„მინდა, საქველმოქმედო გალერეა გავხსნა!“ - ქეთი მელქაძის რკინის ბადეების უნიკალური ხელოვნება

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

უმაღლესი თუ პროფესიული განათლების მიღება ნებისმიერი დარგის სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ხელოვანზე. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ყველაზე განსხვავებული, გამორჩეული და ახალი აღმოჩენების ავტორები, სწორედ ხელოვანები არიან, რომლებსაც ამ მიმართულებით სპეციალური განათლება არ მიუღიათ...  ერთ-ერთი ასეთი, თვითნასწავლი ხელოვანია ქეთი მელქაძე, რომლის ორიგინალური და თვალისმომჭრელი ნამუშევრები სამშენებლო რკინის ბადისა და მხატვრობის სინთეზს წარმოადგენს. ქეთი პროფესიით ფილოლოგია. 50 წლის ასაკში, ჯერ ხატვა დაიწყო, შემდეგ - რკინის ბადეზე მუშაობა, რომლითაც უჩვეულო და ძალიან ლამაზ ფიგურებს ქმნის. „ვერსია“ ქეთი მელქაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

 

- ქალბატონო ქეთი, ხატვა და რკინის ბადეზე მუშაობა როდის დაიწყეთ?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, პროფესიით ფილოლოგი ვარ, თუმცა ამ მიმართულებით არ მიმუშავია. ეს საქმიანობა 50 წლის ასაკში დავიწყე, თავიდან უბრალოდ, ვცადე, შემდეგ მომეწონა და საკმაოდ აზარტული აღმოჩნდა. მაინტერესებდა, რისი გაკეთება შეიძლებოდა და ასე შევყევი. ხუთ წელზე მეტია, რაც ამ საქმით ინტენსიურად ვარ დაკავებული. ეს ჩემი ჰობია, რისი კეთებაც ძალიან მსიამოვნებს.

- ბავშვობაში ხელოვნების მიმართ მიდრეკილება გქონდათ?

- არა. წლების განმავლობაში, ბაბუაჩემი სამხატვრო აკადემიაში მუშაობდა, კათედრის გამგე იყო, მაგრამ ხელოვნება იმდენად არ მაინტერესებდა, რომ მიხვდნენ, ამ კუთხით, ჩემთვის არაფერი უნდა დაეძალებინათ. შესაბამისად, სპეციალური განათლებაც არ მიმიღია.

- რამდენად რთულია რკინის ბადეზე მუშაობა?

- ბადე ისეთია, 2 სანტიმეტრიც რომ შემეშალოს, ვეღარაფერს ვუზამ. ვძერწავდი და ვხატავდი კიდეც, მაგრამ ყველაზე რთული რკინაზე მუშაობაა, პატარა შეცდომასაც არ გაპატიებს. თავიდან ხელი რომ მოვკიდე, მაინტერესებდა, რამე თუ გამოვიდოდა, პატარა ბადე ვიყიდე და ხელით გადაკვრა ვცადე, თუმცა მარტივად არ გამოვიდა და ხელით დამუშავება გავაგრძელე.

- საშუალოდ, რა დროს სჭირდება ერთი ნამუშევრის დამზადებას?

­- გააჩნია ნამუშევარს, შეიძლება, ერთი კვირაც ვაკეთო, ზოგჯერ, რამდენიმე დღეში ვასრულებ და ერთი სული მაქვს, ვნახო, რა გამოვა. დასრულებისთანავე, ახლის გაკეთება მინდება და ასე გრძელდება. ჩემი ნამუშევრებით კმაყოფილი არასდროს ვარ, თუმცა ძალიან სასიამოვნო და აზარტული პროცესია. თითოეული ნამუშევარი რაღაც ახალს მაძლევს, ვსწავლობ და ვიგონებ.

- ხშირად ყიდით ნამუშევრებს?

- ნამუშევრებს მხოლოდ საქველმოქმედოდ ვყიდი, დანარჩენი სახლში მაქვს, მირჩევნია, მე მქონდეს. ბევრი ქალაქისთვის მაქვს რაღაც პროექტი შეთავაზებული, სრულიად უსასყიდლოდ. თავიდან ნახულობენ, მოსწონთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არ გამოდის ხოლმე. სამომავლოდ კიდევ ველოდები გამოხმაურებას, ვნახოთ, რა იქნება... ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები ჩემს ქვეყანას უნდა ემსახუროს.

- უცხოეთიდან თუ გაქვთ შემოთავაზებები?

- დიახ, მაგრამ საზღვარგარეთ წასვლა არ მინდა. იქ რომ წავიდე, ნამუშვრები გაიყიდება, მაგრამ მირჩევნია, ჩემი ნიჭი ჩემს ქვეყანას მოვახმარო. წასვლა მხოლოდ მატერიალურ მხარეს გააუმჯობესებს და მეტ საზრდოს არ მომცემს. აქ იმდენი მეგობარი შევიძინე, გარეთ რომ გავდივარ, ბევრი მცნობს, სხვა სითბო და სიყვარული მაქვს, საზღვარგარეთ რომ წავიდე, იქ ეს არ მექნება და ამას ვუფრთხილდები ყველაზე მეტად. პანდემიამ ბევრი რამ გააჩერა, თუმცა მაქსიმალურად ვეცდები, თავი სამშობლოში დავიმკვიდრო.

- რთულია საქართველოში ხელოვანის ცხოვრება?

- მარტივი ერთი სფეროც არ არის, მაგრამ სხვა თემაა ადამიანი, რომელიც ქმნის, რისი კეთებაც თვითონ სიამოვნებს და რისი ნახვაც სხვებსაც მოსწონთ, თუმცა ე.წ.  კომერციული ხელოვნებაც არსებობს. არ მივცემ თავს უფლებას, რომ ვინმე განვიკითხო, მაგრამ კომერციაზე როდესაც გადადიხარ, ეს ხელოვნება აღარაა და ხელობა ხდება. ორი ერთნაირი არასდროს არაფერი გამიკეთებია და ვერც გავაკეთებ.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ, კიდევ რა არის თქვენი ჰობი?

- სოკოზე სიარული მიყვარს, ყველაზე კარგად თავს ბუნებაში ვგრძნობ, ვცდილობ ხოლმე, სულ სადმე გავიდე. თავისუფალ დროს ვკითხულობ, ჩემი ყველაზე დიდი ჰობი კითხვა იყო, მაგრამ რაც ბადეებზე მუშაობა დავიწყე, ძალიან ვიღლები და კითხვისთვის იმდენი დრო აღარ მრჩება.

- რა გეგმები გაქვთ და რას ისურვებდით ყველაზე მეტად?

- კარგია, თუ იქნება შესაძლებლობა, რომ საქველმოქმედო გალერეა გავაკეთო. ხალხმა ნახოს და ელემენტარული რაც იქნება, თითო ნამუშევრის ფასი, ესეც ჩვენს მოქალაქეებს მოხმარდეთ. უამრავ საქველმოქმედო დღეს ვაწყობ, ხან ქუჩაში ვდგავარ, ხან - მეტროში, სოციალურ ქსელში უამრავი შეტყობინება მომდის და ბევრი ადამიანი ითხოვს დახმარებას. ვფიქრობ, ჩემს ნამუშევრებს შეუძლიათ, კეთილი საქმე გააკეთონ. ესაა, რაც ყველაზე მეტად მინდა.