რჩეული სტატიები

Grid List

პირველი ავიაკომპანია მსოფლიოში, რომელიც ძაღლებს მოემსახურება, აშშ-ში შეიქმნა. Bark Air-მა ჩარტერული რეისები დანიშნა ნიუ-იორკიდან - ლოს-ანჯელესსა და ლონდონში, რომელზეც ცხოველები სრულფასოვანი მგზავრების რანგში იქნებიან. აფრენა-დაფრენისას, ისინი სპეციალურ სასმელს მიიღებენ, რომელიც ყურების დაცობისგან დაიცავთ. სალონში დამამშვიდებელი მუსიკაც იქნება ჩართული. სტიუარდესები მათ გამაგრილებელ პირსახოცებს შესთავაზებენ, ლავანდისა და ფერომონების სურნელით. ოთხფეხა მგზავრებს ტკბილეულს, ხმაურის დამხშობ ყურსასმენებსა და დამამშვიდებენ ჟილეტებსაც მიართმევენ. პირველი რეისები უკვე მაისში უნდა შესრულდეს. ბილეთი ერთი მიმართულებით 6-დან 8 ათას დოლარამდე ეღირება.

ევროპულ სუპერმარკეტებში ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სკანერები გამოჩნდა, რომლის დახმარებითაც მყიდველს შეუძლია, ინფორმაცია მიიღოს ხილის სიმწიფის შესახებ. მოწყობილობა, რომელსაც Onethird ჰქვია, უკვე დგას ნიდერლანდების, ესპანეთისა და შვეიცარიის მაღაზიებში, გერმანია კი მის საპილოტე ვერსიას ორიოდე კვირაში დაიწყებს. ჯერჯერობით, სკანერის გამოყენება მხოლოდ ავოკადოს სიმწიფის დადგენაში დაეხმარება მყიდველებს, თუმცა იგეგმება, რომ ის სხვა ხილის, მაგალითად, მანგოს, ნესვის ან კივის შესამოწმებლადაც გამოიყენონ.

ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ, ხუან მერჩანმა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცხრა ათასი დოლარით დააჯარიმა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ტრამპმა დაარღვია საქმის შესახებ საჯარო კომენტარების გაკეთების შეზღუდვა.

წერილობით გადაწყვეტილებაში ხუან მერჩანმა, რომელიც პორნოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდის საქმეზე სასამართლო პროცესს უძღვება, განაცხადა, რომ ჯარიმის რაოდენობა, შეიძლება, არ იყოს საკმარისი შემაკავებელი ფაქტორი, თუმცა მას არ აქვს უფლებამოსილება, უფრო მკაცრი სანქცია დააწესოს.

„ამგვარად, მოპასუხე გაფრთხილებულია, რომ სასამართლო არ მოითმენს მისი კანონიერი განკარგულებების განზრახ დარღვევებს, თუ აუცილებელი და სათანადო იქნება მიმდინარე გარემოებებში, დააწესებს პატიმრობას“, – ნათქვამია მოსამართლის წერილობით განმარტებაში.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით საჯარო კომენტარები შეზღუდული ჰქონდა მოწმეების და საქმეში ჩართული სხვა პირების კრიტიკის თავიდან ასაცილებლად.

მოსამართლემ დონალდ ტრამპი დააჯარიმა ათასი დოლარით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული თითოეული პოსტისთვის, რომლითაც, მისი თქმით, მოპასუხემ დაარღვია სასამართლოს განკარგულება, არ გაეკრიტიკებინა მოწმეები ან პროცესის სხვა მონაწილეები. პროკურატურამ შესაძლო დარღვევად ტრამპის 10 პოსტი მიიჩნია.

ერთ-ერთ პოსტში დონალდ ტრამპი თავის ყოფილ ადვოკატს, მაიკლ კოენს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე უნდა იყოს, „სერიულ მატყუარას“ უწოდებს. ასევე, აკრიტიკებს ნაფიც მსაჯულებს.

მოსამართლემ ასევე ყოფილ პრეზიდენტს დაავალა, თავისი სოციალური ქსელიდან, Truth Social-დან და საარჩევნო კამპანიის გვერდიდან წაშალოს აღნიშნული განცხადებები.

