ყველაფერი რაც იარაღის შეძენა, შენახვასა და ტარებაზე უნდა იცოდეთ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

იარაღი კაცობრიობის განვითარების ადრეული ეტაპიდან  სანადირო და თავდაცვის საშუალებად გამოიყენება. მიუხედადავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული, ყოველთვის არსებობს საფრთხის საშიშროება, ამიტომ იარაღი მუდიმივად პოპულარული საგანია. ზოგისთვის ის უბრალოდ გასართობი და სპორტული მიზნებისთვისაა საინტერესო. შესაბამისად იარაღზე მოთხოვნა არ მცირდება. დღესდღეობით მისი მრავალი სახეობაა წარმოდგენილი, თუმცა, შეძენა, შენახვასა და ტარებაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები და რეგულაციები არსებობს.

იარაღად შეიძლება, ჩაითვალოს ნებისმიერი ტექნიკური თუ სხვა საშუალება, ხელსაწყო, მოწყობილობა, რომელიც მიმართულია შეტევითი სროლის, თავდაცვის, სპორტისა და ნადირობისათვის. საქართველოს იარაღის შესახებ კანონში განსაზღვრულია იარაღის სახეობები: სამხედრო-საბრძოლო; სამსახურებრივ-საშტატო; სანადირო; სასპორტო; ჯილდოდ მიღებული; საკოლექციო. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო ბრუნ­ვა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი სამი კატეგორია: თავ­დაც­ვის მოკ­ლე­ლუ­ლი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, პნევ­მა­ტუ­რი (აი­რის) ია­რა­ღი და სა­ნა­დი­რო ია­რა­ღი.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა, დამზადება, გასაღება, გადაგზავნა დასჯადია და შეიძლება დაგეკისროთ ჯარიმა, შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა.

სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იარაღის შეძენა აკრძალულია 18 წლამდე მიუღწეველი მოზარდისთვის; არაქმედუნარიანის; ნარკომანის; ალკოჰოლიკის; ან ნასამართლევი პირის მიერ თუ მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლეობა; არ შეუძლია შეძენა იმ პირს, ვის მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან შსს-ს მიერ გახსნილია სამეთვალყურეო-პროფილაქტიკური საქმე ოჯახურ, მეზობლურ კონფლიქტთან დაკავშირებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე, იურიდიულ პირს იარაღის შეძენის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე იმ შემთხვევაში აქვს, თუ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც მიერთებულია საქართველო.

საცხოვრებელ ადგილას იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი გასროლა და მასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.

პნევმატური იარაღი

ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და შენახვა ჩვენს ქვეყანაში ისჯება კანონით. მაგრამ არსებობს უამრავი ხელმისაწვდომი და ლეგალური საშუალება თავდაცვისათვის. ერთ-ერთი ასეთი კი პნევმატური იარაღია. ისინი ჩვეულებრივ გამოიყენება სპორტული და გასართობი დანიშნულების, ნადირობისა და თავდაცვისთვის. პნევმატური იარაღი სასროლი იარაღის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, სადაც ტყვია წნევის ქვეშ არსებული აირის ზემოქმედების შედეგად გამოდის.

2022 წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული წესები, რომელთა მიხედვითაც გამკაცრდა პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული რეგულაციები.
მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, აიკრძალა პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება. ახალი რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ტარების უფლებით რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს. ასევე, დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.

როგორ მოვიპოვოთ იარაღის ტარების უფლება?

იარაღის ტარების უფლების მოსაპოვებლად მსურველები სპეციალურ გამოცდას აბარებენ შსს-ს მომსახურების სააგენტოში, სადაც იარაღის დარეგისტრირება მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაშია შესაძლებელი. მომსახურების სააგენტოში ბარდება სამი სახის გამოცდა:

გამოცდა თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;

გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;

გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.

საგამოცდო ტესტი 15 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 13 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 20 წუთი ეძლევა.

გამოცდაზე გასასვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 აკრძალულია სამოქალაქო იარაღად გამოყენებულ იქნეს:

ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;

კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;

საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;

იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;

გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;

პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის ხმის დასახშობად;

გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;

მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;

იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს