ენმ რუსთავის შუალედურ არჩევნებზე დეპუტატობის კანდიდატად დიმიტრი შაშკინს დაასახელებს

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რაში დაარწმუნა ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი - ექსკლუზივები ენმ-ს კულუარებიდან

 საახალწლო ეიფორიიდან მხოლოდ საზოგადოება კი არა, პოლიტიკური სპექტრიც გამოვიდა და შესაბამისად, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურაც იწევს. მართალია, ამ მხრივ, ჯერ განსაკუთრებული არფერი მომხდარა, მაგრამ იმის კონტურები, რომ გაზაფხულზე პროცესები კულმინაციას მიაღწევს, აქედანვე ჩანს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს, ორ დიდ ქალაქში - რუსთავსა და ბათუმში, შუალედური არჩევნები გაიმართება. კერძოდ, რუსთაველები პარლამენტის მაჟორიტარს აირჩევენ, ბათუმელები კი - საკრებულოს წევრს. სხვა დროსა და ვითარებაში, შუალედურ არჩევნებს ყურადღებას არავინ მიაქცევდა, მაგრამ ახლა, როცა ოპოზიცია ნებისმიერ არჩევნებს გადამწყვეტს უწოდებს, უდავოა, რუსთავისა და ბათუმისთვის ბრძოლაც ცემა-ტყეპისა თუ არა, მწვავე დაპირისპირების ფონზე ჩაივლის, მით უმეტეს, რომ ოპოზიციას დაპირისპირებისთვის საბაბი უკვე მიეცა ანუ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ენმ-ს წევრს, დავით კირკიტაძეს, რომელიც 2020-ში, რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა, პროკურატურამ ბრალი წაუყენა. კერძოდ, საუბარია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც დავით კირკიტაძის, როგორც მერობის კანდიდატის ოფისთან, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დავით კირკიტაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა პოლიტიკურადაა ანგაჟირებული, ესე იგი, ბრალი იმიტომ წარუდგინა, რომ შუალდურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას. სხვათა შორის, დავით კირკიტაძე ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად არ დაუსახელებია და ბრალის წაყენების შემდეგ, როგორც „ვერსიისთვის“ ხდება ცნობილი, არც დაასახელებს.

ამასთან, „ვერსიას“ წყარო ენმ-დან ექსკლუზიურად ეუბნება, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დიმიტრი შაშკინს წარადგენს.

„შეიძლება, ვინმემ სხვანაირად გაიგოს, მაგრამ პირადად ჩემთვის, როგორც ენმ-ს ერთი, რიგითი ამომრჩევლისთვის, შაშკინი კირკიტაძეზე ბევრად ძლიერი კანდიდატურაა. ზოგადად, შაშკინი სტარტეგია, კირკიტაძე კი, ჩემი გადასახედიდან, ჩვეულებრივი პარტაქტივისტია და მეტი არაფერი“, - ამბობს „ვერსიასთან“ წყარო ენმ-დან, რომელიც არც იმას მალავს, რომ ყოფილ მმართველ პარტიაში, შიდა ომი მიმდინარეობს და კლანები ერთმანეთის ჩაძირვაზე მუშაობენ.

ენმ-ში პარტიული დაპირისპირება ახალი არ არის და აქამდეც ითვლებოდა, რომ იგივე კირკიტაძე ენმ-ში, ვანო მერაბიშვილის ფრთის წარმომადგენელია. სხვათა შორის, შს ყოფილი მინისტრი, დიდი ხანია, პოლიტიკურ ავანსცენაზე არ გამოჩენილა. სხვადასხვა ვერსიით, მერაბიშვილი ამჟამად უკრაინაში იმყოფება. ამასთან, „ვერსიას“ კომპეტენტური წყარო ეუბნება, რომ პიროვნება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლაში დაარწმუნა, სწორედ შს ექსმინისტრია.

„ვანოსა და მიშას შორის შავმა კატამ დიდი ხნის წინ გაირბინა, ამის შესახებ, მგონი, ბავშვმაც კი იცის, მაგრამ მერაბიშვილს სააკაშვილისთვის ის ვერ უპატიებია, რომ ციხეში, პრაქტიკულად, უპატრონოდ მიატოვა. ამიტომაც, მას ერთგვარი შურისძიება ამოძრავებდა ანუ მერაბიშვილმა მიშას ასეთი სურათი დაუხატა, აი, საქართველოში რომ ჩახვალ, კი დაგიჭერენ, მაგრამ შენს დასაცავად მთელი ქვეყანა ქუჩაში დედაწულიანად გამოვა და ციხეში ჯდომა, ჰა-ჰა, ორი თვე მოგიწიოს, ხელისუფლება ხალხის ზეწოლას ვერ გაუძლებს და გაგათავისუფლებსო. მიშა, ახლა, ალბათ, ხვდება, რომ ვანომ „აჭამა“ და ციხეში „ჰა-ჰა ორი თვე კი არა“, კაი 6 წელიც იქნება, მაგრამ რაღას იზამს? - ბედს უნდა შეეგუოს, თუმცა ისეთ ილუზიას ქმნის, რომ თითქოს პარტია მის განსათავისუფლებად იბრძვის. სინამდვილეში, ენმ-ს ლიდერშიფის უმეტესობას მიშას თავისუფლება სულ არ ანაღვლებს“, - უყვება „ვერსიას“ წყარო და დასძენს, რომ იგივე კირკიტაძის მაჟორიტარობის კანდიდატობა მერაბიშვილის სცენარი იყო, ანუ შს ექსმინისტრი ცდილობს, რომ ყოფილ მმართველ პარტიაში ძველი პოზიციები აღიდგინოს და საკვანძო პარტიულ თანამდებობებზე თუ ვერ მოახერხებს, თავისი ხალხი იგივე პარლამენტში მაინც შეიყვანოს.

