„რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება არაფერს გვაძლევს“ - მამუკა არეშიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ექპერტი

  

„გამორიცხული არაა, რომ რუსეთის მოქალაქეებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სპეციალურად არიან შემოგზავნილები“

 

გვანცა პეტრიაშვილი

 

მარტის შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების  დიდი რაოდენობა შემოვიდა. ყველაზე მეტი ვიზიტორი თბილისსა და ბათუმს ჰყავს. რუსეთის მოქალაქეები საქართველოს განსაკუთრებით 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ მოაწყდნენ, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა... ამასთან, საქართველოს საშუალო თუ წვრილი ბიზნესი აქტიურად იყენებს ოკუპანტი ქვეყნის ენას რუსი ტურისტების მოსაზიდად. რას მოგვიტანს რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა და რა პოლიტ-ეკონომიკური საფრთხეები ახლავს ყოველივე ამას? - „ვერსია“ ექსპერტს კავკასიის საკითხებში, ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

 

- ბატონო მამუკა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა შემოვიდა, საჯარო რეესტრს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია, რუსეთის რამდენ მოქალაქეს მისცა მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება, თუმცა ამ ადამიანების 20-30%-იც რომ დარჩეს საქართველოში, რა ტიპის ცვლილებებს გამოიწვევს?

- ერთი შეხედვით, პასუხის გაცემა რთულია იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ეთნიკური სურათია შემოსულ მოქალაქეებს შორის.

- რას გულისხმობთ?

- შემოსულების ნაწილი ქართველია, ქართული წარმოშობის. რამდენიმე ჩამოსულთან  მქონდა ურთიერთობა, აბსოლუტურად სლავური გარეგნობა აქვთ, ნაწილს მამა ჰყავს ქართველი, დედა კი რუსი. არიან ისეთებიც, რომლებსაც ნათესავები ჰყავთ ქართველები და მათთან აფარებენ თავს. ეთნიკური ქართველობის გარდა, არის გარკვეული ჯგუფი, არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ მაინც საინტერესო ჯგუფი - კავკასიელები. კავკასიურ ჯგუფში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჩერქეზები და ყაბარდოელები და ასევე, სხვა კავკასიელებიც არიან, მაგალითად, ჩეჩნები, რომლებიც არ ცხოვრობენ ჩეჩნეთში და არიან რუსეთის სხვა ქალაქების მკვიდრნი. ჩემი შეფასებით, მათი საერთო რაოდენობა 5-6%-ზე მეტი არ უნდა იყოს. რაც შეეხება სლავური წარმომავლობის ადამიანებს, რიცხვი, რასაკვირველია, ბევრად მეტია, მაგრამ ისინი არამყარი ჯგუფებია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი მათგანი, გარკვეული დროის შემდეგ, ქვეყნიდან  მიდის. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მათთან მაქვს შეხება, როგორც უკრაინელებთან, ისე - რუსებთან. აქ, ძირითადად, დარჩნენ ის ხალხია, რომლებიც დაკავებულნი არიან IT-ტექნოლოგიური საქმიანობით, ასეთები ძალიან ბევრნი არიან, რომლებმაც  მუშაობა დაიწყეს.

- რას მოუტანს ქვეყანას რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა, რა საფრთხეები ახლავს, როგორც ეკონომიკური, ისე - პოლიტიკური თვალსაზრისით?

- ამას ძალიან სერიოზული შინაარსი აქვს, მაგრამ  არ მინდა, თამასა საყოფაცხოვრებო დაპირისპირებაზე უფრო მაღლა ავწიო, რადგან ეს აუცილებლად ცუდ შედეგს მოიტანს. პოლიტიკური დაპირისპირებები ძალიან სერიოზული და ხშირია, ამ დაპირისპირების ლიკვიდაცია კი - ძალიან რთული, ზოგ შემთხვევაში, ეს პროვოკაციულია, ზოგში - შემთხვევითი.

ერთი საინტერესო დეტალი უნდა გითხრათ, რომელიც საზოგადოებისთვის, ალბათ უცნობია - ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში, ლარსის საგუშაგოსთან შეიქმნა ვოლონტიორთა ჯუფი, რომელიც რუსეთიდან ადრე ჩამოსული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. ეს ადამიანები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველგან, სადაც რუსები არიან გაფანტულნი, ქმნიდნენ კავშირის სისტემას, რომ ახალი შემოსულებისთვის შედარებით კომფორტული პირობები შეექმნათ საზღვარზე ანუ იგულისხმება - საკვების დახვედრება, ასევე, იურიდიული კონსულტაცია და ა.შ. საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდა ვოლონტიორთა ჯგუფი, როგორც საზღვარზე, ისე - თბილისშიც, რომელიც ამ მიმართულებით დღემდე მუშაობს. ეს ადამიანები მარტო ჰუმანიტარულ კი არა, არამედ, გარკვეულ იურიდიულ და გეოგრაფიულ დახმარებასაც უწევენ - სად იქირაონ ბინა, სად წავიდნენ და ა.შ. გარდა ამისა, მათ შეთავაზებებში ძალიან საინტერესო პუნქტია - განმარტებები ადგილობრივი წეს-ჩვულებებსა და იმ პოლიტიკურ  ვითარებაზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორისაა შექმნილი. ამ განმარტებაში პირდაპირ არის ნახსენები, თუ რატომაა რუსეთი ოკუპანტი. გვქონდა ამ ჯგუფთან ურთიერთობა და, პრაქტიკულად, ამ ნაწილშიც, რომ რუსეთი ოკუპანტია, ზუსტად მიჰყვებიან იმ ნარატივს, რაც ჩვენთვის მისაღებია, მაგრამ  არიან ისეთებიც, რომელთათვისაც რუსეთი ოკუპანტი არ არის.

