თბილისში მექალთანე ლექტორი მოკლეს: როგორ დაგეგმეს გოგონებმა მკვლელობა - რეზონანსული საქმის დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არცთუ იშვიათად შეხვდებით განცხადებას - „ქირავდება ბინა დღიურად“ და ყველამ იცის, რომ აუცილებელი არ არის, ბინა მართლა დღიურად იქირაო, სავსებით საკმარისია რამდენიმე საათით შეხვიდე და ეს რამდენიმე საათი, ძირითადად, სასიყვარულო ურთერთობებისთვის სჭირდებათ ადამიანებს. ვისაც სასტუმროს ფული არ აქვს ან ელემენტარულად არ სურს, რომ მისი სახელი და გვარი სასტუმროს ჟურნალსა თუ კომპიუტერში დაფიქსირდეს, მარტივად რეკავს ბინების დღიურ გამქირავებელთან და პრობლემაც მოგვარებულია. ადრე კი ასე არ იყო - გარდა იმისა, რომ ადამიაანებს იშვიათად ჰქონდათ ორი ბინა, რამდენიმე მიზეზის გამო, მისი საათობრივად გაქირავება პრობლემას წარმოადგენდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მაშინ მოსახლეობა სხვაგვარად ცხოვრობდა, სამეზობლო ოჯახივით იყო და უცხო ადამიანების გამოჩენას აუცილებლად შენიშნავდნენ. აი, ყოველდღიურად უცხო ადამიანების გამოჩენას კი ეჭვით შეხედავდა და აუცილებლად დარეკავდა „მილიციაში“. ახლა კი, განსაკუთრებით ახლადაშენებულ კორპუსებში, მეზობლები ერთმანეთს სახეზეც ძლივს სცნობენ და ამიტომ, ყველაფერი ეს, მარტივია.

 

1984 წლის გაზაფხულზე, მივლინებიდან დაბრუნებულმა ინჟინერმა, შინ მეგობრის გვამი აღმოაჩინა. როცა მივლინებაში მიდიოდა, ერთოთახიანი ბინის გასაღებს მუდმივად მეგობარს უტოვებდა, რომელსაც იქ საყვარელი ქალი აჰყავდა, ინჟინერი უცოლშვილო იყო, მეგობარი - ცოლ-შვილიანი და ამიტომაც, ინჟინრის ბინა მისთვის ნამდვილი მისწრება გახლდათ.

„მოდი, ასე ვთქვათ: გარდაცვლილი ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი იყო. მაშინ უმაღლესებს ერთი ხელის თითებზე დაითვლიდა კაცი და არ გვინდა ახლა დაკონკრეტება. ხელში ბრტყელტუჩა ეკავა, იქვე ეგდო სახრახნისი, კედელზე კი, ტელევიზორის ჩამრთველის ადგილზე, დენის მავთული გაშიშვლებული გახლდათ. გვამს ძალადობის ნიშანი არ ეტყობოდა და ჩავთვალეთ, საქმე უბედურ შემთხვევასთან გვქონდა, მაგრამ ასეთ დროსაც კი, გვამს სრული ექსპერტიზა უტარდებოდა. ორ დღეში შვებულება მიწევდა და მკვლელობა რომ არ შემრჩა ხელთ, ბედნიერი ვიყავი. ერთი, ეგ იყო, გარდაცვლილის ცოლი მოვარდა ბინაში, ჯერ ინჟინერს მიაყარა ქოქოლა, მერე - გარდაცვლილ ქმარს, აქაოდა, სახლში ბოზების ბუდე გქონდა მოწყობილიო, თუმცა ის მალე დაამშვიდეს და მეც შინ წავედი“, -გვიყვება თბილისში მომხდარ რეზონანსულ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გამომძიებლის ბედნიერება მეორე დღეს დაინგრა. ექსპერტმა დაასკვნა, რომ გარდაცვლილს სხეულში ცხენის დოზა დასაძინებელი ჰქონდა და სწორედ ამ პრეპარატის მღებისგან გარდაიცვალაო. სამართალდამცავები მაშინვე ინჟინრის ბინაში წავიდნენ, გულდასმით გაჩხრიკეს და ტუჩსაცხის გარდა, ქალის პერანგზე აწყვეტილი ღილიც იპოვეს. ცხადი იყო, ლექტორის გარდა, სახლში ქალიც იმყოფებოდა. მკვლელობის ვერსია იმანაც გაამყარა, რომ ხელსაწყოების რკინის ყუთს ინჟინერი მუდმივად დახურულ მდგომარეობაში ინახავდა, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი გაირკვა, რომ მასზე გარდაცვლილის თითის ანააბეჭდები არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ სახრახნისი და ბრტყელტუჩა ყუთიდან ისე ამოიღო, ხელით არ შეეხო ანუ არ გახსნა ან პირიქით - გახსნა, ამოიღო და შემდეგ ყუთი ნაჭრით გაწმინდა, რაც გამორიცხული გახლდათ.

