ვინ არის მამაკაცი, რომელიც ვაგზლის მოედნიდან ქალებს იტაცებდა და მონებად ამუშავებდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

შემზარავი ამბავი - „გარაჟში“ დატყვევებული ქალები 

საბჭოთა კავშირის ნგრევას მოსახლეობის გაღატაკებაც მოჰყვა. ვისაც რამე ჰქონდა გასაყიდი, ჯერ გაყიდა, შემდეგ კი თურქეთს მიაწყდა სამუშაოდ. სამწუხაროდ, სიტყვა „ტრეფიკინგი“ მკაფიოდ და ხმამაღლა სწორედ მაშინ გაისმა, მანამდე, საბჭოთა მოქალაქეებმა არც ამ სიტყვის მნიშვნელობა იცოდნენ და ვერც წარმოედგინათ, რომ ასეთ რამ შეიძლება მომხდარიყო. მოკლედ, არაოფიციალურმა მონობამ ნელ-ნელა ფეხი საქართველოშიც მოიკიდა და გათავისუფლების შემდეგ, არაერთმა ადამიანმა თქვა, რომ წლების განმავლობაში, არაადამიანურ პირობებში, ლუკმა-პურის სანაცვლოდ ამუშავებდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მილიციაში მიდიოდნენ, თუმცა ასეთების რიცხვი ძალიან მცირე გახლდათ. ჯერ ერთი, ნაკლები იყო შანსი, რომ ექსპლუატაცია დაემტკიცებინათ, რადგან ექსპლუატატორი პირზე დაადგებოდა - შენი ნებით მუშაობდი და არავინ გიჭერდაო, მეორეც, სამართალდამცავებს მაშინ ბევრად მეტი თავის ტკივილი ჰქონდათ და ასეთ საქმეებს ერთგვარად მსუბუქად და, ცოტა არ იყოს, უპასუხისმგებლოდ უყურებდნენ. „გამოვიქეცი, გესმით? - მე გამოვიქეცი“, - ამ სიტყვებით შევარდა მილიციის განყოფილებაში 30 წლამდე ქალი და სამართალდამცავებს დახმარება სთხოვა.

„თავიდან ვერაფერი გავიგეთ, გვეგონა, გოგო მოტაცებული იყო, 90-იანი წლების დასაწყისში ყველაფერი ხდებოდა და მაშინ მოტაცებაც მოდური გახდა, ამიტომ გოგონა ჩემს ოთახში შევიყვანე, დავამშვიდე და ყველაფრის დეტალურად მოყოლა ვთხოვე. მისი ნაამბობი სასწაულს ჰგავდა“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

