რა ზემოქმედებას ახდენს საომარი მოქმედებები კლიმატზე - ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო ჩხობაძესთან

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მთელ მსოფლიოში აგვისტოს თვე საკმაოდ ცხელი აღმოჩნდა. ბუნებრივი კატასტროფების რისკი ასეთ დროს ძალიან მაღალია. ევროპის ქვეყანებში მაღალი ტემპერატურის გამო საკმაოდ ბევრი ხანძარი გაჩნდა, რამაც დიდი მსხვერპლი მოუტანა მოსახლეობას. საქართველოში ტემპერატურამ თითქმის 40 გრადუსს მიაღწია, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში ასეთი მაღალი მაჩვენებლის ფონზე და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ხანძრის გაჩენის რისკი. გაზეთი „ვერსია“ გარემოს დაცვის ექსპერტს ნინო ჩხობაძეს ესაუბრა.

_ ქალბატონო ნინო, მთელ მსოფლიოში რამდენიმე კვირაა საკმაოდ  მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, როგორ უნდა დავიცვათ თავი ხანძრისგან და რა არის რეკომენდაციები რაც უნდა გავითვალისწინოთ?

_ მსოფლიოში სიცხის ტალღამ მეტ-ნაკლებად გადაიარა, უფრო მაღალი სიცხეები გვხვდებოდა, მაგრამ ახლა ჩვენთანაა ეს მდგომარეობა. დასავლეთ საქართველოში, დაბლობში ორი დღეა 40 გრადუსი ფიქსირდება, მთაშიც საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა. რამდენიმე დღე კიდევ ველოდებით ასეთ სიცხეს და შემდეგ წვიმები იწყება და იმედი მაქვს დაიკლებს. პრობლემა არის ის, რომ ტენიანობა არის ძალიან მომატებული და სიცხის  შეგრძნება აუფრო სერიოზულია, ადამიანს ამის გამო სუნთქვის უკმარისობა ემართება. ასეთ სიტუაციაში უკეთესია არ ვიაროთ მზეზე, განსაკუთრებით ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა აქვს. დიდი რაოდენობით წყალი უნდა მივიღოთ, სითხე არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ბუნებას, რაც შეეხება ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ძალიან მძიმედ არ ეტყობა ძლიერი ტემპერატურა, რადგან ტენიანობა მაღალია, მაგრამ თუ სითბური ტალღები დიდხანს გაგრძელდა და მცენარეებს გაუჭირდა ჩვენ ამასაც შევამჩნევთ. ზოგიერთ რაიონებში ფიქსირდება სერიოზული სიმშრალე, განსაკუთრებით მესხეთ-ჯავახეთში რაც არის ცუდის მაჩვენებელი. თუ სერიოზული სიცხე წამოვიდა მეტყეევები მზადყოფნაში არიან რომ ცეცხლი აალდეს. ამ შემთხვევაში ერთადერთი პრევენცია არის ის, რომ არ დავანთოთ კოცონი ღია გარემოში ან არ მივატოვოთ დანთებული ცეცხლი. მე მესმის, რომ აგვისტოს თვეში გვაქვს ტრადიცია „ჭიაკოკონობის“, მაგრამ სასურველი იქნება ხალხი მოერიდოს ცეცხლის დანთებას, რადგან ძალიან აალებადია სიტუაცია და შეიძლება ვერ მართონ იგი. ამიტომ ვთხოვდი ყველას, განსაკუთრებით მშრალ ზონებში, მესხეთ-ჯავახეთში, რომ რამენაირად შევიკავოთ თავი.

ასევე არსებობს ერთი ფაქტორი, შესაძლებელია ნარჩენების მარტივად აალება, სიცხის დროს თუ აფარებს ვინმე თავს ტყეებს, მათაც მინდა ვთხოვო, რომ ცოტა ფრთხილად ცეცხლთან და ასევე სიგარეტთან დაკავშირებით. ყველანაირად შესაძლებელია უცებ მოეკიდოს, რადგან სიმშრალე გვხვდება ზოგიერთ რაიონებში. წვიმების სეზონი თუ დაემთხვა არ იქნება საფრთხე აალების. ეს არის ერთადერთი რაც შეგვიძლია, რომ ვუთხრათ მოსახლეობას.

_ რა სპეციფიკით გამოირჩევა ტყის ხანძარი და როგორია მასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზები?

