სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული ომი - მაშველი რგოლი კრემლისთვის?

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ სთხოვა სომხეთმა დახმარება რუსეთს

ავტორი: ნინო დოლიძე

 

უკრაინის პარალელურად, მსოფლიოს ყურადღება კავკასიისკენაც არის მიპყრობილი, რადგან სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირება 13 სექტემბერს, ღამე, ისევ განახლდა. საერთოდ, ეს ახალი ომი არაა - კონფლიქტი 90-იანებში დაიწყო და მას მერე, თუ პატარ-პატარა შეტაკებებს არ ჩავთვლით, ბოლო დრომდე გაყინული იყო, მაგრამ ამ ზამთარს, ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო. მერე, თითქოს, კვლავ ძველ სტატუს-კვოს დაუბრუნდა, მაგრამ ახლა, ახალი ძალით იფეთქა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სომხეთმა დახმარება რუსეთს სთხოვა.

„სომხეთმა რუსეთს მიმართა მისი „სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის“ გამო, „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების“ რეალიზაციის მიზნით. რუსეთისადმი მიმართვის გადაწყვეტილება ერევანში მიიღეს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა. სომხეთმა მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოსაც და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომლის წევრები სომხეთთან და რუსეთთან ერთად არიან ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატური რეაქციის აუცილებლობას. პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ, არტილერიისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების - გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გვიან ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა დანაღმეს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს შორის არსებული რაიონები და გზები, ამ აქტების აღსაკვეთად აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მიღებულ ზომებს კი, მოჰყვა ბრძოლა და დანაკარგი ორივე მხრიდან.

მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინ განახლდა. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი“. კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოშიც“, - ვკითხულობთ ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ომს და, საერთოდ, ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტს დანაკარგები რომ მოჰყვება, ეს გასაგებია, მაგრამ ამჯერად, საქმე დანაკარგებში კი არა, ალბათ, უფრო იმაშია, სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული კონფლიქტი ცეცხლის ალში მთელ კავკასიას გახვევს თუ არა. ამის ალბათობა თეორიულად არსებობს, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სომხეთმა დასახმარებლად რუსეთს მიმართა.

იმ ფონზე, როცა უკრაინაში კრემლი დიდ დანაკარგს განიცდის და უკან იხევს, შეიძლება, ვინმემ თქვას, პუტინს სომხეთის დასახმარებლად არ სცხელაო, მაგრამ გასათვალისწინებელია ორი გარემოება:

ერთი - უკრაინაში მარცხი ვლადიმერ ვლადიმერის ძისთვის ღირსების საკითხია ანუ უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსული არმიის „უძლეველობა“ ჩვეულებრივი ბლეფი იყო, რომელიც უკრაინელებმა საპნის ბუშტივით გახეთქეს.

ცხადია, ჯერ ომი არ დამთავრებულა და დასრულების პირიც არ უჩანს, მაგრამ თავად ოფიციალური მოსკოვიც იძულებულია, აღიაროს, რომ რუსები უკან იხევენ. ზოგი თვლის, რომ ეს უკანდახევა ერთგვარი ტაქტიკაა და ასეც რომ იყოს, გაქცევა ჯარში დემორალიზაციას იწვევს. როგორც ამბობენ, რუსი ჯრისკაცები უკვე დემორალიზებულნი არიან და გარკვეული ნაწილი ტყვედ ჩაბარებასაც ფიქრობს.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, პუტინს ახალი კონფლიქტი ნამდვილად სჭირდება, მით უმეტეს, კავკასიაში, სადაც სომხეთის დახმარების საბაბით, შესაძლოა, საქართველო და აზერბაიჯანიც ვასლებად აქციოს.

ამასთან, სომხეთ-აზერბაიჯანის ომში, რუსეთი საკუთარი უძლეველობის იმიჯის აღდგენას შეეცდება, რაც, დიდი ალბათობით, გამოუვა.

მეორეც - პუტინმა ამას წინათ, კიდევ უფრო გაამკაცრა კანონი, რომელიც უცხო ქვეანაში რუსეთის მოქალაქეების დაცვას ითვალისწინებს. ჰოდა, ფაშინიანის თხოვნის პარალელურად, პუტინი ზემოხსენებულ კონფლიქტში, მინიმუმ, თავისი მოქალაქეების დაცვის საბაბით შეიძლება ჩაერთოს.

სხვათა შორის, აგვისტოს ხუთდღიანი ომისთვის კრემლმა სწორედ ეს სცენარი გაათამაშა.

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, უკრაინის ომის ფონზე, დასავლეთი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს, ალბათ, სათანადო ყურადღებას ვერ დაუთმობს, რაც კრემლს კიდევ უფრო გაათამამებს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განცხადება უკვე გააკეთა.

„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების შესახებ ცნობების გამო, მათ შორის, სომხეთის შიგნით დასახლებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ ცნობების შესახებ.

როგორც უკვე დიდი ხანია ავღნიშნეთ, კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასეა თუ ისე, შავი ღრუბლები როდის გაიფანტება, არავინ იცის, თუმცა ნათელია, სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული კონფლიქტი კარგს არავის მოუტანს.