„31 მარტს საქართველოში „ფაიზერის“ ახალი დოზა შემოდის“- ლადო კახაძე პანდემიურ ვითარებასა და ახალი შტამის გავრცელებას აფასებს

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: სალომე ნოზაძე 

მიუხედავად იმისა, რომ პანდემია შესუსტდა და ინფიცირების რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს,  მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც, ევროპასა და ამერიკაში კორონავირუსის ახალი შტამი „დელტამიკრონი“ გამოჩნდა. რამ გამოიწვია ინფიცირების რაოდენობის კლება და უნდა ველოდოთ თუ არა ახალი შტამის გამოჩენას საქართველოშიც - ამის გასარკვევად ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილეს, ლადო კახაძეს ვესაუბრეთ:

 _ბატონო ლადო, რა მდგომარეობაა ახლა საქართველოში პანდემის კუთხით და რამ შეამცირა დაინფიცირებულთა რიცხვი?

_სტაციონარი არ არის გადატვირთული, ბინაზე მართვის გამო „ომიკრონი“ ცოტა მსუბუქი ფორმა გამოდგა, ამიტომ ძირითადად ვინც დაინფიცირდა ამ შტამით, ბინაზე გადის მკურნალობას. მაგრამ გარკვეულწილად, როლი ითამაშა აცრამაც, 43% არის აცრილი ჩვენი მოსახლეობის, ესეც, რასაკვირველია, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისციპლინირებული გახდა ერთი პერიოდი ნიღბის გამოყენება, ახლა შემცირდა ნიღბის მოხმარება. 28%- მდე ჩამოვიდა და ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. სჯობს, რომ ეს მაჩვენებელი ცოტა ავწიოთ. ეს არის კონპლექსურად ამ შტამთან დაკავშირებით.

_ ხომ არ თვლით, რომ საზოგადოება გათამამდა ინფიცირებულთა კლების გამო, ვაქცინაცია შემცირდა და ამ ფონზე უნდა ველოდოთ თუ არა ახლო მომავალში ინფიცირების მომატებას?

_საერთოდ ვაქცინაციას პროპაგანდა აღარ უნდა იმიტომ, რომ ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი პლატფორმიდან, რომელსაც ექიმი აკეთებს, სახელმწიფო მოხელე აკეთებს, ჟურნალისტი თუ ჩვენ... არ ვიღლებით, ინდივიდუალურ საუბრებში თუ საჯაროდ თხოვნით მივმართათ ხოლმე, აიცრან. აცრამ მსოფლიოში დადებითობის მაჩვენებელი ფუნქცია შეასრულა და წარმატებული ქვეყნების მაგალითების ჩამოთვლაც კი კმარა, რომ გართულება და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან შეამცირა აცრილ მოსახლეობაში.

დღესაც ჩვენ, რომ რეამინაციულ განყოფილებაში არიან „დელტათი“ დაავადებული ადამიანები, იქაც 99% აუცრელია. ამიტომ  ყოველდღიურად ვცდილობთ ადამიანებთან ურთიერთობაში კეთილგანწყობით შევახსენოთ, ზოგი კი გვიწყრება, მაგრამ ჩვენ, ექიმები, არ დავიღლებით იმის თქმით, რომ აიცრან. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთებული გვაქვს ასაკოვან, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, აი, ეს არის სასურველი, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ საზოგადოებასთან. 21-ე საუკუნეში ადამიანს ხელის დაბანა რომ შეახსენო, ცოტა უხერხული კი გამოვიდოდა, რადგან ეს ეთიკური, ჰიგიენის ნაწილია და ადამიანებმა ისედაც უნდა იცოდნენ.

_ბატონო ლადო, თქვენი აზრით, პანდემია დასასრულისკენ წავიდა ?

_ ახლა ძალიან ცუდი მდგომარეობაა მსოფლიოში, ამ დაძაბულ მდგომარეობას მსოფლიოში ჩვენ ყველანი განვიცდით. არის ისეთი ბევრი კონპონენტი, რომელიც დაავადებას ხელს უწყობს, ყოველშემთხვევაში, ორგანიზმის დასუტება შესაძლებლობას უზრდის მიკროსამყაროს, რომ დაგვასუსტოს და დაგვასნეულოს. ჩვენ ვამბობდით, რომ რთული პროცესი შეიძლება, გველოდებოდეს პოსტკოვიდურ პერიოდში. არსებობს პოსკოვიდური სინდრომი, განსაკუთრებით ქრონიკულად დაავადებულ ადამიანებში და განსაკუთრებით გადატანილებში. ამ ორ წლიანმა პანდემიამ ადამიანები დაზაფრა, ზოგმა სამსახური დაკარგა, ზოგი ონლაინ სწავლებაზე გადავოდა და ადამიანები დაიზაფრნენ, ბევრი რამე მოხდა, რაც პოსტკოვიდურ სინდრომში გადის. 

