კომერციული ბანკებისთვის მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე იზრდება?

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ თქვა უარი ირაკლი ღარიბაშვილმა „ესტონურ მოდელზე“

კომერციული ბანკებისთვის მოგების გადასახადი იზრდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ. მათთვის მოგების გადასახადის არსებული სისტემა შენარჩუნდება, რაც ნიშნავს, რომ 15%-ის ნაცვლად, 20%-ს გადაიხდიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კომერციულ ბანკებთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად მიიღო, ხოლო ფინანსთა მინისტრმა დააზუსტა - მოგების გადასახადი კი არ იზრდება, თურმე, პირიქით - მცირდება.                       

 

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ წლის ბოლოს, კომერციული ბანკების სუფთა მოგება 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი გაჩნდება.

„მინდა, ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ ეკონომიკური საბჭოს ფორმატში, ჩვენ გვქონდა განხილვა და რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილება გავაცნობ საზოგადოებას, მათ შორის, ბიზნესს და საბანკო სექტორს. პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება - ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ეგრეთ წოდებულ ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება. ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში იმიტომ, რომ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, 2 მილიარდი ლარი იქნება ბანკების მოგება წელს, წლის ბოლომდე, 2 მილიარდი ლარი, სუფთა მოგება. მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან“, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვების ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც აქამდე, ასე არ ხდებოდა. რაც მთავარია, მთავრობა აფასებს ბანკების პოზიტიურ როლს ეკონომიკის ზრდაში. ღარიბაშვილის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა გვაქვს - ორი მსხვილი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პრემიერის გადაწყვეტილება შეაფასა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საბანკო სექტორთან ერთად მიიღო:

„ნებისმიერი საგადასახადო გადაწყვეტილება, რომელსაც სახელმწიფოები იღებენ, არის ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ინსტრუმენტები, ამა თუ იმ დარგის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ საბანკო სექტორი დღეს არის წამყვანი და ძლიერი. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საამაყო სექტორია. როგორც პრემიერმაც აღნიშნა, ქართული ბანკები არიან ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიერ-ლიგაში ანუ ისინი უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებენ მმართველობის და გამჭვირვალობის კუთხით. დღეისთვის ვხედავთ, რომ საბანკო სექტორი განვითარებულია. ესტონური მოდელი საშეღავათო მოდელია, რომელიც ბანკებს არ სჭირდებათ. ამაზე მკაფიოდ იყო კომუნიკაცია ბანკებთან. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ბანკებთან კომუნიკაციის შედეგად მივიღეთ. ეს ობიექტურ რეალობას ეფუძნება და არ არის სუბიექტური გადაწყვეტილება. ამიტომ, ლოგიკა არის მკაფიო და ცალსახა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოგების გადასახადი კომერციული ბანკებისთვის კი არ იზრდება, პირიქით - მცირდება. მისი თქმით, დივიდენდის გადასახადი, რომელიც ამჟამად 5%-ია, ნულდება.

„ორი გადასახადის გაერთიანებით, გადასახადის განაკვეთი იგივე ოდენობაზე რჩება. ეს ნიშნავს, რომ დივიდენდის 5%-იანი გადასახადი გადავა მოგების გადასახადში, რომელიც 15%-ია და გახდება 20%. ეს იქნება 2023 წლიდან და შესაბამისად, 2023 წლის მოგებას შეეხება. დივიდენდის გადასახადს კომპანია დივიდენდის გატანის შემთხვევაში იხდის, ხოლო მოგების გადასახადს - მოგების მიღების დროს“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

2016 წელს, პარლამენტმა მიიღო რეფორმა „ესტონური მოდელის“ შემოღების შესახებ, 2017 წლის 1 იანვრიდან კი მისი განხორციელება დაიწყო. როგორც თავის დროზე ითქვა, „ესტონური მოდელის“ დანერგვის მიზანი ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარება იყო. ამ მოდელის ფარგლებში, კომპანია იბეგრება იმ შეთხვევაში, თუ მოგება გადის, მაგრამ თუ ეს მოგება კომპანიაშივე რჩება, მაშინ ამ თანხაზე მოგების გადასახადს არ იხდის. ამით მთავრობა კომპანიას ახალისებს, რომ თანხა, რომლის აკუმულირებაც მან მოახერხა, ბიზნესის გასაფართოვებლად და განსავითარებლად, კომპანიაში დარჩეს.

წლების წინ, როდესაც პარლამენტს ეს ინიციატივა უნდა განეხილა, გაცხადდა, რომ ეს შეღავათი საფინანსო სექტორს 2019 წლიდან შეეხებოდა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს პროცესი 2023 წლამდე გადავადდა.

 

მაკა რუხაძე