ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი გამოუქვეყნეს - რა კომენტარს აკეთებენ ენმ-ს წევრები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპრომატებით ომი ,,ნაციონალურ მოძრაობაში" - თავმჯდომარის არჩევნების წინ ნიკა მელიას ფარული ჩანაწერები გამოუქვეყნეს, სადაც ის, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტზე, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, გამავრცელებლის, ჯაბა წულაძის,  მტკიცებით, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილს, უხამსი ლექსიკით მოიხსენიებს.

მისი გავრცელებიდან მალევე  სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყეს იმის შესახებ საუბარი, რომ აუდიოფაილი არის ფრაგმენტაცია და ასახავს სხვადასხვა დროს გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟს.

ნიკა მელიას თანამოაზრეებმა მალევე გამოთქვეს ვარაუდი, ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან მელიას კონკურენტი, ლევან ხაბეიშვილი.

აღნიშნულ ჩანაწერს ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში სტატუსით გამოეხმაურა:

"ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ.

ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ. ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის," - წერს ხატია დეკანოიძე.

ბაჩო დოლიძე კი ვარაუდობს, რომ აუდიო ჩანაწერების გავრცელების უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან:

„რაიონიდან რაიონში დადიოდნენ და ადამიანებს ამ ჩანაწერებს ასმენინებდნენ. რომელი ჩანაწერიც მე მოვისმინე, კიდევ უფრო ამოჭრილი აღმოჩნდა, ეს არის ფაბრიკაციის ფაბრიკაცია. ისინი ფარდის უკან ცდილობენ სიტუაციებზე გავლენა მოახდინონ. მათ ერთხელ უკვე დაუშვეს ფატალური შეცდომა, როგორც ჩანს კიდევ უშვებენ და სხვებსაც შეცდომის დაშვებისკენ უბიძგებენ. ეს არის ის ბინძური იარაღი, რომელიც თავისთვის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც ჭკუა ვერ ისწავლეს. ლევან ხაბეიშვილი აღმოჩნდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე რომ არ მცოდნოდა აღნიშნული ჩანაწერების შესახებ და ეს ყოფილიყო ახალი ინფორმაცია, პირდაპირ გეტყოდით, რომ „სუსია“. უკვე თვენახევარია აღნიშნულ ჩანაწერებს რაიონიდან რაიონში, სოფლიდან სოფელში დაატარებენ. "ქართულ ოცნებას" აწყობს ამ არჩევნებში ნიკა მელიას დამარცხება, რადგან სხვა შემთხვევაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლა გაცილებით მარტივი იქნება“- აცხადებს  დოლიძე.

თავად ხაბეიშვილის თანამოაზრეების თქმით, ეს არის რუსული ოცნების ხელწერა.

"ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის რუსული ოცნების ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირებას, გაყოფას, ცილისწამებას.

მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ ეს ჩანაწერი და მეტიც, რეაგირების გარეშე დატოვოღ ეს სიბინძურე.

ჩვენ არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები, ნეგატივი და ცილისწამება- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ცოტა ხნის წინ, ამ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძეც გამოეხმაურა:

„მინდა, ყველამ მკაფიოდ იცოდეს ჩემი აზრი, რომ ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ „კაგებეშნიკად“, ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი ქოცი.

შესაბამისად, იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ-ს არც ერთი სერიოზული ლიდერი, ამგვარ ჩანაწერებს, არავის წინააღმდეგ, მით უფრო კი გუნდის შიგნით, რაც არ უნდა ხდებოდეს, (ერთმანეთის საწინააღმდეგოდ), კონკურენციაში თუ პაექრობისას არასდროს გამოიყენებს“, – წერს გია ბარამიძე სოციალურ ქსელში.

 

გამოქვეყნებულ ვიდეოზე მითითებულია, რომ საუბარი ჩაწერილია 2021 წლის არჩევნებამდე.

ფარული ჩანაწერი იხილეთ აქ: