გალი და სოხუმი „ვერსიის“ ჟურნალისტის თვალით - ექსკლუზივი

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის სოლიდარობის გამო  ხალხს დაკითხვაზე იბარებენ!

 უკრაინაში მიმდინარე ომის სისხლიანი დღეები თითქოს საქართველოს უახლოეს წარსულში გვაბრუნებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ უკრაინელი ხალხისა და მათი მეგობრების თავგანწირულმა 20-დღიანმა ბრძოლამ ქართველებს მოუშუშებელი ჭრილობები გაუხსნა და 1992-1993 წლისა თუ 2008 წლის ტრაგიკული დღეები გაგვახსენა. გაგვახსენდა აფხაზეთი, რომელსაც თითქმის 2-წლიანი ბრძოლის შედეგად დროებით დავთმეთ, სადაც ათასობით ქართველი დაგვეღუპა და ასი ათასობით დევნილი უსახლკაროდ დაგვრჩა. არადა, ვიბრძოლეთ, მარტო, მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებისა და თანადგომის გარეშე... აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველთა გენოციდის საქმე კი დღემდე თაროზეა შემოდებული და არც არავინ დასჯილა!

 15-16 მარტს, დღეს უკრაინისთვის ომის უბედურების დღეებად რომ გათენდა, საქართველომ 1993 წელს გუმისთის ბრძოლაში გამარჯვებით აღნიშნა - რუსეთის არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში  300 ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა, 400 დაიჭრა. დიდება ქართველ გმირებს!   

მათ, ვისაც დღეს უკრაინელების თავგანწირმა უკვირთ, ვინც გაოცებულია მათი გმირობითა და ვაჟკაცობით,უნდა გავახსენოთ აფხაზეთის ომის ყველაზე სისხლიანი ბრძოლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის - რა მოხდა 1993 წლის 15-16 მარტს,მდინარე გუმისთის სანაპიროებზე არსებულ რვა კილომეტრიან ფრონტზე?

 16 მარტს,ღამის 2 საათზე,აფხაზური მხარის შენაერთებმა დაიწყეს მდინარე გუმისთაზე ქართველთა პოზიციებისა და სოხუმის მასირებული საარტილერიო დაბომბვა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. გამთენიისას რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთები ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე გადმოვიდნენ.უკან სეპარატისტები და მათი დაქირავებული ქართველთა სისხლით დაგეშილი გადამთიელი მკვლელები მოსდევდნენ.შეტევას შეტევაზე აწყობდნენ აფხაზები და მათი დაქირავებული ბოევიკები, მაგრამ თითქმის სამჯერ ნაკლები საბრძოლო ტექნიკის მქონე ქართველები ფარ-ხმალს არ ყრიდნენ.

 აფხაზები და მათი დაქირავებული ჯარისკაცები მთელი ღამის განმავლობაში ესხმოდნენ თავს ქართველების მიერ გამაგრებულ პოზიციებს და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ქართველი მებრძოლი დაეხოცათ,მაგრამ ქართველი მეომრები დანებებას არ აპირებდნენ და ერთი მეორეზე მიყოლებით იგერიებდნენ აფხაზთა, რუსთა, სომეხთა და ჩრდილო კავკასიელ ე.წ. კონფედერანტთა ბოევიკებს.აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით, 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა.ქართული მხარე ამ ბრძოლაში სრულიად მარტო იყო,დაიღუპა 300 ჯარისკაცი,დაიჭრა 400.

 მიუხედავად ამ გამარჯვებისა, საქართველომ ვერ შეძლო, ამ უთანასწორო ომში გამარჯვება და 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთი დროებით დათმო. მას შემდეგ, ათეულობით წელი გავიდა. საქართველომ 2008 წელს მეორე ომიც გადაიტანა და ტერიტორიების 20% დათმო - მაშინც მარტო აღმოჩნდა რუსეთის არმიის პირისპირ, მარტო, ცარიელი ხელებით! შესაბამისად რუსეთმა აღიარა ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, თუმცა ახლა უკვე გიამბობთ, რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელია ეს ორი სეპარატისტული რესპუბლიკა, მოგიყვებით როგორ ცხოვრობს დღეს,უკრაინის ომის ფონზე,საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხალხი, „ვერსია“ ექსკლუზიურ ინფორმაციებს გთავაზობთ  - რა ვითარებაა სოხუმსა და გალში!

