სქემა, რომლითაც „შავი სამყარო“ არჩევნებში მონაწილეობს - ვინ აძლევს „შპანას“ საარჩევნო დავალებებს და რატომ აღარ ეშინია ელექტორატს „კაი ბიჭების“

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 როცა ქართულ პოლიტიკაში ჯაბა იოსელიანი გამოჩნდა, მაშინვე ატყდა ხმაური, რადგან, როგორც წესი, ე.წ. კანონიერი ქურდები არჩევნებში არ ერეოდნენ და ის, რომ თავის დროზე, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ჯაბა ერთ-ერთი, ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდი იყო, ყველამ იცოდა, თუმცა მაშინ იოსელიანს ვერავინ გაუბედა ვერც პრეტენზიის წაყენება და ვერც ის, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი არაქურდად გამოეცხადებინათ. ზოგადად, იოსელიანი ცალკე ფენომენი გახლდათ, რომელიც, ალბათ, აღარასდროს განმეორდება, რადგან „ძველი გაგებით“, ქურდი აღარ არსებობს. ამ ფენამ ცვლილება განიცადა, შეიცვალა და უფრო სიცილიის მაფიოზურ დაჯგუფებას დაემსგავსა, სადაც არც პირადი დაცვის ესკორტი „ტეხავს“, არც - ბიზნესი და არც - ბევრი სხვა რამ.

 იყო პერიოდი, როცა პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებისა თუ გამგებლების ვინაობას, სწორედ „კანონიერ ქურდებს“ უთანხმებდნენ. ჰო, ედუარდ შევარდნაძის დროს, საქართველოში ჩამოსულ კრიმინალურ ავტორიტეტებს აეროპორტში მინისტრები და მათი მოადგილეები ხვდებოდნენ, „კანონიერ ქურდთან“ მეგობრობა მათთვისაც კი საპატიოდ ითვლებოდა და ეს მაშინ, როცა დღეის მდგომარეობით, ქურდები საქართველოში ვეღარ ჩამოდიან - მათ კანონი სდევნით და ოფიციალურად, არცერთი „კანონიერი ქურდი“ საქართველოში არ ცხოვრობს. ეს ოფიციალურად, თორემ წინა და მოქმედი ხელისუფლების დროსაც, არაერთხელ ითქვა, რომ კონკრეტული პირი, რომელიც სტატუსის მატარებელი იყო, მალულად ჩამოვიდა. ხელისუფლებებს ეს სჭირდებოდათ - ქურდებს კონკრეტულ მიმართულებებს ალაგებინებდნენ და უკან უშვებდნენ, თუმცა მერე და მერე, ყველაფერმა ამან უცნაური ხასიათი მიიღო და საარჩევნო უბნებთან „კაი ბიჭები“ მომრავლდნენ.

ქურდების არ იყოს, „შავი სამყაროს კარაბადინი“ არჩევნებში მონაწილეობას „კაი ბიჭებსაც“ უკრძალავს, მაგრამ საკმარისია, მათ „კანონიერმა ქურდმა“ უთხრას, რომ ყველაფერი ეს „ქურდულს“ სჭირდება და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები.

და მაინც, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც რიგით ამომრჩევლებსა და ნეიტრალურ ადამიანებში გაღიზიანებას იწვევენ და რატომ სჭარბობებენ მათ შორის ისეთებიც, რომლებზეც ნაცნობი თუ უცნობი ამბობს, თავის დროზე ნარკომანობისთვისაა ნასამართლევიო?!

დავიწყოთ იმით, რომ სამწუხაროდ, ყოფილი ნარკომანი ძალიან ცოტაა. მომაკვდინებელ შხამზე „შემჯდდარი“ ადამიანები ძნელად ახერხებენ ამ მარწუხებისგან თავის დახსნას და თუ მუდმივი მომხმარებლები არ არიან, მათი აბსოლუტური უმრავლესობა, შიგადაშიგ, უარს არ ამბობს ნარკოტიკის მიღებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცავთა სამიზნე ხდება.

