„მერაბ, ხომ იცი, ჩვენ საქართველო უნდა გავათავისუფლოთ, როცა გავიზრდებით!“- 28 ოქტომბერს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს ისტორიაში მართლაც დაწერა ახალი ფურცელი

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ხმების  54%-ით მოიპოვა პოლიტიკურმა ძალამ, ზვიად გამსახურდიას ლიდერობით -"მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", სსრკ-ის კომუნისტურმა პარტიამ კი - 29.6% და რა გასაკვირია, რომ პირველივე სესიაზე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ზვიად გამსახურდია, მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება იყო, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით პარტიას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი.

გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი, მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციის, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი.

იმჟამად გადამდგარი პრემიერი, თენგიზ სიგუა 1991 წლის 22 დეკემბერს ემუქრებოდა თბილისის ომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტს, „მე მოგეცით ბატონო გამსახურდია, ბოლო შანსი, აწიეთ თეთრი დროშა და ჩაგვბარდით, თქვენ დიდი ხანია ცუდად ხართ და დიდი ხნის წინ უნდა გადამდგარიყავით, დღეს ჩვენ შენ აღარ შეგიცოდებთ, გამობრძანდებით თეთრი დროშით თუ სიცოცხლე გინდათ, თუ არა და ამოგბუგავენ ყველას.“, ამ დროს ზვიადი თავის მომხრეებთან ერთად უზენაესი საბჭოს ბუნკერში იმყოფებოდა, სატელეფონო კავშირის დასრულების შემდეგ სასტუმრო „თბილისში“ შეკრებილები თენგიზ სიგუას სიტყვას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ინტერნეტწყაროებიდან ირკვევა, რომ სიგუა შემდეგ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ბესო ქუთათელაძეს, აძლევს დავალებას, დააპატიმროს პრეზიდენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პარლამენტის შენობის დანგრევით იმუქრება: „შენ ახლა მაგას აპატიმრებ და მოგყავს აქ, მაგი არის ჩა...ლი, ეგ ლაჩარი, მოკიდე ხელი, დასვი მანქანაში და გამოიყვანე, 12 საათამდე გაქვთ დრო, მოიყვანეთ სასტუმრო „თბილისში“, ეს არის ბოლო საუბარი, თორემ გადაბუგული იქნება ყველაფერი. ყველა გზა გადაკეტილია, ზვიადი ვერსად ვერ გავა, ჩაიმარხება ბუნკერში თავის ხალხთან ერთად... მივეცი მე მაგ ჩა...ხს საშუალება, რომ დაეტოვებინა საქართველო ოჯახთან ერთად, მაგრამ არსად წავიდა.“

ბესო ქუთათელაძესთან საუბარი თენგიზ სიგუამ, როგორც ჩანს, საკმარისად არ ჩათვალა და საკუთარი ულტიმატუმი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ნემო ბურჭულაძესაც გააცნო: „ჩემი ბოლო ულტიმატუმია, გამსახურდიას მოკიდეთ ხელი და მოიყვანეთ, ეს არის ბოლო წინადადება...“

ნემო ბურჭულაძე დღეს ღიად ამბობს, რომ მაშინდელი მოვლენები რუსული სცენარით ვითარდებოდა: „რა თქმა უნდა, ეს იყო რუსული თამაში, თენგიზ სიგუას დამოკიდებულების გამოხატვის დროს ნათლად ჩანს, რომ ეს არის გაბოროტებული კაცი.“ - აცხადებს ნემო ბურჭულაძე

22 დეკემბრის შემდეგ ვითარება თბილისში უფრო გამწვავდა, 26-ში თენგიზ კიტოვანის გვარდიამ ჯაბა იოსელიანი ციხიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხედრიონი, პრეზიდენტი ოჯახსა და გარემოცვასთან ერთად რჩება. შეიქმნა სახელმწიფო საბჭო, რომელსაც ჯაბა იოსელიანი ჩაუდგა სათავეში. სამოქალაქო დაპირისპირების დაწყებიდან ორიოდე კვირაში ქვეყნის პირველი პრეზიდენტი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. 1992 წლის 6 იანვარს სამხედრო დაპირისპირების შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ოჯახთან და თანამოაზრეების ნაწილთან ერთად თბილისი დატოვა და სომხეთისკენ გაემართა. როდესაც სომხეთში უკვე ცნობილი გახდა, რომ დევნილობაში მყოფი პრეზიდენტი იქ დიდხანს ვერ გაჩერდებოდა მისი გროზნოში გადაყვანა მფრინავ ზაურ ბედიას დაევალა, რომელიც ეროვნული გმირის გადაყვანის დეტალებს იხსენებს: „საქართველოს ზონაში რომ შემოვედით, სამი გამანადგურებელი დავინახე, უნდოდათ ვაზიანის აეროპორტში დავესვით და ზვიადი ხელში ჩაეგდოთ. ისეთი ილეთები გავაკეთე, იმათ იფიქრეს, გიჟია ვიღაცაო. ამხელა თვითმფრინავით დასატაკებლად რომ მიდიხარ, არც იმას უნდა სიკვდილი. დაიფანტნენ. ისე წამოვედი პარტიზანულად, რომ ვერც შემამჩნიეს. ეგონათ დასავლეთისკენ მივდიოდი, მაგრამ მერე ჩრდილოეთისკენ ავიღე გეზი და კავკასიონს გამოვყევი“.

