როგორ იძია შვილის მკვლელზე შური დედამ ათი წლის შემდეგ

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ათწლიანი სასჯელი შეცდომით მოიხადა და ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლეს

 

ბათო ჯაფარიძე

 

90-იან წლებში, ადამიანის გაფუჭება ძალიან ადვილი იყო. ადვილი იყო გაუხსნელი საქმის გახსნაც, ისეთის, მომკითხავი რომ არავინ ჰყავდა, მაგრამ კარგი მაჩვენებლისთვის აუცილებლად რომ უნდა გაგეხსნა. ყველაფერი უფრო გაიოლდა მაშინ, როცა დედაქალაქში დევნილები ჩამოვიდნენ. მათ უმრავლესობას საცხოვრებელი არ ჰქონდა, თავიდან ქუჩაშიც კი რჩებოდნენ, ბევრი საერთოდ ასცდა გზას, ბევრი გალოთდა, ბევრს, უბრალოდ, გულმა უმტყუნა. ჰოდა, ყველაფერი ეს სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ერთი მხრივ, მისწრება იყო - თუნდაც  გარდაცვლილს ან გალოთებულს ისეთ დანაშაულს შეაწმენდდნენ, რომლის აზრზეც არ იყო, მაგრამ გარდაცვლილი ვეღარ აპროტესტებდა, გალოთებული - აღარ, რადგან ამის არც თავი ჰქონდა, არც - ნერვები...

 

2003 წლის დეკემბერი ბოლო დღეებს ითვლიდა. საზოგადოება აღტაცებით უყურებდა უკვე შეცვლილ ხელისუფლებას, თან არჩევნებისთვის ემზადებოდა და ყველამ იცოდა, რომ გამარჯვებას ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი მოიპოვებდა. აი, მერე რა მოხდებოდა, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა და ვერც იმას იფიქრებდა ვინმე, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სააკაშვილი მისივე აშენებული ციხის პატიმარი გახდებოდა. ჰოდა, ხალხი რომ ძველ ქრისტეშობას ზეიმობდა, მიტოვებული შენობის პირველ სართლზე, სამართალდამცავებმა მამაკაცის გვამი ნახეს. კაცი ეტლში იჯდა ანუ შშმ პირი იყო, როგორც ჩანს, ეტლი გადაუყირავდა და თავი ძველი, თუჯის რადიატორის ნამსხვრევზე ჰქონდა ჩამორტყმული. საეჭვო არაფერი ჩანდა, არც ბრძოლის კვალი, არც - ნაიარევი, ან ძალადობის სისხლჩაქცევები. ექსპერტიზამაც დაასკვნა, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან ჰქონდათ, მამაკაცი იმ აგურზე აყირავდა, რომელიც იქვე, ეტლთან ეგდო და უხერხულად, პირდაპირ საფეთქლით დაეცა.

ადგილობრივი ოპერების გამოკითხვამ გამოცდილი გამომძიებლები კი შეაფიქრიანა, მაგრამ... საქმე ის გახლდათ, რომ გადამოწმების შედეგად გაირკვა, ეს მამაკაცი ციხიდან ორი თვის გათავისუფლებული იყო, ათწლიანი სასჯელი მოიხადა და სასჯელს გოგოს გაუპატიურებისთვის იხდიდა. უფრო ზუსტად, 1993 წელს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, შინ მიმავალი გოგონას გაუპატიურება სცადეს, გოგონამ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც თავში ქვა ჩაარტყეს.  ძიძგილაობა გამვლელებმა შენიშნეს, ყვირილი დაიწყეს და თავდამსხმელი გაიქცა, გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. მაშინ სამართალდამცავებმა სწორედ ახლა გარდაცვლილი, ეტლს მიჯაჭვული პირი დააკავეს, თუმცა ათი წლის წინ, ის ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა იყო. შემთხვევის ადგილზე მისი ქამარი და სანთებელა ნახეს, რომელზეც თითის ანაბეჭდები მკაფიოდ იყო აღბეჭდილი. თავად დაკავებული ვერაფერს იხსენებდა და ამბობდა, რომ იმ დღეს, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, ზომაზე მეტი დალია, მერე აღარაფერი ახსოვს და როცა გამოფხიზლდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. სასამართლოზე მან საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ვერაფერი თქვა, პროკურატურას კი სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავდა და ჯიუტად, ირიბი მტკიცებულებებით ცდილობდა ფონს გასვლას. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ მკვლელობის მუხლი სხეულის განზრახ დაზიანებით შეცვალა, რამაც სიკვდილი გამოიწვია და დაკავებულს ათწლიანი სასჯელი მიუსაჯა ანუ რეალურად, გარდაცვლილს არავინ გაუუპატიურებია და ამის სურვილი რომც ჰქონოდა, ვერც მოახერხებდა. აღნიშნული განაჩენით ციხეში შესულებს კი იცით, როგორც „უმასპინძლდებიან“ და როცა ბიჭმა ხელი მოიქნია, მთელი კამერა დაესია. შედეგად, ციხიდან ეტლით გამოვიდა.