პოლიციამ ყველა მომხმარებელი რომ აიყვანოს, ციხეები, უბრალოდ, გაივსება და ზუსტად იგივე სიტუაცია იქნება, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო, თუმცა მათ დროსაც კი, ყველა მომხმარებელი ციხეში არ იჯდა და ჰქონდა ვალდებულება, არჩევნების დროს, ხელისუფლებას დახმარებოდა - უბანში თავისი სიტყვა ეთქვა და თუ ავტორიტეტით ვერ გაიტანდა, დაეშინებინა, მოესყიდა ამომრჩევლები და აეძულებინა, უბანზე მისულიყვნენ.

 „კაი ბიჭები“ თავად თუ არ მიდიან ხმის მისაცემად, ამის გაკეთებას ოჯახის წევრებს, მეგობრებს აიძულებენ. სწორედ რომ აიძულებენ, რადგან „კანონიერ ქურდებთან“ აქტიურობის ვალდებულება აქვთ აღებული და თუ ოჯახმა არ იაქტიურა, სხვა ხომ საერთოდ არაფერს დაუჯერებს, თუმცა...

იმავე „ქურდული კანონებით“, „კაი ბიჭობის“ გზაზე შემდგარ და „კანონიერი ქურდობის“ მოსურნეს ოჯახი არ ჰყავს, მისი ოჯახი ქურდული სამყაროა ანუ მას არ ჰყავს დედა, მამა, და, ძმა... თუმცა ეს შეზღუდვა, როგორც ჩანს, არჩევნების დროს იხსნება, რადგან ასე სურს კრიმინალური სამყაროს უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელს. საინტერესო ის გახლავთ, რას იღებენ სანაცვლოდ ე.წ. შავი სამყაროს წევრები წინასაარჩევნო აქტიურობისთვის?

რამდენიც უნდა უარყოს მოქმედმა თუ წინა ხელისუფლებამ, მაინც ვიტყვით: პირველ რიგში, მათთან მიდის „ჯიგრული გრევი“ - ღვინო, სამწვადე, რაც დაახლოებით, 10 კაცისთვისაა საკმაარისი, კონკრეტული პიროვნება იღებს თანხას - 2-დან 10 ათასამდე და რიგ შემთხვევებში, თანხა შეიძლება მეტიც იყოს (მაგრამ, არა ნააკლები, რადგან ნაკლებობის შემთხვევაში, გამოდის, რომ დაბალი „კალიბრის“ კრიმინალია და მასთან საქმის დაჭერა არ ღირს).

შემდეგ, ეს თანხის ამღები „კაი ბიჭებისთვის“ ყიდულობს ჩაის, სიგარეტს, ცოტა „მაყუთს“ აძლევს „სადვიჟენიოდ“ და თავად არ ჩანს. „კაი ბიჭების“ კასტაც ქვედა რგოლს ანუ ე.წ. შპანას აძლევს დავალებას, იმ „სადვიჟენიო“ ფულიდან უნაწილებს სიგარეტის ფულს (საუკეთესო შემთხვევაში) და „შპანაც“ „დვიჟენიობს“, საარჩევნო ყუთებთან ჩნდებიან ახალგაზრდები დაყენებული „პახოდკითა“ და მზერით, რითაც ყველას აგრძნობინებენ, რომ ისინი „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლები არიან, მაგრამ არ ტოვებენ სერიოზული „პრისტუპნიკების“ შთაბეჭდილებას. ამას ვერც მოახერხებენ, რადგან „შპანა“ ყოველთვის „შპანად“ რჩება და შიშისა თუ რიდის ნაცვლად, გაღიზიანებას იწვევს.

