„აფხაზეთის ომი არ ხვდება საერთაშორისო სასამართლოების იურისდიქციაში... ჩაითვალა, რომ ეს იყო ლოკალური ომი“- ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან - აფხაზეთის ომიდან 30 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია მაშინ, როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.

ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

30 წლის შემდეგ აფხაზეთი ისევ ოკუპირებულია და სამაჩაბლოსთან ერთად ყველა ქართველი პატრიოტისთვის მოუშუშებელ ტკივილად იქცა...

სამწუხაროა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომისგან განსხვავებით, აფხაზეთის ომის საკითხი არც ერთ საერთაშორისო სასამართლოში არ განხილულა... უფრო ვრცლად აღნიშნულ საკითხე „ვერსიას“ უფლებადამცველი, იურისტი ლია მუხაშავრია ესაუბრა:

 _ აფხაზეთის ომზე სამართლებრივ კონტექსტში შემიძლია, ვისაუბრო, რადგან ჩემი სპეციალობა და პროფესია ამ ცოდნას მოიცავს. დიპლომატიურ და პოლიტიკურ საერთაშორისო ასპექტზე ვერაფერს გეტყვით. შემიძლია, მარტივად გითხრათ, რომ სამწუხაროდ, აფხაზეთის ომი არ ხვდება საერთაშორისო სასამართლოების იურისდიქციაში იმის გამო, რომ მაშინ, როცა 1992-93 წლებში ეს ომი მიმდინარეობდა, არ ვიყავით ხელმომწერი იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, რომლებიც საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას გულისხმობს. ამიტომ ჩაითვალა, რომ ეს იყო ლოკალური ომი, რომელიც 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, აღინიშნოს, რომ როდესაც საქართველოს მთავრობამ ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართა, (არა სისხლის სამართლის ტრიბუნალს, არამედ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს) აგვისტოს დღეებშივე, მაშინ მათ აფხაზეთის ომით მოიხსენიეს, როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესია, ომი და ომის დანაშაული. რა თქმა უნდა, ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ საჩივრის ნაწილი განუხილველად დატოვა და ძალიან ცალსახადაა ნათქვამი შუალედურ გადაწყვეტილებაში, რომ ეს პერიოდი ვერ ხვდება ამ სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ და ამ საკითხებზე სასამართლო არ იმსჯელებს ანუ ცალსახაა, რომ მიუხედავად იმ ტრაგიკული მოვლენებისა და ადამიანების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაულებისა, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს ხდებოდა, სამწუხაროდ, ვერ ხვდება საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების მოქმედების ქვეშ და ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ რაიმე ამ კუთხით შეიცვლება.
_ გასაგებია, მაგრამ  ოკუპაცია დღემდე გრძელდება და 300 000 დევნილი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში. დევნილების უფლებების აღდგენის კონტექსტში მაინც არ შეიძლება, რომ აღიძრას საქმე ევროპულ სასამართლოში?

_ რა თქმა უნდა, შეიძლება. დედაჩემი გალიდან იყო, მე თავად გალში დავიბადე და რამდენჯერმე ვიყავი იქ ნათესავებთან ოკუპაციის პერიოდში. ისინი არასდროს წამოსულან იქიდან, ბოლო პერიოდში ჩემთვის ძალიან გართულებულია იქ მოხვედრა. მინდა, გითხრათ, რომ ეს ჩემთვის არ არის მხოლოდ ისტორიის ნაწილი, ეს ჩემთვის პირადი ტრაგედიაა. დღესაც ხდება დარღვევები და გვაქვს უფლება, გავასაჩივროთ  ევროსასამართლოში. მაგალითად, გალში ბავშვებს არ ასწავლიან მშობლიურ ენაზე, რის გამოც ბევრი ახალგაზრდა ოჯახი იძულებულია, დატოვოს გალის რაიონის ტერიტორია და წამოვიდეს აქეთ, რადგან ბავშვები სათანადო განათლებას იქ ვერ იღებენ. ადრე რამდენიმე საათს უთმობდნენ ქართულ ენის სწავლებას და ახლა საერთოდ ამოიღეს, რაც ძალიან მტკივნეული თემაა.
   ვისარგებლებ შესაძლებლობით და მივამრთავ მათ, ვინც ამ მოტივით გახდა იძულებული, დაეტოვებინა ოკუპაციის შემდეგ იქაურობ, მათ აქვთ სრული სამართლებრივი მხარდაჭერა და შესაძლებლობა, რომ ეს გაასაჩივრონ ევროსასამართლოში, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და შეზღუდვა ევროკონვენციის მე-8 მუხლის ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევაა. შეგვიძლია, ვიდავოთ და მოვითხოვოთ, რომ მიუხედავად იმისა, ოკუპირებულია ეს ტერიტორია, იქ განათლების მიღების უფლება ქართველ ბავშვებს ჰქონდეთ მშობლიურ ენაზე.