საქმე დასახურად იყო განწირული, როცა განყოფილებაში მდგარი ეტლით (სხვათა შორის, მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებით) ოპერმუშაკებმა კორიდორში სეირნობა მოინდომეს, ერთი ჯდებოდა, მეორე აწვებოდა და საბოლოო ჯამში, ეტლი რამდენჯერმე ამოუყირავდათ, ბოლოს კი იატაკიდან ამოშვერილ პარკეტის ნატეხს გამოედო და საზურგე მთლიანად გაიხა. იქიდან კი... მაჯის საათი გადმოვარდა. სამართალდამცავებმა საათს დახედეს და მართალია, არცთუ მკაფიოდ, მაგრამ შუშას რაღაც მუქი ლაქა ეტყობოდა, იქვე კი ექიმის მიერ გაცემული რაღაც დასკვნა იდო, რომლის თავი და ბოლოც ვერავინ გაიგო. საბოლოო ჯამში, საათიცა და დასკვნაც ექსპერტებს გადასცეს.

„დასკვნა ადრეა გაცემული, არაოფიციალურად და წერია, რომ საათის მინასა და სამაჯურზე აღმოჩენილი სისხლი იდენტურია კონკრეტული ადამიანის სისხლის ჯგუფისა. საათზე აღმოჩენილია წარწერა, რომლითაც მარტივია მისი მფლობელის დადგენა, რადგან მითითებულია თარიღი, სახელი, გვარი და კონკრეტული სასწავლებლის ემბლემა“, - ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში.

გამომძიებლებისთვის ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ სისხლის ჯგუფი, სახელითა და გვარითურთ გარდაცვლილ გოგონასას ემთხვეოდა, აი, საათზე არსებული წარწერა კი ეტლით მოსარგებლესი ნამდვილად არ იყო. რა გამოდიოდა? შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იყო საათი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არსად ჩანდა, თუმცა ამ საათზე ჩატარებული იყო არაოფიციალური ექსპერტიზა და რაც მთავარია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ეს ნივთი როგორღაც იმ კაცის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც სასჯელი, სავარაუდოდ, ტყუილად მოიხადა. რა ძნელი მისახვედრია, რომ ძალოვნებმა საათის მეპატრონის ძიება დაიწყეს და მალეც მიაგნეს. ახალგაზრდა კაცს მილიციელთა (მაშინ ჯერ კიდევ მილიცია ერქვა) გამოჩენა არ გაჰკვირვებია და გულახდილად თქვა კიდეც, გელოდით, რადგან ერთი იდიოტი მაშანტაჟებდა, გინდა თუ არა, შენი სისხლიანი საათი მაქვს და თუ 300 ათასს არ მომცემ, მილიციაში წავალო.

გაირკვა, რომ ეტლით მოსარგებლე სწორედ საათის მეპატრონესთან მივიდა და უთხრა, რომ ჰქონდა მტკიცებულება, რომლითაც ათი წლის წინ გოგონა სწორედ მან მოკლა, ყოველ შემთხვევაში, მისი ნივთი იმ ადგილზე იყო ნაპოვნი და რაც მთავარია, მას ეცხო გარდაცვლილის სისხლი, რაც ოფიციალურად ჩატარებული ანალიზითაც დასტურდებოდა. მამაკაცმა ეტლით მოსარგებლეს კარგად არც კი მოუსმინა, ურჩია, თუ მილიციაში წასვლა გინდა, წადი, არავინ გიშლისო, მაგრამ... ამ ვიზიტიდან მეორე დღეს, მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, სავარაუდო ეჭვმიტანილს კი იმ დროისთვის ალიბი არ ჰქონდა. ის ამბობდა, მანქანით ვმოძრაობდი მაგ დროს, მაგრამ მოწმე არ მყავს, მარტო ვიყავიო.

„ეს საათი ათი წლის წინ ნამდვილად დავკარგე. ჩვენ, კურსის  დახურვა დაგვიგვიანდა და ამიტომ, წინასაახალწლოდ, თბილისის ზღვასთან, რესტორანში აღვნიშნეთ. საათი ყველას ჰქონდა და ყველას საკუთარი გრავირებით. ქუდში ჩავყარეთ, ავანჯღრიეთ და ბრმად ამოვიღეთ, ყველამ გავიკეთეთ, ოღონდ არ ვიცოდით, ვის ვისი გვეკეთა და მეორე დღეს უნდა გაგვერკვია,ნაბახუსევზე, ხაშით გამოსვლის დროს. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ ჩემი საათი არავის ეკეთა და დაიკარგა. მაშინ კი ვიდარდე, მაგრამ ათი წელი გავიდა, საათი კი არა, მამა დამეღუპა და იმას ვერ გადავყევი. ახლა კიდევ ვიღაც„ ბომჟი“ მომადგა და ის საათი რომ დაგიბრუნო, 300 ათასი უნდა მომცეო. გადაირია ხალხი საერთოდ“, - დაასრულა მოყოლა დაკავებულმა და ძალიან, ძალიან ძნელი იყო, მისი სიტყვების გადამოწმება. ამიტომ დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს და იმავე საღამოს ინანეს - მას სახლთან „ტეტეს“ ფირმის პისტოლეტიდან მიბჯენთ ესროლეს და ადგილზე მოკლეს.  ყელაფერი ეს ძალიან ჰგავდა შურისძიებას და სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას საახლობლოს ძიება დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ მას მამა მალევე დაეღუპა, და-ძმა არ ჰყავდა და მისამართზე მხოლოდ დედა ცხოვრობდა, 50 წელს გადაცილებული, სანდომიანი ქალბატონი. სამართალდამცავების გამოჩენა არც მას გაჰკვირვებია, ჩუმად თქვა, გავიგე, ის ნაძირალა რომ მოკვდა, ეტლით მოსარგებლე, ამიტომ ვფიქრობ, ჩემთან მოსალოცად მოხვედითო. არადა...

როცა ქალმა გაიგო, რომ რეალური მკვლელი შშმ პირი არ იყო, სავარაუდო მკვლელი კი სიცოცხლეს თავში გასროლით გამოასალმეს, პირი დააღო და მხრები აიჩეჩა, ვერც კი ვხვდები, რეალურად რა ხდებაო. განყოფილებაში დაბრუნებულ სამართალდამცავებს მორიგი სიურპრიზი ელოდათ - ოპერმუშაკებს იარაღით მოვაჭრე ჰყავდათ დაკავებული და ისიც წვრილად ჰყვებოდა, ვის და რა მიჰყიდა. ჰოდა, ჩამოთვილ ნივთებში დაასახელა „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი, რომელიც მისგან... ასაკოვანმა ქალმა იყიდა. გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს და დაკავებულს მაშინვე გარდაცვლილი გოგონას დედის სურათი დაუდეს წინ. მან დახედა და დაბეჯითებით თქვა - ეს იყო. მილიცია იმავე მისამართზე დაბრუნდა, სადაც ბოლოს იმყოფებოდა, თუმცა ამჯერად, ბინის ჩხრეკის ორდერით ხელში. ქალმა ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა, შემდეგ სარკესთან დადებულ ტუჩსაცხზე მიუთითა, ამას არ შეეხოთ, 10 წლის წინ რომ დადო ჩემმა შვილმა, მას შემდეგ გაუნძრევლად დევსო. მერე კი... მერე  ხელი აიქნია, არ გინდათ ჩხრეკის დაწყებაო და სამზარეულოში, ერთ-ერთ უჯრაზე მიუთითა, იარაღი იქ არისო.

