რატომ არ უხდიან ხელფასს საპატრიარქოს გიმნაზიაში პედაგოგებს - ექსკლუზიური ინტერვიუ დეკანოზ მირიან სამხარაძესთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„თამარ მეფის სახელობის გიმნაზია“ საქართველოს საპატრიარქოს ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ის თბილისში, სამღერეთის ქუჩაზე, მდებარეობს და დაყოფილია სამ სტრუქტურულ ერთეულად, რომელშიც შედის: გიმნაზია, პროფესიული კოლეჯი და ხელოვნების სკოლა-პანსიონი. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება საპატრიარქოს სტრუქტურულ ერთეულად ითვლება და ყოველწლიურად დაფინანსებას გასცემს, გიმნაზიის მატერიალურ და ფუნქციონალურ პრობლემებს თავად საპატრიარქო უნდა ადევნებდეს თვალს. „ვერსიას“ დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გიმნაზიაში დიდი ხანია, ხელფასების გაცემის პრობლემაა და მასწავლებლები ანაზღაურებას თვეობით ვერ იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზიას წლიური შემოსავალი ორ მილიონ ლარამდე აქვს, ჩვეულებრივ საჯარო სკოლას კი, 800 ათასი ლარი ჰყოფნის ფუნქციონირებისთვის.

მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად და დეტალების გასარკვევად "ვერსია" "თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში" იმყოფებოდა, სადაც მის დირექტორს და დამაარსებელს, დეკანოზ მირიან სამხარაძეს ვესაუბრეთ:

_მამა მირიან, მართალია, რომ გიმნაზიის მასწავლებლებს ხელფასი თვეობით არ ერიცხებათ?

_ჩვენთან ყველა ინფორმაცია არის ღია და გამჭირვალე, ამ პრობლემის შესახებ წლებია, ტელევიზიებში, პრესაში და სოცალურ ქსელებში ვსაუბრობ. ეს უცხო და ახალი არ არის, სამწუხაროდ, შემოსავალი და გასავალი ერთმანეთს ვერ აბალანსებს, არანაირი მოგება არ გვაქვს. რითაც გვაფინანსებენ, არ გვყოფნის. ძალიან ცუდია, როდესაც პედაგოგი ამდენს შრომობს და ვერ აძლევ ხელფასს, რაც საშუალება გვაქვს პროცენტულად ვანაწილებთ თანაბრად. დამლაგებლებს და პერსონალს, რომელსაც ისედაც დაბალი ხელფასი აქვს, მათ არასდროს ვაკლებთ და ვცდილობთ, დროულად დავურიცხოთ თანხა, რადგან ფინანსურად უჭირთ. ჩვენთან ყველას შეუძლია შემოსვლა და საკითხის გარკვევა, მოსწავლესაც კი. ჩვენ უამრავი ხარჯი გვაქვს, კომუნალურებიდან დაწყებული, ჰიგიენური ნივთებით დამთავრებული. ფასები კი ყველაფერზე გაძვირებულია. ასი ათას ლარამდე მშობლებს აქვთ დავალიანება. აქ ფული ხელზე არ ტრიალებს, ბანკში ირიცხება და ისეთი პროგრამაა, 5 თეთრი რომ იყოს ზედმეტად, იმას ამოაგდებს. მონიტორინგი და ბევრი შემოწმება მოსულა ჩვენთან, მაგრამ ვერავინ ნახა დარღვევა.

_საპატრიაქოს დაფინანსების გარდა, რა შემოსავალი აქვს გიმნაზიას?

_ჩვენი შემოსავლის წყარო არის მშობელთა შემონატანი, ვაუჩერი, რომელიც მოსწავლეს ეძლევა განათლების სამინისტროსგან (წლიური-135000ლ) და საპატრიარქოს დაფინანსება (წლიური-448000ლ). ჩვენთან არის გიმნაზია და სკოლა-პანსიონი ცალ-ცალკე, ჯამში წლიური ბიუჯეტი მილიონ რვაასი ათას ლარზე მეტია. თითო ბავშვზე გადასახადი შეადგენს 1700 ლარს, მაგრამ არის სხვადასხვა შეღავათები. ახლა გვყავს 400 მოსწავლე, პანდემიამდე უფრო მეტი გვყავდა, ბავშვები ფერეიდნიდან და საინგილოდან მოდიოდნენ ხოლმე, თუმცა, პანდემიის გამო ვერ მოახერხეს ჩამოსვლა. 400 მოსწავლიდან, 41 იხდის 1700 ლარს, 10 მოსწავლე - 1400 ლარს, 76 - 1200 ლარს, 135 მოსწავლე - 1000 ლარს, 1 იხდის  700 ლარს, 33 -  650 ლარს, გვყავს მოსწავლეები, რომლებიც მხოლოდ 100 ლარს იხდიან. დაახლოებით 389 000 ლარია შემოსავალი მშობლებიდან. ცალკე არის კვების პაკეტი, რომელიც 700 ლარი ღირს, მაგრამ ისე გაძვირდა ყველაფერი, ეს თანხა არც ყოფნის ერთ ბავშვს. გვაქვს გახანგრძლივებულის 300 ლარიანი პაკეტი, ამის თანხას არ იხდიან სასულიერო პირების შვილები. ასევე, სოციალურად დაუცველებს ყველაფერზე ძალიან ცოტას ვახდევინებთ, ეს ვალდებულება კი არა, ჩვენი კეთილი ნებაა.

_რა პრინციპით ხდება მშობლის გადასახადის განსაზღვრა და ვისზე მოქმედებს ეს შეღავათები?

_როცა ოჯახიდან არის ორი ან მეტი ბავშვი, მათზე მოქმედებს შეღავათი, ასევე სოციალურად დაიცველებზე, თანამშრომლების შვილებზე, სასულიერო პირების შვილებზე, ფერეიდნელ და საინგლიოელ ბავშვებს საერთოდ არ ვახდებინებთ გადასახადს. დისკრიმინაციაა, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეებს განათლების სამინისტრო ვაუჩერით მეტ თანხას აძლევს დაახლოებით 600 ლარს, ვიდრე კერძო სკოლაში, სადაც 300 ლარს იმეტებენ.

_ რამდენი მასწავლებელი გყავთ და არიან თუ არა ისინი წინასწარ ინფორმირებული ხელფასის გაცემის პრობლემასთან დაკავშირებით?

_47 მასწავლებელი გვყავს. მათ კარგი ანაზღაურება აქვთ, გააჩნია ვის რამდენი საათი აქვს აღებული. დასამალი არაფერია, ეს პრობლემა წლებია, გვაქვს. იყო დრო, როდესაც მასწავლებლები 3 თვე ვერ იღებდნენ ხელფასს, როცა ბიუჯეტი გვიმტკიცდება, ყოველთვის ვაფრთხილებთ მათ, რომ ეს ასე იქნება. ყველა საქმის კურსშია. შემიძლია, გამოფენაც კი გავაკეთო ზემდგომ ორგანოებში გაგზავნილი წერილების. ყველას მივმართე, მთავრობაში, სააპატრიარქოში, არასამთავრობოებს, ბიზნესმენებს, ზოგი პასუხსაც არ მიბრუნებს. ზოგი მწერს, რომ საქმე განხილვაშია. წლის ბოლოს განათლების სამინისტრო გვიმატებს ხოლმე ცოტა თანხას და ამით ვუხდით მასწავლებლებს ხელფასს. ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ თუ არ გადაწყდა, ასე იქნება სულ. პროცენტულად ეს ხელფასი მასწავლებლებს კი არა, ყველას გვაკლდება, ჩემი ჩათვლით.

_თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი? სულ ასე ხომ ვერ იქნება, ამ მასწავლებლებს ოჯახები ჰყავთ სარჩენი...

_გამოსავალი არის ის, რომ გაგვიზარდონ დაფინანსება ან მშობლებისთვის გადასახადი გავზარდოთ, თუმცა, დღეს ყველას უჭირს და ასე მარტივად ვერ გავზრდით. ზოგისთვის ეს 1700 ლარი ძალიან ბევრია. როცა ამხელა შეღავათებით სარგებლობენ ბავშვები, მითუმეტეს მრავალშვიალიანი ოჯახებიდან როგორ გავუზარდოთ? სად აქვთ ამდენი შემოსავალი? საპატრიარქოს უნდა გაეზარდოს ის თანხა, რასაც სახელმწიფო აძლევს, ტყუილია, რომ ამ თანხას სასულიერო პირები თავიანთი კეთილდღეობისთვის იყენებენ. ეს ფული ხაზინაში დევს და იქ თუ არ წარადგინე დოკუმენტი რისთვის გამოგაქვს, ისე არავინ მოგცემს. საპატრიარქო ამ ფულს ძირითადად საგანმანათლებლო პროექტებზე ხარჯავს. რომ ამბობენ, რად უნდა საპატრიარქოს ამხელა დაფინანსებაო, ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩვენი მოქალაქეები არ მუშაობენ? ეს არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე? 25 მილიონი რას ეყოფა ამდენ რამეს. საპატრიარქოს ხელმძღვანელობაშია 2 სასულიერო აკადემია, გელათის სამეცნიერო აკადემია, 7 სემინარია, 4 უნივერსიტეტი, საპატრიარქოს ტელევიზია, ბავშვთა სახლები, მოხუცებულთა სახლები, ინკლუზიური სწავლების სახლები, ასამდე ორგანიზაციაა. სწორედ ამის გამო არ გვყოფნის შემოსავალი. ჩვენ ვთხოვთ საპატრიარქოს, გაგვიზარდონ შემოსავალი, მაგრამ არ შეუძლიათ. თუ სახლმწიფო მათ დაფინანსებას გაუზრდის, ჩვენც აღარ გვექნება ხელფასების გაცემის პრობლემა. 

_ხელფასის გაცემის გარდა, კიდევ რა პრობლემები გაქვთ გიმნაზიაში?

_დარბაზი გვაქვს გასარემონტებელი, ასევე პანსიონის შენობა, სადაც ბავშვები რჩებიან და ცხოვრობენ. „ქართუ ფონდი“  იყო შეპირებული გიმნაზიის გარემონტებას, მაგრამ შეჩერდა ეს საქმე და ვერც მე შევაწუხე თხოვნით ისინი. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობა მქონდა, სანამ ის საჯაროდ გამოჩნდებოდა, ჩვენ გიმნაზიას ხშირად ახსენებდა ხოლმე. ადით ლოტკინზე და ნახეთ, როგორი ტოლერანტული გიმნაზიააო. კულტურის მინისტრი მინდა, დავპატიჟო და დავათვალიერებიო ყველაფერი. სხვათაშორის, ძალიან აქტიური მინისტრია თეა წულუკიანი, რაღაცები კი არ მომწონს ხოლმე, მაგრამ ბევრ პროექტს ახორციელებს და ასეთი კარგი დაფინანსებები არასდროს ყოფილა. იქნებ, ჩვენც დაგვეხმარონ, რადგან მართლაც ძალიან კარგი გიმნაზია გვაქვს, ოჯახურ გარემოში.  ჩვენს გიმნაზიას ტოლერანტულს ეძახიან, აქ ჩამოდიან ეკომიგრანტები მაღალმთიანი რეგიონებიდან, საინგილოდან და ა.შ ამჟამად 40 მუსულმანური აღმსარებლობის ბავში სწავლობს ჩვენთან, რომლებსაც მე ყოველ კვირა მეჩეთში ვაგზავნი სალოცავად, გსმენიათ ასეთი რამ სხვაგან? ჩვენ ტოლერანტები ვართ. საფრანგეთის ელჩმა და სახალხო დამცველმა პრემია გადმოგვცეს ტოლერანტობისა და ადამიანების უფლების დაცვისათვის. ავტორიზაცია ორჯერ გავიარეთ, ახლა გვიწევს 2022-ში კიდევ და ყოველთვის ვაკმაყოფილებთ რეგულაციებს და მოთხოვნებს.

_თქვენ შესახებ მოგვყვევით, როდის და რატომ გადაწყვიტეთ გიმნაზიის დაარსება?