რაც შეეხება ხიფათს, ეს ადამიანები, რომლებიც კომფორტში შედიან და დაძაბულობას ქმნიან, არ არიან ისეთი ხიფათის მატარებელნი, როგორც ისინი, რომლებიც პირიქით, ყველაფერში გეთანხმებიან. არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც სპეციალურად არიან შემოგზავნილები და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია. შემოგზავნილები არიან არა იმისთვის, რომ იდეოლოგიური ან რეალური სურათი შეცვალონ, არამედ, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, იმუშაონ „დეზერტირებში“ და მეორე მხრივ, შეუქმნან დისკომფორტი სახელმწიფოს. გადამწყვეტი უმრავლესობა არ არიან, მაგრამ რაც უნდა მცირე რაოდენობა იყოს, მაღალი პროფესიონალები იქნებიან და ეს მაღალი დონის პროფესიონალები 100 ტვინგაღუნულ ადამიანზე ბევრად უკეთესები არიან, შედეგის მიღწევის თვალსაზრისით. ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ და ბუნებით ისეთი ხალხი ვართ, რომ ჩვენთვის ყველაფერი  ხიფათია. შუქი რომ ჩაქრეს, ისიც ხიფათია... ზოგი რუსეთის მოქალაქეებს სიხარულით იღებს და ამით ფულს შოულობს, ზოგიერთისთვის კი ეს პრობლემაა. სისტემა არ არსებობს, ვფიქრობ, სახელმწიფოს მართებს ბევრად მეტი ძალისხმევა, რომ კლასიფიკაცია მოახდინოს, ვინ ვინ არის და ვინ რას წარმოადგენს. ხიფათის გარკვეული ხარისხი არსებობს, მაგრამ ამის ლიკვიდაცია ან რისკის შემცირება ხელისუფლების ხელშია, თუმცა საზოგადოების ყურადღებაც საჭიროა.

- სტატისტიკით, ძალიან ბევრი იძულებულია, ემიგრაციაში წავიდეს და ამ ფონზე, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველო ასეთი სასურველი რატომაა?

- შევისწავლეთ სურათი, როგორი ტიპის ადამიანები, რომელ ქვეყანაში მიდიან. ომის წინააღმდეგ ვინც არის, მათი უმრავლესობა ყაზახეთში კი არ წავიდა, აქ ჩამოვიდა. ეს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაა. გეოგრაფიასაც აქვს მნიშვნელობა, ციმბირის მკვიდრნი, ძირითადად, გარბოდნენ მონღოლეთსა და ყაზახეთში, რადგან ის ქვეყნები უფრო ახლოსაა. როგორც მონღოლური პრესა წერს, 1940-იანი წლების შემდეგ, ამდენი რუსი თვალით არ უნახავთ. უცხოური ორგანიზაციების შეფასებით, აქტივისტების დიდი ნაწილი საქართველოში მოდის, ტრადიციულად, საქართველოს რუსებისთვის ყოველთვის ჰქონდა მომხიბვლელობა.  საქართველოს რუსეთთან ცალმხრივი უვიზო რეჟიმი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ აქედან რუსული პასპორტით გასვლა მარტივი არაა, მაინც ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე - ყაზახეთი.  ამ კატეგორიის რუსებს, რომლებიც საქართველოსა და ყაზახეთში მოხვდნენ, ევროპა არ იღებს. მაგალითად, ფინეთმა არ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი პეტერბურგის ოლქი გამწკრივებული იყო ფინეთის საზღვარზე. ჩვენი ინფრასტრუქტურა მათთვის უფრო მისაღებია, განსაკუთრებით ორ ქალაქში - თბილისსა და ბათუმში, თუმცა დაინტერესება გაიზარდა ქუთაისზეც. მათთვის აქაური ფასები ბევრად მისაღებია, რადგან მათი მატერიალური მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე რიგითი ქართველისა. ქართველები იმიტომ გარბიან ქვეყნიდან, რომ ცხოვრების უკეთესი პირობები უნდათ.

- ბატონო მამუკა, უნდა დაუშვას თუ არა ჩვენმა ქვეყანამ რუსი მოქალაქეების მასობრივი მიღება ანუ საჭიროა თუ არა რეგულაციების დაწესება, რათა შემცირდეს მათი მასობრივი შემოსვლა?

- ქართული ტურისტული იდეისთვის ხელმშემწყობი იყო რუსების დიდი რაოდენობა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევძელით ისეთი ინფრასტრუქტურა და პირობები  შეგვექმნა, რაც მომხიბვლელი იქნებოდა ევროპული დამსვენებლებისთვის. გვახსოვს, ჩვენს საზოგადოებას აღიზიანებდა, როდესაც ბევრი აღმოსავლელი იყო თბილისში.  პერიოდულად, მწვავედ რეაგირებდა არაბების, თურქების, ირანელების მიმართ. აქედან გამომდინარე, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, რუსების შემოშვება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მომგებიანი იყო. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა, რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა შეექმნა, რომ თავისი პრობლემები მოეგვარებინა, რამდენად მართალი იყო, ეს უკვე მეორე საკითხია, ყოველ შემთხვევაში, ახლა სავიზო რეჟიმის შემოღება არაფერს გვაძლევს.