„ახლაც არ ვიცი, ვინ არის ის კაცი. ვიღაცამ დამირეკა, შენი შვილის ნამდვილი მკვლელის ვინაობა ვიციო. ფული მომთხოვა. არ გვქონდა ღარიბი ოჯახი, მე მეორე ბინაც  დამრჩა ქმრისგან და სწორედ ის გავყიდე, ფულით კი ეს საათი და დასკვნა ვიყიდე. მერე ის უბედური გამოვიდა ციხიდან, ვუთხარი, აგერ, ეს ნივთები, იმ კაცს ფული გამოართვი, შენს თავს მიხედე და მერე იმას ბოლოს მე მოვუღებ-მეთქი. ეს კი იდიოტურად, მიადგა იმ ოჯახს, 300 ათასი მომეციო. ვუთვალთვალებდი და როცა გავიგე რას თხოვდა, მივხვდი, შეცდომა დავუშვი, ამ ხეიბრისთვის საერთოდა არაფერი არ უნდა მეთქვა. ამიტომ, იმ ნანგრევეში მივადექი და ნივთების დაბრუნება მოვთხოვე, არ მაქვსო, იუარა, გადავირიე და ხელი მძლავრად ვკარი, თავი ვერ შეიმაგრა, გადავარდა და ადგილზე მოკვდა. ნივთები ვერ ვიპოვე, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ვინ იყო მკვლელი და ამიტომ, მას მივადექი, მაგრამ თქვენ დამასწარით. შემდეგ კი გამოუშვით და არც კი განძრეულა, როცა ქალი მიადგა, სავარაუდოდ, ქალისგან საფრთხეს არ ელოდა. ამიტომ, ზურგი მომაქცია და მაშინვე მშვიდად დავადე და გავისროლე. დავისვენე? არა, არ დავისვენე, რაღაცნაირი სიცარიელეა შიგნით“, - თქვა ქალმა.

ძალოვნებმა არ დაიზარეს, ბევრი იშრომეს და დაადგინეს, რომ მაშინ, 1993 წელს, შემთხვევის ადგილზე გამვლელი ოპერი მივიდა, რომელმაც საათი იპოვა და ფულის გაკეთება გადაწყვიტა. საათის გრავირებით მიხვდა, ვისი შეიძლებოდა ყოფილიყო საათი და ისიც იცოდა, რომ ბიჭის მამა უფულობას არ უჩიოდა. თანაც, იმ ოპერს მანქანაში მთვრალი კაცი ეჯდა, რომელსაც ქამარი შეხსნა, სანთებელაც ამოუღო და იქვე დააგდო, საათი კი გოგონას სისხლში თავად ამოაწო და შეინახა. ყველაფერი რომ დასრულდა, ოპერი ფულისთვის ბიჭის მამას მიადგა, იმან ხელი აუქნია, ჩემს შვილს თუ დაიჭერენ, შენც დაგიჭერენო. ოპერმა წყენა გულში ჩაიდო, სისხლის ანალიზი მეგობრულად გააკეთებინა და მშვიდად ელოდა ათ წელს. ათი წლის გასვლის შემდეგ, ფული გოგოს დედას გამოართვა და თან სამხილებიც მიუგდო. მერე კი... მერე ყველაფერი აგორდა.