სკანდალური ექსკლუზივი: ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობის გეგმის უცნობი დეტალები - ლევან მამალაძე ინფორმაციის წყაროს ასახელებს

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„სააკაშვილს მოხარშულს ვიცნობ... დღესაც ფსიქოტროპულ საშუალებებსა და ნემსებზე ზის“

 

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელზეც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრები იყო ჩაწერილი, 18-წლიან დევნილობაში მყოფმა ლევან მამალაძემ სკანდალური განცხადება გაავრცელა. „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ფართო აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერი მოისმინა, სადაც მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტების - ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას, ქვეყანაში სიტუაციის არევასა და რევოლუციას გეგმავდნენ. ლევან მამალაძემ სააკაშვილის გეგმა ჩაშალა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათი დაინტერესების შემთხვევაში, დააკავშირებს იმ პირებს, რომლებმაც ეს ფარული ჩანაწერი მოასმენინეს... დეტალების გასარკვევად, „ვერსია“ ლევან მამალაძეს დაუკავშირდა, თუმცა ვიდრე სკანდალურ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, გავიხსენოთ, რა ვითარებაში დატოვა საქართველო და რატომ დაუპირისპირდა ქვემო ქართლის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილი?

 

***

საქართველო 2003 წლის დეკემბერში დატოვა, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ პარლამენტის წევრობა გააუქმა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სააკაშვილთან დაპირისპირება გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, როდესაც საპარლამენტო ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე, სააკაშვილი, იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. საქმე ეხება „კვარციტსა“ და „მადნეულს“, სადაც ცრუ ინვესტორები მივიდნენ და თაღლითური გზით, დოკუმენტების გაყალბების შედეგად, ამ საწარმოების ვალები დააგროვეს. მამალაძის თქმით, ყალბი ინვესტორები სააკაშვილს დაუკავშირდნენ და მისი დახმარებით, შევარდნაძეს არწმუნებდნენ, რომ ვალების სანაცვლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეს მომგებიანი საწარმოები აუქციონისა და გამოსყიდვის გარეშე გადასცემოდათ.

შევარდნაძემ საქმეში გარკვევა ქვემო ქართლის გუბერნატორს დაავალა, ხოლო ლევან მამალაძე მაშინდელი კონტროლის პალატის (ახლა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, - ავტ.) თავჯდომარეს, სულხან მოლაშვილს დაუკავშირდა და ამ საწარმოების დოკუმენტაციის შესწავლა სთხოვა. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ სინამდვილეში, ინვესტორები კი არა, თაღლითები იყვნენ. აი, ამის შემდეგ გადაეკიდა სააკაშვილი მამალაძეს და როგორც თავად გვიამბობს, ჭორები აუგორა, რომ თურმე „ოქროს ზოდებისა და ნიანგების“ მფლობელია. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 2003 წლის მოვლენებამდე, სამი სატელევიზიო ეთერი შედგა, სადაც მამალაძე-სააკაშვილის დებატების დროს, სააკაშვილი  ეთერიდან გაიქცა...

18 წელია, რაც ლევან მამალაძე, ოჯახთან ერთად, დევნილობაში იმყოფება. ამბობს, რომ სააკაშვილმა, „კვარციტისა“ და „მადნეულის“ გამო, პირადი ანგარიშსწორების მიზნით დაგეგმა მისი, როგორც კონკურენტის განადგურება. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, მის ოჯახზე სისხლიანი რეპრესიები განხორციელდა. სააკაშვილის დავალებით, პროკურატურამ ყველა დოკუმენტი გადაქექა და როდესაც ვერაფერს მიაგნო, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ლევან მამალაძის ქონებრივ დეკლარაციაში არსებული ინფორმაცია გამოაცხადა დანაშაულებრივად... ამბობს, რომ სააკაშვილის რეპრესიებს შეეწირა მისი ბიძის, მამის, სიძისა და ნათესავების სიცოცხლე. ყველა მისი ახლობელი დაკითხეს, დააშინეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ხოლო ოჯახი - მეუღლე, სამი მცირეწლოვანი ბავშვით - ქუჩაში გამოყარეს, ბავშვების გატაცება უნდოდათ, რომ  მამალაძე დაეშანტაჟებინათ და იძულებული გახადეს, სამშობლოდან გადახვეწილიყვნენ.

