რატომ გაძვირდა იაფი თურქული მედიკამენტები - კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს იკვლევს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფარმაცევტულ პროდუქტებზე ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დადგინდება

 

ბოლო დროს, თურქეთიდან იმპორტირებულ იაფფასიან პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ გარიგებებზე ღიად მიანიშნა, მსხვილი ფარმაცევტულიკომპანიები მკაცრად გააფრთხილადა სანქციების გამკაცრებითაცდაემუქრა. მეტიც, ფასების ხელოვნურად ზრდასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემად მიიჩნევს ფარმაცევტულ ბაზარზე მსხვილი ჰოლდინგების დომინანტურ მდგომარეობასაც. ჯანდაცვის მინისტრის მკაცრგანცხადებას კონკურენციის სააგენტოს რეაგირება მოჰყვა - უწყებამ მოკვლევაუკვე დაიწყო. ამასობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება, რომ კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს.

 

ახალი დადგენილების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. მაღალი საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება,რომ ექსპერტუილ შეფასების საფუძველზე, კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს. ასევე, კომისია უფლებამოსილი იქნება, კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი საბითუმო სარეალიზაციო ფასი შემოიღოს, განსაზღვროს და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც მოაწესრიგოს.

უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; ფინანსთა სამინისტროების; შემოსავლების სამსახურის; ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტი; სტატისტიკის ეროვნული სამსახურის- საქსტატი და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები; ასევე, პროფესიული პროფილის დამოუკიდებელი ორი წევრი - ფარმაკოლოგი, ფარმაცევტი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი.

„კომისია უფლებამოსილი იქნება, განსაზღვროს ფარმაცევტულ პროდუქტზე დადგენილი ფასის ძალაში შესვლის განსხვავებული ვადები და პირობები. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფასებს შესაბამის კატალოგში გამოაქვეყნებს. განახლებული ფასი კი ფასების კატალოგში გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შევა ძალაში“, - წერია პრემიერ-მინისტრის დადგენილებაში. 

ირაკლი ღარიბაშვილის ამ გადაწყვეტილებას ფარმაცევტული პროდუქტების რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცება უძღოდა წინ. მანამდე კი, უფრო ზუსტად, ერთი წლის წინ, იგივე პრემიერის გადაწყვეტილება, საქართველოში იაფი თურქული მედიკამენტების შემოტანის შესახებ. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე თურქული მედიკამენტები გამოჩნდა, მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა. წარმოიდგინეთ, წამლები, რომლებსაც 300 და 400%-ით ძვირად ყიდულობდნენ, შეეძლოთ, გაცილებით იაფად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძინათ.

ამის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა ფარმაცევტული პროდუქტების რეფერენტული ფასები, რომელთა ჩამონათვალი ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა. რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დააწესეს, თუმცა ეტაპობრივად, სხვა მედიკამენტებზეც უნდა განსაზღვრულიყო. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა.

ჯანდაცვის სამინისტროშიაცხადებდნენ, რომ ფარმაცევტულიკომპანიები, განსაზღვრულ ფასზე ძვირად,მედიკამენტებს 15 თებერვლიდან ვეღარ გაყიდდნენ. უწყების განცხადებით, წამლებზე ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. შეგახსენებთ, რომ საცალო ქსელში მედიკამენტების ზღვრული მაქსიმალური ფასი შემდეგი წესით დაიანგარიშეს:

 

  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა, მას ემატება 40%-იანი დარიცხვა;
  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5-დან 10 ლარამდეა, ემატება 35%-იანი დარიცხვა;
  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 10-დან 20 ლარამდეა, ემატება 30%-იანი დარიცხვა;
  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 20-დან 30 ლარამდეა, ემატება 25%-იანი დარიცხვა;
  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 30-დან 50 ლარამდე, ემატება 20%-იანი დარიცხვა;
  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 50-დან 100 ლარამდეა, ემატება 15%-იანი დარიცხვა;
  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 100 ლარი ან მეტია, მაშინ რეფერენტულ საბითუმო ფასს სტანდარტულად ემატება მაქსიმუმ 20 ლარი.


    ავტორი-მაკა რუხაძე