104 ახალი სტატია

რომელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს მისცეს ქრთამი - ერთი მილიონი საბჭოთა კრიმინალებმა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

მძევლად აყვანილი ბავშვები და საბჭოთა კავშირიდან გაქცევის სკანდალური ქრონიკა

 

 ალბათ, არ არსებობს საქართველოში ადამიანი, ვისაც ე.წ. თვითმფრინავის ბიჭებზე რამე არ სმენია. საბჭოთა ხელისუფლებამ ისინი ტერორისტებად მონათლა და სასჯელის უმაღლესი ზომაც მიუსაჯა. ეს, „რკინის ფარდად“ წოდებული საბჭოთა კავშირის საზღვრის დატოვების არც პირველი მცდელობა იყო და არც - ბოლო. ძალიან ბევრს სურდა საზღვარგარეთ წასვლა და ამის გამო, ხშირად, უკანონო გზებსაც მიმართავდა. სხვათა შორის, საბჭოთა ძალოვნები ყველა მცდელობას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სისხლში ახრჩობდნენ. მათ შორის, ყველაზე ცნობილი მაინც ოვეჩკინების საქმე იყო - დედამ, შვილებთან ერთად, „ტუ-154“-ის გატაცება გადაწყვიტა. ლაინერი სამხედრო აეროდრომზე დასვეს და შტურმის შედეგად, ოვეჩკინების ოჯახის 5 წევრი და 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს 1988 წლის 8 მარტს მოხდა. ასევე, შტურმის დროს, ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა, რის გამოც ლაინერი მთლიანად დაიწვა. მაშინ საბჭოთა ხელისუფლება კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. შესაბამისად, საჭირო იყო მიდგომის შეცვლა, მაგრამ როგორ? - ეს, სავარაუდოდ, არავინ იცოდა.

 

იმავე, 1988 წლის 1 დეკემბერს, აქვე, საქართველოს საზღვართან ახლოს, ვლადიკავკაზში (მაშინდელი ორჯონიკიძე), 42-ე სკოლის მეოთხე კლასის ბავშვები ექსკურსიაზე, ერთ-ერთ საამქროში წაიყვანეს. იქიდან გამოსული ბავშვების წინ ავტობუსი გაჩერდა, რომლის მძღოლმაც მასწავლებელს უთხრა, რომ ის ავტობუსი, რომლითაც ადგილზე მივიდნენ, გაფუჭდა და მის ნაცვლად, ახალი გააგზავნეს. ტრანსპორტში ასულ ბავშვებს კიდევ სამი მამაკაცი დახვდათ, თუმცა მძღოლმა მშვიდად თქვა, მეგობრები არიან, მალე ჩავლენო. ავტობუსის კარი დაიხურა, 100 მეტრი გაიარა და... მამაკაცებმა „აბრეზები“ ამოიღეს და ხმამაღლა თქვეს, რომ ბავშვებიცა და მასწავლებლებიც მძევლები იყვნენ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდნენ მეოთხეკლასელები? ავტობუსის გამტაცებლებმა ყოველ მეორე სკამს შუშის 3-ლიტრიანი ქილა მიაბეს და ბენზინით გაავსეს, შემდეგ კი ავტობუსი ვლადიკავკაზის მთავარ შენობას მიადგა, იმას, სადაც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ცეკა-ს პირველი მდივანი იჯდა.

ერთ-ერთი ტერორისტი ავტობუსიდან გადმოვიდა, იქვე მდგარ მანქანას მიუახლოვდა, მძღოლს ხელში „აბრეზიდან“ ესროლა, ვლადიმერ ვისოცკის პლაკატი დაუდო მუხლებზე და უბრძანა, შენობაში შეეტანა და დაცვის თანამშრომლისთვის მიეცა. პლაკატის უკანა მხარეს ტერორისტების მთხოვნები ეწერა: თვითმფრინავი - სხვა ქვეყანაში გასაფრენად, 8 ჯავშანჟილეტი, 3 მილიონი - უცხოურ ვალუტაში (მილიონი გერმანული მარკა, მილიონი ფუნტი და მილიონი დოლარი) და 7 ავტომატი. ამას არავინ ელოდა. რა თქმა უნდა, მაშინვე მოსკოვში დარეკეს, სადაც მიხეილ გორბაჩოვმა საგანგებო სხდომა გამართა. სხდომაზე ერთადერთი საკითხი გაიტანეს და სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანიც გამოიკვეთა - არაფრის ფასად, ერთი მოსწავლის სიცოცხლესაც კი საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

ავტობუსმა გეზი ორჯონიკიძის აეროპორტისკენ აიღო. მოთხოვნის მიხედვით, ლაინერი, რომლითაც ტერორისტები სხვა ქვეყანაში გაემგზავრებოდნენ, სატვირთო უნდა ყოფილიყო, რადგან სატვირთო ლაინერში იმ ავტობუსით აპირებდნენ შესვლას, რომელშიც ბავშვები ჰყავდათ, რათა ასე, თავი დაეზღვიათ. პარალელურად, ტერორისტებმა ციხეში მყოფი ერთ-ერთი მეგობრის გათავისუფლებაც მოითხოვეს და მთავარი - გაფრენისას, ბორტზე უნდა ყოფილიყო... მიხეილ გორბაჩოვის ცოლი, სსრკ-ს პირველი ლედი, რაისა გორბაჩოვა. საინტერესოა, რომ მათმა მეგობარმა, რომელიც ციხიდან სასწრაფო წესით გამოიყვანეს და აეროპორტში მიიყვანეს, ავტობუსში ასვლა არ ისურვა. პირიქით, მან მეგობრებს მოუწოდა, ბავშვები გაათავისუფლეთ, სისულელეს აკეთებთო და საკანში დაბრუნდა. რაღა თქმა უნდა, დადგინდა ტერორისტთა ვინაობაც. ჯგუფის ორგანიზატორი, მრავალჯერ ნასამართლევი, ვინმე პაველ იაკშიანცი იყო, დანარჩენებიც წარსულში ნასამართლევები გახლდნენ - ვლადიმერ მურავლიოვი, გერმან ვიშნიაკოვი, ვლადიმერ ანასტასოვი და ტოფიკ ჯაფაროვი. იაკშიანცმა აეროპორტში ცოლის მიყვანაც მოითხოვა - მასთან ერთად აპირებდა გაფრენას, თუმცა ცოლმა ავტობუსში ასვლა არ ისურვა.

მომხდარის პარალელურად, ვლადიკავკაზში, პრაქტიკულად, ყველა რესპუბლიკიდან ჩარტერული რეისები განხორციელდა. სპეცდანიშნულების რაზმების გარდა, ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში ჩავიდნენ ადამიანები, რომლებსაც ტერორისტებთან მოლაპარაკების გამოცდილება ჰქონდათ, მათ შორის, ქართველებიც, მაგრამ...

„ჩვენ იქაურობას არ გაგვაკარეს, რადგან რამდენიმე წლით ადრე, საქართველოში, იგივე მცდელობა მსხვერპლით დასრულდა, ამიტომ საბჭოთა მანქანა თვლიდა, რომ ჩვენ წარმატებით ვერ გავართმევდით თავს მოლაპარაკებებს. რეალურად კი, სწორედ ჩვენ ვიცოდით, სად და რა შეცდომა იყო მაშინ დაშვებული, თუმცა არავინ მოგვისმინა. მით უმეტეს, გადაწყვეტილი იყო, შეესრულებინათ ტერორისტების ყველა მოთხოვნა, გარდა ერთისა - ბორტზე რაისა გორბაჩოვა არ მოხვდებოდა“, - გვიამბობს ქართველი ოპერმუშაკი, რომელიც ვლადიკავკაზში, სხვებთან ერთად, მომხდარიდან ორ საათში ჩავიდა.

მალე გაირკვა, რომ სატვირთო ავიალაინერი ვლადიკავკაზის აეროპორტში, უბრალოდ, ვერ დაჯდებოდა. ტერორისტებს ყველაფერი ეს აუხსნეს და მათაც დაიჯერეს, დათანხმდნენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ყოფილიყო. უშიშროების ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტერორისტებს ავტობუსში მოთხოვნილი იარაღი და ჯავშანჟილეტები აუტანა. რა თქმა უნდა, მიუტანეს ფულიც - სამი მილიონი უცხოურ ვალუტაში. ტერორისტებმა იარაღი ავტობუსშივე შეამოწმეს, ავტობუსის ჭერზე რამდენიმე ჯერი მიუშვეს და დარწმუნდნენ, რომ საბრძოლო მდგომარეობაში იყო. მათ პირდაპირ განაცხადეს - სამგზავრო თვითმფრინავში ჯერ ერთი ტერორისტი ავიდოდა და თუ იქ სპეცდანიშნულების რაზმი დახვდებოდა, ისინი ბავშვებს დახოცავდნენ, ამიტომ ლაინერში მყოფი სპეცდანიშნულების რაზმი სასწრაფოდ გამოიყვანეს და ტერორისტებს, რეალურად, მხოლოდ თვითმფრინავის ეკიპაჟი შეატოვეს. რაც მთავარია, არავინ იცოდა, სად აპირებდნენ ტერორისტები გაფრენას და თან რამდენ ბავშვს წაიყვანდნენ. მოლაპარაკებებში უშიშროების წარმომადგენლებმა ტერორისტებს რამდენიმე ბავშვის გათავისუფლება არაერთხელ შესთავაზეს.

