როდის გამოჩნდება საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალა - გია ხუხაშვილის პროგნოზი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 „თუ უკრაინაში რუსეთმა გაიმარჯვა, საქართველოს მიმართ განსაკუთრებული საფრთხე გაჩნდება!“

 თათია გოჩაძე

 მესამე თვეა, უკრაინაში ომი მძვინვარებს. უკრაინის მოსახლეობა დღემდე ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს რუსულ სამხედრო აგრესიას. რუსეთს, უკრაინის მიმართ წამოწყებული ომის გამო, დასავლეთმა უპრეცედენტო სანქციები დაუწესა, ამასთან, უკრაინისთვის აღმოჩენილი ფინანსური და სამხედრო დახმარებაც დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტოა. სწორედ ამიტომ, ყველა კვალიფიციური ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდება, ყოველ შემთხვევაში, რუსეთი ამ ფორმით აღარ იარსებებს და პუტინის რეჟიმს მარცხის აღიარება, ადრე თუ გვიან, მოუწევს. ამასთან, არსებობს ვერსია, რომ უკრაინაში დამარცხებულმა პუტინმა, საკუთარი მოსახლეობის თვალში იმიჯის შესანარჩუნებლად, შესაძლოა, დარტყმა საქართველოსა და მოლდოვაზე მიიტანოს. რამდენად რეალურია მოვლენების ამ სცენარით განვითარება? – „ვერსია“ ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა:

 - ეს საკითხი პირიქითაა - თუ უკრაინაში რუსეთი დამარცხდა, რესურსი, რომ აგრესია სხვა მიმართულებით წამოიწყოს, უბრალოდ, აღარ ექნება. თუ უკრაინაში გაიმარჯვა, იმ შემთხვევაში, გაჩნდება საქართველოს მიმართ განსაკუთრებული საფრთხე, რადგან გამარჯვებულის პოზიციიდან, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება.

ეს არის თეორიები, რომლებითაც ფარული პრორუსები აშინებენ საზოგადოებას. ამაში ლოგიკა არ არის. საქართველოს საფრთხე ემუქრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა გაიმარჯვა უკრაინაში.

- რუსეთის გამარჯვებას ყველა კვალიფიციური ექსპერტი გამორიცხავს და გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ საფრთხე, პრაქტიკულად, არ არსებობს?

- დიახ, ღმერთმა ქნას, ასე იყოს. ის თემა - „ომი გინდათ“ და რუსეთის მიმართ პრინციპული პოზიციის გამო, შეიძლება, ჩვენთან ომი დაიწყოს, სამწუხაროდ, უღირსი პოზიციაა, რის დისტრიბუციასაც ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც, ახდენენ საქართველოში.

- ბატონო გია, ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით ზედმეტად ფრთხილ პოლიტიკას რომ არჩევს, ეს უკვე ადვილად შესამჩნევია და ამას, სხვათა შორის, საქართველოში ბევრი ადამიანი ემხრობა, რაც ალბათ, ომის შიშიდან გამომდინარეობს...

- გასაგებია, რატომაც... ეს ადამიანები მომხრეები კი არ არიან, საქმე ისაა, რომ ჩვენთან საშუალო სტატისტიკური ქართველის მდგომარეობა არის ასეთი - არც კეთილდღეობა აქვს და არც თავისუფლება, ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ აქვს, ეს უსაფრთხოება და სტაბილურობაა. ეს ადამიანი ფიქრობს, კარგი, მშია, მწყურია, თავისუფალი არ ვარ, მაგრამ ეს ერთი რამ მაქვს - ბომბები არ ცვივა ჩემს თავზე და ამასაც ნუ წამართმევთო. აი, ამ პოზიციის ექსპლუატირებას ახდენს პროპაგანდა და საკმაოდ ეფექტიანადაც, რადგან როცა არაფერი გაქვს, იმ მცირედის შენარჩუნებაზე იწყებ ზრუნვას. აი, ამ უბედურებაში ვართ, თორემ საფრთხე დღეს, საქართველოში, პრინციპული პოზიციიდან არ არსებობს, პირიქითაა, რაც უფრო ლოიალურები ვიქნებით რუსეთის მიმართ, მით უფრო გავუღვივებთ განცდას, რომ ჩვენი დაპყრობა ადვილად შეიძლება და მეტი ამბიცია ექნება, აგრესიულად წამოვიდეს.

