ყველაფერი, რაც მინდობითი აღზრდის შესახებ უნდა იცოდეთ!

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ექსკლუზივი

 რამდენად უსაფრთხო გარემოში უწევთ ცხოვრება „მინდობით“ აღზრდაში მიბარებულ ბავშვებს

 საქართველოში „მინდობითი აღზრდით“ არაერთი ბავშვია სახელმწიფოსგან ოჯახებზე მიბარებული. საინტერესოა, რას ითვალისწინებს „მინდობითი აღზრდა“, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს აღსაზრდელებზე და როგორ არეგულირებს ამ პროცესს სახელმწიფო... ამ და სხვა, საინტერესო საკითხების გასარკვევად, „ვერსია“ სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ დაუკავშირდა. გარდა ამისა, ერთ-ერთი მიმღები ოჯახის აღმზრდელთან ინტერვიუსაც გთავაზობთ, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო და ექსკლუზიური დეტალები გაგვიმხილა...

 ვიდრე ინტერვიუს შემოგთავაზებთ, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გაგაცნობთ, რომელიც მინდობით აღზრდას ეხება. ვნახოთ, რას ითვალისწინებს ეს პროცესი და რა ოფიციალური ინფორმაციას გვაწვდის უწყება:

„მინდობით აღზრდა - ესაა სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას. თუ ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დატოვება ან მისი დაბრუნება შეუძლებელია, მაშინ ხდება მისი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის ფორმაში განთავსება, რომელიც მინდობითი აღზრდაა.

ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველმა პირმა/პირებმა უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თავისი  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მინდობით აღზრდის მსურველმა პირმა უნდა გაიაროს  კონსულტაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირთან.

ტერიტორიული ერთეულის სოციალური მუშაკის მიერ უნდა გადამოწმდეს შემდეგი ფაქტები: აქვს თუ არა მინდობით აღზრდის მსურველ პირს შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; მინდობით აღზრდის მსურველ პირს, ჩამორთმეული ხომ არ ჰყავს მინდობით აღსაზრდელი, საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; არის თუ არა მინდობით აღზრდის მსურველი პირი სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი.

მინდობით აღზრდის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

მინდობით აღზრდის მსურველი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა); ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს მონაცემებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ; მინდობით აღზრდის მსურველი პირის და მასთან მცხოვრები მისი ოჯახის წევრების ნასამართლეობის შესახებ ცნობა; მინდობით აღზრდის მსურველი პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა; მინდობით აღზრდის მსურველი პირის ოჯახის ძალაში მყოფი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელიც ადასტურებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას. (რეგისტრაციის მომენტისათვის პირის/ოჯახის სარეიტინგო ქულა უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას); სერტიფიკატი - ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიერ მოსამზადებელი კურსის სრულად გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით; განაცხადის შევსებისას, თუ ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი ვერ აკმაყოფილებს მინდობით აღმზრდელის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სოციალური მუშაკი არ ახორციელებს მინდობით აღზრდის მსურველი პირის შეფასებას, ხოლო მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს“.

გაგაცნობთ იმ ბიუროკრატიულ ფორმალობებსაც, რომლებიც მოზარდის ოჯახისთვის გადასაცემად უნდა გაითვალისწინოთ. დავიწყოთ იმით, რომ ბიოლოგიური ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია ბავშვის პირველადი საჭიროების დასაკმაყოფილებლად. მათგან უმთავრესი ისაა, რომ ბავშვის სიცოცხლესა და ჯანრმრთელობას საფრთხე არ შეექმნას:

„ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებისა და სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ბავშვთა ჩართვა „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის შემდეგ ქვეპროგრამებში: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა; ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა; ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა; დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;  ასევე, ოჯახს სახელმწიფო ეხმარება და ბავშვს 18 წლამდე, ყოველთვიურად ურიცხავს გარკვეულ თანხას. გარდა ამისა, სოციალური მუშაკების რეკომენდაციით, ხდება ბავშვებისა და ოჯახების ჩართვა არასამთავრობო ორგანიზაციების ოჯახის გაძლიერების პროგრამებში, ასევე, ხორციელდება შუამდგომლობის გაწევა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, მუნიციპალურ პროგრამებში ჩართვის მიზნით“.

