როგორ დაგეგმა სიდედრ-სიმამრმა ყოფილი სიძის მკვლელობა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ იპოვა მძიმედ დაშავებული მამაკაცი მიტოვებულ შენობასთან და რა ჩვენება მისცა გამოძიებას არასრულწლოვანმა გოგონამ

პარკური არის ქუჩის ხელოვნება, რომელიც ადამიანს სწრაფად გადაადგილებაში ეხმარება. პიროვნებას უხდება დაბრკოლებების გადალახვა, რაც დიდ ადრენალინს ანიჭებს. პარკურები თავს ტრეისერებს უწოდებენ. ტრეისერი ინგლისური სიტყვაა და ეწოდება ისეთ ადამიანს, რომელიც ცდილობს, ებრძოლოს ქალაქის „ჯუნგლებს“. საქართველოში რამდენიმე ჯგუფი არსებობს, რომლებშიც ტრეისერები არიან გაერთიანებულნი და კარგადაც ერთობიან. ზოგადად, ერთი შეხედვით, სახიფათო ილეთები, ვარჯიშის შემთხვევაში, სახიფათო სულაც არაა და მთავარია, ტრეისერმა უაზროდ არ გარისკოს.

 

თბილისში, ერთ-ერთი მიტოვებული შენობის ეზოში, გოგონამ, რომელიც სავარჯიშოდ იყო გამოსული, ახალგაზრდა მამაკაცი იპოვა. ის სუნთქავდა, მაგრამ ისე იყო დალეწილი, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმაც კი თავი გადააქნიეს, ვერ გადარჩებაო. ამის მიუხედავად, საავადმყოფოში მალე გადაიყვანეს და გეტყვით, რომ სამი დღის შემდეგ, ექიმებმა დაბეჯითებით თქეს - გადარჩება, თუმცა მთელი ცხოვრება შშმ პირად დარჩება და ეტლიდან წამოდგომას ვერასდროს შეძლებსო. მანამდე კი...

„დილით, ჩვეულებრივად, სავარჯიშოდ გამოვედი, თან მეგობარს შევუთანხმდი, ერთად ვვარჯიშობთ ხოლმე. სახლთან დამხვდა და სირბილი დავიწყეთ. მოულოდნელად, მუცელში დისკომფორტი ვიგრძენი. ამ მშენებლობის ეზოს გავლით, სახლისკენ გზა უფრო მოკლეა და გადმოვუხვიე. ეს ბიჭი ერთდროულად დავინახეთ, მერე სასწრაფოშიც დავრეკეთ და დანარჩენი იცით“, - თქვა გოგონამ და ბიჭიც, რომელიც მასთან ერთად ვარჯიშობდა, თავს უკრავდა. საინტერესო ის გახლდათ, რომ დაშავებულს ორივე იცნობდა, ის პარკურის არათუ მიმდევარი, არამედ, ერთ-ერთი ჯგუფის დამფუძნებელი იყო და საზღვარგარეთ შეჯიბრზეც აპირებდა წასვლას.

დაშავებულს 6 წლის გოგონა ჰყავდა, მეუღლე კი... ორი წლის წინ, ერთ-ერთი საშიში ილეთის შესრულების დროს, ცუდად დაეცა, თავი დაარტყა და დაიღუპა. ბიჭს გოგონას გაზრდაში სიდედრ-სიმამრი ეხმარებოდა, თავად მშობლები სოფლად ჰყავდა და ამიტომ, ბავშვს მათ ვერ უტოვებდა. ადგილი, სადაც დაზარალებული იპოვეს, სპორტსმენებისთვის სასურველი და მიმზიდველი იყო, ისინი სწორედ იქ ვარჯიშობდნენ და რაც მთავარია, ნახევრად დანგრეული შენობის ნაწილებს ილეთების შესასრულებლად იყენებდნენ.

გამომძიებლებს ორი რამ არ მოეწონათ: პირველი ის, რომ დაშავებულს ჯინსები ეცვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იქ სავარჯიშოდ არ იყო, მეორე ის, რომ გოგონა და ბიჭი, რომლებმაც დაზარალებული იპოვეს, უცნაურად გამოიყურებოდნენ. უფრო ზუსტად კი ბიჭი, რადგან მათ, დაახლოებით, ათი წუთი ირბინეს, გოგოს ოფლი არ ჰქონდა გამოსული, ბიჭის მაისური კი გასაწური იყო. როცა ამის შესახებ ჰკითხეს, მშვიდად უპასუხა, ჭარბოფლიანობა მაქვსო, მაგრამ გამომძიებლებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, იგივე მანძილი არბენინეს და ბიჭს წვეთი ოფლი არ გამოსვლია. ცხადი იყო, სანამ ადგილამდე მივიდოდა, ბიჭი სხვაგან იყო ნარბენი, მაგრამ სად?

