ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს ანგარიში წარადგინა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შსს-ს 2023 წლის ანგარიში 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასა და სამინისტროს თანამშრომლების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე.

ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცხადებული და დაგეგმილი პროექტების წარმატებით შესრულებამ, გაწერილი სამთავრობო გეგმებისა და სხვადასხვა რეფორმების განხორციელებამ, საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი განაპირობა.

მინისტრის განმარტებით, გატარებული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე სტატისტიკური მონაცემები და საერთაშორისო კვლევები მეტყველებენ.

„2023 წელს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64%-ს აღემატება. ასევე, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც. შემცირებულია ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების ფაქტები, როგორებიცაა მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები. გასული წლების შედეგები დადებითად აისახა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის - „კანონი და წესრიგი“ ყოველწლიურ გლობალურ ინდექსში“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მინიჭებული ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: იტალია, საფრანგეთი, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა. ამავე კვლევის თანახმად, საქართველო ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით იკავებს, როგორებიცაა ავსტრია, ნიდერლანდები და ჰონგ-კონგი. ინდექსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და მათი ნდობის ხარისხი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. კვლევის მიხედვით, 2022 წლის ანგარიშთან შედარებით, 2023 წელს, საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია.

სიტყვით გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კრიმინალური პოლიციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე.

„2023 წელი მნიშვნელოვანი იყო კრიმინალური პოლიციის რეფორმის მიმართულებითაც. ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა საქართველოს ყველა ტერიტორიულ ორგანოში. რეფორმის ფარგლებში, გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები, რაც აისახება გამომძიებელთა საქმიანობის ეფექტიანობაზე.

ამავე რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო. რაჭის პოლიციის დეპარტამენტი 2007 წელს გაუქმდა და მას შემდეგ, ცალკე დანაყოფად აღარ ფუნქციონირებდა.

კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, გაგრძელდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, რომლის უმთავრესი ამოცანაა დანაშაულის პრევენცია, როგორც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. 2023 წელს, აღნიშნული ინსტიტუტი რუსთავსა და ბათუმში ამოქმედდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს ათეულობით ახალგაზრდა შეუერთდა, რომლებიც მართლწესრიგის ოფიცრის რანგში, მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავენ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, თანამშრომელთა გადამზადება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით, გასულ წელსაც გაგრძელდა.

 

***

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების წარმატებით მუშაობას ასახავს, არის ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიში, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველო უმაღლეს საფეხურზე - პირველ კალათაში იკავებს ადგილს. 2023 წელს, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და საგამოძიებო უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ტიპის სწავლებები ჩატარდა.

„საანგარიშო პერიოდში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო შეიქმნა, რაც ხელს შეუწყობს ნარკოტიკული და ორგანიზებული დანაშაულის პრევენციას, ოპერატიულად გამოვლენას და აღკვეთას.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო 71 პირის მიმართ, სისხლის სამართლის 4 დანაშაულზე პასუხისგებაში მიცემულია 3 „კანონიერი ქურდი“, ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 15 პირს, 200 პირზე კიბერდანაშაულისთვის სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო, 284 პირი ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

2023 წელს, მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. კერძოდ, ირლანდიის რესპუბლიკასა და ისრაელის სახელმწიფოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარიგზავნენ პოლიციის ატაშეები. დამატებით გადაიფარა 12 ქვეყანა. დღევანდელი მდგომარეობით, წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, საიდანაც 36 სახელმწიფო იფარება. გარდა ამისა, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან, ატაშეების ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით.

 

***

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც სანაპირო, ასევე, სახმელეთო საზღვრის დაცვის, სწრაფი რეაგირების, ოპერატიულ-საგამოძიებო კომპონენტების გაძლიერების, მესაზღვრეების გადამზადების, საველე სწავლებების გაუმჯობესების, სექტორების თანამედროვე დაკვირვებისა და აღმოჩენის ტექნოლოგიური სისტემებით აღჭურვის მიმართულებით. განახლდა ელექტრონული დაკვირვების სისტემის ქსელი და დაინერგა საინფორმაციო ტექნოლოგიები.

„საქართველოს ისტორიაში პირველად, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ჯგუფის თორმეტმა თანამშრომელმა, საბერძნეთში, მონაწილეობა მიიღო ნატო-ს ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - „ზღვის მცველი“. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, „Airbus Helicopters“-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, შვეულმფრენების ჩაბარების ვადები შემცირდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს „H 145“-ის პირველი ბორტი უკვე გადმოეცა, ხოლო დანარჩენი ორი ბორტი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა. ეს არის მრავალფუნქციური შვეულმფრენი, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება. ახალი შვეულმფრენი სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აღნიშნული შვეულმფრენების საშუალებით, გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში, მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულად და პრაქტიკულად მოამზადეს. მინისტრის განცხადებით, გასულ წელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა 2 მილიონ ლარამდე ღირებულების 4 სწრაფმავალი კატარღა, 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახანძრო-სამაშველო მანქანა, 3 მილიონ 500 ათასი ლარის ღირებულების მეხანძრე-მაშველისთვის საჭირო სპეციალური ეკიპირება და 4 მილიონ ლარამდე ღირებულების სახანძრო-ტექნიკური ცეცხლგამძლე სამოსი.

„აშშ-ის საელჩოს დახმარებით, 2023 წელს, სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ შვიდი სწავლება. საერთო ჯამში, ამერიკის მხარდაჭერით, სასაზღვრო პოლიციის ორასამდე თანამშრომელი გადამზადდა. სასაზღვრო პოლიციის განვითარების კუთხით, გასულ წელს, დონორი ორგანიზაციების მიერ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის გაწეულმა დახმარებამ 3 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი შეადგინა. ევროკავშირის დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი განახლდა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მაღალი გამავლობის 20 სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი გადაეცა“.

 

***

2023 წელს, გზებზე სიჩქარის კონტროლისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქტიურად ვითარდებოდა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა. 2023 წელს, ამოქმედდა 883 ვიდეოკამერა, მათ შორის 672 - ზოგადი ხედვის, ხოლო 211 - ნომრის ამომცნობი. ქვეყნის მასშტაბით, სისტემაში, ჯამში - 7 419 ვიდეოკამერაა ჩართული; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, გამკაცრდა სანქციები სიჩქარის გადაჭარბებაზე, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე, ზამთრის საბურავების გარეშე, მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილების შეზღუდვაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტის პერიოდში.

„2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ამოქმედდა 168 სექცია, რომელიც 447 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთს ფარავს. შედეგად, საქართველოს მასშტაბით, სულ მოწყობილია 574 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რაც ჯამურად 2 024 კილომეტრს ფარავს. გარდა ამისა, 2023 წელს, დასრულდა პროექტი - „ტრენინგი პოლიციელებისთვის საქართველოში, საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მრავლისმომცველი მიდგომით“. ჯამში, სამინისტროს 150 თანამშრომელი გადამზადდა. პროექტის ფარგლებში, ეტაპობრივად განხორციელდა ტრენინგები პოლონეთსა და საქართველოში, დასასრულს, პოლონეთის მხარემ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩუქრად სპეციალური აღჭურვილობა გადასცა“.  

 

***

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 2%-ზე მეტით გაიზარდა საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 3%-მდეა შემცირებული, ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი.

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში შეიქმნა ახალი დანაყოფი - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილება, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების დეტალურ ანალიზს, ე.წ. „შავი წერტილების“ იდენტიფიცირებასა და შემდგომში პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას. გამკაცრებული კანონის, გაზრდილი ჯარიმებისა და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული არაერთი აქტივობის შედეგად, გასული წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ იკლო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეოთხე კვარტალში, ამ მიმართულებით არსებული სტატისტიკა გაუარესდა“.

 

***

საგზაო უსაფრთხოების დაცვაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს. ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად ფართოვდება დეპარტამენტის არეალი და 2024 წელს, აღნიშნული პროცესი გაგრძელდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, თითქმის სრულად ჩანაცვლდა საპატრულო პოლიციის მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებები, ახალი ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებით, რაც აუმჯობესებს და ამარტივებს პატრულ-ინსპექტორების სამუშაო პროცესს. ასევე, მაღალმთიან რეგიონებში დაიწყო საპატრულო მანქანების ჩანაცვლება მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

„2022-2023 წლებში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობის რაოდენობა 158 საშტატო ერთეულით გაიზარდა. 2024 წელს, პროცესი გაგრძელდა და კვლავ დაემატა 100 საშტატო ერთეული. მგზავრთა გადაადგილებისა და გამტარი პუნქტების გამტარუნარიანობის ზრდის პარალელურად, 2023 წელს, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის დროულად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში განახლდა და დამატებით მოეწყო მესაზღვრე-კონტროლიორთა სამუშაო სივრცეები, ე.წ. საპასპორტო ჯიხურები, რაც ხელს უწყობს, როგორც თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე მოქალაქეებისთვის, ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას“.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტო „FRONTEX“-ის მიერ ორგანიზებული, ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნების აეროპორტებში დამატებით ექსპერტებად განთავსებულნი არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წელს, 22 ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა.

„საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სამინისტროს რესურსით განახლდა პიროვნებისა თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისა და იდენტიფიცირების, როგორც პირველადი, ასევე, სიღრმისეული შემოწმების ტექნიკური აღჭურვილობა. ამასთან, კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი სწავლება ჩატარდა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადამზადდნენ სახელმწიფო საზღვრის რისკების ანალიზის მიმართულებით. საპასპორტო სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამტარ პუნქტებს გადაეცათ დოკუმენტების პირველადი ინსპექტირებისთვის აუცილებელი პასპორტ-წამკითხველების თანამედროვე მოდელები და მეორადი ინსპექტირებისათვის აუცილებელი ლაბორატორიები. ასევე, მესაზღვრე-კონტროლიორთათვის აუცილებელი საკომუნიკაციო საშუალებები სრულად განახლდა“.

მინისტრის განცხადებით, 2023 წელსაც გაგრძელდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ სემინარებსა და ტრენინგებში. საანგარიშო პერიოდში, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა ჩაატარა მოქალაქეთა კმაყოფილების კვლევა და გამოიკვეთა, რომ პატრულ-ინსპექტორების კომპეტენტურობა, მოქალაქის მიმართ კეთილგანწყობა და პრობლემის გადაჭრაზე ფოკუსირება, რესპოდენტების 97%-ის მიერ შეფასდა დადებითად, ხოლო სატელეფონო ცენტრის მომსახურებით კმაყოფილების დონის მაჩვენებელი 94%-ია.

***

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა მაღალი დონის საერთაშორისო ვიზიტებზეც.

„საქართველოს ისტორიაში პირველად, გერმანიის და ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრები ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ, ასევე, გვქონდა ვიზიტები და ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და უნგრეთში, შინაგან საქმეთა მინისტრებთან“.

ვახტანგ გომელაურმა, სიტყვით გამოსვლისას, სამინისტროს თანამშრომლების სოციალური გარანტიების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პოლიციელების სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით, 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო. მინისტრის თქმით, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა.

„შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი, სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით, მნიშვნელოვანი წელი იყო. ამავე წელს, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, აშენდა, გარემონტდა და ახალი ინფრასტრუქტურითა თუ ტექნიკით აღიჭურვა სხვადასხვა დანაყოფის შენობები, ასევე, აქტიურად გაგრძელდა ავტოპარკის განახლება“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, 1 000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას.

ვახტანგ გომელაურმა ისიც აღნიშნა, რომ მთავრობის ინიციატივით, 2023 წელს, პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად ფართოვდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი.

ვახტანგ გომელაურმა სასაზღვრო პოლიციის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საზღვრის დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სახმელეთო საზღვრის დაცვის, სწრაფი რეაგირების, ოპერატიულ-საგამოძიებო კომპონენტების გაძლიერების, მესაზღვრეების გადამზადების, საველე სწავლებების გაუმჯობესების, სექტორების აღჭურვის, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებითაც.

ვახტანგ გომელაურმა, ასევე, ისაუბრა უწყების მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე და აღნიშნა, რომ გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებით, არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს დანაშაულის პრევენციას, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას, მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას, საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებებისა და რეფორმების განხორციელებას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების თანამშრომლებს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას პატივი მიაგო.