ჯონდი ბაღათურია: „ოცნება“ პარლამენტში კიდევ ორ პარტიას ელოდება, რომელსაც თავად აფინანსებდა!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„დასავლეთი არ მოითხოვს, რომ მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას დაელაპარაკოს“

 

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთერთობა მწვავდება. 16 მარტამდე ანუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში გამგზავრებამდე, მმართველი ძალა და ოპოზიციური სპექტრი იმ 6-პუნქტიან გეგმაზე უნდა შეთანხმდეს, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დაუტოვა. ოპოზიცია კომპრომისებსა და მოლაპარაკების წითელ ხაზებზე, ტრადიციულად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში, გაერთიანებული მაგიდის ფორმატში მსჯელობს, რომელშიც პარტია ქართული დასი არ მონაწილეობს, რადგან ჯონდი ბაღათურია საკუთარ პრინციპს არ ღალატობს და მოლაპარაკების მაგიდასთან ნაციონალური მოძრაობის გვერდით არ ჯდება. რა საკითხებში ეთანხმება გაერთიანებულ ოპოზიციას და რა მოლოდინი აქვს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესისგან? - „ვერსია“ ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა.

 

- ბატონო ჯონდი, მართალია, გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატის წევრი არ ხართ, მაგრამ თქვენი აზრით, ოპოზიცია და ხელისუფლება რაზე შეთანხმდება?

- რადგან ეს ფორმატი ახსენეთ, ჩემს პოზიციას განვმარტავ, თუ რატომ არ ვმონაწილეობ. მიგვაჩნია და გვაქვს არგუმენტები, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დამნაშავეები არიან სახელმწიფო ღალატში და მათთან რაიმე სახის თანამშრომლობა, თუნდაც იმ საკითხზე, რაც მიგვაჩნია, რომ სწორია, პრინციპულად მიუღებელია! ასევე, მიგვაჩნია, რომ მათ მიმართ უნდა იქნას მიღებული სამართლებრივი ზომები და „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის გამოა, რომ ერთ მათგანსაც კი, სახელმწიფო ღალატის გამო, პასუხი არ უგია. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ გაერთიანება მიუღებელი და არაპროდუქტიულია. იქ, სადაც სათავეში დგას მიხეილ სააკაშვილი, ხალხი არ მოვა. ხომ ხედავთ, 200 კაცზე მეტს ვერ კრებენ?..

- ფიქრობთ, რომ აქციებზე ხალხი ნაციონალური მოძრაობის გამო არ გამოდის?

- დიახ, ესაა მთავარი მიზეზი. მათთან ერთად არაპროდუქტიულია მცდელობა, ისეთი რაოდენობის ხალხი შევაგროვით, რომ ხელისუფლებაზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ.

- კი, მაგრამ არჩევნებში ოპოზიციური სპექტრიდან ნაციონალური მოძრაობა ყველაზე მაღალ შედეგს დებს ანუ მთავარ ოპოზიციურ ძალად ითვლება.

-  არჩევნებში ასეთი მაღალი შედეგი რომ დადეს, აქციაზე 15 000 კაცი მაინც ხომ უნდა შეაგროვონ? პრობლემა ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმები იქურდა არა მხოლოდ თავისთვის, არამედ, მოხდა გადანაწილება, მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობაზეც. სხვა პარტიების ხმები მიითვისეს და ამიტომაც ვერ იღებს ხმას „ქართული ოცნება“, ის არ ელოდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ გზას აირჩევდა, თუმცა ძალიან კარგია, რომ ეს გზა აირჩია, რაც კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ მასთან მოლაპარაკება არ შეიძლება!

- იმაზე რას იტყვით, რომ თქვენი დამოკიდებულების მიუხედავად, თუნდაც დასავლეთისთვის, დღეს, ქართულ პოლიტიკურ ავანგარდში სწორედ ნაციონალური მოძრაობა დგას?

- დასავლეთს ვისაც დაახვედრებ ხელოვნურად გაფორმებულ მთავარ ოპოზიციად, იმას დაელაპარაკება. მაგდენი პროცენტი ჩვენ რომ აგვეღო, ჩვენ დავხვდებოდით შარლ მიშელს. დასავლეთი არ მოითხოვს, რომ მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას დაელაპარაკოს. ცხადია, იმას ელაპარაკებიან, ვისაც არჩევნებში მაღალი პროცენტი უწერია. არ ვამბობ, რომ მათ ხმები არ მიუღიათ, მაგრამ ასეთი მაღალი შედეგი არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუდია, უბრალოდ, ამის ფალსიფიკაცია მოხდა.

- გასაგებია... ბატონო ჯონდი, არსებული მონაცემით და თქვენი ხედვით, ხელისუფლება და ოპოზიცია რაზე შეიძლება შეთანხმდეს და რაზე - ვერა?  

- ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე შეინარჩუნოს ეს 100-მდე მანდატი პარლამენტში. ის ოპოზიციაც, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში, ხომ ამათია და ეს პარლამენტი, რა სახითაც უნდა შენარჩუნდეს, ლეგიტიმურობას მაინც ვერ შეიძენს. ყველა შემთხვევაში, ახალი არჩევნები უნდა შედგეს და მათთვის კიდევ უარესი, თუ ესენი შევიდნენ პარლამენტში. გადახედეთ შემადგენლობას, ესენი რომ შევიდნენ, ფიქრობთ, პარლამენტი უფლებამოსილი იქნება, კანონები მიიღოს?!

ქვეყანა კიდევ უფრო დაპაუზდება, ოთხი წელი იქნება ამათ შორის თეატრალიზებული ისტერიკები ეკრანზე, კულუარებში კი - გარიგებები ქვეყნის ეკონომიკის გადანაწილებაზე, ბიუჯეტის ფლანგვაზე და ასე შემდეგ, როგორც იყო 9 წლის განმავლობაში.

- ესე იგი, ვადამდელი არჩევნები გამოსავლად არ მოგაჩნიათ?

- კი, ვადამდელი არჩევნები გამოსავალია... იმ მოთხოვნებს, რაც ეხება ვადამდელ არჩევნებსა და ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, მხარს ვუჭერთ, მაგრამ პრინციპულად მიუღებელია იმ მაგიდასთან ყოფნა, სადაც თავში ნაციონალური მოძრაობა დგას. როცა ეს ფორმატი დგებოდა და დამიკავშირდნენ კოლეგები, შევთავაზე, შევიკრიბოთ „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარეშე-მეთქი, მაგრამ ვერ დავარწმუნე.

- ამ პრინციპის გამო თქვენ დარჩით თამაშგარე მდგომარეობაში და ვერ მონაწილეობთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, რაზეც ოპოზიცია მსჯელობს...
- გეთანხმებით, მაგრამ მეორე მხრიდან შეხედეთ - დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, იმ ფორმატში მონაწილე პარტიები ერთ პროცენტსაც ვეღარ აიღებენ, „ნაცმოძრაობამ“ მთლიანად შეისრუტა მათი ამომრჩეველი.

- მოკლედ, ოპოზიციის ერთიანი ფრონტის პრინციპს არ იზიარებთ?

- არჩევნებთან დაკავშირებით ერთიანი ფრონტის მოთხოვნები სწორია - რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, რასაც წინ უნდა უძღოდეს საარჩევნო რეფორმა.

რა თქმა უნდა, თამაშგარე დავრჩით, მაგრამ ეს დროებითია. ხელოვნურად აკეთებს ამას „ქართული ოცნება“, თორემ არ შეიძლება, საარჩევნო საკითხზე სხვა პარტიებს ელაპარაკო? არ შეიძლება ჩვენთან ლაპარაკი? „ქართულ ოცნებას“ ეს აწყობს, ფიქრობს, რომ ამ ფორმატის ირგვლივ კრიტიკული მასა არსებობს და იმდენად დიდია სიძულვილი ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რომ არა მხოლოდ აქციაზე არ მიდის, არამედ ხალხი სხვა საკითხებსაც არ აპროტესტებს.

- რადგან გარდაუვლად მიგაჩნიათ, საინტერესოა, როდის, რა პერიოდში ელოდებით ვადამდელის ჩანიშვნას?

- თუ აკვირდებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს მესიჯბოქსი, რომ პარლამენტი ერთპარტიული აღარაა, რადგან ორი პარტია დაემატა. არადა, ეს „პარტიები“ რომ დაემატა, უფრო კომიკური და ოდიოზური გახდა პარლამენტი. კიდევ ორ პარტიას ელოდებიან, რადგან თავად აფინანსებდნენ და აქვთ ვალდებულებები, რომ შევიდნენ. ეს ორიც რომ დაემატოს, კიდევ უფრო კომიკური და კარიკატურული იქნება პარლამენტი. როგორც ჩანს, ლელო, ნაცმოძრაობა და ბოკერია არ დაემატება...

- აბა, რომელი პარტიები შედიან, თქვენი ინფორმაციით?

- არ მინდა თქმა, ყოველ შემთხვევაში, ნარკოტესტს ვერ გაივლიან. პარლამენტში შესვლის წინ, ნარკოტესტი უნდა გაიარო და ვერ გაივლის ნარკოტესტს ერთი... ამ პარტიებს, მეორე წელია, აფინანსებენ, ამიტომ დაემატება, ალბათ, ეს ორი პარტია... წარმოიდგინეთ, ყველა რომ შევიდეს, შეიძლება, საქართველოს პარლამენტში იჯდეს ისეთი 50 მანდატი, რომელიც ტაშს უკრავს დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემას? არ მინდა ასეთ პარლამენტში ყოფნა!