ახალი საფეხბურთო სკანდალი - „პასუხს ვითხოვ და ძალიან გთხოვთ, გამეცით იმ ადამიანებმა, ვისაც გეკუთვნით!“

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ვისგან ითხოვს უსამართლობაზე პასუხს „საბურთალოს“ მტავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე და რატომ წყვეტს კლუბის დაფინანსებას ექსმინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ერთ-ერთი მეწილე და დამაარსებელიც არის. ერთ-ერთ მეწილეს პირობითად ვამბობთ, თორემ რეალურად, ყველამ იცის, რომ გუნდს სწორედ ხეჩიკაშვილი აფინანსებს და მისი დამსახურებაა, კლუბის საფეხბურთო აკადემია, არამარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წარმატებული რომ არის. 1999 წელს დაარსებულმა საფეხბურთო სკოლამ საბოლოო ჯამში ყველა ასაკობრივ ჯგუფში შექმნა გუნდი, უმაღლეს ლიგაშიც ასპარეზობს და თან როგორ - გუნდმა ბოლო 3 წელიწადში საქართველოში მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა - ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი.

15 მარტს კი, ბატონი ტარიელი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ ფეხბურთიდან მიდის და ფინანსების ჩადებას აღარ აპირებს. არადა, რეალურად, ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული ბიზნესმენები ძალიან ცოტაა და ამის ბრალიცაა, ქართულ ფეხბურთს არაფერი რომ არ ეშველა. აი, რა თქვა ბატონმა ტარიელმა:

„ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც ახლა უნდა ვთქვა, რადგან ქართული ფეხბურთს წლები უანგაროდ ვემსახურებოდით, მაგრამ ბევრი პრობლემა დაგროვდა და ვცდილობდით, ხმა ყველასთვის მიგვეწვდინა. ამ ნაბიჯამდე აბსოლუტურმა იგნორმა და არაკომპეტენტურობამ მიმიყვანა. თანამშრომლობის ნაცვლად, ურთიერთპატივისცემის, ინვესტორისა და გუნდის, მწვრთნელის, ფეხბურთელების შრომის დაფასების პრობლემაა. ამ პირობებში გადავწყვიტე, პროფესიულ ფეხბურთში ინვესტიციები დროებით შევწყვიტო. ეს არ ნიშნავს, რომ „საბურთალო“ აღარ იარსებებს – იქ კიდევ არიან პარტნიორები, კომპეტენტური ხალხი. მეც ვერ შევძლებ, ფეხბურთის გარეშე ვიყო. სხვადასხვა ფორმატში ჩემი კავშირებით და სახსრებით სპორტის განვითარებას დავეხმარები, ასევე საფეხბურთო აკადემიას, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები სწორ გზაზე დადგნენ. მე კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, რადგან, სამწუხაროდ, ეს სისტემური პრობლემაა. მინდა ჩემი თანადგომა გამოვხატო დღეს ფეხბურთში მყოფი ინვესტორების მიმართ და ჩემი სურვილი იქნება, მათ მეტი გულისხმიერებით მოექცნენ. ქართული ფეხბურთი მათ მხრებზე დგას. მზად ვარ, პრობლემებზე ნებისმიერ ფორმატში ვისაუბროთ. სამწუხაროდ, უპატივცემულობა მივიღეთ – ყველა დონეზე. იმედია, ქართული ფეხბურთში გულდაწყვეტილი ინვესტორების რიცხვი აღარ გაიზრდება“.

ახლა რიგითობით მივყვეთ. ხეჩიკაშვილის განცხადებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა დასრულდა. ოთხი წლის განმავლობაში, თუ საფეხბურთო კლუბი მოიზიდავდა ინვესტორს და ჩაადებინებდა თანხას, ფეხბურთის განვითარების ფონდი იგივე ოდენობას უმატებდა. ანუ, თუ ვინმე საფეხბურთო კლუბში ჩადებდა მილიონს, დამატებით მილიონს მიიღებდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება „საბურთალოს“ ტიტულებიც. ახლა ეს პროგრამა დასრულებულია და მხოლოდ „საბურთალო“ კი არა, ყველა კლუბი უმძიმეს დღეშია - ინვესტორები უბრალოდ გავიდნენ და ფულს აღარ დებენ, რადგან ზუსტად იციან, ამ თანხებით შორს ვერ წავლენ. მეორე მიზეზი, რამაც ხეჩიკაშვილს ეს გადააწყვეტინა: დინამო-საბურთალოს 14 მარტს გამართულმა შეხვედრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. გულშემატკივართა აზრით, მსაჯმა „საბურთალო“ აშკარად დაჩაგრა და „დინამომ“ სწორედ ამის ხარჯზე იმარჯვა ანგარიშით 4:3.

„სტატუსების წერა არ მჩვევია, არაფერი არასდროს არ დამიწერია, მაგრამ გუშინ რაც ცირკი დადგეს და კონკრეტულად კიკაჩეიშვილმა, არ შემეძლო არ დამეწერა არაფერი. ბოდიშს გიხდით წინასწარ, თუ რამე ზედმეტი მომივა. უბრალოდ მინდა მივმართო და ამას აუცილებლად მედიასთანაც დავაფიქსირებ, ასეთ უსამართლობაში და არათანაბარ ბრძოლაში მე აღარ ვაპირებ გაჩერებას. არასდროს სხვისთვის არ დამიბრალებია წაგება ან რამე იმედგაცრუება, მაგრამ უკვე დროა ხმა ამოვიღოთ.