- რამ განაპირობა საზოგადოების ასეთი განწყობა? სახელმწიფოებრივი აზროვნება გაქრა და დარჩა მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენის ინსტიქტი?

- კი. ეს არ არის უნიკალური მოვლენა, ზოგადად, ასე ხდება, როცა სოციალური გაჭირვება დიდია, ამ ტიპის საზოგადოებების მართვა, ასეთი იაფფასიანი „სტაბილურობის თემით“ უფრო ადვილია, რადგან ადამიანი თავისუფალ აზროვნებას, ღირსეულ ცხოვრებაზე ფიქრს იწყებს მაშინ, როცა მას ცოტა მაინც აქვს კეთილდღეობა. როდესაც ეს კეთილდღეობაც ერთმევა, იმას ეპოტინება, რაც მცირედად მაინც დარჩა. ოხლოკრატია (ბრბოს მმართველობა) იწყება იქ, სადაც ძალიან სერიოზული სოციალური გაჭირვებაა, როცა გონება ითიშება და მხოლოდ ემოციებით ხდება მანიპულირება.

- ამ ლოგიკით, 1989 წლის 9 აპრილსაც არ უნდა გამოსულიყო ხალხი, მაგრამ ვიცით, მაშინ როგორი პროტესტის ტალღაც აგორდა რუსეთის წინააღმდეგ, ბატონო გია.

- კი, მაგრამ მაშინ ხალხს ასე არ უჭირდა...

- ფული გაუფასურებული იყო და ეკონომიკური ვითარებაც არ იყო სახარბიელო...

- მდიდრები არ იყვნენ, მაგრამ უმუშევრები და მშივრებიც არ იყვნენ... ეს კიდევ ცალკე ფენომენია, რაზეც ცალკე უნდა ვიმსჯელოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მაშინდელი სოციალური სტატუსი, დღევანდელთან შედარებით, განსხვავდებოდა. მაშინ ლუკმა-პურის ძებნა არავის სჭირდებოდა.

- და რა უნდა მოხდეს, რომ თითოეულ ქართველში გაიღვიძოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებამ და სამოქალაქო საზოგადოების განცდამ?

- ეს არის პროცესი და ფორმულა, თუმცა ერთ დღეში რომ გამოვიღვიძოთ, არ არსებობს. ძალიან ბევრია დამოკიდებული პოლიტიკურ ელიტაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენი უბედურება ხომ ისაა, რომ მარტო ხელისუფლების პრობლემა კი არა, უზარმაზარი პრობლემა გვაქვს ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების...

- რადგანაც ოპოზიცია ახსენეთ, გკითხავთ: ყოველდღიური დღის წესრიგი ისევ მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო იქმნება და ზოგი, ალბათ, დაიღალა ამ ერთი და იგივე საკითხის გარშემო ტრიალით... ამასთან, იქმნება განცდა, რომ საქართველოში არ არსებობს ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა...

- ხელისუფლება დღეს რომ ინარჩუნებს ძალა-უფლებას, ამის ფორმულა ის კი არაა, რომ ხალხს მოსწონს, არამედ, რბილად რომ ვთქვათ, ოპოზიცია მასზე უკეთესად არაფრით გამოიყურება. შესაბამისად, ადამიანები ფიქრობენ, კი, ხელისუფლება არ მოგვწონს, მაგრამ ოპოზიცია რით სჯობსო? - ეს არის ხელისუფლების მთავარი კოზირი.

- ელოდებით, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოში, ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება?

- პოლიტიკას თავის კანონები აქვს, რაც მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება. როცა მოთხოვნა დეფიციტურია, ადრე თუ გვიან, მიწოდება ჩნდება ბაზარზე, ეკონომიკური ტერმინოლოგიით ასე იხსნება, თუმცა როდის მოხდება ეს, ძნელი სათქმელია. ახალი პოლიტიკური ცენტრის გაჩენის ერთ-ერთი ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორი ზუსტად  ამ ძალების ორპოლუსიანობაა, რომლებიც პოლიტიკურ ბაზარზე არავის აჭაჭანებენ და თუ ვინმემ თავი წამოჰყო, მაშინვე ცდილობენ, გააქრონ, მაგრამ რაღაც მომენტში, ეს რთული სიტუაციაც გაირღვევა, ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.