შესაბამისად, გამოდის, რომ ბოლო, უკანასკნელი რგოლი აქტიურობს წინასაარჩევნოდ და მან იცის, რომ „კანონიერი ქურდის“ დავალებას ასრულებს, მაგრამ რეალურად, არც იმ ქურდს იცნობს, არც იმას, ვისაც ქურდმა დავალება მისცა და იცნობს მხოლოდ იმას, ვინც უბანში, ასე თუ ისე, ავტორიტეტით სარგებლობს და „პუტიოვია“ ანუ ქურდობა უნდა.

ჰო, თავის დროზე, ქურდობა ნახევარ საქართველოს უნდოდა და საბედნიეროდ, 98%-ს ეს სურვილი სურვილადვე დარჩა. ახლა ამ ადამიანების რიცხვი შემცირებულია, მაგრამ მაინც არის და სწორედ მათზეა დამოკიდებულ-ჩამოკიდებული „შპანა“.

სამწუხაროდ, დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, ბევრად რთული სიტუაციაა რეგიონებში, განსაკუთრებით კი - დასავლეთ საქართველოში, სადაც „ობშჩიაკსაც“ კი აგროვებენ ახლაგაზრდები, რათა შემდეგ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქურდებს გაუგზავნონ და მათ კი, თავის მხრივ, „საერთო“ შეავსონ, თუმცა შინაგანად მაინც ყველამ იცის, რომ ეს ფული კონკრეტული პირების კეთილდღეობასა და ევროპაში ფუფუნებით ცხოვრებას ხმარდება.

ხმამაღლა ამას ვერავინ იტყვის, რადგან „კაი ბიჭობა“ არ აპატიებს და ასე, ჯადოსნურ წრეზე ტრიალებს ეს თემა, თუმცა ისევ არჩევნებს დავუბრუნდეთ.

არჩევნების დღეს, სწორედ ამ ხალხს მიჰყავს ამომრჩეველთა ნაწილი უბანზე, მაგრამ რაც დრო გადის, ამ ხალხის რაოდენობა იკლებს. ეს იმიტომ, რომ მათ მიერ მიყვანილი ადამიანები მითითებულ ნომერს არ ხაზავენ, რადგან პროტესტის გრძნობა უჩნდებათ. პროტესტის გრძნობა უჩნდება პენსიონერს, როცა შვილიშვილი სთხოვს, მეზობელმა მთხოვა, არჩევნებზე შენი ბაბუა ან ბებია მივიდესო და სწორედ ამ ბაბუამ და ბებიამ იციან, რომ ის მეზობელი „წმინდა წყლის“ არ არის და ამიტომ, საპირისპიროს აკეთებს.

მეორე ტურში საქმეში ბევრად მძიმე არტილერია ჩართეს, თუმცა ვაღიაროთ - მოგება მაინც გაჭირდა. რაც მთავარია, არავინ ელოდა პირველ ტურში ქუთაისში მარცხს და ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებას, პარტიისა, რომელმაც „კანონიერი ქურდების“ სახლებში პოლიციის შენობები გახსნა. ამბობენ, ქუთაისში, მეორე ტურში გარდატეხა, სწორედ „შავმა სამყარომ“ შეიტანაო...

ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ არჩევნებზე ქალაქებსა თუ სოფლებში „შავი სამყაროს“ გავლენა სუსტდება, მაგრამ მეორე მხრივ, თითქოს ტრადიციად იქცა, სწორედ წინასაარჩევნოდ უნდა გამოჩნდეს ეს „შპანა“, რომელიც აგრესიას იწვევს ნებისმიერ მომხრესა თუ მოწინააღმდეგეში.

სხვათა შორის, ის ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც მოახერხებენ კონკრეტულ ქალაქებში მოგება მიიწერონ, პრივილეგირებულნი იქნებიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ ოჯახის წევრის გაბედნიერების ან გარდაცვალების შემთხვევაში, 2-3 დღით, საქართველოში მალულად ჩამოსვლის უფლება ექნებათ.