როგორც გოგონა ამბობდა, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ, ქუჩაში შემთხვევით გაცნობილმა მამაკაცმა სამუშაო შესთავაზა - ხალათები და საცვლები უნდა შეეკერა, ხელფასი ექნებოდა და რეალიზაციაზე თავად მამაკაცი იზრუნებდა. საყოველთაო უმუშევრობის ფონზე, წინადადება ძალიან მიმზიდველი ჩანდა. მამაკაცმა უთხრა, რომ პატარა სახელოსნო ავტოფარეხში ჰქონდა მოწყობილი და გოგოს წაყოლა შესთავაზა. მართლაც, ერთ-ერთი კორპუსის (?!) უკანა ეზოში, ავტოფარეხში შევიდნენ და მერე გოგოს აღარაფერი ახსოვს. როცა თვალი გაახილა, საკნის ტიპის ოთახი დაინახა, სადაც მის გარდა, ორი ქალი იყო და სამი საკერავი მანქანა იდგა. მამაკაცი მალე გამოჩნდა, აუხსნა, რომ საკვებს მიიღებდა, მას კი უნდა ემუშავა. უარის შემდეგ, გოგოს სახეში არაერთი სილა მოხვდა და ბედს შეეგუა. ქალები დილიდან საღამომდე კერავდნენ, სანაცვლოდ კი კარტოფილს, პურს და იშვიათად ბოსტნეულსაც იღებდნენ. იქვე იყო მოწყობილი საპირფარეშო, რომელიც სარეცხის ქვაბისა და მისი თავსახურისგან შედგებოდა. სამ დღეში ერთხელ, ეს ქვაბი თავად იმ კაცს გაჰქონდა, ზემოთ კიბით ადიოდა და შემდეგ ბრუნდებოდა, თან ქალებს მუდმივად ლანძღავდა. ქალები ხვდებოდნენ, რომ მიწის ქვეშ იყვნენ, მაგრამ იმავე ავტოფარეხში, თუ სხვაგან, არ იცოდნენ. ისტორია ერთმანეთს ჰგავდა - ის ორიც „სამსახურში“ სწორედ იმ გზით მოხვდნენ, როგორც მესამე. გოგონას თქმით, ერთ-ერთი ქალბატონი ცუდად გახდა და რადგან ექიმის გამოძახების შესაძლებლობა არ იყო, გარდაიცვალა. მის ნაცვლად, ორ დღეში, ახალი ქალი შეაგდეს ბუნკერში. გაქცევაზე ფიქრი შეუძლებელი იყო, რადგან ასასვლელი რკინის კიბე დენზე გახლდათ მიერთებული, დენის წყარო კი სარქველის მაღლა იყო. როცა კაცი მოდიოდა, დენს თიშავდა, როცა მიდიოდა - რთავდა. სხვა განცხადებებთან ერთად, მილიციაში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრთა განცხადებებიც იყო. ქალს სურათები ანახეს, რომელმაც ბუნკერში მყოფი ორი ქალი ამოიცნო და ისიც, რომელიც გარდაიცვალა, თუმცა ყველაზე ცუდი ის გახლდათ, რომ არ იცოდა, სად იყო ბუნკერი, სტრესის გამო ვერ იხსენებდა კორპუსს, რომლის უკანაც, ავტოფარეხშიც შევიდა. რაც შეეხება გაქცევას, მამაკაცმა კონკრეტულად ეს გოგო რამდენჯერმე გაიყვანა ბუნკერიდან, თვალები აუხვია, ავტომობილში ჩასვა, სადღაც აბანოში შეაგდო, აბანავა, შემდეგ კი გააუპატიურა. როგორც ქალი ამბობდა, გაუპატიურება სიმბოლურად ერქვა, რადგან მას წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონდა, უხმოდ ეგდო მამაკაცის ქვეშ და წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ერთ-ერთი ასეთი გაყვანის შემდეგ, კაცს ჩაეძინა, ქალმა გარეთ გამოსვლა შეძლო, სიბნელეში ირბინა, როცა აზრზე მოვიდა, მილიციის შენობა დაინახა და იქ შევარდა. როგორც ის ამბობდა, დაახლოებით, 2 ან 3 საათის მანძილზე მორბოდა, არ იცოდა, როგორ, რანაირად, რომელი ქუჩებითა თუ გზებით, უბრალოდ, მორბოდა მანამ, სანამ არ დაათენდა და განყოფილება არ დაინახა. ეს იმას ნიშნავდა, რომ საუკეთესო შემთხვევაში, სამართალდამცავებს 5-7 კილომეტრის რადიუსში უნდა ეძებნათ სავარაუდო სახლი თუ ბუნკერი, რაც ლამის ნახევარი თბილისის შემოვლას ნიშნავდა.

