ცნობილი მეცნიერის ოჯახური ტრაგედიის უცნობი დეტალები - როგორ დაიგეგმა აბიტურიენტის მოტაცება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

რატომ არ დაასჯევინა გოგომ მამაკაცი, რომელმაც მამამ მოუკლა

 

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ცოლად მოყვანის მიზნით, გოგონას დღესაც, 21-ე საუკუნეშიც იტაცებენ. არადა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ამ ქმედებაზე სამართლებრივ დევნასა და თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქალს ადრე, კომუნისტების დროსაც იტაცებდნენ, განსაკუთრებით სოფლებში, მაგრამ ყველაფერ ამან მასობრივი ხასიათი, მაინც 90-იანებში მიიღო. მაშინ, პრაქტიკულად, დღე არ გავიდოდა, მოსახლეობას რამდენიმე ასეთი შემთხვევის შესახებ რომ არ გაეგო. მშობლებს გასათხოვარი გოგონები, ლამის, დაცვით დაჰყავდათ და მარტო თითქმის არსად უშვებდნენ...

 

როცა თბილისში, ერთ-ერთ ცნობილი ოჯახის აბიტურიენტი გოგონა შინ არ დაბრუნდა, მაშინვე ივარაუდეს, რომ მოიტაცეს. ოჯახი კი ცნობილი იმით იყო, რომ ბაბუა მეცნიერთა აკადემიის წევრი გახლდათ, მამა - პროფესორი და როგორი საქმეა, ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი გაქრა?! მშობლები და ბებია-ბაბუა კედლებს აწყდებოდნენ, მილიციაშიც დარეკეს, მაგრამ ვერაფერი შეიტყვეს. საღამოს ტელეფონმა დარეკა. ყურმილს ბებია დასწვდა და მოსმენილის შემდეგ, უგონოდ დაეცა. სასწრაფომ ცოცხალს ვეღარ მიუსწრო, ტელეფონის მეორე მხრიდან კი კვლავ მკაფიოდ გაიმეორეს:

„10 ათასი მანეთი ორ დღეში, ადგილს მოგვიანებით შეგატყობინებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი შვილი მოკვდება“.

10 ათასი მანეთი ის თანხა იყო, რომელსაც ოჯახი ორ დღეში კი არა, ორ საათში მოაგროვებდა - ამ თანხას, უბრალოდ, საბანკო ანგარიშიდან მოხსნიდა. მაშ, რა საჭირო იყო ორი დღე და რაც მთავარია, თუ გაიტაცეს, რატომ არ ითხოვდნენ უფრო მეტს? გამტაცებლებს ხომ უნდა სცოდნოდათ, რომ ოჯახისთვის პრობლემა არც 20 ან 30 ათასი იქნებოდა?

შეამოწმეს შემომავალი ზარი და გაირკვა, რომ ქუჩაში მდგარი სატელეფონო ავტომატიდან განხორციელდა. სამართალდამცავებმა ტელეფონზე მოსასმენი მოწყობილობა დაამონტაჟეს, მაგრამ იქ მუდმივად ყოფნა და კონტროლი შეუძლებელი იყო. გარდაცვლილი ბებიის პანაშვიდზე ზღვა ხალხი მიდიოდა, გოგონას გატაცების ამბავიც მთელმა ქალაქმა გაიგო და ზოგს, უბრალოდ, სეირის ყურება უნდოდა. გამტაცებელს არც ორი და არც სამი დღის შემდეგ არ დაურეკავს. სამართალდამცავებმა დაასკვნეს - გამტაცებლებმა ზუსტად იცოდნენ, რა ხდებოდა ოჯახში და ამიტომ, გასვენება აცადეს.

გასვენებიდან მეორე დღესვე დარეკა ტელეფონმა, კვლავ ქუჩის ავტომატიდან რეკავდნენ. ამჯერად, ტელეფონი გოგონას მამამ აიღო, ყურადღებით მოუსმინა და დაკიდა. გამტაცებლები ფულის მიტანას მეორე დღისთვის ითხოვდნენ და თან პირდაპირ მიანიშნეს, ერთ-ერთი ჩვენგანი ნიღბის გარეშე მოვა, ფულს გამოგართმევს და წავა, მაგრამ თუ აიყვანენ, ჩვენ ამას შორიდან დავინახავთ და გოგონას მაშინვე მოვკლავთო. პარალელურად, ისიც თქვეს, იმ კაცს კიბო აქვს, 2-3 თვე ან იცოცხლებს, ან არა და ამიტომ, არ აინტერესებს, დახვრეტენ თუ ხანგრძლივ ვადას მიუსჯიანო. ჰო, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ის გახლდათ, რომ ფული ბაბუას უნდა მიეტანა.

