გურამ მაჭარაშვილი: „სააკაშვილი რაც მეტად ილაპარაკებს, უფრო მალე მოხდება პოლიტიკიდან მისი ჩამოცილება“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

„ნაცმოძრაობა ცდილობს, შექმნას ილუზია, არიქა, კრიზისიაო!“

 თათია გოჩაძე

 საქართველოს პარლამენტში განხილვის მთავარი თემა მომავალი წლის ბიუჯეტია, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც მსჯელობენ. პარალალურად, ოპოზიციაც აქტიურობს - 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც მესამე პრეზიდენტმა საკმაოდ ვრცელ გამოსვლაში პოლიტიკური პროცესებიც მიმოიხილა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ რამდენიმე დღეში გაამჟღავნებენ საპროტესტო გეგმას, რომელიც ფართო სპექტრით გაიშლება და, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პროცესები მნიშვნელოვნად გამწვავდება... ყველა ამ თემაზე „ვერსია“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს ესაუბრა.

 

- ბატონო გურამ, რა არის მთავარი დღეს საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში?

- პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთავარი ქვეყნის საფინანსო დოკუმენტი ანუ ბიუჯეტია, რომელიც განსაზღვრავს 2022 წლის ფინანსურ მდგომარეობას. პრემიერმა დააანონსა, რომ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებს ექნებათ გარკვეული ალტერნატივა სამსახურების სახით. გარდა ამისა, დღის წესრიგშია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში, სადაც ადამიანის უფლებების გაძლიერების კუთხით ბევრი ცვლილება შედის, მათ შორის, მთავრობის მიერ ინიცირებულიც. ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, ლიბერალიზაცია იგეგმება, ხოლო მეორე მხრივ - კანონი მკაცრდება გამსაღებლების მიმართ...

- ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ 30 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მნიშვნელოვანია. ამ ვიზიტის შესახებ რას იტყვით, შესაძლოა, შარლ მიშელთან ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზეც იყოს საუბარი?

- ზოგადად, ჩვენს პარტნიორებში ყოველთვის იყო საქართველოს საგარეო კურსსა და შიდაპოლიტიკური ვითარების მიმართ ინტერესი გამომდინარე, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი და ბუნებრივია, აკვირდებიან და ეხმარებიან ჩვენი ქვეყნის განვითარებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ხასიათშიცაა მოჭარბებული აქტიურობა, როგორც საგარეო კურსთან, ასევე, შიდაპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებითაც, შესაძლოა, იყოს საუბარი. გასაგებია, რომ მათთვის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია - ქვეყნის ხელისუფლებაში არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ 9 წლის განმავლობაში შეძლო, წინ წაეწია საგარეო კურსით ქვეყანა, რომელმაც აშშ-სა და დასავლეთიდან მიიღო უფრო მაღალი მხარდაჭერა, ვიდრე გვქონდა 9 წლის წინ, რასაც ეს მნიშვნელოვანი ვიზიტიც ადასტურებს. მეორე მხრივ კი, უზრუნველჰყო ის, რომ რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატული პოლიტიკის გატარების შედეგად, რაც ჩვენთვის მთავარი პრიოროტეტია ქვეყანაში, არ მოხდა სერიოზული კონფლიქტი და ეტაპობრივად, ყოველთვის მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, როდესაც ე.წ. ოკუპაციის პროცესი, სამწუხაროდ, გრძელდება ხოლმე ტერიტორიების გადმოწევით, მოქალაქეების გატაცებით და ა.შ., თუმცა ძირითადი გამოწვევა რაც, სამწუხაროდ, 2008 წელს  მოხდა, ჩვენ ასეთი რამის საშუალებას რუსეთის ფედერაციას არ მივცემთ. ასე რომ, ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტერესი არის.

- რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ პროცესებს, ვინმეს უნდა თუ არა, ქვეყანაში ახალი ამბების დღის წესრიგი ისევ მიხეილ სააკაშვილის გარშემო იქმნება. როგორ აფასებთ მის პოლიტგამოსვლას სასამართლოში?

- რაც მეტად ილაპარაკებს და გამოჩნდება, მით უფრო მალე მოხდება მისი ნელ-ნელა ჩამოცილება პოლიტიკური პროცესებიდან. ეს იმიტომ, რომ გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, ეს ადამიანი ყველას და ყველაფერს დააბრალებს, მათ შორის, თავისივე გუნდის წევრებს დანაშაულის ჩადენას, ოღონდ თქვას, რომ ის იყო შეუმცდარი და როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია.

- სხვათა შორის, მოიბოდაშა და ეს ბოდიში როგორ მიიღეთ, ბატონო გურამ?

