ვინ არის და რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ახალი მინისტრი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

ეკატერინე ტიკარაძეს ზურაბ აზარაშვილი შეცვლის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ხუთი შვილის მამა, 42 წლის ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. დღემდე, ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახლდათ, მანამდე კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს - „თბილავიამშენსა“ და „დელტას“ ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, ეს კომპანიები სამხედრო ტექნიკას აწარმოებენ.

 

„ვერსია“ დაინტერესდა, ვინ არის და რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ახალი მინისტრი. თუმცა, ვიდრე მის მიერ, 2021 წლის 17 აპრილს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ, გავიგოთ, აქვს თუ არა გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში. თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ზურაბ აზარაშვილი ESM-ის (მენეჯმენტის ევროპული სკოლა) ბაკალავრი და მაგისტრია. თავდაცვის სფეროში საქმიანობის დაწყებამდე ანუ 2000 წლიდან 2020 წლამდე, მხოლოდ საბანკო სფეროში ჰქონდა სამუშაო გამოცდილება. კერძოდ, სხვადასხვა წლებში, ზურაბ აზარაშვილი მუშაობდა ჯერ „თიბისი ბანკში“, შემდეგ „ქართუ ბანკში“, ამის შემდეგ „კორ სტანდარტ ბანკსა“ და სულ ბოლოს „ტერა ბანკში“, რომლის კომერციული დირექტორი გახლდათ. სწორედ „ტერა ბანკიდან“ გადაინაცვლა ჯერ „თბილავიამშენის“ გენერალურ დირექტორად, შემდეგ კი „დელტას“ გენერალურ დირექტორად.

42 წლის ზურაბ აზარაშვილის ჯანდაცვაში არასდროს უმუშავია, მაგრამ მისი წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრობის ახალი კანდიდატი ექიმის ოჯახში გაიზარდა. პრემიერმა ისიც თქვა, რომ ზურაბ აზარაშვილს „ფინანსების მართვის დიდი გამოცდილება აქვს“, რომელიც „ძალიან ძლიერი მენეჯერია“.

ახლა ვნახოთ, რა ქონებას ფლობს ზურაბ აზარაშვილი. „დელტას“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე, 2020 წლის 10 მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში, მან 58 362 ლარის შემოსავალი, ხოლო „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორის პოსტზე - 2020 წლის 24 აპრილიდან 31 დეკემბრის პერიოდში - 46 199 ლარის შემოსავალი მიიღო. ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ „ტერა ბანკის“ კომერციული დირექტორის პოსტზე - 2020 წლის 1 იანვრიდან 11 მარტის ჩათვლით, აზარაშვილმა 174 870 ლარი, ხოლო „დელტა ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლად მუშაობისას ანუ 2020 წლის 26 მარტიდან 31 დეკემბრამდე, 4 643 ლარი მიიღო.

ზურაბ აზარაშვილის სახელზეა რეგისტრირებული 500 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, ბერტა ფონ ზუტნერის ქუჩაზე და 123.9 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ამავე მისამართზე, რაც 2017 წელს შეუძენია. მიწის ნაკვთი - 12 500 აშშ დოლარად, ხოლო სახლი - 27 500 აშშ დოლარად. გარდა ამისა, აზარაშვილის უფროსი შვილი, მარიამ აზარაშვილი თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ფლობს 133 კვ.მ. ფართობის ბინას, რომელიც 2019 წელს, მამამ აჩუქა. ქალიშვილის ბინაში, ზურაბ აზარაშვილმა 250 000 ლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების მომენტში, აზარაშვილის საბანკო ანგარიშებზე იყო 6 480 ლარი, 24 907 ევრო და 1 860 აშშ დოლარი. ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 15 000 ლარი და 5 000 აშშ დოლარი ერიცხება, რაც ავტომობილის რეალიზაციიდან მიუღია. დეკლარაციის შევსების დროს, აზარაშვილის მეუღლესა და შვილებს საბანკო ანგარიშებზე ჯამში 3 114 ლარი და 650 აშშ დოლარი ჰქონდათ.

რაც შეეხება ავტომობილებს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ აზარაშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანა „ტოიოტა კამრის“, რომელიც 2018 წელს, 55 000 აშშ დოლარად შეუძენია, ხოლო მისი უფროსი ქალიშვილის, მარიამის საკუთრებაშია „ტოიოტა პრადო“, რომელიც შვილს 2019 წელს აჩუქა და 54 000 აშშ დოლარი დაუჯდა.