დონალდ ტრამპს 2016 წლის არჩევნების წინ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ 130 ათასი დოლარის გადახდას და ამ თანხის სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გაფორმებას ედავებიან. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამგვარად მოხდა ფინანსური დოკუმენტების გაყალბება. ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურ დევნად აფასებს.

 

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ქალაქ პესკარაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

„როიტერის“ ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრი შეეცდება, გააძლიეროს თავისი პარტიის მხარდაჭერა, თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, არჩევის შემთხვევაში ის არ დაიკავებს ადგილს ევროპარლამენტში.

„ჩვენ გვინდა, ევროპაშიც გავაკეთოთ ის, რაც გავაკეთეთ იტალიაში. შევქმნათ უმრავლესობა, რომელიც აერთიანებს მემარჯვენეებს და აგზავნის მემარცხენეებს ოპოზიციაში“, – განაცხადა მელონიმ.

მელონიმ პირობა დადო, რომ პრემიერ-მინისტრობის დროს ერთ წუთს არ გამოიყენებს საარჩევნო კამპანიისთვის.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის 6-9 ივნისს გაიმართება. ევროკავშირში არჩევნები ტარდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ოთხდღიანი პერიოდის განმავლობაში და ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ტრანსნაციონალურ პროცესად.

25 აპრილიდან ვენეციაში ერთი დღით ჩასულ ტურისტებს, რომელთა ასაკიც 14 წელს აღემატება, 5 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ France24 წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2024 წელს თანხის გადახდა ტურისტებს მხოლოდ 29 ყველაზე დატვირთული დღის განმავლობაში მოუწევთ - საუბარია უქმეებზე და მაისიდან ივლისის ჩათვლით დღესასწაულებზე. გადახდა ქალაქში შესვლისას უნდა განხორციელდეს. ბილეთის ყიდვა, რომელიც QR-კოდის სახით იქნება ხელმისაწვდომი, ადგილზე არის შესაძლებელი. ვენეციაში ბილეთის გარეშე შესვლისთვის ტურისტს ჯარიმის გადახდა მოუწევს, რომლის ოდენობაც 50-300 ევროა.

ვენეციის მთავრობა ამ ზომის შემოღებას ჯერ კიდევ სექტემბერში გეგმავდა. ასე მათ სურთ დაარწმუნონ ტურისტები, რომ ვენეციას ნაკლებად დატვირთულ დღეებში ესტუმრონ. ერთი წლის განმავლობაში ვენეციაში, რომლის მოსახლეობაც 50 ათასს შეადგენს, 3,2 მილიონი ტურისტი ჩადის.

 

ირანში სიკვდილი მიუსაჯეს პოპულარულ რეპერს, თომაჯა სალეჰის. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება ოთხშაბათს. სალეჰის განაჩენი დაკავშირებულია მის მონაწილეობასთან 2022-2023 წლების მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში. არტისტი თავის სიმღერებსა და საჯარო გამოსვლებში მხარს უჭერდა საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს.

სალეჰი 2022 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. 2023 წელს ირანის უზენაესმა სასამართლომ მას ექვსი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ ქალაქ ისპაანის სასამართლომ გადასინჯა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და რეპერს სიკვდილი მიუსაჯა.

სალეჰის ადვოკატმა ამირ რაისიანმა საქალაქო სასამართლოს მოქმედებას უპრეცედენტო უწოდა და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი განაჩენს გაასაჩივრებს.

2022 წლის სექტემბერში ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა სტუდენტი ქალი მაჰსა ამინი, რომელიც ზნეობის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის არასწორად ხმარებისთვის. პოლიციის თქმით, ამინის ინსულტი დაემართა. მისი ნათესავები დარწმუნებული არიან, რომ პოლიციელებმა ის ცემით მოკლეს.

საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული გამოწვევა იყო ირანის კონსერვატიული ხელმძღვანელობისთვის უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე. შეტაკებებში ასობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით დააპატიმრეს, საპროტესტო გამოსვლების რამდენიმე მონაწილე სიკვდილით დასაჯეს.