- ბოდიში მოიხადა იმასთან დაკავშირებით, მე რომ აქ ვზივარ, ასეთი სასამართლო დავტოვეო. იმაზე კი არ მოიხადა ბოდიში, რა დანაშაულებიც ჩაიდინა და აი, ეს არის სწორედ პრობლემა! მან აღიარა 7 ნოემბრის დარბევის არასწორობა, სხვა დანაშაულები, მაგრამ დააბრალა თავის მინისტრებს. თქვა, რომ მისი შს მინისტრი მართავდა, რაც ნიშნავს, რომ მერაბიშვილმა სწორად მოიხადა სასჯელი, ასე აღიარა. ასევე თქვა, გირგვლიანის მკვლელობა პიარი იყოო, ეს ნიშნავს, რომ ის ვერ ხედავს, ზოგადად, დანაშაულში საკუთარ მონაწილეობას ანუ სურათი მივიღეთ ასეთი - თან ამბობს, რომ ის იყო სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა, მაგრამ ისე აშენებდა ვირტუალურად სახელმწიფოს, რომ მეორე მხრივ, მისი შს მინისტრის მხრიდან, უკანონო დარბევები, მისი საჯარო მოხელეების მხრიდან ქონებების გადაფორმებები, ასევე, სიცოცხლის, ჯანმრთელობის მოსპობა ხდებოდა და ამის პარალელურად, ის აშენებდა სახელმწიფოს. აი, ეს თქვა, თავისივე პირით!

მოკლედ, რაც მეტს ილაპარაკებს, მით უფრო დააჩქარებს იმ პროცესს, რაც ისედაც დაწყებულია, რადგან თუ ამჩნევთ, ნელ-ნელა პრიორიტეტული აღარაა მისი საკითხი იმიტომ, რომ აღარ შიმშილობს, ჯანმრთელობის პრობლემაც არ აქვს. სასამართლოშიც დაინახა ხალხმა, რომ არ ეტყობოდა არაფერი ჯანმრთლეობის მდგომარეობის გაუარესების კუთხით და უნდა, რომ იყოს ისევ ის, ვინც იყო 9 წლის წინ. არ მგონია, რომ ეს თემა კიდევ დიდხანს იყოს დღის წესრიგში.

- ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საპროტესტო მუხტი გაფართოვდება და გამწვავდება, სააკაშვილმა მოუწოდა საკუთარ ამომრჩევლებს, რომ საქართველოს ყველა ადგილას შეიქმნას კომიტეტები მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ამ ფონზე, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს მმართველ ძალას, უმრავლესობას?...

- ეს სწორედ ამის დასტურია, რაზეც ვისაუბრე. მან დაინახა, რომ არაფერი გამოუვიდა ამ ე.წ. რევოლუციური სცენარებით, რომ არიქა, საზოგადოება მივარდებოდა და შტურმით აიღებდა ჯერ ციხეს, მერე - სასამართლოს და გაათავისუფლებდა. დაინახა, რომ ეს არ არის რეალური და ამიტომაც მოუწოდა საზოგადოებას, სოფლებში შექმნან ე.წ. რევოლუციური კომიტეტები. ეს განცხადება, ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ის უიმედობაშია და მეორე მხრივ - მას არ აღელვებს არაფერი, გარდა იმისა, რომ თავად იყოს ძალაუფლებაში. ყველას მოუწოდებს, გაათავისუფლონ, მოიყვანონ ხელისუფლებაში და სახელმწიფოს რა მოუვა, რა დესტრუქცია იქნება და ეს როგორ იმოქმედებს პანდემიაზე ან ეკონომიკაზე, არ ადარდებს. არა მხოლოდ თავის პარტიას, არამედ, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებს, რომ ის გაათავისუფლონ და დილემის წინაშე აღმოჩნდა ოპოზიის ნაწილი, რომელზეც ყოველთვის ვამბობდი, რომ სანამ ისინი მიხეილ სააკაშვილს აღიარებენ პოლიტპატიმრად და ნაცმოძრაობის დღის წესრიგში იქნებიან, საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მიიღებენ. როგორც ჩანს, ნაწილმა გაიგო ეს და ნახეთ, რომ ამ რადიკალური პროცესების მომხრეები არ არიან, მაგრამ თუ უფრო მეტად გაემიჯნებიან რადიკალურ ძალას, შანსი გაეზრდებათ, რათა 2024 წელს, მათაც რაღაც პროცენტი მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში.

- ბატონო გურამ, ახალი წელი მოდის და ალბათ, ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ხალხს ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური, პანდემია მძვინვარებს, რასაც პოლიტიკური კრიზისიც ემატება. ამ ყველაფრიდან გამოსავალს სად ხედავთ?

- არაერთხელ მითქვამს, რომ პოლიტიკური კრიზისი იქმნება მაშინ, როცა ხელისუფლება ვერ მართავს პროცესებს. სად დაინახა საზოგადოებამ, რომ ხელისუფლება ვერ მართავს პროცესებს ან პარლამენტი ვერ იღებს კანონებს? ეს არის ნაცმოძრაობის ერთგვარი მცდელობა, რომ შექმნას ილუზია, არიქა, კრიზისიაო! შემოიტანეს აბსურდული მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებზე, რომ ბოლოს და ბოლოს, ხალხმა გადაწყვიტოს ეს საკითხიო და უკაცრავად, მაგრამ 2020-ში და 2021-ში, აბა, ვინ გადაწყვიტა ეს შედეგები? ეს იგივე ხალხი არ იქნება? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი არჩევნებიც უნდა იყოს, ისინი თუ არ მოიგებენ, არ ცნობენ შედეგებს - ესაა მათი დევიზი და დემოკრატია. ასე რომ, პოლიტიკური კრიზისი არაა, უბრალოდ, ასეთი ოპოზიცია გვყავს, სამწუხაროდ. დარწმუნებული ვარ, ეს ახალი წელი გადაივლის და ნელ-ნელა, არსებული გამოწვევები ქვეყანაში დაიძლევა.