ვინ არის მამაკაცი, რომელიც 6 წლის შვილთან ერთად გაუჩინარდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ეშმაკმა შემაცდინა... მანქანიდან ნაჯახი ამოვიღე და დავარტყი“ - ტაქსის მძღოლის სკანდალური აღიარება

საყოველთაო უმუშევრობის ფონზე, სიტყვა შვებულება ისე არ ჟღერს, როგორც ადრე. ადრე, როცა მოსახლეობის 99.99% დასაქმებული იყო. მართალია, დასვენება მხოლოდ საქართველოში, საუკეთესო შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში შეიძლებოდა, მაგრამ მარტივად შეგეძლო „ამქვეყნიურ სამოთხეში“ - აფხაზეთში წასვლა და თუ სასტუმროს ნომერს ვერ იშოვიდი, ბინის ქირაობის პრობლემაც არ იყო. აფხაზეთი არა მარტო ქართველებისთვის, არამედ, 15-ვე რესპუბლიკის ყველა მაცხოვრებლისთვის სანუკვარი, სასურველი და საოცნებო მხარე გახლდათ.

 

„განყოფილების უფროსად ახალი დანიშნული ვიყავი, მკვლელობებს ვიძიებდი და თავის მოსაფხანი დრო არ მქონდა. ამ დროს ორსულმა ქალმა ითხოვა ჩემთან შეხვედრა. უარს როგორ ვეტყოდი და ატირებულმა მითხრა, ჩემი ქმარი დაიკარგა შვილთან ერთად, ეგებ, მიშველოო. როგორც მომიყვა, ქმარი ორი კვირით სოხუმში წავიდა და 6 წლის შვილი წაიყოლა, მაგრამ არც დაურეკავს, არც დეპეშა გამოუგზავნია და ქალიც ნერვიულობდა. შეძლებისდაგვარად დავამშვიდე, აფხაზეთში, გაგანია ზაფხულში, უცოლოდ წასულ კაცს, შეიძლება, დარეკვა და დეპეშა კი არა, საკუთარი თავი დაავიწყდეს, მაგრამ ქალი ჯიუტობდა, ჩვენი შვილი დაბადებიდან ბრმაა და ერთი წუთითაც ვერ დატოვებდაო. განცხადება დავაწერინე, მაგრამ სხვა განყოფილებაში, რადგან არც მკვლელობის ფაქტი მქონდა და არც - საფუძველი, ამაზე ვარაუდი გამომეთქვა და ქალი დამშვიდებული გავუშვი“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ამ ამბიდან ორ დღეში, ქალმა ტელეფონით დარეკა და განწირული ხმით კიოდა, ჩემი ქმრის კვალს მივაგენი, მოკლესო. როგორც გაირკვა, ქალმა გარისკა და სოხუმში წავიდა, მიაკითხა მეუღლის ბავშვობის მეგობარს, რომელმაც უთხრა, შენი ქმარი, შვილთან ერთად აქ იყო, მაგრამ მეორე დღეს წავიდა და არ ვიცი, სად დაბინავდაო. ქალმა ამ დროს ოთახის კუთხეში მდგარ ჩემოდანს მოჰკრა თვალი, იცნო ქმრის ნივთები და ბინიდან ტყვიასავით გავარდა. სანამ თბილისიდან აფხაზეთში ოპერატიული ჯგუფი ჩავიდოდა, ადგილზე იქაური მილიცია მივიდა. შემთხვევა განსაკუთრებული იყო, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა. სამართალდამცავების მისვლის შემდეგ, მამაკაცმა სიმართლე თქვა.

„ბავშვობის მეგობარი მართლა მეწვია, შვილიც ახლდა. მითხრა, ვიღაც რუსი ქალი გავიცანი, ერთი დღე ბავშვს დაგიტოვებ და მერე წავიყვანო. ბავშვი, მართლაც, ჩემთან იყო, მეორე დღეს მოვიდა, ბედნიერი და გაბრწყინებული, ბავშვს ხელი მოჰკიდა, ახალ ბინას ვნახავ და გადავბარგდებიო. წავიდა და წავიდა. ვიფიქრე, რომ იმ ქალთან იყო, ბავშვი მაინც ვერაფერს ხედავს და ამიტომ ცოლს არაფერი ვუთხარი“, - განაცხადა მეგობარმა.

სამართალდამცავებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად უნდა ეძებნათ ან ის რუსი ქალი, ან მამა-შვილი, რადგან სასტუმროში არ იყვნენ გაჩერებულნი. მამა-შვილზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა და მეორე დილით, ერთ-ერთი საავადმყოფოდან დარეკეს - უცნობებმა საავადმყოფოს შენობის წინ ავტომანქანა გააჩერეს, იქიდან ბავშვი გადმოსვეს და მიიმალნენ. ეს ორი დღის წინ მოხდა, ბავშვი უგონო მდგომარეობაში გახლდათ, აზრზე მხოლოდ ახლა მოვიდა და ექიმებმა დაადგინეს, რომ ის ბრმა იყო. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ეს ყველაზე მთავარი გახლდათ. მის დაკითხვას ბევრი რამისთვის უნდა მოეფინა ნათელი.