ზაურ ბედიამ პრეზიდენტი გროზნოში დატოვა და უკან სოხუმში გამობრუნდა.

„ავად იყო კაცი, ამხელა სტრესი შეხვდა, ამხელა რაღაც გადაიტანა. მერე იქ გამოჯანმრთელდა გროზნოში, მაგრამ... მაინც ვერ გადავარჩინეთ, ვერ გადავარჩინეთ!“ - იხსენებს ზაურ ბედია.

წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ ზვიად გამსახურდიას თან ახლდა ახლო გარემოცვა, სიკვდილამდე ბოლო 50 დღე მან დაცვის წევრებთან და პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილთან ერთად ურთულეს პირობებში გაატარა, იმალებოდნენ ოჯახებშიც, უსაფრთხოებიდან გამომდინარე 13 სხვადასხვა სახლი შეიცვალეს, ბოლო გაჩერება 27 დეკემბერს ძველ ხიბულაში ღურცკაიების სახლი იყო. 28 წლის წინ 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ხიბულაში ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე დაასრულა.

პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაცვის უფროსი, რობიზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე ახლდნენ, საბედისწერო ღამეს როდესაც გასროლა მოხდა, სახლში მყოფი შვიდივე წევრი ამბობს, რომ ეძინათ, მათ შორის გამსახურდიას გვერდით საწოლზე იწვა ბესარიონ გუგუშვილი.

ეროვნული გმირი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჯერ იქვე სოფლის ბოლოში დამარხეს, შემდეგ გროზნოში გადაასვენეს, წლების შემდეგ საფლავი წვალებით იპოვეს, ისევ გახსნეს და ცხედარი ქართულ მიწას დაუბრუნეს. ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემდეგ სამჯერ შეიცვალა ხელისუფლება, მეოთხედ_ ქვეყნის პრეზიდენტი, პროკურორატურა კი პასუხებს ვერც ახლა იძლევა. გამსახურდიას ოჯახს კი სჯერა, რომ გამოძიებას ხელს ის ადამიანები უშლიან, ვინც რაიმე ფორმით პრეზიდენტის მკვლელობასთან არის კავშირში და დღესაც აქვთ გავლენები, ამიტომ საქმის გახსნა მათთვის მხოლოდ პოლიტიკური ნების საკითხია. წლების შემდეგ დევნილი პრეზიდენტის ბურუსით მოცული გარდაცვალება მკვლელობად კვალიფიცირდა, მაგრამ 25 წლის შემდეგაც კი, არც ქვეყანამ და არც ოჯახმა არ იცის პირველი პრეზიდენტის მკვლელის ვინაობა.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით, არ დახუროს საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმე, კითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტი ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული ტემპით მოამზადებს.

 მერაბ კოსტავას დედამ გაიხსენა სიყმაწვილეში მყოფი ზვიადის სიტყვები, რომელსაც თავის მეგობარს, მერაბს ხშირად უმეორებდა, „მერაბ, ხომ იცი, ჩვენ საქართველო უნდა გავათავისუფლოთ, როდესაც გავიზრდებით!“

ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი დისიდენტი, საქართველოს ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი 1991 წელს მართლაც დაწერს საქართველოს ისტორიაში ახალ ფურცელს, გახდება საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მალევე რეფერენდუმის საფუძველზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეას რეალობად აქცევს, სწორედ ამიტომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გახსნა ქვეყნისთვის ღირსების საქმეა...

როდესაც 100-ზე მეტი წლის წინ ილია ჭავჭავაძე მოკლეს, გადიოდა წლები და რესტორნებში სვამდნენ მკვლელის სადღეგრძელოს. ილიას საქმის რეალური ძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი პერიოდის თაობა, ფაქტობრივად, წავიდა. დღესაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წინააღმდეგია რეალურად გამოძიებისა იმიტომ, რომ აქ დამნაშავე არ არის მხოლოდ ის, ვისი ხელიდანაც გავარდა ტყვია...

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი