რატომ „ფშვინავს“ ოპოზიცია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრესბლოგი

„ეს დაძაბავს სიტუაციას“ - რას სთავაზობს გიორგი მარგველაშვილი კოლეგებს 

ნინო დოლიძე

 

ქართულ ოპოზიციას საღათას ძილით რომ სძინავს, ამის მიხვედრას არც დიდი ნათელმხილველობა სჭირდება და არც - პოლიტექსპერტობა, თუმცა ვიღაცები იხტიბარს არ იტეხენ და თავს იმშვიდებენ, აბა, მეტი რა ქნას ოპოზიციამ, რევოლუციას ხომ არ დაიწყებსო?! არა, ქალბატონებო და ბატონებო, რევოლუცია კარგი არ არის, მაგრამ არც ისაა კარგი, ზოგიერთი ოპოზიციონერი ბელადი სიტყვებს „ნაურაზე“ რომ ისვრის. ვის ვგულისხმობ? - ახლა, სახელ-გვარებს ნუ მომთხოვთ, თუმცა იმას კი გაგახსენებთ, ამ ზაფხულს, ზოგიერთები გულზე მჯიღს რომ იცემდნენ, ძალიან ცხელი შემოდგომა იქნება და ხელისუფლებას ბევრ თავის ტკივილს გავუჩენთო, მაგრამ როგორც ყოველთვის, ეს მუქარაც მუქარად დარჩა, შემოდგომა უკვე მიიპარება და აგერ, ზამთარიც მალე მოგვადგება, ოპოზიცია კი ისევ „ფშვინავს“.

 

რატომ „ჩაეძინა“ ოპოზიციას? - ამ კითხვაზე სხვადასხვაგვარი პასუხი არსებობს. ზოგი ამბობს, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე, ფინანსური ამოეწურა. სხვა ვერსიით, პრობლემა ისევ ენმ-ა ანუ ექსმმართველი პარტია, თურმე, ისევ ცდილობს, ოპოზიციის ლოკომოტივის ფუნქცია შეასრულოს, რაც დანარჩენ „ოპოებში“ გაღიზიანება-მრისხანებას იწვევს და ამიტომ, ყველა ოპოზიციური ფლანგი დამოუკიდებლად მოქმედებს. ყველაფერ ამაში ლოგიკა არის, თუმცა მთავარი ლოგიკა კი არა, გამოსავლის პოვნაა, რადგან თუ ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია არ არსებობს, იქ დემოკრატიასა და განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ზოგადად, ოპოზიცია კონსტრუქციულ და საქმეზე ორიენტირებულ კრიტიკას ნიშნავს და არა - ლანძღვა-გინებას, თუმცა ქართულ პოლიტიკაში კრიტიკასა და ერთმანეთის შეურაცხყოფას შორის ტოლობის ნიშანია დასმული. ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ ანუ საქმე არავის აინტერესებს და როგორც შორეულ 90-იანებში, ოპონენტები ხალხის ყურადღების მიქცევას ერთმანეთის შეურაცხყოფით ცდილობენ, თუმცა ეს ხრიკი ისეთი მოძველებულია, რომ საზოგადოებას ყოველივე ამის დანახვაზე, მომიტევეთ და, ღებინება ეწყება.

ერთი სიტყვით, ოპოზიციას სძინავს და ამ დროს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. კერძოდ, ის ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც თანამშრომლობაზე იტყვის უარს, მოახდენს ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები. უნდა იმოქმედოთ. პირველ რიგში, უნდა დატოვოთ პარლამენტი. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ ეს დაძაბავს სიტუაციას და მოახდენს ლუსტრაციას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომელთაგანაც 24-საათიან ლანძღვას ვიგებთ ჩვენს ხელისუფლებაზე, ამ ნაბიჯში წამოგყვებიან“, - განაცხადა მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას.

ვერ გეტყვით, პრეზიდენტყოფილს რა ამოძრავებდა, როცა ზემოხსენებულ იდეას საჯაროს ხდიდა, მაგრამ ფაქტია, რომ „მარგველას“ ე.წ. მოწოდებას ოპოზიცია აგრესიით თუ არა ამრეზით შეხვდა.

აი, მაგალითად, ენმ-ს დეპუტატმა ანი წითლიძემ თქვა:

„ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ გავიზიარებ ვერანაირ მოწოდებას ბატონი მარგველაშვილის, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად პრინციპული და ბევრად გაბედული მაშინ, როდესაც ის იყო საქართველოს პრეზიდენტი. ის რომ ყოფილიყო ბევრად პრინციპული და გაბედული, დღეს ქართული ოცნება არ იქნებოდა ხელისუფლებაში. ეს ერთი.