_როგორ უნდა ვმართოთ პოსტკოვიდური მდგომარეობა?

_ადამიანები ერთმანეთს უნდა შევეხიდოთ, არამარტო ქმედით ნაწილში და ეს ყველანაირად უნდა იყოს წახალისებული. მიუხედავად ახლანდელი გამძაფრებული მდგომარეობისა, ჩვენ სიტყვიერი თანადგომით უნდა დავუდგეთ ადამიანებს გვერდით. რომ არა ეს ომი, რომელიც რუსებმა დაიწყეს, შეიძლებოდა უფრო მეტად წაგვეხალისებინა სიტყვიერად ადამიანები.

მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ გამოწვევების სამყაროში ვცხოვრობთ, ერთად უნდა ვეცადოთ, კარგი დავინახოთ. ასევე შიდა დაძაბულობა, პოლარიზება, ადამიანები მიჯაჭვულები არიან ონლაინ რეჟიმს, მიეჯაჭვნენ კომპიუტერებს, ტელეფონებს, სოციალურ ქსელებშიც ძალიან დაიძაბა ურთიერთობა, ადამიანები ერთმანეთს პატივს აღარ სცემენ ესეც ძალიან ძაბავს სიტუაციას და ეს ყველაფერი არ ვარგა. გარდა ამისა, სანამ პანდემია არ მოიხსნება, ის ტალღა რომელიც ახლა არის შეიძლება ძალიან დაბლა ჩავიდეს, თუმცა ღმერთმა არ ქნას, შეიძლება ისევ აიწიოს.

_როგორც ცნობილი გახდა, მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც, ევროპასა და ამერიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დელტამიკრონი გამოჩნდა. რამდენად საშიშია და უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოშიც ამ ახალ შტამს?

_ეს არის კომბინირებული ფორმა, რომელიც კოვიდ ვირუსის შტამებს ახასიათებს. „დელტამიკრონის“ სულ 17 შემთხვევაა დაფიქსირებული და იყო განმარტება, რომ ნებისმიერ შტამს, რომელიც არ უნდა წამოვიდეს, დახვდება უკვე მომზადებული პოპულაცია აცრების კუთხით. დედამიწის დიდი ნაწილი მოსახლეობის აცრილია და აცრის მაჩვენებელმა შტამის სწრაფად გავრცელებას წინააღმდეგობა გაუწია. მჯერა, რომ 43%, რომელიც აცრილია, უნდა გავზარდოთ ამ შტამის თავიდან ასაცილებლად. რეკომენდაცია და გამოცდილება წარმატებული ქვეყნებისა კიდევ ერთხელ გვიბიძგებს, რომ დავეყრდნოთ მათ სტატისტიკურ მონაცემებს აცრილებით და სრულად აცრილი ადამიანები 99% აიცილებს თავიდან გარდაცვალებას. ნებისმიერი შტამი, რომელიც არ უნდა გაჩნდეს, იმუნიზირებულ ადამიანებში სიკვდილობას თავიდან აიცილებს. შეიძლება შეგეყაროს, თუმცა აცრილი ადვილად გადაიტანს, ვიდრე აუცრელი. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას. ჩემი მთავარი აქცენტია, რომ შეიძლება დაგემართოს, მაგრამ გართულებას და ლეტალობას აიცილებ თავიდან. ეს სტატისტიკამაც დაადასტურა, რომ აცრილთა შორის გარდაცვალების მაჩვენებელი არის ძალიან, ძალიან დაბალი. ახლა განახლდება ფაიზერის ახალი დოზის მარაგი. 31 მარტს ფაიზერის ახალი დოზა შემოდის და ისევ და ისევ ჩვენი გონიერი მოსახლეობის იმედად ვართ, რომ აცრას გავზრდით და ეს გამოგვადგება ნებისმიერი ახალი შტამთან განმკლავების დროს.