„გიორგი გახარიამ უფრო მეტი გაბედულება უნდა გამოიჩინოს“ - ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ  სააკაშვილი ციხიდან დავიხსნათ!“

 თათია გოჩაძე

 30 ოქტომბერს საქართველოს დიდ ქალაქებში მეორე ტური გაიმართება და მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტიები ოპოზიციური კანდიდატების მხარდასაჭერად. იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი გახარიას ახლადშექმნილმა პარტიამ 2 ოქტომბრის არჩევნებში მესამე ადგილი მოიპოვა, ცხადია, მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიკავებს მეორე ტურში, ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერის თვალსაზრისით, თუმცა გახარია ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებს და საკუთარ ამომრჩეველს არ მიუთითებს, როგორ მოიქცეს საარჩევნო ყუთთან. ამიტომ საინტერესოა, როგორ გაინაწილებს ექსპრემიერის პარტიის ამომრჩეველთა ხმებს ოპოზიცია და ხელისუფლება. ამ და სხვა პოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ „ვერსია“ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ მურმან დუმბაძეს დაუკავშირდა:

  - ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პარტია, რომელიც ამ ბრძოლაშია შემოსული, რა პოზიციას დაიკავებს. მნიშვნელობა არ აქვს, მცირეპროცენტიანია თუ საშუალო, რადგან თუ ცვლილება გვინდა და ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს უნდა, საკუთარი პოზიცია ყველამ უნდა დააფიქსიროს.

გიორგი გახარიას ნეიტრალური პოზიცია, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს, რა უნდა გააკეთონ საარჩევნო ყუთებთან, აპოლიტიკური განცხადებაა და მირჩევნია, პოლიტიკოსმა უფრო მეტი გაბედულება გამოიჩინოს და ღიად თქვას, რომ უნდა დაუჭიროს მხარი არსებულ ხელისუფლებას ან გაერთიანებულ ოპოზიციას.

დედაქალაქში ნიკა მელია მელია კი არ იყრის კენჭს მერობაზე, არამედ, მთელი გაერთიანებული ოპოზიცია, რადგან ღიად, საჯაროდ, პარტიების უმრავლესობა მხარს უჭერს შეთანხმებულ კანდიდატს.

მირჩევნია, რომ გახარიამაც ასეთი პოზიცია დააფიქსიროს. ბუნებრივია, სასურველია, რომ ნიკა მელიას დაუჭიროს მხარი, მაგრამ თუ ასე არ უნდა, უნდა ვიცოდე მისი პოზიცია. სჯობს, გაბედოს და ღიად თქვას, რომ მხარს უჭერს არსებულ ხელისუფლებას და არა - ცვლილებებს.

იმ შემთხვევაში, თუ ის ამ პოზიციას არ დააფიქსირებს, პოლიტიკური გამოცდილება მკარნახობს, რომ ეს პოლიტიკური პარტია ნელ-ნელა მოკვდება და არ მინდა არც ერთი პარტიის სიკვდილი.

მინდა, რომ პოლიტიკურ ველზე იყოს, რათა უფრო მეტი ხმა მიიღოს.

- ბატონო მურმან, რითი ხსნით გიორგი გახარიას ამ ნეიტრალურ პოზიციას?

-  ვფიქრობ, ეს განცხადება ემოციურ ნიადაგზე გააკეთა... როცა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა „ქართული ოცნება“, მარტო არ შემოვიდა პოლიტიკაში, კოალიცია შექმნა და ამ კოალიციამ დაამარცხა წინა ხელისუფლება.

საქართველოში ხელისუფლებას ყოველთვის ამარცხებს კოალიცია, შევარდნაძეც კოალიციამ დაამარცხა და კომუნისტებიც. ზვიად გამსახურდიას უამრავი პარტია ჰყავდა საკუთარ ბლოკში და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაც შესაძლებელია მხოლოდ დიდი კოალიციით და არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ამ კოალიციაში იყოს გიორგი გახარიაც.

- იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურამდე გახარია პოზიციას ისევ არ დააფიქსირებს, როგორ ფიქრობთ, მისი ელექტორატი ოპოზიციისკენ წავა თუ ხელისუფლებისკენ?

- თუ არ დააფიქსირებს, არ ვიტყვი, რომ ის „ქართული ოცნების“ მომხრეა, მაგრამ ვიტყვი, რომ ის არ არის ცვლილებების მომხრე.

არ ვიცნობ კარგად მის ელექტორატს, ძალიან ახალბედა პარტიაა და ვერ გეტყვით, როგორ მოიქცევა მისი ამომრჩეველი.

- კეთილი... ბატონო მურმან, ამ მოცემულობით, რა გეგმები გაქვთ გაერთიანებულ ოპოზიციას?

- პირველი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ ციხიდან, რადგან ის არის პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური მართლმსაჯულებით გამტყუნებული ადამიანი, რომელიც ზის ციხეში და პარალელურად, უნდა ვიფიქროთ 30 ოქტომბერზე.

ჩვენი გეგმაა, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა და ფიქრი იმაზე, რომ 30 ოქტომბერს, ყველა დიდ ქალაქში, სადაც გვაქვს უპირატესობა მოპოვებული, ჩვენი პოზიცია უფრო გაძლიერდეს.

- მეორე ტურში სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის იმედი გაქვთ?

- დედაქალაქში იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რომელსაც მერობის საკუთარი კანდიდატი ჰყავდა, ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ღიად მხარს დაუჭერს ოპოზიციურ კანდიდატს. ვფიქრობ, სხვა პარტიების ლიდერებიც მიბაძავენ და ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

თუ გვინდა ცვლილება, ვადამდელი არჩევნების გარეშე, ამას ვერ მივაღწევთ. კი არ ვაკნინებ თვითმმართველობის როლს, ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, მაგრამ იმისთვის, რომ ძირეული, ფუნდამენტური ცვლილებები განხორცილედეს ამ ქვეყანაში, დიდი ეროვნული ცვლილების გარეშე, ეს ვერ მოხდება და თუ გვინდა, რომ ეროვნული მთავრობა შეიცვალოს, უნდა მოხდეს დიდ ქალაქებში, რაც გარდაუვლად გამოიწვევს ვადამდელ არჩევნებს.

- ბატონო მურმან, 43%-იანი ბარიერის თემა ამ არჩევნების შედეგებით ხომ მოიხსნა და ვადამდელი არჩევნების საკითხს მაინც აყენებთ?

- რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ცვლილება ვერ მოხდება და დავრჩებით იმ ჭაობში, სადაც ვართ. თუ ჩვენ სასამართლოს რეფორმა დღესვე არ დავიწყეთ, ვიქნებით ამ მდგომარეობაში.

ვადამდელი არჩევნები, ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქემ დანიშნა. მაგალითად, თბილისში ხელისუფლებამ მიიღო 43%-ზე მეტი? - ვერა და გამოდის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.

ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდშიც ასე მოხდა. თუ ნინოწმინდის ან ხულოს შედეგებით უნდათ, რომ ვადამდელი არ დამინიშნონ, ეს ხელისუფლების წისქვილზე არ ასხამს წყალს იმიტომ, რომ ნინოწმინდასა და ხულოში ხელისუფლება იგებდა შევარდნაძის დროსაც და მიხეილ სააკაშვილის დროსაც. ნინოწმინდას ან ხულოს კი არ ვაკნინებ, უბრალოდ, ნინოწმინდას სოფლებში, სადაც მცირე უბნებია, საბჭოთა კავშირი და სუს-ი ადვილად მუშაობს, მაგრამ იქ, სადაც 1000-1500 ამომრჩეველია, სუს-ს მუშაობა უჭირს ანუ სოფლებში ვერა, მაგრამ დიდ ქალაქებში, საბჭოთა კავშირი დამარცხებულია. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, რადგან ეს არის გზა ცვლილებებისთვის.