მე მიმაჩნდა, შარშან „ლოკომოტივიდან“ რომ წამოვედი, ის გადაწყვეტილება, რაც კლუბმა მიიღო, ჩემთვის უსამართლო იყო და მეყო კაცობა და დავტოვე კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს ვცემდი და დღესაც ვცემ „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობას, მაგრამ ჩემი პრინციპი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგება და დგას. ეს შემთხვევაა ახლაც, სადაც ჩემი პატიოსნება და პრინციპი შეილახა ვიღაც არაკომპეტენტური ტიპის (მას ვერაფერს დავარქმევ) გამო.

მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს დავუთმე, არც ოჯახი ვიცი და არც მეგობარი, იმდენად ჩართული ვარ საქმეში და არავის არ მივცემ იმის უფლებას, ასე არასამართლიანად მომექცეს. თურმე პატიოსნად შრომა არ არის საკმარისი, რათა რამეს მიაღწიო. ან „დინამოს“ რაში სჭირდება ასეთი ჩემპიონობა და მოგება. ნამდვილად აღარ ვაპირებ გაჩუმებას, ჩავყვები ბოლომდე, სანამ სამართალს არ მივიღებ. მე ვინც მიცნობს, მთელი ჩემი ცხოვრება სამართლიანად მიმყავს და ყალბი არასდროს არაფერში ვყოფილვარ, არც საქმეში და არც მეგობრობაში. აღარც ახლა ვაპირებ, ვინმემ შელახოს ჩემი პატიოსნება, რომელიც გუშინ ნამდვილად შეილახა ვიღაცა მიკერძოებული ადამიანის გამო.

პასუხს ვითხოვ და ძალიან გთხოვთ, გამეცით იმ ადამიანებმა, ვისაც გეკუთვნით და ძალიან კარგად იცის, ვის ეკუთვნის. შარშან „ბათუმის“ პრეზიდენტი, ბატონი აჩიკო ბერიძე აპირებდა ზუსტად ამ ადამიანის გამო ფეხბურთიდან წასვლას, რომელიც ამხელა ინვესტიციებს დებს, შრომას და ნერვებს ამ საქმეში და მაინც ეს პატარა ბავშვი, მსაჯს ვგულისხმობ, ასე უტიფრად აგრძელებს თავის მოღვაწეობას, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. ზუსტად ეგ განცდა მაქვს ახლა, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვარ და ვართ ამ შემთხვევაში "საბურთალო". ასე წინ ვერ წავა ვერც ქართული ფეხბურთი და ვერც ინდივიდუალურად განვვითარდებით, ვერც მწვრთნელები და ვერც ვერცერთი ფეხბურთში მოღვაწე ადამიანი.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სირაქლემას პოზაში ყოფნას არ ვაპირებ! მადლობა და ბოდიშს გიხდით, თუ ზედმეტად გულახდილი ვიყავი“,- ეს განცხადება  ხეჩიკაშვილის გამოსვლამდე, „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ გააკეთა. ანუ, მანაც დააფიქსირა, რომ ფარსში მონაწილეობა აღარ სურს და „ვიღაცეების“ გამო კლუბები უსამართლოდ იჩაგრებიან.

სიმართლე გითხრათ, ცოტა ძნელი წარმოსადგენია „საბურთალოს“ დაჩაგვრა (თუმცა, „დინამოსთან“ მატჩში კითხვები აშკარად იყო). ძნელი წარმოსადგენი კი იმიტომ, რომ კლუბის ერთ-ერთი მეწილე ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად, კახა ჭუმბურიძეც გახლავთ. ბატონი კახა კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტია. „საბურთალოს“ მეწილეა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძეც, რომელიც ამჟამად... თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გახლავთ. და ამ ყველაფრის მიუხედავად, „დინამოსთან“ შეხვედრამ იმდენი კითხვა გააჩინა, რომ წასვლას აპირებს კლუბის პრეზიდენტი, მთავარი მწვრთნელი...

ჩვენ ბატონი ტარიელის გარემოცვას შევეხმიანეთ და მათ დაგვიდასტურეს, რომ ხეჩიკაშვილი ძალიან გაბრაზებულია. მისი ეს განცხადება უფრო ემოციური ფონით იყო ნაკარნახევი, თუმცა მისი მეგობრები არ გამორიცხავენ, რომ ხეჩიკაშვილმა მთავარი გუნდის დაფინანსება მართლაც შეწყვიტოს და მთავარი აქცენტი აკადემიასა და ახალი ფეხბურთელების აღზრდაზე გააკეთოს. ანუ, თუ წასვლაა, ხეჩიკაშვილი მთავარი კლუბიდან წავა და არა მთლიანად აკადემიიდან, რომელიც ვიმეორებთ, არამარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ბათო ჯაფარიძე