 როგორც ცნობილია,სოციალურ ქსელებში უკრაინელების მხარდაჭერის ნიშნად შესაძლებელი გახდა,რომ „პროფილის ფოტოზე“ მიმაგრდეს უკრაინის დროშა,ეს კი პროტესტის გამოხატვის მინიმალური ჟესტია,მაგრამ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანის სოციალურ ქსელზე იგივეს ვერ ნახავთ.

ქალაქ გალის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე,რომლის ფოტოზეც უკრაინული დროშა იყო გამოსახული,დაკითხვაზე დაიბარეს და გააფრთხილეს,რომ წაეშალა იგი და მეორედ მსგავსი რამ აღარ გაეკეთებინა.იგივე მოხდა გალის რაიონის ერთ სოფელშიც,სადაც ამჯერად მამაკაცი დაიბარეს დაკითხვაზე და ასევე გააფრთხილეს,რომ ეს არ არის სწორი და აფხაზეთში მსგავსი საქციელი არაა საჭირო.

 საინფორმაციო სააგენტოს „აფხაზური ამბები“ ფეისბუქ გვერდის ერთ-ერთი ადმინი,უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოსტების გამო,გალის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.მას ბრალად ედება „ქართული საქმის“ კეთება და აფხაზეთის „ცუდად გამოჩენა“ (https://abkhazuriambebi.ge/). ამასთანავე გააფრთხილეს იქაური ახალგაზრდები,რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი პოსტებით აქტიურობდნენ.

 გალის მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის ომის სირთულე და სახლ-კარის იძულებით დატოვების ტკივილი,მართალია არ აქვთ საშუალება და უკრძალავენ რაიმე ფორმით უკრაინელების თანადგომის გამოხატვას,თუმცა რეალურად ისინი ძალიან განიცდიან ამ უსამართლობას.

 „ვერსიამ“ ისიც დააფიქსირა, რომ აფხაზებში შეინიშნება შიში იმისა,რომ ქართულმა მხარემ შეიძლება ომი დაიწყოს და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს. თუმცა ფიქრობენ,რომ თუ რუსეთმა ეკონომიკური კრიზისის გამო შეწყვიტა აფხაზეთის დაფინანსება,მათი ერთადერთი იმედი და ალტერნატივა საქართველო რჩება.

 ყველასთვის ცნობილია,რომ მსოფლიოს უამრავ ქალაქში,საჯარო დაწესებულებაში,კაფე-ბარებსა თუ რესტორნებში,სავაჭრო ცენტრებში,სკოლებსა და ბილბორდებზე გამოსახულია უკრაინის დროშა თანადგომის ნიშნად,თუმცა ამგვარ სოლიდარობას გალსა და სოხუმში ვერსად ნახავთ. მეტიც,სოხუმში 11 მარტს,რუსეთის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართა.აქციაზე მისულთა უმრავლესობა ე.წ. მთავრობის წარმომადგენელია,დანარჩენები „საჯარო სექტორში“ მუშაობენ.

 გალსა და სოხუმში უკვე თავლშისაცემია რუსეთის ეკონომიკური კრიზისი - საგრძნობლად გაიზარდა საწვავის ფასი, გაძვირებულია პროდუქტები, რუსული რუბლის გაუფასურება კი დამატებით სირთულეებს უქმნის გალში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას, რადგან სწორედ რუსულ რუბლს ყიდის ხალხი ზუგდიდის სავალუტო ჯიხურებში და შედარებით იაფად ყიდულობს საჭირო ნივთებსა თუ პროდუქტებს.

 დღეისათვის „აფხაზეთის“ ბიუჯეტის ნახევარი რუსეთიდან ივსება და „რესპუბლიკის“ ეკონომიკა მაქსიმალურად ორიენტირებულია რუსულ ბაზარზე. აფხაზეთის კურორტები და ტურიზმი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე არსებობს, შესაბამისად რუსეთისთვის დაწესებული სანქციები აფხაზეთს ნებისმიერ შემთხვევაში დაარტყამს. იქნებ დროა, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებზე ზრუნვა დაიწყოს?! 

 

მარიამ ელიავა ექსკლუზიურად „ვერსიისთვის“

თბილის-გალი- სოხუმი-თბილისი