საავადმყოფოში ყოფნის მიუხედავად, დაშავებულს ექსპერტიზა ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ გადმოვარდნის შედეგად მიღებული ტრავმების გარდა, თავის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა, რომელიც სავარაუდოდ, რკინის ბლაგვი საგნით მიაყენეს. სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორია კიდევ ერთხელ გაჩხრიკეს და შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 150 მეტრში, სისხლიანი რკინის ნაჭერი იპოვეს, ოღონდ მას ხელჯოხის ფორმა ჰქონდა მიცემული. ადგილობრივებმა თქვეს, ამ ხელჯოხით გვერდით კორპუსში მცხოვრები მოხუცი დადისო და ძალოვნებმა ახლა მას მიაკითხეს. მოხუცმა საკუთარი ჯოხი მაშინვე იცნო, მაგრამ ისიც თქვა, როცა დანგრეული შენობის ტერიტორიაზე შევდიოდი, მხოლოდ მაშინ ვიყენებდი, უკან წამოსვლის დროს კი იქვე, ერთ-ერთ კუთხეში ვაყუდებდი და ვტოვებდიო. რკინის ჯოხზე მხოლოდ მოხუცის ანაბეჭდები იყო, თუმცა ექსპერტიზამ ისიც თქვა, დარტყმა ისეთი სიძლიერით არის განხორციელებული, მოხუცი ვერაფრით მოახერხებდაო ანუ ვიღაცამ იცოდა, სად იყო შენახული რკინის ხელჯოხი და გამოიყენა, თანაც ისე, რომ ზედ საკუთარი ანაბეჭდი არ დატოვა.

სამართალდამცავებმა სიდედრ-სიმამრიც დაკითხეს. ისინი სიძით ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ, ჩვენი შვილი აიყოლია, პრაქტიკულად, მოგვიკლა და ახლა, 6 წლის გოგონას იგივეს უპირებს, სახიფათო ილეთებს ასწავლისო.  ბავშვი გამუდმებით ჰყვებოდა, როგორ მიიბა მამამ ტანზე და შეასრულა სახიფათო ნახტომი, როგორ შესვა მარტო ბავშვი ცხენზე და როგორ იჯირითა ცხენმა მთებში. ყველაფერი ეს, ბებიასა და ბაბუას ძალიან აბრაზებდა, მაგრამ სიძეს არაფერს ეუბნებოდნენ, რადგან იცოდნენ, ის საკუთარ საქმეზე ძალიან იყო შეყვარებული და მით უმეტეს, ახლა, როცა საზღვარგარეთ წასვლისა და იქ ტურნირებში მონაწილეობის პერსპექტივა გაჩნდა, სხვა რამეზე საერთოდ ვეღარ ფიქრობდა.

იმის გამო, რომ დაშავებულს ბევრი ჭრილობა და მოტეხილობა ჰქონდა, ექსპერტები რთულად მუშაობდნენ. როგორც იქნა, ზურგიც შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ დაზარალებულს ელექტროშოკის კვალი ჰქონდა ანუ ძალიან დიდი ალბათობით, ელექტროშიკით გათიშეს, შემდეგ იმ ადგილზე მიიყვანეს და შენობიდან გადმოაგდეს, რადგან შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი ვარჯიშის დროს მოხდა, მაგრამ ჯინსით ვარჯიში? ასევე, დიდი ალბათობით, გადმოვარდნის შემდეგ, ბიჭი არ მოკვდა და მას სწორედ ის ხელჯოხი ჩაარტყეს, რომელიც შემდეგ იპოვეს, მაგრამ ფაქტია, ამასაც გადაურჩა. ამ დროს კი სამართალდამცავები არათუ კითხავდნენ, ცეცხლში ატარებდნენ მის მეგობარს, რომელიც თავიდან კი ამტკიცებდა, არსად მირბენიაო, მაგრამ შემდეგ გამოტყდა:

„საზღვარგარეთ ტურნირზე ერთ-ერთი უნდა წავსულიყავით. შიდა შეჯიბრი ჩავატარეთ და მაჯობა. რამე რომ დაშავებოდა, მე წავიდოდი, მაგრამ თავს ძალიან უფრთხილდებოდა. იმ დღეს, სანამ მეგობარი დამირეკავდა, სავარჯიშოდ ადრე გავედი, მეტი მინდოდა მერბინა, გოგოს არ შეუძლია ამდენი. ვირბინე და როცა დამირეკა, მისი სახლისკენ მოკლე გზით, დანგრეულ შენობაზე გავიარე და დავინახე, როგორ ეგდო მიწაზე ჩემი მთავარი კონკურენტი. თავიდან მკვდარი მეგონა და ჰო, გამიხარდა, ეგოისტურად გამიხარდა, მაგრამ მერე გაინძრა. ვიცოდი, მოხუცი რკინის ჯოხს სად ინახავდა, მოვიტანე და თავში ჩავარტყი. მერე რკინა მოვისროლე და მეგობარს შევხვდი, შემდეგ, ბედის ირონიით, მას მუცელი ასტკივდა და ისევ ამ გზაზე დავბრუნდით, დანარჩენი კი იცით“...