„სასწავლებელში მივედით და თანამშრომლები დავკთხეთ. გაოცებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა, რადგან ექვსი ქალი ერთმანეთისკენ იშვერდა ხელს, გარდაცვლილი ამის საყვარელი იყოო ანუ ქალები ერთმანეთს აბრალებდნენ მოკლულის საყვარლობას და რაც მთავარია, არც იმას მალავდნენ, რომ ლექტორი სტუდენტებსაც ხვდებოდა, გამოცდაზე მაღალი ნიშნის სანაცვლოდ, ურთიერთობას სთავაზობდა და მართალია, იშვიათად, მაგრამ გარკვეულ კატეგორიას მაინც ითანხმებდა ხოლმე“, -იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა თანამშრომლებს ბინაში ნაპოვნი ტუჩსაცხი აჩვენეს და ყველამ ერთხმად თქვა - ეგ ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანის მდივნის ნივთიაო. მდივანი კი სამსახურში არ გამოცხადდა, სასწავლებელში დარეკა, სიცხე მაქვს, ბიულეტენი გავხსენიო. გამომძიებლები შინ ესტუმრნენ და დარწმუნდნენ, რომ ქალს სიცხე არ ჰქონდა. როცა ტუჩსაცხი ანახეს, აღიარა, ჩემია, მაგრამ სამსახურში, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მომპარეს და წარმოდგენა არ მაქვს, ვინ აიღოო. მან ისიც აღიარა, რომ ლექტორთან ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ის ჩვეულებრივი მექალთანე იყო და ყველას ლოგინში ეპატიჟებოდა, ურთიერთობა გაწყვიტა. როგორც თავად თქვა, ბოლოს, იმავე ბინის სიახლოვეს, ერთ-ერთ დოცენტთან შენიშნა და მიხვდა, რომ მისი ყოფილი საყვარელი, ახლა, სწორედ ამ დოცენტთან დადიოდა. გამომძიებლები დოცენტს მიადგნენ.

„მკვლელობის ღამეს, შინ ტელევიზორს ვუყურებდი. იმ მამაკაცთან ურთიერთობა მხოლოდ ერთხელ მქონდა და მალევე მივხვდი, რომ სერიოზული გეგმების აწყობა მასზე არ შეიძლებოდა. მე ქვრივი ვარ, შვილს ვზრდი, როგორც ლექტორი მიყვებოდა, ცოლს გაცილებული იყო, მაგრამ მერე გავიგე, რომ მატყუებდა და დავშორდი“, - აღიარა დოეცნტმა.

სამართალდამცავებმა უკვე იცოდნენ - „შერშე ლა ფამ“ ანუ ეძებე ქალი, თუმცა რომელი უნდა ეძებნათ ან რომელი იყო ნამდვილი მკვლელი, არავინ იცოდა. სამაგიეროდ, ექსპერტის დასკვნა იდო მაგიდაზე, რომელიც მკვლელობის მიზეზს ზუსტად ასახავდა და ძალოვნებმა ისიც იცოდნენ, რომ პრეპარატს, რომელიც ლექტორის ორგანიზმში იყო, რეცეპტის გარეშე არ გასცემდნენ. ორ დღეში, არა მარტო ყველა აფთიქაი, არამედ, ყველა კლინიკა შემოიარეს და ოფიციალური დოკუმენტიც მოიპოვეს - ანალოგიურ პრეპარატს... დოცენტი ქალი იღებდა. ის ხელმეორედ დაკითხეს და ამჯერად, მკვლელობა აღიარა. განაცხადა, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმა და ამით კაცს შეურაცხყოფისა და მიგდებისთვის პასუხი აგებინა. თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა, მაგრამ ორი შეუსაბამობა იყო - არსებობდა მეზობელი, რომელიც მკვლელობის ღამეს დოცენტთან მივიდა და ორი თავი ხახვი გამოართვა, ღილი კი, რომელიც ბინაში ნახეს, დოცენტს არ ეკუთვნოდა. გამოდიოდა, რომ მკვლელობის აღიარებით, ქალი ვიღაცას ხელს აფარებდა და ის „ვიღაც“, შესაძლოა, მისი ქალიშვილი ყოფილიყო. გოგონა იმავე სასწავლებლის სტუდენტი გახლდათ. სამართალდამცავებმა ახლა ის დაკითხეს, თუმცა გოგომ ყველაფერი უარყო, რა სექსუალური ურთიერთობა, ქალიშვილი ვარ, რომელ ექსპერტიზაზეც გინდათ შემამოწმეთო.