_ გამოდის, რომ ევროსასამართლოში ამ საკითხის გასაჩივრების უფლება მხოლოდ სახლმწიფოს კი არა, მოქალაქეებსაც აქვთ?

_ დიახ, რა თქმა უნდა, ფიზიკურ პირებსაც აქვთ ამის შესაძლებლობა და მე პირადად, მზად ვარ, ვიმუშავო მათ საქმეზე, თუ თანახმა იქნებიან.

სტრასბურგის სასამართლოში გვქონდა საქმე შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ, ეს იყო სახელმწიფოთაშორისი დავა და როგორც იცით, მოვიგეთ. ერთი იყო 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საკითხი და მეორე იყო აგვისტოს ომის საქმე, რომელიც ასევე მოვიგეთ 2021 წელს, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთი არის ერთადერთი გამონაკლისი ევროპის საბჭოს ქვეყნებიდან, რომელიც არ ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს გადაწყვეტილებებიც ნაწილობრივ აღუსრულებელია - კომპენსაცია არაა გადახდილი და ბევრი რამ, რაც ევროსასამართლომ დაავალა რუსეთს, არ შეუსრულებიათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გავაგრძელოთ ამ კატეგორიის საქმეების გასაჩივრება და მათი მოგება.

_ ქალბატონო ლია, რადგან ახსენეთ, გთხოვთ განმარტოთ, რა სახის დავა მოიგო საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომთან დაკავშირებით? რადგანაც აფხაზეთის ომისგან განსხვავებით, აგვისტოს ომზე მაინც მივაღწიეთ სამართალს, მნიშვნელოვანია, ეს დეტალები საზოგადოებამ იცოდეს...

_ რუსეთმა წააგო, რადგან აღიარებულია, რომ ის იყო 2008 წლის ომის მხარე და ომში აქტიურად იყო ჩაბმული და რომ მისი საჯარისო ნაწილები იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და იქ მათ დაარღვიეს ევროკონვენციის მესამე და მეხუთე მუხლები, რადგან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას, ადამიანთა წამებას და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. ასობით მოქალაქე იქნა დატყვევებული და როგორც ომის ტყვე, იმყოფებოდნენ ცხინვალის იზოლატორში, სადაც გახდნენ არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. ეს ყველაფერი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ წერია. ასევე, მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ამ ომში რუსეთი იყო მხარე და მან დაარღვია ომის კანონები და ევროკონვენცია. ამ მიღწევის შემდეგ უფრო წინ ვერ წავედით ოკუპაციის საკითხის სამართლებრივ ჭრილში გადაწყვეტის თვალსაზრისით, რადგან მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. იმ ხალხის მიმართ, რომელიც ცხოვრობს საზღვრისპირა ტერიტორიაზე, გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ, რადგან მიუხედავად წარმოუდგენლად რთული ცხოვრებისა, არ ტოვებენ საზღვრისპირა ტერიტორიებს და ინარჩუნებენ იქ კერას, ოჯახებს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს საკმარისს, რომ ეს მოსახლეობა იყოს დაცული. დღემდე იტაცებენ ადამიანებს იმ ტერიტორიებიდან. დღემდე ეს ხალხი  სიცოცხლის ყოველწუთიერი რისკის ქვეშ ცხოვრობს. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროსასამართლოს, გარდა სახელმწიფოთაშორისი დავებისა, აქვს ასობით ინდივიდუალური საჩივარი ოჯახების, კერძო პირების სახელით შეტანილი აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების თაობაზე - ეს არის სიცოცხლის მოსპობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, უკანონო დაპატიმრებები, ოჯახური ცხოვრების შელახვა და დარღვევა. მათშორის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციის საქმე, რომელიც ეხება სექსუალური ხასიათის დანაშაულს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში მოხდა და ეს საქმე გავასაჩივრეთ, მაგრამ რატომღაც ამ საქმეთა განხილვა- გადაწყვეტა ძალიან ჭიანურდება...

_ თქვენი აზრით, რატომ?

_ ერთი მხრივ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის არწმუნებდა საერთაშორისო სასამართლოებს, რომ ამ საქმეთა გამოძიებისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ, მაგრამ, ფაქტობრივად, მათ არაფერი გაუკეთებიათ. ეს საქმეები ისევ თაროზე დევს, ამასობაში კი დიდი დრო გავიდა. როცა სუვერენული სახელმწიფო აცხადებს, რომ თავად გამოიძიებს თავის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მექანიზმები ამ დროს ჩერდება და ელოდებიან მათი ქმედებების შედეგებს.