_ჩემი დაფუძნებულია გიმნაზია, მე და ჩემს მეუღლეს დიდი შრომა გვაქვს ჩადებული. ის წარმოშობით ხულოელია, სოფელ ქედლებიდან. ხულოში ვმუშაობდი წლები, სასულიერო სკოლის დირექტორი ვიყავი. მუსულმანურ გარემოში იყო ქრისტიანული სასწავლებელი, რომელიც ზვიად გამსახურდიამ გახსნა, 2007 წლამდე იქ ვმუშაობდი. ყოველწლიურად რაც თანხას გვაძლევდა სახელმწიფო, სულ გვამოწმებდა კონტროლის პალატა, ახლანდელი აუდიტი და ასე არის აქაც. ჯერ ერთი, ჩემ თავს არ ვკადრებ ფულის გადამალვას და მერე ჩემს ეკლესიას, აქ ყველა მიცნობს და იციან, ვინ ვარ. თეატრალური მაქვს დამთავრებული, პროფესიით რეჟისორი ვარ, ხარაგაულის სახალხო თეატრში ვმუშაობდი, შემდეგ სოფელ ვერტყვიჭალაში გავაკეთე ბავშვთა თეატრალური სტუდია. ასევე, ეროვნული მოძრაობის დროს, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი ვიყავი, შევარდნაძე დასაჭერად დაგვდევდა და აჭარაში წავედი, იქ შევაფარე თავი. 37 წლის ვიყავი, რომ დავქორწინდი, ბერობას ვაპირებდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ცოლი შევირთე. ჩემი მეუღლე და მისი და ფილოლოგები არიან, აქ მუშაობენ. 13 წელი ვიყავი აჭარაში. 10 წელი სკოლის დირექტორი. აჭარის პირველი საეკლესიო გაზეთის „სხალთის ზარების“ დამფუძვნებელი და რედაქტორი გახლავართ. ჩემი მეუღლე მუსულმანი იყო, შემდეგ ქრისტიანული წესით მოინათლა და ჯვარი ჩუმად დავიწერეთ. მისი ოჯახისთვის მიუღებელი იყო ეს ქორწინება. ხულოში რომ ჩავედი, მხოლოდ 5 ქრისტიანი დამხვდა და ახლა 150 ნათლული მყავს, ხოლო ჩემს მეუღლეს 80-მდე. ჩვენი ნათესავები ვინც ყველაზე მეტად გვებრძოდნენ, ახლა მონათლულები და მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. ერთი მღვდელი ვიყავი მთელ ზემო აჭარაში. პატრიარქის კურთხევით, თბილისში ჩამოვედით და  მას შემდეგ ვწვალობთ ასე, ხელფასებს ვერ ვუხდით მასწავლებლებს, ბევრი მოდის, აღფრთოვანდება, გვპირდებიან დახმარებას, მაგრამ არაფერი. ბევრი ჯილდო მოვიპოვეთ და სხვადასხვა ფესტივალებში მიგვიღია მონაწილეობა. ბავშვებს ძალიან უყვართ აქაურობა.  ასეთი ადგილი სხვაგან არ არსებობს, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრს ყელში აქვს გაჩხერილი ჩვენი სკოლა. მენანება ამ ნაშრომის დატოვება, თორემ ერთი დღე არ გავჩერდებოდი.

 „ვერსია“ დაინტერესდა, რას ფიქრობს ამ პრობლემასთან დაკავშირებით „საქართველოს საპატრიარქო“ და აპირებენ თუ არა, გიმნაზიისთვის დაფინანსების გაზრდას. ამასთან დაკავშირებთ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ვესაუბრეთ.

-„ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა, ეს დაფინანსებები, რაც სკოლებს ჩვენგან მიეცათ, განისაზღვრა წლების წინ. მაშინ სხვა იყო ხელფასებიც, ფასებიც და სტანდარტებიც. მხოლოდ ეს გიმნაზია არ არის, რომელსაც დაფინანსება არ ჰყოფნის, კიდევ მრავალი ასეთია. პედაგოგებს ვერ ვაძლევთ საპენსიო და სასერტიფიკაციო დანამატებს. განათლების სამინისტროდან, დაფინანსების მხრივ საჯარო სკოლებთან შედარებით ჩვენი სკოლები არიან არათანაბარ პირობებში, მოსწავლეების ვაუჩერის თანხას იღებენ ნახევარი ოდენობით, ვიდრე საჯარო სკოლები. აღნიშნული საკითხები რამდენჯერმე იყო განხილული, თუმცა, ვერ მოხერხდა ბოლომდე მოგვარება.  მარტივად რომ ავხსნა, 2200 პედაგოგი და პერსონალი ჰყავს საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და რომ დათვალოთ, მათი საშუალო ანაზღაურება, გამოვა 25 მილიონი არ ჰყოფნის მათ ხელფასებს. თუ საპატრიარქოს დაფინანსება გაეზრდება, მაშინ უზრუნველვყოფთ გიმნაზიებისთვის დაფინანსების გაზრდას“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 ავტორი: ია გრიგალაშვილი