„ყველა დარწმუნებული იყო, რომ ბავშვების ნახევარს მაინც ტერორისტები წაიყოლებდნენ, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: ავტობუსიდან თვითმფრინავში გადასვლის დროს, მათ ბავშვები ცოცხალ ფარად აიფარეს, ვერ იმუშავეს სნაპიერებმა და ზედ ტრაპთან, უკლებლივ ყველა ბავშვი გაათავისუფლეს, თავად ლაინერში ავიდნენ და ეკიპაჟს გეზის აღება ისრაელისკენ უბრძანეს“, - გვიყვება ქართველი ოპერმუშაკი.

ისრაელი შემთხვევით არ იყო შერჩეული. მაშინ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმდენად იყო დაძაბული, რომ მოსკოვში ისრაელის საელჩო არ არსებობდა, შესაბამისად, არც ისრაელში იყო საბჭოთა კაავშირის საელჩო და ურთიერთობებს მხარეები, ფინეთისა და შვეიცარიის საელჩოების საშუალებით აგვარებდნენ. მტრულ სახელმწიფოში გამგზავრება, ავტომატურად, იმას ნიშნავდა, რომ ისრაელი ტერორისტებს საბჭოთა კავშირს არ გადასცემდა.

როგორც კი ლაინერი ჰაერში აიჭრა და მიმართულება გახდა ცნობილი, მიხეილ გორბაჩოვი ისრაელის პრემიერს პირადად დაუკავშირდა. საუბარი ხანმოკლე იყო - ებრაულმა მხარემ პირობა დადო, რომ დაკავებისთანავე, უკლებლივ ყველა ტერორისტს საბჭოთა კავშირს გადასცემდა. შესაბამისად, მოსკოვიდან ცაში მეორე, სპეც-ბოინგი აიჭრა, რომელსაც უშიშროების თანამშრომლები გაჰყვნენ და სწორედ მათ უნდა დაებრუნებინათ საბჭოთა კავშირში ტერორისტები.

ისრაელში ტერორისტების მიერ გატაცებული ლაინერი მშვიდობიანად დაეშვა, თუმცა გამტაცებლები გადმოსვლას არ ჩქარობდნენ. იაკშიანცმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან მოისურვა საუბარი და ის ტელეფონით დაალაპარაკეს. ეს, სავარაუდოდ, დამნაშავეთა გულუბრყვილობის პიკი იყო. იაკშიანცმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ქრთამის სახით, ერთი მილიონი შესთავაზა, სანაცვლოდ კი, იერუსალიმიდან აშშ-ში გაფრენა მოითხოვა. რა ძნელი მისახვედრია, რომ მინისტრი ამ შეთავაზებას „სიხარულით დათანხმდა“ და აეროპორტში ჯარი მიიყვანა, რათა ტერორისტებისთვის უსაფრთხო კორიდორი გაეკეთებინა. პარალელურად, მინისტრმა ტერორისტების მეთაურს იარაღის ჩაბარება სთხოვა, რადგან სხვა შემთხვევაში, მათ აშშ-ის მხარე არ მიიღებდა. ტერორისტები დათანხმდნენ და იარაღთან ერთად, მინისტრისთვის გადასაცემი მილიონიც პატიოსნად გადასცეს ჯარისკაცებს. ყველაფერ ამას, დაახლოებით, ორი საათი დასჭირდა, რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ მოსკოვის სპეც-რეისიც იმავე აეროპორტში დამჯდარიყო.

ტერორისტები იარაღსა და 3 მილიონთან ერთად, საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურს ჩააბარეს. მათ ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ მტერმა ისრაელმა, საბჭოთა კავშირთან ითანამშრომლა. ტერორისტების ჩამოყვანა საბჭოთა ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს, თუმცა მაშინვე თქვეს, საბჭოთა სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ არცერთი ადამიანი და მით უმეტეს, ერთი ბავშვიც კი არ დაშავებულა.

სასამართლო პროცესს, საბჭოთა კავშირის მთელი მოსახლეობა და დასავლეთი თვალს ყურადღებით ადევნებდა. ყველაზე მეტი - 15 წელი იაკშიანცს მიუსაჯეს, დანარჩენებს - უფრო ნაკლები, თუმცა ის არავის გახსენებია, რომ გატაცებული ბავშვების უმრავლესობა, დღემდე რეაბილიტაციას გადის და ის კოშმარული დღე ესიზმრება.

 

წყარო - ბათო ჯაფარიძე