ბუბა კიკაბიძე - ლეგენდა, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამბობენ, რომ დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან. შესაძლოა, მართლაც ასეა, თუმცა ეს სხვა შემთხვევაა. დიახ, ის მხოლოდ დიდებული კი არა, ლეგენდარული ადამიანი იყო, ადამიანი, რომელმაც გარდა იმისა, რომ საბჭოთა ადამიანების გულები დაიპყრო, „რკინის ფარდის“ იქით მყოფი საზოგადოების მოხიბვლაც შეძლო. დიახ, ის კომუნისტებისთვის, დემოკრატებისთვის, „ამისტების“, „იმისტებისთვის“ და საერთოდ, ყველასთვის საყვარელი მომღერალი იყო, მომღერალი, რომელსაც გვარით თითქმის არასოდეს მოიხსენებდნენ და, უბრალოდ, ბუბას ეძახდნენ... და წავიდა ბუბა - ღვაწლმოსილი, ამაგდარი, დაფასებული, სამშობლოზე შეყვარებული და სამშობლოს ღირსებისთვის მებრძოლი...

ერთგვარი დოგმაა - მიცვალებულზე კარგს, ან არაფერს ამბობენ, მაგრამ ეს დოგმა ბუბა კიკაბიძეზე არ ვრცელდება, რადგან მას, ხატოვნად რომ ვთქვათ, ძეგლი სიცოცხლეშივე დაუდგეს, თუმცა მომღერლის ბიოგრაფიაში ისეთი ეპიზოდიც იყო, როცა გავლა ბეწვის ხიდზე მოუწია ანუ ადამიანების მცირე ნაწილს რაღაცნაირად სჯერა, რომ 1991-92 წლების სისხლიანი მოვლენების დროს, ლეგენდა „ხუნტისტების“ მხარეს იდგა. უფრო მეტიც, სოციალურ ქსელში ფოტოსაც აფრიალებენ, სადაც ბუბა თენგიზ კიტოვანის გვერდით დგას, თუმცა ისინი, რომლებიც იმდროინდელ მოვლენებს კარგად იცნობენ, ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ეს ე.წ. მამხილებელი ფოტო აფხაზეთის ომის დროსაა გადაღებული ანუ მომღერალი აფხაზეთში, ქართველი მეომრების გასამხნევებლად ჩასულა და ეს შეჩერებული წამიც იმდროინდელი ყოფილა.

სხვათა შორის, ამ თემაზე ძალიან კარგად დაწერა სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ნიკუშა ფარულავამ:

„ბუბა კიკაბიძე პუტჩისტი იყო და მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათო, - ააჭრელეს სოციალური ქსელები.

ბუბა დიდი სწორედ იმიტომ იყო, რომ საბჭოთა ეპოქაში სახელმოხვეჭილმა კაცმა ყველაფერი გადალახა, არ გამხდარა პროპაგანდის მსხვერპლი, წამით არ დაფიქრებულა, ისე შეაფურთხა პუტინის მიერ გადაცემულ „ხალხთა მეგობრობის ორდენს“, რუსულ ელიტას (ალბათ, მის ბევრ მეგობარსაც), კრემლიდან შეთავაზებულ მილიონებს და არასდროს ოკუპანტისკენ აღარ გაუხედავს, iPhone-ების თაობის ბევრი „ხელოვანისგან“ განსხვავებით.

არ არსებობს შეუცდომელი და თუ გინდათ, უდანაშაულო ადამიანიც კი, მით უმეტეს, საქართველოში.

წარსულის შეცდომებში გაჯიუტება ყველაზე დიდი დანაშაულია.

აი, საკუთარი თავის 180 გრადუსით შეცვლა, სწორ პოზიციებზე არა სიტყვით, არამედ, საქმით გადასვლა კი, ალბათ, უდიდესი შრომისა და ნიჭის შედეგი.

გარშემო მიმოიხედეთ და გარდაცვლილი ბუბასთვის პუტჩისტის ძახილის მაგივრად, ენერგია დღეს საქართველოში კრემლის ინტერესების გამავრცელებლების დამარცხებისკენ მიმართეთ, რომლებიც თავისუფლად საქმიანობენ ყველგან-მთავრობაში, მედიებში, უნივერსიტეტებში და ა.შ.

P.S. iPhone-ების თაობის ის წარმომადგენლები მაინც ნუ წერთ ბუბაზე, რომლებიც ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან საკითხში - 2008 წლის ომთან დაკავშირებით, „ტალიავინის დასკვნას“ იშველიებდით ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისადმი საკუთარი ზიზღის გამო“.

რაც შეეხება ოკუპანტი პუტინისთვის ჩინ-მედლების უკან დაბრუნებას, ამაზე თავად ბუბა ამბობდა:

„არ შემიძლია, ვუმღერო ადამიანს, რომელიც მირტყამს, მე კი ვერ ვპასუხობ...

და მე წავედი, მორჩა.

ბევრმა ნაცნობმა მითხრა, „მერე შენ რა, ყველა მიდის, ყველა მღერის“.

მე კიდევ ვეუბნები, რომ არ შემიძლია, შეიძლება, ვცდები, მაგრამ ვთვლი, რომ საკუთარ თავთან მართალი ვარ.

ჩემთვის უხერხული იქნება, თვალებში შევხედო ბავშვებს და შვილიშვილებს.

... არ მომწონს მე ყველაფერი ეს და იმიტომ ვამბობ უარს. თუ გაიყვანენ ტანკებს და დააბრუნებენ ტერიტორიებს, მერე რატომ არ ჩავალ. მერე ყველგან ჩავალ... მე სათამაშოდ კი არ ვამბობ სიტყვებს“.

ჰო, ბუბა არ თამაშობდა. არ თამაშობდა მაშინაც, როცა რუსეთის თავდასხმის მერე, უკრაინაში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა.

სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი, ვინც ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებას გამოეხმაურა, სწორედ, ვოლოდიმირ ზელენსკი იყო და ბუბას „დიდი ხალხის დიდი ადამიანი“ უწოდა:

„ვახტანგ კიკაბიძე. მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. დიადი ხალხის დიადი ადამიანი. ლეგენდა, რომელსაც ყველა დიდ პატივს ვცემდით. ნათელი ხსოვნა ხელოვანს და სამძიმარი მის ახლობლებს“.

დიახ, ბუბა კიკაბიძე ის ადამიანი იყო, რომლის წასვლამაც გული ყველას დასწყვიტა, აბსოლუტურად ყველას და ამ შემთხვევაში, გულშემატკივართა პოლიტიკურ აღმსარებლობას მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონია ანუ ბოლო წლებში, მომღერალი ენმ-ს არათუ გამორჩეული მხარდამჭერი, არამედ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ამ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერიც იყო. დეპუტატიც გახდა, თუმცა საპარლამენტი სხდომებს სულ ერთხელ დაესწრო.

ცალკე საუბრის თემაა ბუბა კიკაბიძის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ამ თემაზე ხმამაღლა არასოდეს, არავინ საუბრობდა. ამ ამბის ინტრიგა კი ის გახლდათ, რომ ირინა ქებაძე მსახიობ გურამ საღარაძის მეუღლე იყო. ბუბა და ირინა 1965 წელს შეუღლდნენ. წლების მერე, ამ ამბავზე რუსული სააგენტო „ფინტიფ.რუ“  წერდა:

„ახალბედა ოჯახი, ირინას მშობლებთან ერთად, ნახევრად სარდაფის ტიპის ოროთახიან, პატარა ბინაში ცხოვრობდა. სამამრს და სიდედრს ვახტანგი უყვარდათ და მაშინაც კი, როცა საქვეყნოდ ცნობილი სიძე შინ გვიან, ნაქეიფარი ბრუნდებოდა, სცენებს არ უწყობდნენ.

არტისტი გამოტყდა, რომ ახალგაზრდობაში არცერთხელ არ გაუბრაზებია ცოლი უყურადღებობითა და მეგობრებთან ერთად დროსტარებით, ასევე, არამოტივირებული ეჭვიანობით, რისგანაც მერე, დროდადრო გათავისუფლდა და მიხვდა, თუ როგორ უყვარდა ცოლს.

როდესაც ირინას სამშობიარო სახლში უთხრეს, ვაჟი გაგიჩნდაო, უთქვამს, ბუბას ძალიან გაუხარდებაო. მამა ვაჟის დაბადებამ ძალიან გაახარა. რესტორანში აღნიშნა მემკვიდრის დაბადება. ვაჟს კი ვახტანგის მამის სახელი, კონსტანტინე დაარქვეს, რომელიც მეორე სამამულო ომიდან აღარ დაბრუნებულა.

მრავალწლიანი ოჯახის საიდუმლოებად არტისტი ორმხრივ პატივისცემას ასახელებს. როცა ოჯახში პატივისცემაა, ოჯახიც მყარად არსებობს. წყვილი მუდმივად ფიქრობს ერთმანეთსა და იმ ადამიანებზე, ვინც მათ გვერდით ცხოვრობს.

ერთად უკვე 53 წელია არიან. მათი სიყვარული წლებმა ვერ გაახუნა. არტისტი წუხს, რომ ყოველდღე ყვავილის მირთმევის საშუალება არ აქვს ცოლისთვის. სამაგიეროდ, სახლში თუ ცოტა ხანს ვერ გაიგონებს ირინას ფეხის ხმას, მაშინვე მიდის, გაიგოს, ხომ ყველაფერი რიგზე აქვს საყვარელ მეორე ნახევარს. ასევე იქცევა ირინაც…

როდესაც 1979 წელს, ვახტანგ კიკაბიძეს მოსკოვის ჰოსპიტალში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, ირინა არა მხოლოდ მას უვლიდა, არამედ, სხვა პაციენტებსაც, რომლებთანაც ახლობლები მისვლას ვერ ახერხებდნენ. ბევრი მოსკოველი არ იყო, ირინა კი მათ თხოვნას ასრულებდა და ბაზრიდან მოჰქონდა ხაჭო, ხილი, თევზი… ეს ფაქტი ვახტანგს არც აოცებდა, ცოლზე ამბობდა, მას სხვაგვარად არც შეუძლიაო.

ვახტანგ კიკაბიძეს ვერც კი წარმოუდგენია, როგორ უნდა გაანაწყენოს არათუ ცოლი, ზოგადად, ადამიანი. მით უმეტეს, ღალატითა და გაცემით. ის ქალში არა მხოლოდ სილამაზეს, ჭკუას აფასებს. ჩანს, რომ მათი ოჯახის მრავალწლიანი ისტორიის საიდუმლოებაც ეს არის.

ბუბამ ცოლს მიუძღვნა სიმღერა, სადაც ასეთი სიტყვებია: „ჩემო ძვირფასო. ჩემი შვილების დედავ, ჩემი შვილიშვილების ბებიავ. განგებას შევთხოვ, პირველი მე გარდავიცვალო, რომ შენი ცრემლები არ დავინახო“. ირინას ამ სიმღერის შესრულება აუკრძალავს მისთვის, რადგან მასში ბებიად მოიხსენიებს“.

 

***

გაზეთი „ვერსია“ მწუხარებას გამოთქვამს და ლეგენდარული ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას მთელ სამყაროს უსამძიმრებს.

ავტორი: ვანო პავლიაშვილი

გაზეთ "ვერსიის" სხვა მასალები იხილეთ აქ.