 გავიდა ძალიან დიდი დრო და როგორც იქნა, დაიძრა ჩვენი საქმე ჰააგის ტრიბუნალში, სადაც გამოძიება უფრო ინტენსიურად მიდის და ვფიქრობ, რომ ამას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებამ. ახლახანს გამოვიდა დაპატიმრების სანქცია, რაც, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად არაადეკვატური ზომაა. სანქციები გაიცა 4 ადამიანზე და მათგან ერთი გარდაცვლილია... ასე რომ, ამ საქმის გამოძიება ჰააგის ტრიბუნალში არ მიდის სათანადო ტემპში, მაგრამ მარტო მათი ბრალიც არაა. ეს, დიდწილად, ჩვენი ხელისუფლების ბრალიცაა, რომელიც არ იყო აქტიური თავის დროზე და არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომლის სტატუსიც მას ეკისრებოდა. ეს ვალდებულებები, ერთი მხრივ, გულისხმობს იმას, რომ შენს ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვა ომის დანაშაული, ხოლო, თუ ასეთი დანაშაული მაინც მოხდა, უნდა გამოიძიო, გამოავლინო დამნაშავე და დასაჯო ის. მაგრამ ეს ვალდებულებები საქართველოს მთავრობას არ განუხორციელებია.

_ როგორ ფიქრობთ, 2008 წლის ომის დანაშაულის საქმეზე ჰააგის ტრიბუნალმა სხვა რუს მაღალჩინოსნებზე სანქციები რატომ არ გასცა?

_ ეს არ ნიშნავს, რომ ამოწურულია ყველა იმ პირის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დამნაშავეა. უბალოდ, ამ ეტაპისთვის იყო მხოლოდ ეს 4 პირი იდენტიფიცირებული. გამოძიება გრძელდება და როგორც კი ვინმეს მიმართ იქნება მოპოვებული საკმარისი მტკიცებულებები, ტრიბუნალი გასცემს დაპატიმრების ორდერს და საქმეს გადასცემს სასამართლოს, მაგრამ, როგორც ჩანს, გასულმა დრომ და ინერტულობამ, რაც ამ გამოძიებას ახლდა, გამოიწვია სწორედ ის, რომ მხოლოდ 4 ადამიანი გამოიკვეთა ამ ეტაპისთვის. თუმცა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რადგან საჯარისო ფორმირებები არიან ვალდებული, საომარი პირობების დროს დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები - სიცოცხლე... ასევე, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან უნდა მოხდეს მათი დაცვა. არადა, ჩვენ ვიცით, რომ უკონტროლოდ ხდებოდა ბანდიტური შეიარაღებული ფორმირებების მიერ იმ ტერიტორიებზე ქართველების მკვლელობა, ძარცვა, წამება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქონებრივი ზიანის საკითხები, რომელიც ასევე დგას ევროსასამართლოში და რომელთა განხილვაც უნდა მოხდეს. ასევე არ შემიძლია, არ გავიხსენო ის, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ, ერთადერთმა, მიმართა ქართულ სასამართლოებს და მოითხოვა მიყენებეული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება. ჩვენ ამოვწურეთ ყველა ინსტანცია, მაგრამ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს კანონი „სამომარი მდგომარეობის შესახებ“ ყოფილიყო ამოქმედებული, სადაც გარკვევით წერია, რომ ომის დროს მიყენებული ზიანი სრულად ანაზღაურდება. ეს, ერთი შეხედვით, ცალსახა კანონის ნორმა ქართულმა სასამართლოებმა არ გაიზიარეს და ყველა ეს საქმეც ასევე გავასაჩივრეთ ევროსასამრთლოში. ველოდებით განხილვას.

_ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა მხარემ იაქტიუროს ახლა ამ მხრივ საერთაშორისო სასამართლოებში?

_ აგრესორისგან დაზარალებულმა მხარემ ყოველთვის და ყველგან უნდა იაქტიუროს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად აქტიურია დაზარალებული მხარე, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება, მისი წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში. თუ დაზარალებული არ ითხოვს კომპენსაციას, დარღვეული უფლებების აღდგენას, მსოფლიოში ბევრი პრიორიტეტული საკითხია და არავის სცალია, ზედმეტი თავისუფალი დრო არ აქვთ. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ აქტიურობს არასდროს - არც ომის დასრულებისთანავე და არც შემდგომ ეტაპებზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამითაა გამოწვეული ასეთი ინერტულობა, გაჭიანურება იმ საქმებისა, რომელიც ომის დანაშაულებს შეეხება. ზოგადად, სახელმწიფო პოლიტიკა დევნილების მიმართ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და ეს ძალიან თვალსაჩინოა.