„სახელმწიფო ინტერესებს ვიცავდი. ქვეყანას სახელმწიფო ქონება და საწარმოები შევუნარჩუნე, მაგრამ სააკაშვილის გაპრეზიდენტებიდან ორ კვირაში, „მადნეული“ და „კვარციტიც“ რუსულ კომპანიას გადაეცა 1 ლარად. ბიძამისი წილში ჩაუსვა რუსებს და ოფშორული კომპანიების საშუალებით, დღესაც წილში არიან. მე ჭორები გამივრცელა, თვითონ კი ეს საწარმოები მიისაკუთრა და ახლაც მათი საშუალებით ფინანსდება... 2005 წელს, უკრაინამ პოლიტდევნილის სტატუსი მომანიჭა, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა,საპარლამენტო კომისიას, რომელსაც რეპრესირებული ადამიანები უნდა შეეწყალა, ყველა დოკუმენტი მივაწოდეთ, მაგრამ სიიდან ამომიღეს. ამას იმით ვხსნი, რომ იმ პერიოდში, „ოცნებას“ ბევრმა ჯგუფმა შეაფარა თავი, რომლებიც ახალ ხელისუფლებაში პორტირებული, ძველი ნაციონალები იყვნენ. ცხადია, სიიდან ისინი ამოიღებდნენ ჩემს გვარს. მას შემდეგ, პროკურატურას მრავალგზის მივმართე, ხოლო შარშან პრეზიდენტსაც, მაგრამ ჩემი საკითხის სამართლებრივ ჭრილში განხილვას ვერსად მივაღწიე“, - გვიამბო ლევან მამალაძემ.

 

***

ახლა კი, დაპირებული, სკანდალური ინტერვიუ ლევან მამალაძესთან, რომელმაც უკრაინაში დევნილობის დროს, „სტრატეგიული დაგეგმარების“ ცენტრი შექმნა.

- ბატონო ლევან,საზოგადოებამ თქვენგან შეიტყო, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტების - ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია იგეგმება. საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

- ეს უკავშირდება ჩემს საქმიანობას, რომელიც 2004 წლიდან, დევნილობის პირობებში დავიწყე უკრაინაში. იქ იმიტომ წავედი, რომ ბევრი მეგობარი მყავდა, კერძოდ, რეგიონების ხელმძღვანელები, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე მინისტრები, მოკლედ, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც მანამდე, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ვიცნობდი.

უკრაინაში, „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი“ ჩამოვაყალიბეთ, რომელშიც მაღალი დონის ექსპერტები და სპეციალისტები მოვიწვიეთ. ვამუშავებდით უამრავ, მნიშვნელოვან საკითხს და კონსულტაციებს ვუწევდით მაღალი რანგის ჩინოსნებს, თანამდებობის პირებს, ხელმძღვანელებს, როგორც უკრაინაში, ასევე, სხვა ქვეყნებშიც. ჩვენი ძირითადი საქმიანობა იყო კონფლიქტების, პოლიტიკური დაძაბულობების დარეგულირება და საარჩევნო პროცესების წარმართვა. აქედან გამომდინარე, სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთობაში, ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებზე გვქონდა და ახლაც გვაქვს წვდომა. მეტიც, უამრავი, მნიშვნელოვანი კონტაქტი გვქონდა და გვაქვს. ესენი არიან უშიშროების სამსახურების თანამშრომლები, „სბუ“-ს (Служба безпеки України.) წარმომადგენლები, რომლებსაც ახლა საგამოძიებო და კერძო დეტექტიური კომპანიები აქვთ შექმნილი და შესაბამისი ტექნიკური საშუალებები გააჩნიათ, გატეხონ დაცული ხაზები და მოიპოვონ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტებთან დაკავშირებული ინფორმაციაც მათ მოიპოვეს და ჩემთან კონტაქტზე გამოვიდნენ. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ეჭვის თვალით შევხედე და ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა ვნახო და მოვისმინო-თქო. ეს ჩანაწერები პირდაპირ არ მომცეს, რადგან  ინტერესების დაკმაყოფილების გარეშე, დედნების მოცემას არ აპირებდნენ. მათ წარმომადგენელს სხვა ქალაქში შევხვდი, რათა ინფორმაციას გავცნობოდი.

- რა სახის ჩანაწერები ნახეთ?

- სულ ორი სახის ჩანაწერია, აქედან ერთი, სატელეფონო საუბარია მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის. ისინი ტელეფონით საუბრობენ და იხილავენ საქართველოში მკვლელობის განხორციელებასა და რევოლუციის მოწყობის გეგმას, ხოლო მეორე - ვიდეოა, სადაც სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრება ადეიშვილს, მაგრამ ვიდეოში მხოლოდ სააკაშვილის ხმა ისმის.

- ეს ჩანაწერები ავთენტურია?

-  უკრაინელი კოლეგები პროფესიონალები არიან და ზუსტად იციან, რომ ტყუილ ინფორმაციას არავინ წამოეგება. რამდენჯერმე ყურადღებით მოვუსმინე ამ ჩანაწერებს და მათ ავთენტურობაში ეჭვი არ შემპარვია, რადგან სააკაშვილი-ადეიშვილის საუბარი კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ არის და არც სხვადასხვა სახის თემაზე საუბრობენ. მოკლედ, საუბარში ჭრები არ არის და არც ხმები იცვლება. 100%-ით თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩანაწერები ავთენტურია.