სააგენტოსვე ინფორმაციით, „ვერსიამ“ ისიც გაარკვია, თუ რის მიხედვით ნაწილდებიან ბავშვები ოჯახებში: სოციალური მუშაკი ყოველთვის ცდილობს, ბავშვი განათავსოს ტერიტორიულად ისეთ მინდობით აღმზრდელის ოჯახში, რომელიც ტერიტორიულად ახლოს იქნება ბიოლოგიურ ოჯახთან. ეს იმიტომ, რომ მინდობით აღზრდაში ბავშვის შეყვანის დღიდან, ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან მუშაობა მიმდინარეობს - შემდგომში მისი ოჯახში დაბრუნების მიზნით. იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ბრუნდება ოჯახში, მას სახელმწიფო ეხმარება და 18 წლამდე, ყოველთვიურად ურიცხავს გარკვეულ თანხას:

„აქვე იმასაც გაცნობებთ, რომ 2020 წლის 1 სექტემბრიდან, ძალაში შევიდა ბავშვთა უფლებათა კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა განცალკევდეს მშობლისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი. ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით, იგი შუამდგომლობას წარუდგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს. გადაწყვეტილებას განცალკევების თაობაზე, იღებს მოსამართლე. მინდობითი აღზრდის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის - ერთი კალენდარული დღე ჯანმრთელი ბავშვისთვის განისაზღვრება 16 ლარით,  შშმ ბავშვისთვის - 30 ლარის ოდენობით“.

„ვერსია“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია რეალურად არსებულ მდგომარეობას. ამის გასარკვევად, ერთ-ერთ მინდობით ოჯახს ვესტუმრეთ, სადაც აღმზრდელი ოჯახს გავესაუბრეთ. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ოჯახმა დეტალური მოგვაწოდა, თუ რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო აღსაზრდელებს:

„პროფესიით ექთანი ვარ, აღმზრდელად 2012 წლიდან ვმუშაობ. რამდენიმე წლის წინ, გავიგე ერთ-ერთი პროექტის შესახებ, რომელიც მოიცავდა მინდობით აღზრდას, რაც ითვალისწინებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების მოვლას. ისეთი მოზარდებისა, რომლებსაც რომელიმე მშობელი ან არც ერთი მათგანი არ ჰყავს. ასევე, როდესაც საკუთარი შვილებით არ ინტერესდებიან და ამის გამო, მინდობით აღზრდაში, ოჯახებში არიან გადანაწილებულნი. მე ჩემს აღსაზრდელებს, როგორც საკუთარ შვილებს, ისე ვუვლი. სამი ბიოლოგიური შვილი მყავს და მათთან ერთად, იმ ბავშვებს ვეხმარები, რომლებსაც ოჯახის მზრუნველობა და სითბო სჭირდებათ.

სახელმწიფო ზრუნავს, რომ აღსაზრდელებს ბიოლოგიური მშობლების საცხოვრებელთან ახლოს მოუძებნონ თავშესაფარი, რათა ოჯახის წევრებს ჰქონდეთ საშუალება, მოინახულონ საკუთარი შვილი. საწყის ეტაპზე ცდილობენ, რომ ნათესავი ნახონ, რომელიც მინდობით აღზრდაში აიყვანს ბავშვს, მაგრამ როდესაც ასეთი რამ ვერ ხდება, მხოლოდ ამის შემდეგ ანაწილებენ შესაბამის რაიონში.

მიმღებ ოჯახს სახელმწიფო რეკომენდაციას აძლევს, რომ მათ ბავშვებს შეუნარჩუნონ ბიოლოგიურ მშობლებთან კონტაქტი. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მშობლების მხრიდან საკუთარი შვილების მიმართ ინტერესი მცირეა. ზოგიერთი მათგანი ძალიან იშვიათად ან რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი არ ნახულობს შვილს“.

რესპოდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვიამბობს, რომ ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელიც ახლა ჰყავს, „ცერებრალური დამბლისა“ და დაუნის სინდრომის მქონე შშმ პირია, რომელსაც სახელმწიფომ დაუნიშნა მასწავლებელი:

„ის მოდის ჩვენთან სახლში, კვირაში რამდენჯერმე და ასწავლის შესაბამისი მასალით, იმ ელემენტარულს, რის ათვისებასაც ბავშვი შეძლებს გარკვეულ ეტაპზე. გამოყოფილია ლოგოპედი სახელმწიფოს მხრიდან, ასევე სპეცმასწავლებელი, რომელიც COVID-19-ის ვირუსის გამო, გარკვეულ რეკომენდაციებს დისტანციურად გვაწვდის. პანდემიამდე ფიზიკურად მიგვყავდა და ადგილზე ხდებოდა სასწავლო პროცესში ჩართვა, ასევე, ვუტარებთ რეაბილიტაციას და ფიზიკურ ვარჯიშების, გვყავს ოკუპაციური თერაპევტი, რომელიც უზრუნველყოფს შშმ აღსაზრდელებისთვის სპეციფიკური აქტივობების საშუალებით მკურნალობას, რათა ხელი შეუწყოს პიროვნების ფუნქციონირების მაქსიმალური დონის მიღწევას. აღნიშნული თერაპიის მიზანია, ჯანმრთელობისა და  კეთილდღეობის გაუმჯობესება. რამდენიმე თვეში ერთხელ, აღმზრდელ ოჯახებში, პირობების შესამოწმებლად მიდიან სახალხო დამცველი და ბავშვთა უფლებების დამცველები პირობების შესამოწმებლად, რათა დააზუსტონ, არის თუ არა შესაბამისი გარემო აღსაზრდელებისთვის.

თუ ბიოლოგიური ოჯახი შეძლებს და ბავშვისთვის გარკვეულ პირობებს გააუმჯობესებს, შესაძლებელია, მშობლის უფლება და მინდობით აღზრდაში მიბარებული ბავშვი სასამართლოს გზით დაიბრუნოს. ზოგადად, სასამართლო წყვეტს, რამდენად მიზანშეწონილია ბავშვის რეინტეგრაცია.

სახელმწიფო, მიმღები მშობლებისთვის, „დღის ცენტრსა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვებში“, ქცევის მართვასთან დაკავშირებით, ტრენინგებს გვიტარებს, რაც აღსაზრდელებთან ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფომ მოგვაწოდა სატრეინინგო მასალები, ლიტერატურა, რომლის საშუალებითაც ვახერხებ, რომ უფრო მეტ ინფორმაციას გავეცნო ჩემი და აღსაზრდელების მდგომარეობის შესახებ, მივიღო ინფორმაცია თანამედროვე მიდგომებსა და დამოკიდებულებებზე.

სახელმწიფო ჯანმრთელ მოზარდებს - 480 ლარით, შშმ ბავშვებს - 900 ლარით აფინანსებს. რა თქმა უნდა, ეს თანხები მათ ყველა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ ესაა შემწეობა, რომ ბავშვი შეინახო. რამდენიმე დღის მანძილზე, ბავშვებს ახალ ოჯახთან შეგუება უჭირთ, მაგრამ აღმზრდელი ოჯახი დიდ როლს თამაშობს ბავშვის მარტივად ინტეგრირების პროცესში. მიმღები ოჯახის მოვალეობა საკმაოდ რთულია, იოლი სულაც არაა, როდესაც შშმ პირის ან აუტისტური სპექტრის ნიშნების, ოპოზიციურ-დევიაციური ქცევითი აშლილობისა და ჰიპერაქტიური ბავშვის აღზრდა გიწევს“.

 ავტორი - ემილი ფეიქრიშვილი