„ყველა, ვინც ამ გაერთიანების დისკრედიტირებას „კაგებეშნიკური“ მეთოდებით ცდილობს, „ოცნებისთვის“ მუშაობს!“-ლაშა დიაროვი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

23 იანვარს, რუსთაველზე, სამი პარტიის გაერთიანებამ - „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების არაერთ ცნობილ სახესთან ერთად, იწყებს ეროვნულ მოძრაობას, რომლის მიზანიც 24 თებერვალს, უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამართვა და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების შეცვლაა. ამ გაერთიანების წევრია სტრატეგია აღმაშენებლის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა დიაროვიც, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

„... უამრავი განსხვავებული ადამიანი შევიკრიბეთ პირველ სკოლასთან და დავაანონსეთ 24 თებერვლის აქცია! გავერთიანდით პოლიტიკური პარტიები, აქტივისტები, ცნობილი სახეები: აკია ბარბაქაძე, ლელა ჯეჯელავა, დათო ქაცარავა, გია ბუღაძე, კოტე ყუბანეიშვილი, ირაკლი ტაბლიაშვილი, პირველი პარლამენტის დეპუტატები და სხვა უამრავი საინტერესო პიროვნება. ერთი სიტყვით, 24 თებერვალს, დიდი აქცია გვექნება და ეს განგრძობად პროტესტში გადაიზრდება.

ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, ქოცებისგან გუშინწინ წამოსულმა ნეოქოცმა ნათია მეზვრიშვილმა სამარცხვინო პოსტი მიუძღვნა და გიორგი ვაშაძე ქოცებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. გესმით, მეგობრებო? ქოცი მინისტრის, გიორგი გახარიას მარჯვენა ხელმა, ვაშაძე ქოცობაში დაადანაშაულა, ამაზე დიდი მარაზმი გინახავთ?

ნათია მეზვრიშვილმა და მისმა მინისტრმა გახარიამ უკვე აგეს პასუხი იმაზე, რაც ჩაიდინეს? არ მახსენდება.

20 ივნისს, დათვის ტყვიები გვესროლეს ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს თვალები დასთხარეს და სასტიკად დაგვარბიეს, დღეს ეს ხალხი ქოცობაში გვადანაშაულებს და იცით, ეს რისი ბრალია? ეს იმის ბრალია, რომ აი, ამ ნაძირლებს თავის სახელს არ ვარქმევთ და საჯაროდ არ ვახსენებთ იმას, რაც ჩაიდინეს!

სწორედ, გიორგი გახარია და მისი გუნდი არიან პასუხისმგებელნი 20 ივნისის დარბევაზე და ბავშვებისთვის თვალების დათხრაზე!

ეს მავნებელი ნეოქოცი საერთოდ რომ ბედავს ხმის ამოღებას, ეგ ჩვენი სირცხვილია!“ მანამდე კი გიორგი გახარიას თანაგუნდელმა სოციალურ ქსელში ეს პოსტი გამოაქვეყნა:

„B R E A K I N G - ეროვნული მოძრაობა ვაშაძის მეთაურობით:) ასე ცდილობს ბიძინა ყველაფრის გაფუჭებას, რაშიც რეალური ცვლილების რესურსს ხედავს. დამხმარეც ოხრადაა. რაღაცა წმინდა დატოვეთ:) გულწრფელ ხალხს რაღას იყენებთ? დიდი ხანია, „ოცნება“ ვაშაძეს (და არა მხოლოდ), ყველაფერი ჩვენს მიერ გაჟღერებულის გასაფუცანებლად იყენებს“.

„ვერსია“ ლაშა დიაროვთან ინტერვიუს გთავაზობთ:

 

- ეს გაერთიანება ემსახურება ახალი ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბებას, რომელიც ამ ქვეყანას გადაარჩენს რუსული ხელისუფლებისგან და საბოლოოდ, ყველაფერი ეს დამთავრდება ქვეყნის გაერთიანებითა და დეოკუპაციით. ამ გაერთიანებაშია სამი პოლიტიკური პარტია: „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ამასთან, შემიგვიერთდა არაერთი ექსპერტი, აქტივისტი, ცნობილი სახე... ეს ჯგუფი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ბრიფინგში გამოჩნდა. პირველ რიგში, ვემზადებით 24 თებერვლის აქციისთვის, რაც შეეხება უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადებას, ეს არის დღე, როცა ერთი წლის წინ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და მაშინ საბოლოოდ ჩამოიხსნა სახიდან ნიღაბი ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ღიად აირჩია რუსული გზა. დაუჭირა მხარი ჩვენს მტერ რუსეთს და არა -  მეგობარ უკრაინას, რასაც ყოველდღე ამტკიცებს...

- ლაშა, ასეთი გაერთიანებები აქამდეც ვნახეთ, რომელმაც აქტიურობა პირველივე ბრიფინგის შემდეგ შეწყვიტა... ამიტომ, საზოგადოებაში დიდი უნდობლობა და ნიჰილიზმია. თქვენ რატომ უნდა დაგიჯეროთ ხალხმა?

- გეთანხმებით, იყო სხვადასხვა გაერთიანება, თუმცა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ამდენი ადამიანის გაერთიანება, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ ყოფილა. 2018-ში კი, როცა ოპოზიცია გაერთიანდა, პირველი ტური მოიგო. ეს მოაქვს გაერთიანებას და როცა ხალხი დაინახავს ამ ძალას, რომ ბევრი წესიერი და პატიოსანი ადამიანია გაერთიანებული, ისეთი პასუხი ექნება, როგორიც 2018 წელს ჰქონდა.

როცა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდაპოლიტიკური ამბები გაირკვევა და დასრულდება არჩევნები, დარწმუნებული ვარ, ეს პარტიაც აუცილებლად შემოუერთდება 24 თებერვლის აქციას.

- ელოდებით, რომ ეს აქციაც ისეთი მასშტაბური იქნება, როგორიც ზაფხულში იყო? ამასთან, საინტერესოა, პერმანენტული სახე ექნება აქციებს?

- ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ესაა შემზადება იმ პროცესისა, რომელიც დასრულდება დიდი საპროტესტო მუხტითა და პრორუსული, მოღალატეობრივი რეჟიმის ცვლილებით. რაც შეეხება მოლოდინს, დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ ქვეყანა უნდა დარჩეს პროდასავლურ რელსებზე და გაცხადებულია, რომ ქართველი ხალხი გულშემატკივრობს უკრაინას. ეჭვიც არ მეპარება, რომ უკრაინის ომის წლისთავზე, ბევრი ადამიანი გამოვა და გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის მიმართ და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება.

- გიორგი გახარიას თანაგუნდელ ნათია მეზვრიშვილის „ფეისბუქპოსტმა“ გაგაცხარათ და საკმაოდ მწვავე პოსტითვე უპასუხეთ. მან ვაშაძის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე დაწერა...

- ამ დიდ გაერთიანებაში უამრავი ადამიანი და არაერთი პარტიაა. ეს გაერთიანება შეცვლის ხელისუფლებას და ყველა, ვინც ამ გაერთიანების დისკრედიტირებას ცდილობს სუს-ის „კაგებეშნიკური“ მეთოდებით სიბინძურეების მოგონებას, ჩათვალეთ, რომ მუშაობს „ქართული ოცნებისთვის“. დარწმუნებული ვარ, მის ამ პოსტს თავის პარტიაშიც არ იზიარებენ და ქალბატონ ნათიას ვურჩევ, გადახედოს თავის წარსულს. სულ ერთი წელია, რაც „ქართული ოცნება“ დატოვა. ძალიან კარგად გვახსოვს 20 ივნისიც და მისი პოზიციაც იმ პერიოდში. არ გვინდა ამ რაღაცების გახსენება და რატომ გვაიძულებს, რომ გავახსენოთ, ვერ ვიგებ.

ვფიქრობ, ერთადერთს იმას ცდილობს, რომ ვაშაძის ლანძღვით, თავი დაიმკვიდროს და ტელევიზიებში დაუძახონ ამის გამო. სხვა ლოგიკურ ახსნას ვერ ვხედავ.

- რა გამოდის, გახარიას პარტია თქვენ გადანაშაულებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში, თქვენ - პირიქით, მათ ადანაშაულებთ... რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია საერთო წერტილის მონახავას დიდი გაერთიანებისთვის?

- გახარიას პარტიის პოზიცია არ ვიცი, ეს ამ ქალბატონის პოზიციაა, რომელიც პირველად არ დაუფიქსირებია. ეს აბსურდული ბრალდებები მანამდეც გაუჟღერებია, გახარიასა და მისი სხვა პარტიელებისგან კი მსგავსი რამ არასდროს მსმენია. უბრალოდ, სირცხვილია, ასე რომ ცდილობს ადამიანი პოლიტიკაში თავის დამკვიდრებას. ერთადერთი რამ მაინტერესებს, დღეს ვინ რას აკეთებს ხელისუფლების შესაცვლელად, რადგან დღეს ყველამ უნდა გავაკეთოთ რამე ამ მიზნის მისაღწევად.

 ავტორი: თათია გოჩაძე