გასაკვირი არ არის, რომ მერაბიშვილი ძველი დიდების დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ ამჯერად, როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა ანუ როგორც ზემოთ ვთქვით, „ვერსიის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ენმ რუსთავის შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად დიმიტრი შაშკინს წარადგენს.

ვინ არის დიმიტრი შაშკინი? - სანამ ენმ-ს მთავრობის წევრი გახდებოდა, ის „ენჯეოშნიკი“ იყო. როგორც კულუარებში ამბობენ, შაშკინი თავიდან ბოლომდე პროდასავლელია და შესაბამისად, იგივე ენმ-ს დასავლელი პარტნიორები მას ოპოზიციაში ყველაზე საიმედო დასაყრდენად მიიჩნევენ.

სხვათა შორის, შაშკინი პოლიტიკურად მაინცდამაინც არ აქტიურობს ანუ განცხადებებს წარა-მარა და ყველაფერზე არ აკეთებს. ის მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა საკითხი საკვანძოა. ასეთი საკითხი კი, როგორც წესი, საგარეო პოლიტიკა, განათლების სფერო ან იგივე არჩევნებია.

სხვათა შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში შაშკინი აქტიურად იყო ჩართული, განსაკუთრებით, ქვემო ქართლის რეგიონში და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მმართველი პარტიის სპიკერებმა ის, სხვებთან ერთად, პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულეს.

„კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (შსს-ს ყოფილ თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით: ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. „სარდლები“... ახალი და კიდევ უფრო დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, ეს ადამიანები არიან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ვარლამ (ვალერი) ლორთქიფანიძე, შენგელი (ვიტალი) ბექაური, არჩილ ომიაძე, ბესო ნადირაძე“, - დაწერა 2020 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში.

ერთი სიტყვით, დიმიტრი შაშკინი ქართულ პოლიტიკაში „შემთხვევით მოხვედრილი“ არ არის ანუ ის შეიძლება, ვინმეს მოსწონს და ვინმეს - არა, მაგრამ შაშკინი იგივე ენმ-თვის ერთგვარი გრანტია, რომელსაც პარტია გადამწყვეტ მომეტში იყენებს ხოლმე.

ასე იყო, მაგალითად, „ნაციონალების“ მმართველობის დროს, როცა შაშკინი ჯერ სასჯელაღსრულების, შემდეგ კი განათლების მინისტრად დაინიშნა. ალბათ, გახსოვთ, მაშინ ერთი ამბავი ატყდა, სასჯელაღსრულების ყოფილ ხელმძღვანელს განათლებაში რა უნდაო, მაგრამ დიმიტრი შაშკინის სახელს უკავშირდება ისეთი რეფორმების გატარება, როგორიც, მაგალითად, მანდატურის ინსტიტუტია. მართალია, სკოლებში მანდატურების გამოჩენას თავიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მაგრამ დღეს ითვლება, რომ მანდატური სკოლებში სიმშვიდის გარანტიაა. ესე იგი, დრომ აჩვენა, რომ ის, რისთვისაც, თავის დროზე, შაშკინს აკრიტიკებდნენ, ცუდი კი არა, პირიქით, კარგი ყოფილა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსთავის შუალედური არჩევნები ოპოზიციისთვის გადამწყვეტი იქნება, ენმ-ს მხრიდან დიმიტრი შაშკინის კანდიდატურის დასახელება, მართლაც, გონივრული ნაბიჯია. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შაშკინი წარმოშობით უკრაინელია და უკრაინის მოსალოდნელი ოკუპაციის ფონზე, იგივე ოპოზიციამ საერთაშორისო ასპარეზზე ეს ფაქტორიც, მინიმუმ პიარისთვის, შესაძლოა, კარგად გამოიყენოს.

გარდა ამისა, თუ არჩევნების გაყალბებაზე მიდგა საქმე, დიმიტრი შაშკინი, როგორც დეპუტატობის კანდიდატი, თავისი ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვებზე გაცილებით ადვილად შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბდა ანუ ის მხოლოდ ვერბალურ განცხადებებს კი არ გააკეთებს, არამედ, დოკუმენტურ ფაქტებსაც წარმოადგენს. ოპოზიციის უმთავრესი პრობლემა კი, მოგეხსენებათ, ისაა, რომ არჩევნების გაყალბებაზე მარტო ლაპარაკობს და იგივე სასამართლოსა თუ პროკურატურაში წასვლას იშვიათად ფქირობს ხოლმე, რადგან დოკუმენტური მტკიცებულებები არ აქვს...

„ვერსიის“ წყარო ენმ-დან ამბობს, რომ პარტია დიმიტრი შაშკინს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად, ოფიციალურად, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში წარადგენს. არავინ იცის, ამ ერთ თვეში პროცესები როგორ განვითარდება, თუმცა ჩვენი წყარო, თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით ამბობს, რომ შაშკინთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება რევიზიას არ დაექვემდებარება, თუმცა მაინც, დაველოდოთ, რა და როგორ მოხდება.

 

 

ნინო დოლიძე