სოლბაკენი ნორვეგიაში ათრიეს, სანიოლი - თბილისში

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა და ბათუმში, ნორვეგიასთან ფრედ - 1:1 ითამაშა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ვიკინგებთან გასულ სამ მატჩში, სამი მარცხი გვქონდა, ერთი შეხედვით, ცუდი შედეგი არაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მატჩამდე ისეთი მოლოდინი იყო, გასაყიდად გამოტანილი ბილეთები 2 საათში გაქრა და მერე სოციალურ ქსელში გადამყიდველები 10-ლარიან ბილეთებს 100 ლარად ყიდდნენ და... ეყიდებოდათ.

ბოლო დროს, ნაკრებს ერთი უცნაური რამ დასჩემდა - მხოლოდ ერთ ტაიმს თამაშობს კარგად, თუმცა პირველს თუ მეორეს, ამას მხოლოდ მატჩის შემდეგ ვიგებთ. ასე იყო ამჯერადაც - უსაშინლესი პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ და ვაღიაროთ, გაგვიმართლა, ნორვეგიელებს მთავარი კაცი, ერლინგ ჰალანდი ტრავმის გამო რომ არ ჰყავდათ, თორემ რა შეცდომებიც პირველ ნახევარში დავუშვით, ჰალანდი ნამდვილად არ გვაპატიებდა. მატჩის მიმოხილვით თავს არ შეგაწყენთ, ფეხბურთს იმდენმა ადამიანმა უყურა, რომ 28 მარტს, თბილისში საცობები არ იყო. აი, მატჩის შემდგომ...

ჩვენი ნაკრების თავკაც ვილი სანიოლს კრიტიკა არ დაჰკლებია. ვინც ერკვეოდა თუ არ ერკვეოდა ფეხბურთში, მატჩის შემდეგ, ყველამ გაიმეტა ერთი-ორი სიტყვა და ფრნგი სპეციალისტი გააკრიტიკა. ბევრი ბრალდება საფუძვლიანი იყო, ბევრიც - უსაფუძვლო. ჩვენ მხოლოდ ერთს ვიტყვით - სანიოლმა სერია-A-ში მოთამაშე ლუკა ლოჩოშვილი არ გამოიძახა, ბოლო დროს, სათამაშო პრაქტიკა არ აქვსო და... სერბული „ცრვენა ზვეზდას“ მცველი ირაკლი აზაროვი, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა ასევე არ აქვს, ძირითადში ათამაშა და რომ არა მეორე ტაიმში მიღებული ტრავმა, აზაროვი მატჩს, ალბათ, ბოლომდე ჩაამთავრებდა. ჰოდა, იტალიისა და სერბეთის ჩემპიონატები რომ შევადაროთ, უფსკრულს მივიღებთ და სანიოლს ეს გადაწყვეტილება არც მატჩის შემდეგ აუხსნია.

კარგ დღეში არც ნორვეგიელთა თავკაცი, სტოლე სოლბაკენი ჩააგდეს. იქაურმა მედიამ მწვრთნელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, ბავშვური შეცდომები დაუშვა მისმა გუნდმაო და... ძალიან ბევრმა სოლბაკენის გადაყენებაც კი მოითხოვა. ცნობისთვის, საქართველომდე ნორვეგიელები ესპანეთს ეთამაშნენ და იქაც დამარცხდნენ, თუმცა იმავე ესპანეთმა, იმავე 28 მარტს, შოტლანდიასთან წააგო ანუ „ფურია როხა“ დაუმარცხებელი არ ყოფილა და სოლბაკენს ესეც შეახსენეს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე