რა ელის მიშას - ვინ დაარწმუნა საქართველოში ჩამოსვლაზე და რატომ დუმს ოპოზიცია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოლიტსამართალი

 ავტორი: ნინო დოლიძე

 მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, თან ისე ჩამოვიდა, რომ რისკები არ დააზღვია ანუ კი ამბობდა, დაჭერისთვის მზად ვარო, მაგრამ ალბათ, ეგონა, რომ მის დაჭერას „მეორედ მოსვლა“ მოჰყვებოდა - ხალხი იხუვლებდა, ქუაჩაში გამოვარდებოდა და ენმ-ს დამფუძნებლის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ 4 ოქტომბერს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც სააკაშვილი იმყოფება, ენმ-ს, უფრი სწორად, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები კი შეიკრიბნენ, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენი არ იყო, რომ ახალი „ვარდების რევოლუცია“ მიგვეღო.

 მოკლედ, დღევანდელი მონაცმებით, ისე ჩანს, რომ მიშას ვიღაცამ „მაგრად აჭამა“ ანუ როგორც „ვერსიას“ კულუარებში უყვებიან, ენმ-ს ცალკეული წარმომადგენლები ექსპრეზიდენტს არწმუნებდნენ, მთელი ქვეყანა გელოდება და დროზე ჩამოდიო. ჰოდა, როგორც ჩანს, მიშამაც დაიჯერა და იმ რისკზეც კი წავიდა, რომ დღენახევარი „ტრაილერის“ საივენტილაციო მილში გაეტარებინა.

რა იქნება ახლა? - ვიღაცებს იმედი აქვთ, რომ ხელისუფლებაზე იგივე დასავლეთი ზეწოლას მოახდენს და სააკაშვილი საპატიმროს მალე დატოვებს, მაგრამ მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი სასჯელს მთლიანად მოიხდის.

ის, რომ სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე მოიხადოს, არარეალური სულაც არ არის. კი, ბატონო, ის უკრაინის მოქალაქეა და უკრაინას შეუძლია, მისი, ასე ვთქვათ, ექსტრადირება მოითხოვოს, მაგრამ ამისთვის თავად სააკაშვილის ნებართვაა საჭირო ანუ ექსპრეზიდენტი თანახმა უნდა იყოს, რომ უკრაინას გადასცენ და სასჯელი იქ მოიხადოს, მაგრამ ამ ეტაპზე არსებული ინფრომაციით, მიშა უკრაინაში „გამგზავრებაზე“ თანახმა არ არის.

ვთქვათ, ისე მოხდა, რომ სააკაშვილი ექსპტრადირებაზე დაითანხმეს, რა ხდება შემდეგ? - როგორც იურისტები განმარტავენ, ასეთ შემთხვევაში, მისი გათავისუფების რამდენიმე გზა არსებობს. ერთი ისაა, რომ ზელენსკიმ შეიწყალოს. მეორე ის, რომ ამნისტია შეეხოს, თუმცა ამის მიუხედავად, მას ნასამართლეობა დარჩება.

კიდევ ერთი გზა, რომლითაც სააკაშვილმა, შეიძლება, საპყრობილე დატოვოს, საერთაშორისო საზოგადოების შუამდგომლობაა, თუმცა იგივე საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს არ შეიწყალებს. იგივეს აცხადებს ქვეყნის პრემიერიც. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტი სასჯელს ბოლომდე მოიხდის.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, დღეის მდგომარეობით, მას 6 წელი აქვს მისჯილი, ბოლო ინსტანციით არის გამყარებული მისი ეს ბრალი და სასჯელი. პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, გვითხრას, მოგვიწოდოს, დღეს, ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის. სააკაშვილი ახლა დაჟინებით ითხოვს, უკრაინაში დამაბრუნეთო. რომ გააცნობიერა, რომ ციხეშია და ძალიან მძიმედ არის, თანამშრომლებს ეუბნება, სასწრაფოდ დამაბრუნეთ უკრაინაშიო. წარმოგიდგენიათ, ეს კაცი რა მდგომარეობაშია?! რატომ ჩამოვიდა, რატომ დაიჯერა ბრიყვულად, რომ აქ ჩვენ გვეძინა და არაფერი არ მოჰყვებოდა მის ამ შემოპარვას?! ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კაცზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში, პრეზიდენტი იყო, კატასტროფაა და შეურაცხმყოფელია, რომ მან საკუთარი ნებით დათმო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. თუ მას უნდა უკრაინაში დაბრუნება, მას შემდეგ, რაც ის სრულად მოიხდის სასჯელს, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეუძლია, ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს“, - აცხადებს პრემიერი.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი ერთ მნიშვნელოვან განცხადებასაც აკეთებს ანუ საზოგადოებას განუმარტავს, თუ რა ბინძურ პროვოკაციაზე აპირებდა წასვლას საქართველოში ჩამოსული სააკაშვილი.