- ბატონო ლევან, კონკრეტულად რა თემაზე საუბრობენ სააკაშვილი და ადეიშვილი?

- გეტყვით: სააკაშვილი უკანასკნელი სიტყვებით აგინებს ოპოზიციას და მის ლიდერებს. ამბობს, ახლა, როცა ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები გამოაქვეყნა, ოპოზიცია ვერ იყენებს იმისთვის, რომ ახლადდანიშნილი პრემიერ-მინისტრი გადააყენოს და სიტუაცია ააგოროსო. სააკაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, ისევ მე უნდა შევქმნა რევოლუციური ფონი, რისთვისაც საჭიროა ბიძგი ანუ ორი ჟურნალისტის მკვლელობაო. პირდაპირ ამბობს, რომ ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე უნდა მოიკლას, რითაც შეიქმნება რევოლუციური ფონი და ივანიშვილის ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოვშლითო. იქ ბევრი გინება და უშვერი სიტყვები ისმის, მაგრამ მათი საუბრის ძირითადი შინაარსი ესაა.

სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ადეიშვილი საკმაოდ წყნარად საუბრობს და არც აგრესიას ავლენს. ყველაზე მეტად იმ ფაქტმა შემაშფოთა, რომ ისინი საუბრობენ, თუ ვინ უნდა შეასრულოს ეს მკვლელობები. „უნდა მოვიფიქროთ, ვინ არიან ჩვენიანები, სხვადასხვა უწყებებსა და სტრუქტურებში, უმჯობესია, რომ მოქმედი თანამშრომლები იყვნენო“. სააკაშვილი ამბობს, რომ ამ იდეას ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება და „წუხს“, რომ რევოლუციური ფონი ისევ მისი შესაქმნელია.

წარმოიდგინეთ, ეს ჩანაწერი რომ მოვისმინე, ჩემი მთავარი ამოცანა იყო, ყველაფერი მეთქვა, თან ჩანაწერი რამდენიმე დღით ადრე იყო გაკეთებული და არავინ იცოდა, მისი რეალიზება რა ეტაპზე იყო. მე გავაკეთე პრევენცია, რათა ჟურნალისტების ხელყოფა არ დგვეშვა და სააკაშვილის დანაშაულებრივი გეგმა ჩავშალეთ! ასეთ შემთხვევაში, სეირის მაყურებლად ყოფნა გამორიცხული იყო, საათებსაც კი ჰქონდა მნიშვნელობა. თქვენ რომ მსგავსი შინაარსის ჩანაწერი მოისმინოთ, რომელშიც ადამიანების მკვლელობა იგეგმება, როგორ მოიქცეოდით!

- მაქსიმალურად ვეცდებოდი, ინფორმაცია გამევრცელებინა...

- დიახ, ამიტომაც ვიფიქრე, ჩამოვაყალიბე ჩემი პოზიცია და განვაცხადე კიდეც. სხვათა შორის, ამ პრევენციამ იმუშავა, რადგან სააკაშვილი გაყურსულია და აღარ იცის, რა ქნას. მემუქრება და აგრესიას ავლენს, მაგრამ ფაქტობრივად, გეგმა ჩაეშალა. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ისინიც და ოპოზიციის ფლანგზე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც დასაცავები არიან, რადგან კაცმა არ იცის, მაგ ავადმყოფ და მანიაკ ადამიანს, რა უტრიალებს თავში! მისთვის ადამიანის მოკვლა პროცესის შემადგენელი ნაწილია, რათა სიტუაცია არიოს და საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილოს - ესაა სააკაშვილის ხელწერა!

თუ ძალოვანი სტრუქტურები დაინტერესდებიან, კონტაქტებს მივცემ, შუამავლობას არ ვაპირებ, თვითონ დაეკონტაქტონ უკრაინელებს, მოელაპარაკონ და აიღონ ამ ჩანაწერების ორიგინალები. მართალია, პრევენციამ იმუშავა და ამ ეტაპზე, სააკაშვილის გეგმა ჩაიშალა, მაგრამ ამას დიდი აგრესია და მუქარები მოჰყვა. ეს აგრესია ჩემსკენ მომართეს, სოციალურ ქსელებში არსებულ ტროლ-ბოტებს არ ვგულისხმობ, მათ არც ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ კონკრეტული პირები გამოჩნდნენ, საკუთარი ტელეფონების ნომრებით, რომლებიც მირეკავენ და მემუქრებიან. როცა ვიდეო-მიმართვა გავაკეთე, ჩემს უსაფრთხოებაზე არ მიფიქრია!

