„რაზეც საპარლამენტო ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა, რეფორმა კი არა, ფიქციაა“- კახა კუკავა საარჩევნო რეფორმის კანონპროექტს იწუნებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შემუშავდა საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი, რომელიც შესაფასებლად ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. ხელისუფლებისა და მათი ოპონენტების თქმით, კანონპროექტი მეტ-ნაკლებად კომპრომისულია და შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტს. კანონპროექტში წერია, რომ ცესკო დაკომპლექტდება 17 წევრისგან, მათგან 7-ს პრეზიდენტის წარდგინებით აირჩევს პარლამენტი ხმების 2/3-ით, ხოლო 9 წევრი ინიშნება პარტიების მიერ. ცესკო-ს თავმჯდომარეს 2 მოადგილე ეყოლება, რომელთაგან ერთს აირჩევს პარლამენტი, მეორეს კი ოპოზიციური პარტიები აირჩევენ. ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს ღია კონკურსის წესით და მისი უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება, თუ იგი არჩეული იქნა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, ხოლო სხვა შემთხვევაში – ექვსი თვით.

 ასევე, იარსებებს ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც უნდა შედგებოდეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული ექსპერტებისგან.

 ცვლილებების მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისია უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 17 წევრისაგან და კომისია ვალდებულია, გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია, ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როცა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია სუბიექტების მიერ მიღებული ხმები, ამომრჩეველთა რაოდენობა ან/და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. თბილისის საკრებულო 50 წევრით დაკომპლექტდება, 10 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული, ხოლო 40 წევრი – პროპორციულით. დედაქალაქში საარჩევნო ბარიერი 2.5 % იქნება. ცესკო უზრუნველყოფს ყველა უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტორნული რეგისტრატორით - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პუნქტებისა, რაზეც ახლა ვენეციის კომისია მსჯელობს და სულ მალე განაცხადებს საკუთარ შეფასებას და რეკომენდაციებს პროექტთან დაკავშირებით. საარჩევნო რეფორმის შესახებ 27 მაისს პარლამენტის თავმჯდომარეს არასაპარლამენტო ოპოზიცია შეხვდა. ისინი აკრიტიკებენ კანონპროექტს და აცხადებენ, რომ რეალური საარჩევნო პრობლემების მოსაგვარებლად განსხვავებული პოუნქტების შეტანაა საჭირო. „ვერსია“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავას ესაუბრა:   

_ რაზეც საპარლამენტო ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა, რეფორმა კი არა, ფიქციაა და ცოტა უხერხულიც კია ის საკითხები, რასაც რეფორმად ასაღებენ, მაგალითად, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის შტატის დამატება. ვესწრებოდით კომიტეტის სხდომას, რომელზეც გამოიტანა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის პროექტი და აბსოლუტურდ არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არაა გათვალისწინებული იქ. რეალური პრობლემები, რაც საარჩევნო პროცესში დაგროვდა, შევთავაზეთ არასაპარლამენტო ოპოზიციამ, რაზეც  ხელისუფლების და საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან დაფიქისრდა ნეიტრალური, ლოიალური განწყობა.

_ რომელია თქვენ მიერ შეთავაზებული ძირითადი საკითხები?

_ მაჟორიტარულ ოლქებში უნდა იყოს 50%-იანი ბარიერი, რადგან ქართულ რეალობაში ამის გარეშე მაჟორიტარული არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. არსებული სისტემით, მაჟორიტარულ მანდატებს პირდაპირ ჯიბეში იდებს ხელისუფლება და როგორ უნდა მოიგოს ოპოზიციამ არჩევნები, როცა წინასწარ ჯიბეში იდევს ხელისუფლებას მანდატების მესამედი?

მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხია საარჩევნო უბნებზე ბიომეტრული ვერიფიკაცია. ყველა მთავრობა იყენებდა „კარუსელს“, რაც უძლიერესი მექანიზმია არჩევნების გაყალბებაში. საქმე ისაა, რომ საქართველოში სულ 3.5 მილიონი ამომრჩეველია და მათგან საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება 2.5 მილიონი, ანუ მილიონი ადმაიანის ლუფტი აქვს ხელისუფლებას. ეს არის იმ ხალხის სია, რომელიც გასულია ქვეყნიდან. ხელისუფლება ბეჭდავს ამ ხალხის ყალბ პირადობის მოწმობებს, ურიგებს პარტაქტივისტებს, რომლებიც შედიან საარჩევნო უბნებზე და ამ მომწობებით აძლევენ ხმას.

_ კი, მაგრამ ყველა უბანზე ხომ ხდება მარკირების შემოწმება?

_ ალბათ, გაგიგიათ ტერმინი „გამწვანებული უბნები“, რაც საშუალოდ ყოველი მე-4 უბანია, სადაც მარკირების შემსრულებელი პირი არის ხელისუფლების წარმომადგენელი.

