხული იყო, მათ მეზობლებისთვის ან ნათესავებისთვის გაენდოთ ეს ამბავი. სტუმრებს რომ ელოდნენ, იქიდანაც ჩანდა, რომ მაცივარში რამდენიმე სახეობის კერძი იყო, ოჯახის უფროსს ღვინო ბოთლებში ჰქონდა ჩამოსხმული და მაცივარში შეწყობილი ანუ სტუმრობის ამბავი ნამდვილი იყო, მაგრამ... უცხო ადამიანს, მით უმეტეს, იმ დროს, მოხუცები კარს არ გაუღებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოჯახში შინაური შევიდა. მშობლების გარდაცვალების ამბავი შვილებმაც მძიმედ გადაიტანეს და შოკიდან რომ გამოვიდნენ, სახლში არსებულ სამალავს სამართალდამცავებთან ერთად მიადგნენ და იქიდან 25 ათასი დოლარი ამოიღეს. ეს თავისთავად იმას ნიშნავდა, რომ შვილები მშობლებს არ გაიმეტებდნენ (მაშინ არც ეს უკვირდა არავის, ახლა ხომ, მით უმეტეს) და რომც გაემეტებინათ, ფულს წაიღებდნენ. გამოდიოდა, რომ მკვლელმა ფულს ვერ მიაგნო ანუ ის ოჯახის წევრი არ იყო. ამასთან, წყვილი, რომელიც სტუმრად მოდიოდა, იმდენად ახლობელი იყო, რომ ერთხმად აღიარეს, სამალავის შესახებ ჩვენც ვიცოდით და ეგ კი არა, მეორე სამალავი რომ არის, ისიც ვიცითო. შვილებმა ისიც დაადასტურეს და მეორე სამალავშიც ცოტაოდენი ფული იპოვეს. ასე გამოირიცხა სტუმრად მისული ცოლ-ქმრის მონაწილეობაც, რადგან სხვა შემთხვევაში, ისინი ორივე სამალავს გაასუფთავდბდნენ.

მეორე დღეს, ექსპერტმა დასკვნა დადო და აღნიშნა, რომ ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ღამის 12 საათზე დახოცეს, თითქმის ერთდროულად ანუ თავდამსხმელს ისინი არ უწამებია, რაც იმას ნიშნავდა, რომ დარწმუნებული იყო, ფულს მიაგნებდა. სოფლის რწმუნებულმა თბილისიდან ჩასულ სამართალდამცავებს პირდაპირ უთხრა, აქ ერთი ლოთი ცხოვრობს, ადრე ორჯერ არის ნასამართლევი, ორივეჯერ მკვლელობის მცდელობისთვის და მოდით, ჯერ ის დავკითხოთო. მოიკითხეს ლოთი და სახლში ვერ იპოვეს, მისმა დამ თქვა, გუშინ, ღამე, სადღაც დასალევად წავიდა და მას შემდეგ არ მინახავსო. ლოთის კვალს ვერც მეორე დღეს მიაგნეს, ვერც - მესამე და ზოგადად, ის, უბრალოდ, გაქრა. გამომძიებლებმა იფიქრეს, რომ სწორედ ის იყო მკვლელობის მონაწილე და ამიტომ, მასზე ძებნა გამოაცხადეს. ძებნა, ლამის, ორი კვირა გაგრძელდა და რაც მთავარია, სხვა ეჭვმიტანილი გამოძიებას, უბრალოდ, არ ჰყავდა. სოფელში ვერავინ ამბობდა, რის გამო შეიძლებოდა მოეკლათ წყვილი, რომელიც თანასოფლელებს მუდმივად ხელს უმართავდა და... კარს აუცილებლად უღებდა, რა დროც უნდა ყოფილიყო. ამიტომ, სამართალდამცავები ეჭვობდნენ, რომ კარი ლოთსაც გაუღეს, სიმთვრალეში მან ვერ განსაზღვრა, რას აკეთებდა და ცოლ-ქმარი დახოცა.

ლოთი სოფელში ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა, სოფლის რწმუნებულმა დააკავა და თავისი მანქანით თბილისში წაიყვანა.

„მკვლელობის ღამეს სად ვიყავი, არ მახსოვს. ერთი, ეგ მახსოვს, სოფლიდან რომ გავდიოდი, ვიღაცამ, ლამის მანქანა დამაჯახა, მე შევაგინე და მანქანას წიხლი მივარტყი. იმ ვიღაცამ გააჩერა, გადმოვიდა და ვიჩხუბე, მაგრად მცემა, ისე, რომ ფეხი მომტეხა და გზაზე დამაგდო. წაქცეულზე დამახტა ზემოდან, თორემ ვერ მომერეოდა. მერე, გვერდით სოფელში ძმაკაცი რომ მყავს, იმან მიპოვა, მოტოციკლით მოდიოდა და იმ მანქანამ, თურმე, კინაღამ ზედ გადაუარა. წამიყვანა და სოფლის ექიმმა თაბაშირი დამადო, ჩემს ძმაკაცთან ვიყავი ეს დღეები, ახლა კი გამოვჯანმრთელდი და სახლში დავბრუნდი. თუ გაინტერესებთ, ჩემს ძმაკაცს ჰკთხეთ, დაგიდასტურებთ“, - განაცხადა დაკავებულმა.