- ძალოვანი სტრუქტურებიდან არავინ დაგკავშირებიათ?

- ჯერჯერობით, არავინ დაინტერესებულა და არც კონტაქტზე გამოსულან, მედიიდანაც კი. როდესაც ეს ვიდეო-მიმართვა ანუ სააკაშვილის გეგმის მხილება დავაფიქსირე, შესაბამისი ვიდეო-მიმართვა სოციალურ ქსელში, ჩემს საკუთარ გვერდზე ავტვირთე და დავთაგე საქართველოს მთავრობა, სხვადასხვა უწყებები, ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლელო. ინგა გრიგოლიას პირადად მივწერე, რადგან დიდი ხანია, ვიცნობ და საკმაოდ დადებითად ვარ განწყობილი. არავისგან რეაგირება არ მოჰყოლია. მეგონა, ტელეკომპანია „პირველი“ მაინც გამოჩნდებოდა, მაგრამ ისინიც არ გამოჩნდნენ.

მხოლოდ „იმედმა“ ჩამწერა. საზოგადოებამ ინფორმაციის შინაარსს კი არ მიაქცია ყურადღება, დაელოდნენ, ვინ შექმნიდა ამისგან საინფორმაციო მოვლენას. თუმცა საინფორმაციო მოვლენად ის საფრთხე კი არ გამოიყენეს, რომლის პრევენციაც განვახორციელე, არამედ ის, რომ „იმედმა“ გაუშვა ინფორმაცია. მერე გამოვიდნენ და თქვეს, რომ ჩემი ეს განცხადება, ხელისუფლების მხარდაჭერა იყო. რა მხარდაჭერაზეა საუბარი, როდესაც ამ ხელისუფლებამ იმის საშუალებაც კი არ მომცა, რომ ჩემს მიმართ კანონი აღსრულებულიყო და სამართლიანობა აღდგენილიყო. ჩემი მიზანი, მანიაკი სააკაშვილის გეგმის ჩაშლა იყო.

- ბატონო ლევან, ეს ამბავი ძველ დროს რატომ გაგონებთ ანუ მელაძე-ჩიხლაძის სავარაუდო მკვლელობასა და წარსულში, გიორგი სანაიას მკვლელობას შორის, პარალელი რატომ გაავლეთ?

- სააკაშვილს მოხარშულს ვიცნობ. არც არავინ უმკურნალა ამ ხნის მანძილზე და დღესაც ფსიქოტროპულ საშუალებებსა და ნემსებზე ზის...

ეს არის საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის ტექნოლოგია, რომლის საფუძველზეც, მასობრივი მღელვარება უნდა გამოიწვიო, რათა პოლიტიკური წყობა შეცვალო. ეს ჩვეულებრივი ტექნოლოგიაა და ამაზე შემიძლია, ლექციების კურსი წავიკითხო. პოლიტტექნოლოგია ითხოვს მკვეთრ, ყურისმომჭრელ, ფაქტობრივ საფუძვლებს. ადამიანის სიკვდილი და სისხლი ხალხზე დიდ ზეგავლენას ახდენს. სააკაშვილმა, ცხონებული სანაიას სიკვდილი, სწორედ ამისთვის გამოიყენა. მაშინ დაიწყო ხალხის ქუჩაში გამოსვლა, რაც 2003 წლის ნოემბრის მოვლენებით დასრულდა.

როდესაც პრეზიდენტი გახდა, სააკაშვილმა ხელისუფლება პირადი ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა, ჩამოაყალიბა ავტორიტარული რეჟიმი, სადაც სისხლისღვრა და ადამიანთა მკვლელობები ჩვეულებრივ მოვლენად აქცია. ვინც ბავშვობაში აწყენინა, ისინიც კი დაიჭირა და მე რომ სამჯერ გამექცა სატელევიზიო ეთერიდან, რადგან სახელმწიფო საწარმოების მითვისებაში ვამხილე, რას მიზამდა, ხომ გესმით?

როცა ხელისუფლებაში აღარ იყო, გაიხსენეთ, რას აკეთებდა - გამოდით, ბარიკადები ააგეთო. სპეცრაზმი რომ შემოვა, ორსული ქალი უნდა მოკვდეს და ხალხს ამით გამოვიყვანთო - ეს მისი სიტყვებია და არც დაუმალავს. მხოლოდ რევოლუცია არის სახელმწიფოს ჩამოშლისა და მისი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა, რასაც ღიადაც აცხადებს.

აქედან გამომდინარე, ის ჩანაწერი რომ მოვისმინე, აღვშფოთდი, რადგან ვიცი მაგ მანიაკის აზროვნება და ისიც ვიცი, რასაც გააკეთებდა. შესაბამისად, პრევენციასა და ჟურნალისტების დაცვას, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. 

 

მაია მიშელაძე