მილიცია საგონებელში ჩავარდა. თუ ყველაფერი ის, რასაც გამტაცებლები ამბობდნენ, სიმართლე იყო, მუქარა სავსებით რეალური ჩანდა. ავადმყოფი კაცის დაკავება არაფერს აძლევდათ, იმის გარანტიაც არ ჰქონდათ, რომ მას რამეს ათქმევინებდნენ დანარჩენ გამტაცებლებზე, ამიტომ გადაწყდა, ფული მამას წაეღო, რადგან ბაბუა ნერვიულობისგან ისე იყო დაუძლურებული, გადაადგილება უჭირდა. ფულის მიმღებს სამართალდამცავები უკან გაჰყვებოდნენ და გოგონას ადგილსამყოფელს გაიგებდნენ. მამა ერთ-ერთ ხალხმრავალ სკვერში მივიდა, შეთანხმებისამებრ, სკამზე ჩამოჯდა და ჩანთა გვერდით დაიდო, ცილინდრი სახეზე მაქსიმალურად ჩამოიწია და ლაბადის საყელოც აიკეცა. ცოტა ხანში, მასთან შუახნის მამაკაცი მივიდა, ყველაფერ ამას, სამართალდამცავები შორიდან უყურებდნენ. მოულოდნელად, მამამ გამტაცებელს შეხედა, მან კი დანა ამოიღო, გულ-მკერდის არეში ორჯერ დაარტყა და ფულის ჩანთასთან ერთად გაიქცა. სამართალდამცავთა ნაწილი მას დაედევნა, ნაწილი კი დაჭრილს მივარდა. უკვე ცხადი იყო, კაცი ისე გარბოდა, რომ სიმსივნის ბოლო სტადია არ უნდა ჰქონოდა.

მამამ ჩუმად ჩაილაპარაკა, მე ის ვიცანიო და გარდაიცვალა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: მდევრებს გამტაცებელი გაექცათ, უბრალოდ, დაეკარგათ.

საქმის გამომძიებლები ერთ დასკვნამდე მივიდნენ - გამტაცებელი იმიტომ ითხოვდა ბაბუას მისვლას, რომ მოხუცი პროფესორი მას არ იცნობდა, მამა კი, დიდი ალბათობით, იცნობდა და აკი, იცნო კიდეც. იმის გათვალისწინებით, რომ მამა-შვილი ერთ წრეში ტრიალებდნენ, თანამშრომლები გამოირიცხნენ. მაშ, სად შეიძლებოდა გადაყროდა, აწ უკვე გარდაცვლილი პროფესორი პირს, რომელმაც შვილი მოსტაცა? გამოითქვა ვარაუდი, რომ შეიძლება, ის რომელიმე სტუდენტი ყოფილიყო და სამართალდამცავებმა დაკარგული გოგონას გარემოცვის შესწავლაც დაიწყეს. დაკითხეს მისი უახლოესი მეგობარი, რომელმაც თქვა, რომ გოგო მის ძმაზე გიჟდებოდა, თუმცა ერთი უხერხული დეტალის გამო, მათი ერთად ყოფნა ვერავის წარმოედგინა - ძმა გოგონაზე 22 წლით იყო უფროსი, მაშინ კი ამას უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ.