_ კი, მაგრამ ოპოზიციას ხომ ჰყავს კომისიის წევრები და დამკვირვებლები უბანზე?

_ საქმეც ამაშია, დამკვირვებელი ვერაფერს იზამს, ვერ შეძლებს, ყველას უთხრას, მანახე თითიო, ვისაც დაანათებენ მარკირების შემოწმებისას. რაც შეეხება ბიომეტრიულ ვერიფიკაციას, ეს გულისხმობს, რომ ახალი პირადობის მოწმობები არის ბიომეტრიული, აქვს ჩიპი და სპეციალური ფოტო, რომელსაც კომპიუტერი აღიქვამს და როცა უბანზე მოვა ადამიანი, პირადობის მოწმობას კი არ ანახებს, არამედ სპეციალურ წამკითხველ აპარატს დაადებს. ეს კი ბევრად დიდი კონტროლია.

ჩვენ მიერ შეთავაზებული მესამე მნიშვნელოვანი საკითხი არის ფინანსების შეზღუდვა. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ერთმა პარტიამ შეიძლება, ერთ არჩევნებზე დახარჯოს ქვეყნის მშპ-ის 0.01%, რაც გამოდის, დაახლოებით, 4 მილიონი ლარი, რაც მიგვაჩნია, რომ საქართველოსნაირ პატარა და ღარიბ ქვეყანაში აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ პარტიამ ჩაატაროს სრულყოფილი კამპანია. საქართველოს არჩევნებში იხარჯება არანორმალური ფული, მმართველი პარტია ხარჯავს უფრო მეტს, ვიდრე გერმანიის მმართველი პარტია. გერმანია ევროპის უმდიდრესი ქვეყანაა, საქართველო კი უღარიბესი და ეს რამდენად ნორმალურია, საზოგადოებამ განსაჯოს. მეორე საკითხია ის, რომ არჩევნებში დახარჯული ფულის 80-90%-ს ხარჯავს მმართველი პარტია და 10%-ს ხარჯავს ყველა ოპოზიციური პარტია ერთად, რაც არსად ხდება. ფინანსური შზღუდვით ნაწილობრივ მოსყიდვის პრევენციაც მოხდება, თუმცა მოსყიდვა იმდენად რთული ფენომენია, რომ მისი მხოლოდ კანონმდებლობით შეზღუდვა რთულია, ამიტომ იმ დარგში ვახდენთ ფულის ხარჯვის კონტროლს, სადაც არალეგალური ფული ვერ გამოიყენება, მაგალითად, ესაა სატელევიზიო რეკლამა, ოფისების დაქირავება და ა.შ. სამწუხაროდ, არსებობს საარჩევნო ხარჯები, რომლებიც არაა გამჭვირვალე, მაგალითად, საწვავის თანხა და ხელფასები, რომლებიც გაიცემა „შავ ფულად“. შეზღუდვა, რაზეც ვსაუბრობთ, გავრცელდება როგორც მმართველ პარტიაზე, ასევე ოპოზიციაზეც. სხვათაშორის, რამდენიმე ისეთმა ოპოზიციურმა პარტიამ შეიცხადა ეს შეზღუდვა, რომელთაც დეკლარირებული აქვთ თითო მილიონი. ანუ ერთი მილიონი აქვთ ოფიციალურად დეკლარირებული, მე ვეუბნები, 4 მილიონზე მეტი არ უნდა დახარჯოთ-მეთქი და ეს შეიცხადეს, რაც არის აღიარება, რომ რეალურად, რა თქმა უნდა, მეტს ხარჯავენ.

_ ბატონო კახა, არის საკითხი, რომელიც ხელისუფლების მიერ შემუშავებულ კანონპროექტში მოგეწონათ?

_ კომიტეტზე ვთქვი კიდეც, რომ ერთადერთი პუნქტი მომეწონა, რაზეც თქვეს, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ გვაქვსო - ეს საკითხია ბიომეტრიული ვერიფიკაცია. თქვეს, ამას ვაპირებთო, მაგრამ დასძინეს, ჯერ უნდა გავარკვიოთ ექსპერტებთან, რამდენად მოესწრება ტექნიკურადო, რაც ნიშნავს, რომ ბოლოს იტყვიან, იდეა კარგია, მაგრამ ვერ მოესწრებაო.  

_ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ?

_ კი, პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მე პირადად, არ მაქვს გადაწყვეტილი, სადმე ვიქნები თუ არა კანდიდატი. გადაწყვეტილად მინდა, გითხრათ, რომ მერობის კანდიდატი ნამდვილად არ ვიქნები. რაღაც გუნდთან ერთად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. არასაპარლამენტო პარტიებთან გვაქვს კონსულტაციები.

 _ ესე იგი, არასაპარლამენტო პარტიები არჩევნებში ერთ ბლოკად გახვალთ?

_ დიახ, უახლოეს დღეებში გავაკეთებთ განცხადებას ამის შესახებ.