მეორე, ვერ გავიზიარებ იმ ადამიანისგან ამ მოწოდებას, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო ბევრად პრინციპული და გაბედული იმისთვის, რომ დღეს, ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყოლოდა ამ ქვეყანაში და, მათ შორის, მას შეეძლო შეეწყალებინა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. შესაბამისად, მისი მხრიდან, თუ ის გულისხმობს ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც 10 წელია იბრძვის ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელსაც 10 წელია ებრძვიან, იჭერენ, აკავებენ, მისი მოწოდება არის უბრალოდ არაეთიკური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას ჰქონდა ყველანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ შეესუსტებინა და დაესუსტებინა ქართული ოცნება, ამიტომაც ვუსურვებდი, რომ მეტად გაბედული ყოფილიყო მაშინ, როცა ის იყო პრეზიდენტი.

რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ამასთან დაკავშირებით მიღებულია პარტიის ერთიანი გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვართ პარლამენტში და ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით გადახედვას არ ექვემდებარება“.

სხვათა შორის, ყოფილი მმართველი პარტია ოპოზიციიდან პარლამენტში ყველაზე ბოლოს შევიდა. ახლა კი, საკანონმდებლო ორგანო არ ეთმობა.

რატომ? - მოდით, ამ კითხვაზე პასუხი სხვა დროს განვავრცოთ.

ანი წითლიძის მსგავსად, პარლამენტის დატოვების იდეა არ მოსწონს ენმ-ს კიდევ ერთ დეპუტატ რომან გოცირიძეს, რომელმაც „მარგველას“ იდეას პირდაპირ ასე უწოდა - „წყალწაღებული ხავსს ეჭიდება“:

„კვლავ გახშირდა მოწოდებები პარლამენტის დატოვების შესახებ. მოტივები სხვადასხვაა, გულუბრყვილო-სენტიმენტალურიდან დაწყებული, პრაგმატულ-ეგოისტურით დამთავრებული. პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწოდება ცოტა განსხვავებულია, პათეტიკურ-ეგზისტენციალური. პარლამენტის დატოვებაში გამოსავლის ძიება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს, ან კიდევ უფრო უარესიცაა - ხავსს მატერიალური შემადგენელი მაინც აქვს, ამ ქმედების პრაქტიკული შედეგი კი ხავსის ტოლიც არ არის. მსგავსი ნაბიჯი შეიძლება რაღაცის დამაგვირგვინებელი ყოფილიყო. ახლა, მიზეზების ძიებას რომ არ მოვყვე, ეს უკვე გვიანია. ვემზადოთ არჩევნებისთვის და გამოვიყენოთ პარლამენტის მწირი რესურსი გასაძლიერებლად. მწირი იმიტომ, რომ თავად ოპოზიციამ შევუწყვეთ ხელი, რომ ასეთი გამხდარიყო“.

ისე, მარგველაშვილი პირველი არ არის, ვინც ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამ იდეის პიონერი, უდავოდ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილია, რომელიც იმთავითვე წინააღმდეგი იყო, ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო და მას მერე, რაც ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდა, ნათელაშვილი დღენიადაგ ამბობს, რომ გაყალბებული არჩევნებით შექმნილ პარლამენტში ოპოზიცია არ უნდა იყოს.

ერთი სიტყვით, ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ მარგველაშვილის იდეა ოპოზიციაში განხეთქილების ახალი საბაბი გახდება. უფრო სწორად, ექსპრეზიდენტის განცხადება განცხადებად დარჩება, რადგან პრაგმატულად რომ შევხედოთ, ვის, ვის და, სწორედ ოპოზიციას არ აწყობს, რომ პარლამენტი დატოვოს და ამ ფონზე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვოს.

რატომ? - პასუხი მარტივია: დავუშვათ, ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. ოპოზიციის ნდობის რეიტინგი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა და ამ ფონზე, იმის გარანტიაც კი აღარ არსებობს, რომ დღევანდელი ე.წ. საპარლამენტო ოპოზიური პარტიები საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.

ჰოდა, ოპოზიციის ამ „ფშვინვა-ფშვინვაში“ 2024 წელიც მოვა და მერე გამოჩნდება, ვის რისი თავი აქვს...