ინტელიგენტთა ოჯახი არ დაუშვებდა, ერთადერთი ქალიშვილი მამისტოლა კაცისთვის მიეთხოვებინა. კითხვაზე, სად იყო ძმა, დაქალმა დაუფიქრებლად უპასუხა - სოფელში წავიდა ორი კვირის წინ, სახლი უნდა შევაკეთო, საცხოვრებლად იქ უნდა გადავიდეო. ეს ვადა გოგონას გაუჩინარების პერიოდს ემთხვეოდა. სამართალდამცავებმა დრო არ დაკარგეს და გეზი სოფლისკენ აიღეს. ალბათ, ხვდებით, რა დაემართებოდათ მილიციის თანამშრომლებს, რომლებიც დაღამებას დაელოდნენ, სახლს ფრთხილად მიუახლოვდნენ და ფანჯრიდან დაინახეს, როგორ სვამდა ჩაის გოგო იმ კაცთან ერთად, რომელმაც იმ დღეს, მამამისი მოკლა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, მაგრამ ადვილი მისახვედრი იყო, კაცი დაკეტილ კარს იოლად არ გააღებდა და გოგოს მძევლად აიყვანდა, ამიტომ მეზობელი შეაწუხეს და კარზე სწორედ მას დააკაკუნებინეს. არავინ იცის, ეს იყო ინსტინქტი, წინათგრძნობა თუ სხვა რამ, მაგრამ კაკუნის გაგონებისთანავე, კაცი ფანჯარაში გადახტა და გაიქცა. სამართალდამცავები დაედევნენ და რადგან კარგად იცოდნენ მისი ფიზიკური შესაძლებლობები და სისწრაფე, აღარ გარისკეს, გაქცეულს ტყვია დაადევნეს და ფეხში დაჭრეს.

როცა გოგონამ ბებიის გარდაცვალებისა და მამის მკვლელობის ამბავი გაიგო, თავიდან არ დაიჯერა, შემდეგ კი კედელს ისე ძალუმად დაარტყა თავი, რომ ექიმების ჩარევა გახდა საჭირო. გოგონას ტვინის შერყევა დაუდგინეს და გადაარჩინეს, თუმცა ის გაუთავებლად მოთქვამდა და არაფრის მოყოლას აპირებდა. სამაგიეროდ, გამოძიებას დაკავებული მამაკაცის იმედი ჰქონდა. მას ან აღიარებითი ჩვენება უნდა მიეცა, ან გოგოს აზრზე მოსვლას დაელოდებოდნენ და სიმართლეს მაინც გაიგებდნენ. ეჭვმიტანილი ხვდებოდა, რომ დახვრეტის მუხლისგან, შესაძლოა, მხოლოდ აღიარებით ჩვენებას ეხსნა და ამიტომ, საუბარი მალე დაიწყო.

„ეს გოგო ჩემი დის საშუალებით გავიცანი. მივხვდი, მოვეწონე, ალბათ, ასაკის გამო, უძლეველი და ყველაზე ჭკვიანი ვეგონე. სერიოზულად არ აღვიქვამდი, მაგრამ ერთ დღეს თავად მითხრა, შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ჩემს ოჯახს იმდენი ფული აქვს, მთელი ცხოვრება გვეყოფა, არც მუშაობა დაგვჭირდება, მხოლოდ ვიმოგზაურებთ და ერთმანეთით დავტკბებითო. მაშინ ვუთხარი, ასე შენს თავს არ გამომაყოლებენ, უნდა მოგიტაცო-მეთქი. გაუხარდა, მოეწონა, რომანტიულიაო. წავიყვანე სოფელში, მე კი ოჯახს ფული მოვთხოვე. შეგიძლიათ, შეამოწმოთ, არ მივკარებივარ. ფულს ავიღებდი, მერე ვეტყოდი, კარგად იყავი-მეთქი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სიყვარულის გამო, არ გამცემდა. ვუყვებოდი, რომ დედ-მამა გაგიჟდნენ, როცა გაიგეს მისი გათხოვების ამბავი, არ გვირიგდებოდნენ და მე ვითომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. ყველაფერი ეს, ძალიან ხიბლავდა. მამამისს რამდენჯერმე ვყავდი ნანახი და ამიტომ არ მინდოდა შეხვედრაზე ის მოსულიყო. სხვა გზა არ მქონდა, ყველაფერი წყალში მეყრებოდა. რომ არ დაგეჭირეთ, ქვეყნიდან გავრბოდი“, - აღიარა დაკავებულმა.

აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, სასამართლომ მას დახვრეტა მიუსაჯა, თუმცა აპელაციის შემდეგ, განაჩენი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. როგორც ამბობდნენ, შვილიშვილმა ბაბუა აიძულა, ჩარეულიყო და საყვარელი მამაკაცი, თუნდაც მამის მკვლელი, სიკვდილით არ დაასჯევინა.

 

ავტორი - ბათო ჯაფარიძე