„რუსეთის მეგობრობის არ მჯერა!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვისი გაპრეზიდენტება უფრო გვაწყობს _ ტრამპის თუ ბაიდენის და რა გავლენას მოახდენს საქართველოზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები

საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ფონზე ვითარდება. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს ბელორუსი, სადაც გამოსვლები მინსკის გარდა, რეგიონებშიც იმართება, მინსკში კი, ლუკაშენკოს რეჟიმის გასაპროტესტებლად, ქუჩაში ბოლოს, 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მასშტაბური პროტესტი, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ბელორუსში მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. თავად ლუკაშენკო აქციებს დასავლეთის მიერ ორკესტრირებულად მიიჩნევს და ოპოზიციის მოწოდების, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებისა და გაფიცვების მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე უარს ამბობს. 

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ემთხვევა, სადაც ორი მნიშვნელოვანი კანდიდატია: „რესპუბლიკელებიდან“ _ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და „დემოკრატებიდან“ _ ჯო ბაიდენი. საქართველოსთვის, როგორც პროდასავლური ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. 

ასევე, მნიშვნელოვანია კორონაპანდემიით გამოწვეული გლობალური პრობლემები. ჩინეთიდან გავრცელებულმა ვირუსმა მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს მეზობელი ქვეყნები _ სომხეთი და აზერბაიჯანი. რეგიონში კორონააფეთქების ფონზე, საქართველო პანდემიის რუკაზე, ჯერჯერობით, ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ზონად რჩება. 

რა გავლენას იქონიებს მსოფლიოში მიმდინარე აღნიშნული პროცესები საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? _ „ვერსია“ ექსპერტ ნოდარ ხარშილაძეს ესაუბრა, რომელიც ბელორუსში, მოვლენათა შესაძლო განვითარების რამდენიმე სცენარზე საუბრობს. მისი თქმით, ლუკაშენკო ხალხთან ან დათმობაზე წავა, ან რაღაცნაირად, ბელორუსის ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციასთან მოხდება:

_ ამას შეიძლება, ახალი პროტესტი მოჰყვეს, მაგრამ აქ უკვე რუსები, ჩემი აზრით, ბრუტალურად იმოქმედებენ და პროტესტს ჩაახშობენ. ასე რომ, ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რა სცენარით წარიმართება პროცესები. 

_ თქვენი პროგნოზით, ბელორუსში მოვლენები მაინც რომელი სცენარით განვითარდება? 

_ რთული სათქმელია. ჯერჯერობით ჩანს, რომ ლუკაშენკო წავა დათმობაზე, რადგან ხალხის რეაქციაა მნიშვნელოვანი, თუმცა ასევე, მნიშნელოვანია ლიდერის არყოლა _ მოგეხსენებათ, ბელორუსში პროტესტს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. ოპოზიციის ლიდერი ქალი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ადგა და წავიდა. გასაგებია, მის ოჯახზე ზეწოლა იყო და ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ ამით პროცესი ბევრად გაართულა. 

_ როცა მასშტაბური პროტესტი ლიდერის გარეშე რჩება, მოვლენები როგორ ვითარდება ხოლმე? 

_ ან ამ პროტესტს გამოუჩნდება ლიდერი, ან... 

_ ისე, როგორც სომხეთში გამოჩნდა ფაშინიანი, არა? 

_ ფაშინიანი ლიდერი თავიდანვე იყო... 

ან კიდევ მოხდება ის, რომ ყველაფერს გამოუჩნდება სხვა ლიდერები, შესაძლოა, შეგზავნილი, ან ვინმე ბუნებრივად გამოჩნდეს და პროცესიც შეიძლება, რადიკალურისკენ გადაიხაროს, რითაც რადიკალური ჯგუფები ისარგებლებენ და ყველაფერს თავისთვის გამოიყენებენ, რაც მსოფლიოში ხშირად ხდება ხოლმე. პროცესი ჯერჯერობით ისე მიდის, რომ ხალხს შანსი აქვს, თუმცა ულიდეროდ ცოტა გაუჭირდება! 

_ ბატონო ნოდარ, ბელორუსის კრიზისის ფონზე, როგორ აფასებთ სერგეი ლავროვის მიერ გამოთქმულ ინიციატივას, რომ რუსეთს საქართველოსთან მეგობრობა და საჰაერო ფრენების აღდგენა სურს? 

_ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის, როცა რუსეთი ახალ ინიციატივებს გვთავაზობს, ეს მახეა ხოლმე. მეგობრობის ფონზე, ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, საზღვრის გადმოწევა ხდება... ასე რომ, ამ მეგობრობას სერიოზული თვალით არ შევხედავ, რადგან ძალიან მოკლევადიანია და რუსეთი პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს. ავიამიმოსვლის აღდგენასაც აუცილებლად ბერკეტად გამოიყენებს, ამიტომ ამას სიფრთხილით, ნეგატიურად და კრიტიკულად მივუდგები, რადგან რუსეთის მეგობრობის არ მჯერა. 

_ ისე, კორონაპანდემია საერთაშორისო პოლიტიკაზე და ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესზე გავლენას რამდენად ახდენს? 

_ პანდემიას, რა თქმა უნდა, გლობალური გავლენა აქვს. პანდემიის გამო, ბევრი რამ მოხდა და ბევრსაც უნდა ველოდოთ, არც ვიცით, ყველაფერი ეს როდის დამთავრდება. ამან უფრო გაართულა ურთიერთობები, ქვეყნები ჩაკეტა და გაზარდა ნაციონალისტური ფრთა, გახშირდა ქსენოფობიური ფაქტები, ამიტომ საკმაოდ ნეგატიური გავლენა აქვს და უნდა ველოდოთ სიტუაციის გართულებას. 

_ იმაზე რას ფიქრობთ, რომ ევროპამ საჰაერო ფრენები თითქმის სრულად აღადგინა, საქართველოს ცა კი ისევ ჩაკეტილია? 

_ ეს აბსოლუტური ნონსენსია. გაუგებარია, რატომ არ არის აღდგენილი ფრენები, რატომ ხდება ეკონომიკის ბოლომდე მოხრჩობა და ურთულეს ვითარებაში შეყვანა, რის შედეგებსაც ვგრძნობთ და სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ უფრო ვიგრძნობთ. გვეუბნებიან, თურმე, იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ, საჭიროა, მთელ სამყაროს გავერიყოთ, მაგრამ ეს ეკონომიკისა და ტურიზმისთვის რას მოგვიტანს, ცოტა რთული გასაგებია. 

_ დამეთანხმებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, თუ ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი. როგორ ფიქრობთ, ტრამპს უფრო მეტი შანსი აქვს, თუ ბაიდენს? 

_ სტატისტიკურად, ბაიდენს მეტი შანსი აქვს. ჰილარი კლინტონსაც უკეთესი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბევრი რამ ცუდად წარიმართა და ბოლო მომენტში არჩევნები წააგო. ტრამპის შანსი ნაკლებია, მაგრამ ბევრად მობილიზებული ამომრჩეველი ჰყავს, თუმცა მის წინააღმდეგ აგორებული ტალღაც ბევრად უფრო მობილიზებულია. პირველ არჩევნებში მის წინააღმდეგ ასეთი მობილიზება იმიტომ არ მოხდა, რომ სერიოზულად არავინ აღიქვამდა და ყველას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ წააგებდა. დღეს კი, როცა პრეზიდენტია, მის წინააღმდეგ მობილიზება უფრო მოხდება და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ბაიდენს უკეთესი შანსი აქვს. უბრალოდ, ნოემბრამდე, შეიძლება, აშშ-შიც ბევრი რამ შეიცვალოს. თუ ასე გაგრძელდა, არჩევნებს ჯო ბაიდენი მოიგებს! 

_ თუ ამ პროგნოზმა გაამართლა და აშშ-ში „დემოკრატების“ ლიდერმა გაიმარჯვა, საქართველოსთვის რამე შეიცვლება? 

_ როგორც წესი, ჩვენ „რესპუბლიკელები“ უფრო გვაწყობს ხოლმე, ვიდრე „დემოკრატები“, მაგრამ ჩვენთვის ჯო ბაიდენის ფიგურა უფრო მისაღებია, რადგან საქართველოთი დაინტერესებულია, ჩვენს პრეზიდენტებთანაც ჰქონია შეხვედრა და არ არის პირველი, როცა ამ რეგიონთან უმუშავია. ასე რომ, ბაიდენი ჩვენთვის ცუდი არ იქნება. ტრამპიც ნორმალურია, მაგრამ ის განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა ჩვენი რეგიონის მიმართ. მოკლედ, ორივე გვაწყობს, ოღონდ გამოყენება უნდა. ისეთი საგარეო პოლიტიკა გვაქვს და ისე ცუდად ვვითარდებით ამ მიმართულებით, რომ არაფრის გამომყენებლები არ ვართ და ამ ხელისუფლების ხელში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს!

თათია გოჩაძე