მსოფლიოს უგრძესი კაბელი შავ ზღვაში: რას ცვლის ეს საქართველოსთვის?

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპის ქვეყნების საშობაო ბაზრობები წელს ჩვეულზე ნაკლებადაა განათებული, ენერგეტიკული კრიზისის გამო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბრიუსელი რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დაძლევას ცდილობს და ალტერნატივად, სხვათა შორის, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანს ხედავს.

გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, ევროკავშირის ლიდერები ენთუზიაზმით ალაპარაკდნენ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის გამტარი კაბელის მშენებლობაზე შავ ზღვაში. პროექტით აზერბაიჯანული მწვანე ენერგია გაივლის საქართველოს, შავი ზღვასა და რუმინეთს, და გაიყიდება უნგრეთში.

რეკორდული სიგრძის კაბელი 

საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შავი ზღვის კაბელის „ინიციატივაც და იდეაც“ საქართველოს ეკუთვნის და უკვე შეარქვა მას „21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტი“.

2020 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა მართლაც შეისწავლა და წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე დაადასტურა საქართველოსა და რუმინეთ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ეკონომიკური მიზანშეწონილობა.

Საბოლოო დასკვნას პროექტის მიზანშეწონილობაზე, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მონაწილეობის ჩართვით, იტალიური კომპანია ამზადებს. კვლევა მომავალ წელს დასრულდება და მასში მსოფლიო ბანკი 2,5 მილიონ ევროს იხდის.

იქამდე უკვე ცნობილია პროექტის ძირითადი პარამეტრები: 1 000 მეგავატი სიმძლავრის კაბელი, რომელიც აზერბაიჯანულ ელექტროენერგიას ევროპაში გაიტანს, რეკორდულად გრძელი, 1 100 კმ-იანი იქნება.

კაბელის გაყვანას და ინფრასტრუქტურის მშენებლობას, საერთო ჯამში, 3-4 წელი დასჭირდება.

საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ Ხელი 17 დეკემბერს მოაწერეს.

უნგრეთი, რომელიც დიდი რაოდენობით რუსულ ენერგიას მოიხმარს, ბლოკავდა ევროკავშირის ძალისხმევას რუსეთის სანქცირებასა და იზოლაციაზე. თუმცა ახლა პრემიერ ვიქტორ ორბანი სხვაგვარად ალაპარაკდა:

„დასრულდა პერიოდი, როდესაც რუსეთიდან შემოგვქონდა იაფი ნედლეული და ენერგია“, - თქვა ორბანმა ბუქარესტში 17 დეკემბერს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროკომისია 2.3 მილიარდ ევროს გამოყოფს კაბელის მშენებლობისთვის.

„ენერგოდამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის, 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტია, როგორც თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანი იყო“, - ამბობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

კაბელი პოლიტიკურად არის მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე საქართველოსთვის, რომელსაც ევროკავშირთან პირდაპირი საზღვარი არ აქვს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირთან მიმართებაში არის კავშირები“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და ამატებს: „[პროექტი] ამცირებს მოწყვლადობას, რომელიც დაკავშირებული გეოგრაფიულ ფაქტორთან, რომელიც სერიოზულად ითვლებოდა საქართველოს აქილევსის ქუსლად“.

ამასთან, კაკაჩია მიუთითებს, რომ პროექტის მომავალი დაკავშირებულია უკრაინაში ომის შედეგებთანაც - დატოვებს თუ არა ევროპა რუსეთს იზოლირებულს. 

წყარო: "რადიოთავისუფლება".