„ჩიხში შევედით. დარწმუნებულები ვიყავი, რომ დოცენტი მკვლელი არ იყო, მისი გოგოს წინააღმდეგ სამხილები არ არსებობდა და ვერ ვხვდებოდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის, ვისაც ქალი ასე ჯიუტად აფარებდა ხელს. ეს არ იყო შვილი და ვინ შეიძლება ჰყავდეს ადამიანს შვილზე უფრო ძვირფასი?! ჩვენ, სწორედ ის მესამე უნდა გვეპოვა და ის მესამეც მდედრობითი სქესის იყო“, - ამბობს ბატონი თენგიზი.

გამოძიება ჩიხში ისე ღრმად შევიდა, რომ გამოსავალი არ ჩანდა. გამომძიებლებმა ახლიდან დაიწყეს ყველას დაკითხვა და ერთ-ერთმა ქალმა თქვა, ბოლოს, გარდაცვლილი დოცენტის შვილის დაქალზე იყო გადარეული, მარტო თავად კი არ უფუჭებდა ნიშნებს, არამედ, სხვებსაც სთხოვდა, მკაცრად შეაფასეთო. შემდეგ ისიც გაირკვა, რომ ლექტორის მკვლელობის დღეს, გოგონა მთელი დღის განმავლობაში თვალცრემლიანი იყო, აქაოდა, თუ რამე არ ვიღონე, სასწავლებელს ვერასდროს დავამთავრებ, ის ლექტორი ნიშანს არ მაღირსებსო. ჰოდა, გოგონა დაკითხვაზე დაიბარეს. პირველივე კითხვის შემდეგ, მას ცრემლები წამოუვიდა და დაიწყო.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში, ლექტორი გასაქანს არ მაძლევდა, მეუბნებოდა, ნიშანი და დიპლომი თუ გინდა, უნდა შემხვდეო. გაგებული მქონდა, ასეთი შეხვედრები რითიც მთავრდებოდა. ჰოდა, დავთანხმდი, თუმცა მეგობარმა (დოცენტის შვილმა) მითხრა, მე გასწავლი გამოსავალსო და რაღაც ფხვნილი მომცა, ეს სამი დოზა ჩაუყარე წყალში ან სასმელში, დაეძინება და მერე უთხარი, ყველაფერი მოხდა, შენ არ გახსოვსო. როცა ჩავუყარე, დაახლოებით, 30 წამში გააკანკალა და სულიც განუტევა. შეშინებული გამოვვარდი ბინიდან, დაქალთან მივედი, მან დამამშვიდა, უკან წამიყვანა და ის სცენაც სწორედ მისი ინიციატივით დავდგით, ის პომადაც მან დატოვა, მე ამდენს ვერ მოვიფიქრებდი“, - განაცხადა გოგონამ.

სამართალდამცავები მიხვდნენ, რომ დოცენტმა ყველაფერი იცოდა და სწორედ ამიტომ იბრალებდა მკვლელობას. გამოძიებამ ისიც დაასკვნა, რომ სწორედ დოცენტის ქალიშვილმა იცოდა ზუსტი დოზები და მეგობარი სპეციალურად გამოიყენა, ამით დედამისის გამო იძია შური. სასამართლომაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, დანაშაულის დაფარვის გამო, დოცენტს 2 წელი მისცეს, მის შვილს, როგორც მკვლელობის ორგანიზატორს, 9 წელი, ხოლო მეგობარ სტუდენტს, რომელმაც სასმელში მომაკვდინებელი დოზა გაურია, 5 წელი აკმარეს.