მეგობარი დააკავეს და ბრალად სხეულის განზრახ დაზიანება წაუყენეს, თუმცა დაზარალებულს მხოლოდ ეს ჭრილობა რომ ჰქონოდა, ეტლს არ მიეჯაჭვებოდა ანუ ხერხემალი სიმაღლიდან გადმოვარდნისას დაუზიანდა.

გამომძიებლებმა მისი გარემოცვის დაკითხვა განაგრძეს და ისიც იკითხეს, რატომ არ უშლიდით, როცა შვილს საშიშ ილეთებს აკეთებინებდა და სხეულზე თოკით იბამდაო. გაოცებისგან ყველამ პირი დააღო, მეგობრები ერთხმად ამბობდნენ, რომ დაშავებული გოგონას თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა და ილეთებში მონაწილეობას კი არა, ყურებასაც არ ანებებდა. ის შვილთან ერთად არასოდეს ვარჯიშობდა, თუ სხვა ვარჯიშობდა, არ აყურებინებდა. რაც შეეხება ცხენს, ვერავინ გაიხსენა, ოდესმე, ცხენი ეხსენებინა დაზარალებულს და საერთოდაც, როცა შვილთან ერთად დროს ატარებდა, ან პარკში სეირნობდა, ან ატრაქციონებზე დადიოდა, მაგრამ არასდროს საშიშზე. ძალოვნებს ეს უცნაურად ეჩვენათ, ბავშვის ბებია-ბაბუას მიაკითხეს და ძალიან ფრთხილად, გოგონას კითხვები დაუსვეს. ბავშვმა მალე აღიარა, რომ რეალობას კი არა, საკუთარ ოცნებებს ჰყვებოდა. ამის გაგონებაზე, ბებია-ბაბუამ ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ არაფერი უთქვამთ.

„იმ ღამით, როცა ჩვენი ლიდერი დაშავდა, დაახლოებით, ღამის პირველამდე, ერთად ვიყავით. შემდეგ სახლში წავიდა, ბავშვი სიდედრ-სიმამრთან ჰყავდა დატოვებული, მის სადარბაზომდე ერთად მივედით, მე ახლოს ვცხოვრობ. დავემშვიდობე და შინისკენ წავედი, ცოტა მანქანა მოძრაობდა და როცა ერთ-ერთი წამომეწია, უნებურად შევხედე. მომეჩვენა, რომ წინა სავარძელზე, სწორედ დაზარალებული იჯდა, უკანა სავარძლისკენ იყურებოდა და ვიღაცას ესაუბრებოდა. ღამე იყო და დაზუსტებით ვერ გავარჩიე, მაგრამ ის კი ზუსტად მახსოვს, რომ ავტომობილი თეთრი ფერის „მერსედესი“ იყო და მარჯვენა ფრთა „გაშპაკლული“ ჰქონდა“, - ეს განცხადება განყოფილებაში საკუთარი ნებით მისულმა ერთ-ერთმა დამწყებმა ტრეისერმა თქვა.

თეთრი ფერის „მერსედესი“, დაზიანებული მარჯვენა ფრთით... დაშავებულის სიმამრს ჰყავდა. მათი ბინის ჩხრეკა ჩატარდა და მართალია, სახლში ვერაფერი იპოვეს, მაგრამ ავტოფარეხში ელექტროშოკერს მიაგნეს.

„დღემდე იმ აზრზე ვართ, რომ ჩვენი შვილი, სწორედ სიძის ახირებების გამო დაიღუპა. შვილიშვილსაც ვეღარ დავთმობდით, ის ყოველ საღამოს, როცა მამამისთან ატარებდა დღეს, ისეთ ამბებს გვიყვებოდა, თავი საშნელებათა ფილმში გვეგონა. ახლა ეს საზღვარგარეთ წასვლა გამოტყვრა, ბავშვის წაყვანაც სურდა და დავრწმუნდით, რომ შვილიშვილი შეიძლება ვეღარასოდეს გვენახა და ეს იმიტომ, რომ შესაძლოა, ბავშვი მამის კვალზე წასულიყო. ამიტომ, დავგეგმეთ, რომ ის თავიდან უნდა მოგვეშორებინა, სახლთან დაველოდე, ელექტროშოკერით გავთიშე, ვიცოდი, სადაც ვარჯიშობდა ხოლმე, იქ მივიყვანე და გადმოვაგდე. მეგონა, მოკვდებოდა, ახლა კი ძალიან მეცოდება“, - განაცხადა სიმამრმა.

სასამართლომ დაკავებული მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლა და 8 წელი მიუსაჯა.

 

ბათო ჯაფარიძე