„ძალიან მოკლედ ვეტყვი ჩვენს მოსახლეობას, რაოდენ ბინძურ პროვოკაციაზე იყო წამსვლელი ეს კაცი, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცით ჩვენ. კულმინაციის დროს, მაქსიმუმ 10 ათასი კაცის მობილიზებას, ალბათ, შეძლებდნენ. პოლიციას, ბუნებრივია, მოუწევდა მაშინ მისი დაკავება, მათ შორის, სპეცსაშუალებების გამოყენება. აი ამ დროს, ერთ-ერთ ვერსიად განიხილავდნენ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას. პირდაპირ გიცხადებთ, შიდა ინფორმაცია არის. მათი ერთ-ერთი ვერსია იყო, ბოლომდე რომ მომხდარიყო ჩვენი ხელისუფლების დელეგიტიმაცია. ამ შემთხვევაში, სრულად დავკარგავდით ლეგიტიმურობას, უცხოეთში აჩვენებდნენ, აი, ნახეთ, რა ხდება, პირდაპირ ხოცავენ ოპოზიციის ლიდერებს. რეალურად, მაშინ მოითხოვდნენ არა მარტო სააკაშვილის გათავისუფლებას, არამედ, მთავრობის გადადგომას - ეს ერთი და მეორე - ახალი არჩევნების დანიშვნას. თუ გესმით, რა მასშტაბის პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენს ხალხს?!“ - განაცახდა რამდენიმე დღის წინ, პრემიერმა, „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

სხვათა შორის, თუ კარგად დავაკვირდებით ოპოზიციის ლიდერებს, ყოველ შემთხვევაში, მათ, რომლებიც ენმ-სთან კოლაბორაციაში არ არიან, მიშას დაჭერაზე მაინცდამაინც მწვავე განცხადებები არ გაუკეთებიათ.

რატომ? - ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, თუმცა პასუხი მაინც არსებობს ანუ ვის, ვის და, სწორედ ენმ-სთან არააფილირებულ ოპოზიციას აწყობს, რომ მიშა, როგორც პოლიტიკური ცხოველი, არენიდან გავიდეს. თუ ეს მოხდება, მაშინ პოლიტიკური ველიც ორპოლუსიანი აღარ იქნება - გასაგებია, რომ ოფიციალურად, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიაა, მაგრამ ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია, ეს პარტია, თავიდან ბოლომდე, სააკაშვილთან ასოცირდება. კარგი, დავუშვათ, რომ მელია ენმ-ს გაემიჯნა და თანამოაზრეებიც გაიყოლა, მაგრამ „წასული“ ძირითადად ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც პარტიაში მელიამ მიიყვანა, ესე იგი, ძირძველი „ნაცები“ ისევ ექსმმართველ პარტიაში დარჩებიან და შესაბამისად, ენმ-ც ისევ სააკაშვილთან იქნება ასოცირებული, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მიშას ციხეში ყოფნა დიდი ხნით მოუწევს, მისი პოლიტიკური შარმი ერთგვარად გახუნდება და შესაბამისად, პოლიტიკური ველიც ორპოლუსიანობისგან გათავისუფლდება.

ოპოზიციის ლიდერებს, ალბათ, ამის იმედი აქვთ, მაგრამ პოლიტიკაში გრძელვადიანი პროგნოზისა და გათვლის გაკეთება არცთუ მომგებიანია...