როგორ გახდა მსახიობობაზე მეოცნებე გოგონა მხატვარი

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

მხატვრობა უნიკალური ნიჭის გამოვლინება, თვითგამოხატვისა და ესთეტიური ტკბობის საშუალებაა, თუმცა ამ ნიჭის მქონე ადამიანებს დროულად და შესაბამისად ვერ ვაფასებთ. შესაბამისად, უამრავი მხატვარი ცდილობს, თავი დაიმკვიდროს და საკუთარი შემოქმედება ჩვენამდე მოიტანოს. „ვერსია“ გთავაზობთ ინტერვიუს ერთ-ერთ მხატვართან, ბელა ანანიძესთან, რომელიც არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნის.

 

- ბელა, ხატვა როდის დაიწყეთ, როგორ აღმოაჩინეთ, რომ ხატვის ნიჭი გქონდათ?

- ბავშვობაში ვთვლიდი, რომ ისე ვხატავდი, როგორც ყველა ბავშვი ანუ არ ვფიქრობდი, რომ სხვებისგან გამორჩეული ნიჭი მქონდა. 10 წლის ვიყავი, როდესაც სკოლის ხატვის მასწავლებელმა მირჩია, სამხატვრო სკოლაში მივსულიყავი, მაგრამ მაშინ მსახიობობაზე ვოცნებობდი და ხატვას ისე ვუყურებდი, როგორც ერთ-ერთ სასკოლო საგანს. თეატრალურში ჩაბარების უფლება დედამ არ მომცა, რამაც უდიდესი პროტესტი გამიჩინა და განვუცხადე, საერთოდ არსად ჩავაბარებ-მეთქი. 23 წლის ასაკში, ხატვის ტექნიკის შესწავლა მომინდა, თუმცა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე არც მიფიქრია. უბრალოდ, მინდოდა, ჩემთვის მეხატა და ის გადმომეცა, რასაც ვგრძნობდი. ამ მიზნით, პედაგოგთან მივედი. ორი გაკვეთილის შემდეგ მითხრა, რომ შემეძლო, აკადემიაში ჩაბარებაზეც მეფიქრა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, თან ეს აზრი მომეწონა. 25 წლის ასაკში, სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი.

- ასე იქცა ხატვა თქვენს პროფესიად?

- სწავლის პერიოდი ხატვის ძირითადი ტექნიკის შესწავლას დაეთმო, შემოქმედებითი მიდგომა ცოტა გვიან დაიწყო. მერე, უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის გამო, მუზების მიძინების პერიოდი მქონდა და აუცილებლად მჭირდებოდა სტაბილური შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნახატები მაშინაც იყიდებოდა, ეს სტაბილური შემოსავლის წყარო არ იყო. ამიტომ, დიდი ხნით მომიწია ჩემი პროფესიის დათმობა. ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვიყავი, შვილების გამოსაკვებად. ასე ჩაანაცვლა ხატვა დამლაგებლობამ ერთ-ერთ ტელევიზიაში. მაშინ მეგონა, რომ ხატვას თავი სამუდამოდ დავანებე და 15-წლიანი შემოქმედებითი კლინიკური სიკვდილი განვიცადე. წლების მერე, ისევ დავიწყე ხატვა. ახლა უფრო მეტად ვაფასებ ჩემს პროფესიას და სამყაროს მიმართ მადლიერი ვარ, რომ ეს ბედნიერება მომცა.

- ბელა, წეღან თქვით, ფინანსური პრობლემები ქონდა და ნახატების გაყიდვით ამას ვერ დაძლევდიო. როგორ ფიქრობ, საქართველოში ხელოვნება შესაბამისად არ ფასდება?

- ვფიქრობ, საქართველოში, ზოგადად, ცხოვრებაა რთული, მათ შორის, ხელოვანისაც, მით უფრო მაშინ, როდესაც მარტო ცდილობ გზის გაკვალვას. მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე დიდი კომფორტი ამ პროფესიაში თავისუფლებაა. არც უფროსი გყავს, არც - ხელქვეითი. ჩემი ნატურის ადამიანისთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

- რისი გადმოცემა გსურთ ნახატებით?

- ჩემი პერსონაჟების უმეტესობა სევდიანია. ეს ჩემგან ერთგვარი სოლიდარობა და სიყვარულია სევდიანი ადამიანების მიმართ. პერსონაჟების გამო, ხშირად ჰგონიათ, რომ თავად ვარ სევდიანი. სინამდვილეში, სევდაცა და სიხარულიც, თითქმის, თანაბრადაა ჩემში.

-  არის თუ არა კონკრეტული სტილი ან თემა, რომელზე მუშაობისას, თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ?

- განსხვავებული პერიოდები მაქვს. ზოგჯერ, იმდენად განსხვავდება ჩემი ნამუშევრები ერთმანეთისგან, არც კი ჰგონიათ, რომ ერთი ავტორისაა.

- ყველაზე საყვარელი ნახატი თუ გაქვთ და რა ემოცია გაკავშირებთ მასთან?

- ვერ გამოვარჩევ საყვარელ ნახატს, თითოეული შვილებივითაა. ხატვის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია. ასე რომ არ იყოს, ნახატს ვერ გავიმეტებდი გასაყიდად.

- რა არის თქვენთვის ხელოვნება და მასში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?

- ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად მიყვარს თავისუფლება და იმ ადამიანების ბედნიერი თვალები, რომლებიც ჩემი ნამუშევრების მფლობელები ხდებიან.

- ბელა, ხშირად იყიდება ნახატები?

- როგორ სტილშიც ახლა ვმუშაობ, ჩანს, განსაკუთრებით მოსწონთ მხატვრობის მოყვარულებს და ამისთვის მადლობა, მათ. იმდენად ხშირად იყიდება, რომ ჯერჯერობით, ერთი ნახატიც ვერ დავიტოვე ჩემთვის.

- რა გეგმები გაქვთ და რას ისურვებდი ყველაზე მეტად?

- გეგმები გაწერილი არ მაქვს, რადგან ხშირად იცვლებიან. ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად თავისუფალი, განვითარებული და ბედნიერი იყოს.

- რას ურჩევთ დამწყებ ხელოვნებს?

- ყოველთვის აღიარონ სხვისი ნიჭიერება და არ დაკარგონ ინდივიდუალურობა!