1 ლიტრი „სუპერი“ 4.00 ლარი - საწვავის ფასი საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ გაძვირდა ბენზინისა და დიზელის საწვავი 

პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებზე დაყრდნობით, „სუპერის“ ტიპის ბენზინისა და დიზელის ფასმა 4.00 ლარს გადააჭარბა. ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებში, ყველაზე მოთხოვნადი - „რეგულარის“ ტიპის საწვავი 3.75-3.80 ლარის ფარგლებში მერყეობს. ინფლაცია და ამის გამო საწვავის გაძვირება მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განიხილა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებული კრიზისების ფონზე, როგორებიცაა პანმდემია, პოსტპანდემიური პერიოდი და ახლა უკვე ომი უკრაინაში, ქვეყანაში ინფლაციის დონე მაღალია. თუმცა, იქვე დასძინა, რომ მთავრობა ამ ყველაფერს გააზრებით ეკიდება და იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას მიაღწიონ: „მინდა, შევახსენო მოსახლეობას, ძვირფას მოქალაქეებს, რომ საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის, 1 ლიტრი ბენზინის სიიაფით, საქართველო 71-ე იყო. 99 ქვეყანაში, ბენზინის საწვავი უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოში“.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა „ვერსიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა, ნავთობის ფასებიდან გამომდინარე, შეერთებული შტატებიდან დაწყებული, ევროპის ქვეყნებშიც კი ფასების ნახტომისებური ზრდა გამოიწვია. მისი თქმით, საწვავი ყველგან და რა თქმა უნდა საქართველოშიც გაძვირებულია.

- ბატონო ვანო, გარდა იმისა, რომ უკრაინა და რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია, ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთს ფინანსური სანქციებიც დაუწესა. ცხადია, მძიმე ვითარებაა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ რამ გამოიწვია საწვავის ასე გაძვირება?

- საქართველოში საწვავის ფასთან დაკავშირებით ვითარება დრამატულად რთულია და ამის ძირითადი მიზეზი გახლავთ ომი უკრაინაში. ომი რომ არა, რა თქმა უნდა, ნავთობზე ასეთი მაღალი ფასი არ დაფიქსირდებოდა და შესაბამისად, არც ჩვენთან იქნებოდა რეკორდულად მაღალი ფასები საწვავზე. ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე არიან დამოკიდებულნი, საწვავზე ნახტომისებური ზრდა და რეკორდულად მაღალი ფასები ფიქსირდება - ვგულისხმობ, როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე ევროკავშირის ქვეყნებსა და ჩვენს სამეზობლოს.

ვითარება იმდენად რთული და დრამატულია, რომ ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები თავისი სტრატეგიული მარაგებიდან ყოველდღიურად მილიონ ბარელს გამოყოფს და მიაწოდებს ბაზრებს. ამას მხოლოდ იმიტომ გააკეთებს, რომ ნავთობზე ფასების ზრდა შეაჩეროს.

მეტიც, დიდმა შვიდეულმა მოუწოდა ოპეკი პლიუსს, რომ გაზარდოს ნავთობის წარმოება. ეს იმიტომ, რომ თუ ნავთობის წარმოება გაიზრდება, ფასები დასტაბილურდება და შემცირდება. თუმცა ჯერჯერობით, ოპეკი პლიუსი ამ ნაბიჯს არ დგამს და იმ პირობებში, როდესაც უკრაინის ომის ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში, ნავთობის ნომერი მეორე მწარმოებელია, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს, ნავთობის ფასების არასტაბილურობას იწვევს.

მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დიზელის საწვავის საერთაშირისო ფასი პლატცის მიხედვით, 1 ტონაზე 45%-ით გაიზარდა, ხოლო ბენზინის საერთაშორისო ფასმა პლატცის მიხედვით, 20-22%-ით მოიმატა. შესაბამისად, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც საქართველოში საწვავი გაძვირდა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წლის დასაწყისიდან, საწვავის ფასების აღმავალი ტრენდი ფიქსირდებოდა ანუ 2022 წლის იანვრიდან, საწვავი ძვირდებოდა.

- უკრაინაში რომც არ შეჭრილიყო რუსეთი, წლების მანძილზე, საწვავის გაძვირება მაინც პრობლემას წარმოადგენდა. ბოლო პერიოდში, საკმაოდ საინტერესო ინიციატივით გამოხვედით საწვავის აქციზის ფასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ მცოცავი გადასახადის შემოღებას. რა ხდება ამ მხრივ?

- მართლაც ძალიან მაღალი ფასები დაფიქსირდა საწვავზე, რაც ინფლაციას დამატებით წნეხს უქმნის. გამოსავალი აქციზის გადასახადების შემცირებაა, რაც პირდაპირ მოქმედებს საწვის ფასზე, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფო დაკარგავს გარანტირებულ და მნიშვნელოვან შემოსავლებს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მთავრობა ერთგვარი არჩევანის წიმაშე დგას - ამ ორი ინიციატივიდან, რომელია ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმდინარე ეტაპზე. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახლა პრიორიტეტულია გადასახადები და შესაბამისად, მათი შემცირება არ განიხილება.

კიდევ ერთი გამოსავალია ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის გამყარება და ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ლარი მყარდება.ეროვმნული ვალუტის გამყარება საწვავის მზარდ ფასებს შეაჩერებს და დაასტაბილურებს კიდეც. აქედან გამომდინარე, თუ ლარი გამყარებას განაგრძობს, ეს უდავოდ მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება.