20 მაგალითი როგორ შეცვალა უკრაინის ომმა სამყარო - The Sunday Times

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"20 მაგალითი, როგორ შეცვალა უკრაინის ომმა სამყარო" - ამ სათაურით ბრიტანული მედია The Sunday Times ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს და საუბრობს იმაზე, თუ რა გავლენა იქონია უკრაინაში რუსეთის ომმა მსოფლიოზე.

ავტორის აზრით ომმა:

  • დაასუსტა პუტინი და რუსეთი. სტატიის ავტორი ფიქრობს, რომ 24 თებერვლამდე პუტინის პოზიცია ძლიერი ჩანდა, მაგრამ კატასტროფულმა ომმა მას სიტუაციიდან ადეკვატურად გამოსვლის შანსი არ დაუტოვა და ბევრ სფეროში მისი გავლენა შეარყია;
  • გააცოცხლა ბირთვული ომის შიში;
  • წინ წამოწია ტაივანის საკითხი. კერძოდ, ის წერს, რომ რუსეთის ქმედებებმა წარმოშვა კითხვა, როგორი შეიძლება იყოს ჩინეთის ნაბიჯები კუნძულთან მიმართებაში - უფრო სავარაუდოა თუ არა შეჭრა, თუ, პირიქით, ოფიციალური პეკინი ახლა ასჯერ დაფიქრდება?;
  • გამოიწვია ინფლაციის მატება და გაფიცვების რაოდენობა დიდ ბრიტანეთში (ენერგიის ფასების ზრდისა და ცხოვრების ფასის ზოგადი ზრდის ფონზე);
  • აიძულა 14 მილიონზე მეტი უკრაინელი დაეტოვებინათ საკუთარი სახლები;
  • შექმნა ახალი რუსული დიასპორა (გაზეთის ცნობით, ბოლო 10 თვის განმავლობაში რუსეთი უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე 1917 წლის რევოლუციის შემდეგ);
  • გააძლიერა შიში აფრიკაში შიმშილის დაწყების (ეს განპირობებულია რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადით, რომელიც გაგრძელდა ომის პირველი ხუთი თვის განმავლობაში);
  • გამოიწვია რუსეთის ეკონომიკის იზოლაცია (მედია წერს დასავლეთის სანქციებზე, რის გამოც რუსეთის ეკონომიკა წელს შესაძლოა 4,5%-ით შემცირდეს);
  • გაცილებით გაართულა ინფორმაციის მიღება რუსეთში არსებულ სიტუაციაზე (ბევრი უცხოელი ჟურნალისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, ხოლო დამოუკიდებელი რუსული პრესა გაჩუმდა);
  • უფრო მეტად გვაფიქრებინა "მწვანე" ტექნოლოგიებზე და ატომურ ენერგიაზე (როგორც ავტორი წერს, ეს არის ენერგიის მატარებლების ღირებულების გაზრდის შედეგი);
  • გააძლიერა NATO (გამოცემა აღნიშნავს ალიანსის ერთიანობას რუსული აგრესიის ფონზე და მასში შვედეთისა და ფინეთის სამომავლო შესვლას);
  • მოგვცა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი იქნება მომავლის ომები (ერთის მხრივ, ამ ომმა აჩვენა თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა, როგორიცაა სატელიტური ინტერნეტი და დრონები, მეორე მხრივ, ის საოცრად მოძველებული აღმოჩნდა, თავისი თხრილებითა და საარტილერიო დუელებით);
  • აჩვენა ქარიზმატული ლიდერის მნიშვნელობა (სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიო ლიდერი და მოახერხა სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვება, ხოლო უკრაინელები იგებენ პროპაგანდისტულ ომს სოციალურ ქსელებში);
  • დაასრულა სამხედრო ტაბუ გერმანიაში (ავტორი იხსენებს, რომ ომმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო რუსეთიდან მიღებული ენერგიის იაფი წყაროები გერმანიაში ეკონომიკური ზრდისთვის და აიძულა კანცლერი ოლაფ შოლცი გამოეცხადებინა გერმანიის სამხედრო ბიუჯეტის რადიკალური ზრდა);
  • წარმოუდგენელი სარგებელი მოუტანა იარაღის მწარმოებლებს (გამოცემის თანახმად, ყველაზე მეტად ამერიკელმა და ევროპელმა მწარმოებლებმა ისარგებლეს, რადგან ომმა აჩვენა დასავლური იარაღის მნიშვნელოვანი უპირატესობა რუსეთში წარმოებულზე);
  • განმტკიცდა უკრაინის ეროვნული იდენტობა (თავად უკრაინაში მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და ახლა მსოფლიოში ვერავის აერევა ეს ორი ქვეყანა);
  • დაარღვია რუსეთის კავშირები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან სპორტის, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში;
  • შექმნა ცივი ომის საფრთხე არქტიკაში (გამოცემა იხსენებს, რომ ომმა გამოიწვია თანამშრომლობის დარღვევა რუსეთსა და მის მეზობლებს შორის არქტიკულ რეგიონში, რაც აისახა რეგიონის ეკოლოგიაზე და მასში მცხოვრები მკვიდრ ხალხზე);
  • გაახანგრძლივა საჰაერო მოგზაურობა (ეს გამოწვეულია დასავლეთის ავიახაზებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის დაკეტვით. მაგალითად, მედიის ინფორმაციით, ომამდე ლონდონიდან ტოკიოში ფრენას 12 საათი დასჭირდა, ახლა კი თითქმის 14);
  • ჩელსის საფეხბურთო კლუბს ახალი მფლობელი მისცა (ჩელსის ყოფილი მფლობელი რომან აბრამოვიჩი მაისში იძულებული გახდა გაეყიდა კლუბი £4,25 მილიარდად).