„მამამ მეგობართან მიმიყვანა, თვითონ ბინის მოსაძებნად წავიდა. მეორე დღეს მოვიდა, ბინა ვერ ვიპოვე, ერთად დავიძინოთო... მერე ბევრი ვიარეთ, მამამ მაინც ვერ შეარჩია ბინა. ბოლოს მძღოლს უთხრა, სადმე რამე ვიყიდოთ და ბუნებაში ვჭამოთო. ძეხვი, ყველი, პური და ლიმონათი იყიდა. სადღაც მინდორში გავედით, ან ტყეში, ჭამა დავიწყეთ. მერე მამა და ის კაცი რაღაცაზე შეკამათდნენ, მერე ყვირილი დაიწყეს, მერე გავიგონე იმ კაცმა მანქანის კარი რომ გააღო, მამამ უყვირა, არ ქნაო, მერე ყრუ დარტყმის ხმა და მამა დაეცა. იმ კაცმა ხელი მომკიდა, წამომაყენა, მერე ისევ დამსვა, მანქანა დაქოქა და წავიდა. ხელებით მამა მოვძებნე, თავის მხარეს სველი ჰქონდა, ალბათ, სისხლი მოსდიოდა. შემეშინდა და გავიქეცი. არ ვიცი, რამდენ ხანს გავრბოდი, ან სად გავრბოდი. მერე, უკან მინდოდა დაბრუნება და გზა ვერ ვიპოვე. მერე, ხეზე ავედი და დავიყვირე, მაგრამ არავინ გამაგონა. ასე დავდიოდი, არ ვიცი, რამდენ ხანს, შეიძლება, დაღამდა და გათენდა. მერე, მანქანის ხმა გავიგონე და მისი მიმართულებით გავიქეცი, მერე აღარ მახსოვს... აზრზე საავადმყოფოში მოვედი“, - ასეთი იყო ბავშვის მონაყოლი.

სამართალდამცავებმა უიმედოდ ჩამოუშვეს ხელები. ბავშვი ვერ აღწერდა ვერც ტაქსის მძღოლს, ვერც - ადგილს, ვერც - მარშრუტს და ვერც იმას, ვინ დაეჯახა და ვინ დატოვა საავადმყოფოსთან, თუმცა გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ავტომობილი, საიდანაც ბავშვი ჩამოსვეს, ყვითელი „ნივა“ იყო, რომელშიც ორი ქალი და ორი მამაკაცი ისხდნენ.

„ნივა“ არ გახლდათ ისეთი მანქანა, აფხაზეთში ყველას რომ ჰყოლოდა - იქ უფრო კომფორტულ ავტოებს ანიჭებდნენ უპირატესობას. მით უმეტეს, ფერიც იშვიათი იყო. ამიტომ, სასწრაფო წესით დაიწყეს ყველა ყვითელი „ნივის“ გადამოწმება და დამნაშავეებსაც მალე მიაგნეს. გარდა იმისა, რომ მათ ავტოავარიის დამალვას ედავებოდნენ, უფრო მეტად ის აინტერესებდათ, სად ნახეს ბავშვი. დაკავებულებმა ყველაფერი დეტალებში გაიხსენეს. მილიციას აჩვენეს ადგილიც და ისიც თქვეს, რომ ბავშვი გზაზე მოულოდნელად შემოუხტათ და დამუხრუჭება ვერ მოასწრეს, მერე შეეშინდათ, პატარა საავადმყოფოს ეზოში დააგდეს და მიიმალნენ.

მითითებულ ადგილზე სამძებრო სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ვერაფერს მიაგნეს. გადაწყდა, ვერტმფრენი გამოეყენებინათ და ტერიტორია უფრო მასშტაბურად დაეთვალიერებინათ. როგორც მერე გაირკვა, ბავშვი იმ ადგილიდან, სადაც მამამისს თავში რაღაც ჩაარტყეს, შორს არ წასულა, პრაქტიკულად, 500-მეტრიან რადიუსზე, წრეზე დადიოდა. ნახეს ნარჩენებიც და მართალია, ძეხვი და პური შეჭმული იყო, მაგრამ ქაღალდები მინდორში ეყარა. სამაგიეროდ, არსად იყო გვამი, მაგრამ იქვე ტრანსფორმატორის ჯიხური იდგა და... შიგნით ვიღაც რუსი ცხოვრობდა.

