რატომ ითხოვს რუსეთის პროკურატურა ქართველი „კანონიერი ქურდის“ ციხეში 15 წლით დატოვებას

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თენგო „ფოთინსკის“ საქმე

 ფოთელი ე.წ. კანონიერი ქურდი თენგიზ გიგიბერია (იგივე, თენგო ფოთინსკი) სასჯელს რუსეთის ფედერაციაში, 2005 წლიდან იხდის. მას 15-წლიანი „სროკი“ ჰქონდა და იმის გამო, რომ ბრალი, ქურდობის გარდა, მკვლელობაშიც დასდეს, ვადაზე ადრე გათავისუფლება არც კი განიხილებოდა. ახლა კი, როცა თენგომ სასჯელი სრულად მოიხადა და უნდა გათავისუფლებულიყო, პროკურატურა ახალი შუამდგომლობით შევიდა და მისთვის მორიგი 15-წლიანი სასჯელის შეფარდება მოითხოვა.

 

„გიგიბერია კრიმინალური სამყაროს უმაღლეს საფეხურზე დგას ანუ ე.წ. კანონიერი ქურდია. რუსეთის ფედერაციის ახალი კანონის შესაბამისად კი, ეს წოდება დასჯადია და ამიტომ, მისთვის მორიგი, 15-წლიანი სასჯელის შეფარდებას ვითხოვთ“, - ასეთი გახლდათ პროკურატურის შუამდგომლობა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სასჯელმოხდილი გიგიბერია დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა პროკურატურა დანებებას არ აპირებს და განაჩენი გაასაჩივრა.

„იმის მიუხედავად, რომ გიგიბერიას რუსეთში ცხოვრების უფლება არ აქვს და დეპორტს ექვემდებარება, ჯერჯერობით, მას აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება. გვჯერა, სააპელაციო სასამართლო ჩვენს შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და მას კვლავ ციხეში შევაბრუნებთ, თუ არადა, დეპორტს გავუკეთებთ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც რუსული მედია წერს, გიგიბერიას ხელს არავინ ადებს, რომ ის ე.წ. კანონიერი ქურდია. თავისუფლებაზე ასეთი ადამიანის მოძებნა შეუძლებელია, რადგან ის 15 წელი სასჯელს იხდიდა, პატიმრებიდან კი ამის გაკეთებას ვერავინ ბედავს.

რაც შეეხება ციხის ადმინისტრაციას, მისი ჩვენება, როგორც დაინტერესებული მხარისა, მხედველობაში არ მიიღება.

 ბათო ჯაფარიძე