„ერთადერთი, რაც იმედს მაძლევდა, ის გახლდათ, რომ სამივე შემთხვევაში, ქალები ვაგზლის მოედნის მიმდებარედ მოატყუეს ანუ მამაკაცი ან ახლოს ცხოვრობდა, ან საკბილოს სწორედ იქ ეძებდა და ამიტომ, აგენტურული ქსელი იქ ავამუშავეთ - დავინტერესდით, ხომ არ იყო ვინმე ისეთი, ვინც მკერავებით ინტერესდებოდა. სამწუხაროდ, ინფორმაცია ვერავისგან მივიღეთ. ამასთან, გადარჩენილი ქალბატონი ავტომობილით დაგვყავდა იმ შემოგარენში, სადაც შესაძლოა ყოფილიყო და გარემოს ვათალიერებინებდით, თუმცა საერთოდ ვერაფერს იხსენებდა. ექიმები ადასტურებდნენ, საშინელი ფსიქოლოგიური სტრესი აქვსო და იმედს არ იძლეოდნენ“, - იხენებს ბატონი თენგიზი. ამასობაში, მილიციაში კიდევ ერთი ქალის გაუჩინარების შესახებ შევიდა განცხადება. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ 35 წლამდე ქალი შინიდან გავიდა, ვაგზლის მოედანზე დეიდაშვილს უნდა შეხვედროდა, თუმცა დეიდაშვილმა მხოლოდ ის დაინახა, როგორ უჯდებოდა ქალი ვიღაც მამაკაცს ცისფერ ავტომობილში და როგორ დატოვა იქაურობა. მაშინ ამდენი მანქანა თბილისში არ იყო და არც ფერი გახლდათ ისეთი, უამრავს რომ ჰქონოდა. ამიტომ, ცისფერი ავტომობილების მეპატრონეთა შესწავლა დაიწყეს და შედეგიც სამ დღეში დადეს - ერთ-ერთი ცისფერი „06“-ის მეპატრონე, ვაგზლის მეოდნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალათებსა და საცვლებს აბარებდა. სამართალდამცავებმა მის მიერ ჩაბარებული რამდენიმე ნივთი ამოიღეს და მამაკაცის სურათთან ერთად, ქალს ანახეს. მან ნივთებიც ამოიცნო, ჩვენი შეკერილიაო და მამაკაცზეც დაბეჯითებით თქვა, ეს გახლავთ ბუნკერის მეპატრონეო. ახლა მთავარი იყო, დამნაშავე არ დაეფრთხოთ, თორემ ის რომ უარზე წასულიყო, შესაძლოა, ბუნკერი ვერასდროს ეპოვათ. მასზე თვალთვალი დააწესეს, მაგრამ... „ლამის ისტერიკა დაგვემართა. ეს ქალი ამბობდა, ბუნკერში ყოველდღიურად გვსტუმრობდა, იშვიათად, რომ ორი დღის მერე მოსულიყოო და აგერ, ამ კაცს მეოთხე დღე ვუთვალთვალებდით და სახლის გარდა, არსად მიდიოდა. ორჯერ იყო მეგობართან, ოღონდ კორპუსში და ხალათები იქიდან გამოიტანა. იყო კიდევ ერთი დეტალი, რომელიც მნიშვნელოვნად მეჩვენა. ობიექტი კოჭლობდა და ეს მაშინ, როცა დაზარალებული ქალბატონი ამტკიცებდა, არ კოჭლობსო. გაჩნდა ვერსია, რომ ქალს რაღაც აერია და ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, სხვა მამაკაცზე მიგვანიშნებდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ძალიან მალე, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ერთ მშვენიერ დღეს, ობიექტმა გეზი გარაჟისკენ აიღო, ავტომობილი გარეთ დატოვა, შიგნით შევიდა და კარიც შიგნიდან ჩარაზა. იქ, დაახლოებით, ერთი საათი დაჰყო და ხელში დიდი ჩანთით გამოვიდა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, სამართალდამცავებმა იქვე დააკავეს და ავტოფარეხში შებრუნდნენ. ერთი შეხედვით, იქ არაფერი ჩანდა, თუმცა მანქანის ორმოს ზემოდან ფიცრები ეწყო. მათი აღების შემდეგ კი გამოჩნდა ჩასასვლელი, თუმცა სამართალდამცავებს ჩასვლა არც უფიქრიათ, კარგად იცოდნენ, რომ დენის წყარო იყო მიერთებული. ეჭვმიტანილი გაოცდა, რა დენი, რის ჩასასვლელი, მე არაფერი ვიციო, ამიტომ გამოცდილი ელექტრიკოსის გამოძახება გახდა საჭირო. კიბე ოთხ მეტრზე ჩადიოდა, პატარა, დაახლოებით, 12 კვადრატულში, ოთახი იყო მოწყობილი, სადაც სამი, თითქმის უსიცოცხლო არსება შეყუჟულიყო და სტუმრებს შიშით უმზერდა. დატყვევებულები ჰაერზე ამოიყვანეს, მათ არ სჯეროდათ, რომ თავისუფლება ეღირსათ. „დავაკავეთ არა მარტო ბუნკერის მეპატრონე, არამედ, მისი მეგობარიც. მას ფეხი უტკენია და ამიტომ, ბუნკერში მეგობარი ჩადიოდა. ორივემ ერთად ამოთხარა ოთახი, ორივემ ერთად დააწყო გეგმა, მაგრამ ქალების შეტყუებას მხოლოდ ბუნკერის მეპატრონე ახერხებდა. გათავისუფლებული ქალებიდან ერთმა, ორ თვეში, თავი მოიკლა, დანარჩენებს სერიოზული რეაბილიტაცია დასჭირდათ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი. სამწუხაროდ, მაშინ სასამართლო ასეთ საქმეებში გამოუცდელი იყო, შესაბამისად, ვერ დაიჯერა, რომ ქალები გაქცევას ვერ ახერხებდნენ და „ცეხავიკებს“ 7-7 წელი აკმარა. ყველაფერი ეს, იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი ქალი გარდაიცვალა, თუმცა დაკავებულებმა უაარი თქვეს, რა გარდაცვალება, სახლში წავიდაო, მის გვამს კი გამოძიებამ ვერსად მიაგნო.

ავტორი - ბათო ჯაფარიძე