„ის რუსი პირადად დავკითხე, ჩვეულებრივი ლოთი იყო, ამიტომ ორ ლიტრ ჭაჭას დავპირდი და დეტალურად გაიხსენა, როგორ შეხვდა მომხდარის დღეს დიდი სიჩქარით მიმავალი „ვოლგა“, რომელსაც ტაქსის ნიშანი ჰქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ტაქსის მძღოლი იცნო და მისი ვინაობაც დაასახელა. ტაქსისტი ნახევარ საათში წინ მეჯდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ტაქსის მძღოლმა ყველაფერი უარყო, მაგრამ ამ დროს საქმეში დაკარგული კაცის ცოლი ჩაერთო. მან აღნიშნა, რომ მის შვილს უნიკალური თვისება ჰქონდა - საკმარისი იყო, ბრმა ბავშვს ვინმე კანზე შეხებოდა და მეორე შეხებისას, კანის ტემპერატურით სცნობდა. უფრო კონკრეტულად, ბავშვი ამბობდა, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული ტემპერატურა, კანის განსხვავებული ზედაპირი და სუნი აქვს და ამიტომ, შეუცდომლად შეუძლია გამოიცნოს, ვინ შეეხო. მილიციას ყველაფერ ამის დაჯერება გაუჭირდა, მაგრამ ექსპერიმენტი ჩაატარეს. ხუთი თანამშრომელი დანომრეს და ისინი რიგ-რიგობით შეეხნენ ბავშვს. ნახევარი საათის შემდეგ, სამართალდამცავები კვლავ შეეხნენ ბავშვს და პატარამ ყველა მათგანი ამოიცნო. სამართალდამცავებს მომხდარის დაჯერება გაუჭირდათ, ამიტომ ორი სხვა თანამშრომელი ისევ შეეხო ბავშვს, მეორე დღეს კი ახალი ექსპერიმენტი ჩაატარეს - 24 საათის გასვლის შემდეგ, ისინი ოცი ადამიანის რიგში ჩააყენეს და ბავშვმა ყველას ჩამოუარა. ის ორი მარტივად იპოვა. შედეგად, მილიციის ისტორიაში უპრეცედენტო ამოცნობის პროცედურა ჩაინიშნა - ბრმა ბავშვს ტაქსის მძღოლი უნდა ამოეცნო, ის ხომ შეეხო, როცა წამოაყენა და მერე ისევ მიწაზე დააგდო. ტაქსის მძღოლი ხუთ კაცში ჩააყენეს და შეხებისთანავე, ბავშვმა ხელი დაადო. დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და ტაქსის მძღოლიც ალაპარაკდა.

„ეშმაკმა შემაცდინა. არაფერი მქონდა განსაზღვრული, მაგრამ როცა იმ კაცმა საჭმელი იყიდა, დავინახე, რომ ბევრი ფული ჰქონდა. მერე უაზრობაზე წავკამათდით, მანქანიდან ნაჯახი ამოვიღე და ბრტყელი მხრიდან დავარტყი. მე არ მომიკლავს, ის დარტყმა, უბრალოდ, გათიშავდა“, - თავს იგიჟებდა მძღოლი და მილიციას ის ადგილიც დაათვალიერებინა, სადაც თავდასხმა მოხდა.

ახლოს მდებარე სოფელში ცოტა ხალხი ცხოვრობდა. ადგილობრივები, ძირითადად, ქალაქში სახლობდნენ, სოფლის სახლს კი სეზონზე, დამსვენებლებზე აქირავებდნენ. სოფლის მუდმივი მაცხოვრებელი, უბნის რწმუნებულის ცნობით, ერთი მოხუცი ქალი იყო, რომელიც ადრე ფსიქიატრიულშიც მკურნალობდა და ადგილობრივები კუდიანს ეძახდნენ. მისი დაკითხვა გადაწყდა, მაგრამ როგორც კი ქალმა სამართალდამცავები დაინახა, მაშინვე შინ შეუძღვა და ამაყად უთხრა, მე გადავარჩინე ეს კაცი და დამიტოვეთ, ბოლომდე ფეხზე რომ დავაყენოო. პირდაპირ იატაკზე გაფენილ ძველ ლეიბზე, დაკარგული კაცის ლამის უსიცოცხლო სხეული ესვენა, გვერდით კი რაღაც ნახარშებით სავსე ქილები იდგა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა, როგორც წესი, სახალხო მკურნალობის ნაცვლად, ჩვეულებრივი მედიცინა ამჯობინეს და კაცი ფეხზე მალე წამოაყენეს.

„არ ვიცი, უგონოდ რამდენ ხანს ვეგდე. მერე აზრზე მოვედი, ცოტა გავიარე, თან შვილს ვეძებდი, თან პერიოდულად ვეცემოდი. ბოლოს, ამ ქალის სახლში გამეღვიძა, სიარული აღარ შემეძლო“, - განაცხადა კაცმა.

საბოლოო ჯამში, იმ მძღოლს, რომელიც ბავშვს დაეჯახა, 3 წელი მისცეს, დანაშაულის დამალვისთვის, თანამგზავრებს 2-2 წელი ერგოთ, მამაკაცზე თავდამსხმელი ტაქსის მძღოლის ქმედება კი ყაჩაღობად შეაფასეს და ციხეში 7 წლით გაისტუმრეს.

 

ბათო ჯაფარიძე