_ ყველაზე მძიმე არის ის, რომ სფეციფიკა ტყის ხანძარს რთული აქვს და როგორც წესი ეს იციან მხოლოდ მეტყეევებმა. ტყის ხანძარს ახასიათებს მიწისქვეშა ხანძარი, როცა გგონია, რომ ერთ ადგილას ჩააქრე, შესაძლებელია ცოტა მოშორებით აალდეს, ამიტომ აქ უნდა იყოს სპეციალურად გაწვრთნილი ჯგუფი, რომელმაც იცის როგორ იმოქმედოს ასეთ დროს. თუ მოცულობა დიდია ტყის ხანძრის, ხდება მისი გაჭრა ზოლების მიხედვით, იმისთვის, რომ აღარ გადმოვიდეს ცეცხლი სხვა მხრიდან, მაგრამ ასეთ დროს ქარი თუ დაემთხვა მაშინ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ვდგებით. ძალიან სერიოზული მიდგომები და განსაკუთრებული წვრთნა ჭირდებათ მეხანძრეებს. ერთ-ერთი მწვავე პრობლემა არის ის, რომ ბევრ ადგილას ტექნიკა ვერ მიდის და უნდა მიხვიდე ფეხით. ძლიერი წვიმა ყველაზე კარგი გამოსავალია და ასევე დიდი რაოდენობით ავზები, როდესაც ვერტფრენებით გადაგვაქ. ზოგ შემთხვევაში ცეცხლთან ბრძოლა ასე ხერხდება, მაგრამ თუ დიდია მასშტაბი ვერტფრენებსაც კი უჭირთ ჩაქრობა. გახსოვთ თქვენ, თურქეთშიც და საქართველოშიც საკმაოდ დიდი ხანძრები გვქონდა და ძალიან დიდხანს მოვუნდით ჩაქრობას, რადგან ტყის ხანძარს ახასიათებს ძალიან რთული სპეციფიურობა.  

_ ქალბატონო ნინო, სიცხისა და ქარის გარდა, რა ფაქტორები განაპირობებს ხანძრის გაჩენას და მის გამწვავებას? რასთან არის ეს პროცესები დაკავშირებული?

_ არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანის ქმედება, იმიტომ რომ, როგორც წესი ნარჩენს ტოვებს ადამიანი. საკმარისია არაჩამქრალი სიგარეტის გადაგდება ტყეში და მან შეიძლება აალება გამოიწვიოს. ჩემმა კოლეგებმა სამცხე-ჯავახეთში დააფიქსირეს, რომ ტყეები არის ძალიან მშრალი, ანუ სიმშრალე იმდენად მაღალია, რომ აალება ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს, ძალიან რთულია დაცვა.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მაღალი სიცხეების ფონზე განვითარდა ხანძრები და საკმაოდ მძიმე ბრძოლები მოუწიათ საწინააღმდეგო ღონისძებების გატარებისთვის. ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ მომზადებული, უნდა არსებობდეს გეგმები, რაც ნაწილობრივ არის, მაგრამ არა ყველგან! ასევე მინერალიზილებული ზოლები, ანუ გაშიშვლებული, რომელიც არ მისცემს ხანძარს რომ გავრცელდეს. საჭიროა შიდა გზები, სადაც იოლად არის შესაძლებელი გადაადგილება, მოჭრილი ხის ნარჩერი არ უნდა რჩებოდეს, უნდა გაიწმინდოს ტყე. ბევრი ფაქტორია, რაც უნდა იყოს დაცული და ასევე მოსახლეობა თვითონ უნდა უფრთხილდებოდეს. კასპში როგორც მოხდა, ისე არ უნდა მოგვივიდეს, ვიღაც ეზოს ასუფთავებდა, ცეცხლი დაანთო საკუთარ ეზოში და ექვსი სოფელი გადაწვა, ესეთი რამ შესაძლოა ხშირი გახდეს, ამიტომ საჭიროა საკუთარ ეზოშიც კი  ყურადღებით ვიყოთ.

_ რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება და რა იწვევს მას?

_ კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ ინდიკატორად, რომლითაც ის ვლინდება არის გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები. კლიმატის ცვლილება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ბუნებრივი შიდა პროცესების, ასევე გარე ზემოქმედებების შედეგად. საქართველოში, კავკასიონში სამი ათასამდე ღვარცოფული მდინარე გვაქვს. 54 ათასზე მეტი მეწყერ-გრავიტაციული კერაა, გამოდის, რომ მასშტაბი არის დიდი, კლიმატის ცლილების გამო შესაძლოა უფრო მეტიც იყოს. ამ შემთხვევაში დიდია საფრთხე.

პრევენციული ღონისძიებებით ამის არიდება შესაძლებელია, მაგრამ  დასახლებულ პუნქტებში კალაკუტები უნდა გაიწმინდოს, მდინარეების ნაპირები გამაგრდეს, მეწყერულ ზონებში არ შეიძლება სახლების აშენება და ა.შ. ჩვენ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, საფრთხეების რუქა, რომელიც საქართველოში გვაქვს 72 წელს არის გამოცემული, მაშინ ასეთი ინტენსიობით გეოლოგიური საფრთხეები არ იყო, ახლა უფრო მეტი გვაქვს. 50 წელია გასული და ახალი დარუქება და ექსპედიციები არის საჭირო, ყველაფერი თავიდან არის შესასწავლი, ძალიან იცვლება სურათი კლიმატის ცვლილების ფონზე. ამ ყველაფერს სჭირდება სერიოზული წყარო დაფინანსების, პირველ რიგში სახელმწიფოსგან.

_ რა ზემოქმედებას ახდენს ომების დამღუპველი გავლენა ბუნებაზე? ჰაერში ამდენი გაშვებული რაკეტა, ბომბები...

_ ცხადია, რომ ახდენს საშინელ ზემოქმედებას, ასეთ დროს ჩნდება დაბინძურების კერები,  გააჩნია რისი ნაღმია  და როგორ არის აფეთქებული. ეს ყველაფერი ქიმიური ნივთიერებებია, რომელიც ფეთქდება და ცეცხლს იწვევს. ადამიანების მსხვერპლთან ერთად თან ახლავს გარკვეული ქიმიური დაბინძურებაც. მე ვიტყოდი, რომ ძალიან რთული იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რადგან ბევრი ტერიტორია აღმოჩნდება, როგორც დანაღმული, ისე დაბინძურებული. ამის ფონზე, სამწუხაროდ საკმაოდ მძიმე შედეგები იქნება.

_ ქალბატონო ნინო,  ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიცენტრი ახლა არის ზაპოროჟიეს ელექტრო სადგური... აფეთქების შემთხვევაში რამდენად დიდი იქნება დაბინძურების საზღვრები და მასშტაბი?

_ ძალიან დიდი იქნება დაბინძურების მასშტაბი, რადგან ზაპაროჟიეს აქვს 6 ატომური დანადგარი. იმდენად სახიფათოა, რომ ევროპაში, უკრაინაში და რუსეთის ფედერაციის მხარესაც რადიაციული ტალღა იქნება ძალიან ძლიერი. მე რამდენადაც ვხვდები იქ ახლა დამკვირვებლები არიან და ისინი ნაწილობრივ აკონტროლებენ სიტუაციას, რუსეთის კონტროლირების ქვეშ არის ზაპაროჟიე, მაგრამ როგორც გვეუბნებიან დანაღმულია და საფრთხე არის. ყოველშემთხვევაში ზიანი იქნება ძალიან დიდი და ამის დაშვება არაფრად არ შეიძლება, ეს იქნება ნამდვილად ომი. კახოვკა აღმოჩნდა კაცობრიობის წინაშე დანაშაულად, რადგან ხელოვნურად გაშვებულმა წყალმა დასახლებული პუნქტები წალეკა და წაიღო. ზაპაროჟიეს აფეთქების შემთხვევაში უფრო მეტი მსხვერპლი იქნება და შედეგები გვექნება კატასტროფული, ვერც აგიღწერთ რა საშინელებასთან მოგვიწევს თვალის გასწორება.

ავტორი: ანი სარდლიშვილი

 

ჰავაი, კუნძული მაუი

ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა, რომელსაც დღემდე ებრძვიან

 

საბერძნეთში ხანძრის შედეგად 13 500 ჰექტარი ტყე განადგურდა

ჰიმალიას მთებში მეწყერს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა 

პორტუგალიაში მაღალი სიცხის გამო ხანძარი გაჩნდა