ძმაკაცი დაკავებულზე უარესი ლოთი იყო, მაგრამ იმ დღეს დალეული არ ჰქონდა, ამიტომ, დეტალებში მოყვა, როგორ შეეჩეხა მანქანას, როგორ ნახა თავისი მეგობარი, როგორ მიიყვანა სოფლის ექიმთან და... ექიმმა ზუსტი დრო თქვა, ჟურნალში 11.00 საათზე გავატარეო ანუ როცა ცოლ-ქმარს ხოცავდნენ, მაშინ ეჭვმიტანილს ფეხზე თაბაშირს ადებდნენ. რა თქმა უნდა, ავტომობილის აღწერილობასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებს იმედი არ ჰქონდათ, თუმცა...

„თეთრი ფერის ავტომობილი იყო და მართალია, სერია არ მახსოვს, ნომერი კი სამი სამიანი ჰქონდაო“, - თქვა დაკავებულის მეგობარმა და მაძებრებმა ერთმანეთს გადახედეს - ეს ნომერი სწორედ იმ მანქანას ჰქონდა, რომლითაც დილით ცოლ-ქმარი მივიდა სტუმრად და რომლებმაც გვამები აღმოაჩინეს. პრაქტიკულად, ეს უკვე საქმის გახსნის ტოლფასი ინფორმაცია იყო. ყოველი შემთხვევისთვის, საქართველოს მასშტაბით გადაამოწმეს სამი სამიანის მქონე სანომრე ნიშნები და მიხვდნენ, რომ სხვები იმ ადგილზე ფიზიკურად ვერ და არ მოხვდებოდნენ. ცოლ-ქმარი განყოფილებაში ცალ-ცალკე მიიყვანეს, გზაში ერთმანეთთან მოლაპარაკება და შეთანხმება რომ ვერ მოესწროთ, მაგრამ მანამდეც და შემდეგაც, გამომძიებლებს მთავარი კითხვა აწვალებდათ - მკვლელობის მოტივი?!

კაცმა გაოცებისგან პირი დააღო, თქვენ ნორმალურები თუ ხართ, მანქანა სახლის წინ მყავდა გაჩერებული, ცოლმა კიდევ ტარება არ იცისო. ის სოფელში ღამით წასვლასაც უარყოფდა, ჩხუბსაც ვიღაც ლოთთან და რა თქმა უნდა, მკვლელობასაც. მისი საუბარი იმდენად გულწრფელი იყო, რომ სამართალდამცავები დაიბნენ, აი, ქალი კი... აშკარად ეტყობოდა, იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე საუბრობდა და გამომძიებლებმა ნაცად მეთოდს მიმართეს, თქვენი „პადელნიკი“ უკვე დაპატიმრებული გვყავს, მეორე ოთახში ჩვენებას წერს და ყველაფერს თქვენ „გტენით“, ახლა თუ გინდათ, ნუ ილაპარაკებთო, ეს უთხრეს ქალს, ოთახიდან „არხეინად“ გავიდნენ და დაკავებული 30 წამით მარტო დატოვეს.

უკან შემობრუნებულ ძალოვნებს ქალი აშკარად ანერვიულებული დახვდათ, ყურადღება არ მიაქციეს, ტელევიზორი ჩართეს და ყურება დაიწყეს, მერე მორიგეს გასძახეს, ეს ქალი წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეთ, ქმარი გაუშვით და ჩვენების წერას რომ მორჩება, ამ ქალს გვერდით მიუსვითო. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, ქალმა დაიყვირა, მე არ მომიკლავს, ყველაფერს ვიტყვიო.

„მეგობარი მამაკაცი მყავდა, 30 წლის ბიჭი, ცოტა გზას აცდენილი, მაგრამ ძალიან მოსიყვარულე. ერთი თვის წინ მითხრა, საზღვარგარეთ უნდა წავიდე ფულის საშოვნელად, რამე ბიზნესი რომ წამოვიწყო, აქ პერსპექტივა არ მაქვს და შენ როდემდე უნდა მარჩინოო. ლამის, ტვინში სისხლი ჩამექცა, ძალიან, ძალიან მიყვარდა. ვუთხარი, რამეს მოვიფიქრებ-მეთქი. მერე ისიც ვუთხარი, ჩემი ქმარი სხვა ბიზნესს რომ იწყებდა, ფული რომ უნდა მიეცათ, გამომკითხა, სად და როდისო, მერე, საღამოს მანქანა მთხოვა, ადრეც მივეცი ერთი-ორჯერ, გასაღებს ჩავუგდებდი, 1-2 საათში მოჰყავდა და ქმარი ვერაფერს იგებდა. იმ ღამესაც რომ მთხოვა, არაფერი მიეჭვია, რას ვიფიქრებდი, რომ იმ უბედურებს მოკლავდა“, - ეს იყო ქალის მონაყოლი.

ახალგაზრდა საყვარლის სახელი მალე ათქმევინეს და მის დასაკავებლად ოპერჯგუფიც გავიდა, თუმცა მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება მხოლოდ სამი დღის შემდეგ... იმავე სახლში მოხერხდა, სადაც მკვლელობა მოხდა. უცხო ბიჭი მეზობლებმა შენიშნეს და ლამის, მთელი სოფელი გამოვიდა მის დასაჭერად. თურმე, მკვლელს გაუგია, დამნაშავეებმა ფულს ვერ მიაგნესო და იფიქრა, რომ მეორე შანსი მიეცა. სასამართლომ დაკავებულს წინასწარი განზრახვა ვერ დაუმტკიცა, რადგან მას მკვლელობის იარაღი თან არ ჰქონდა და იქვე, ეზოში ნაპოვნი კეტით დახოცა. შესაბამისად, მას 14 წელი მიუსაჯეს.